Thursday, July 9, 2026

ელგუჯა ციგროშვილის ლექსები თენგო ფანცულაიასთან გაგზავნილი

 

    სადაც  კი  დავალ!

 

რაც  იღბლით  მერგო, ვთვლი, რომ  უფლის  განაჩენია...

ცოდვას  ვერიდე, მაინც  მწარედ  დავრჩი  ვნებული,

არც  აკრძალული  ხის  ნაყოფი  არ  მიგემია,

თუმცა  კი  გავხდი – სამოთხიდან  გამოგდებული!

 

ის   სამოთხე   ხარ,  გაჩენიდან რაიც მიყვარდა,

მაწოვე  ძუძუ, მზრუნველობით გამორჩეულით,

ქართული   თიხით   მოზელილი ადამი  ვარ  და...

სადაც  კი  დავალ, —  საქართველო  დამაქვს   სხეულით!

 

შორსა  ვარ  შენგან, ვაგვიანებ,  ვით  ოდისევსი...

სხვათ  საამებლად  ვგვემე  ხორცი, დავტანჯე  სული,

ვერ  ვხვდები, ვის  სურს  მოგვითხაროს  ძირი  და ფესვი,

არ  მაქვს  აწმყო  და  მომავალი...  მხოლოდ   წარსული!!!

 

ისიც  მანდ  დამრჩა...  თან  მე არა წამიღია  რა,

ვერაფრით  ვხვდები, ბედმა  ასე  რატომ იურჩა

და  ნოსტალგია, — მოურჩენი  სულის  იარა,

უცხო  მიწაზე არაფერმა  არ   დამიყუჩა.

 

სხვათა  წალკოტში ჩემთვის ვარდმაც   არსად  ივარდა,

ვხარობ, ¬– ლექსების  გაცრეცილი, თხელი  რვეულით...

ქართული   თიხით  მოზელილი   ადამი  ვარ  და 

სადაც  კი  დავალ, – საქართველო  დამაქვს  სხეულით! 

 

უფალო!  არ  ვარ  უმადური, რაიც   მარგუნე...

ისე  ვიარე, ბევრგან  ვტოვე   სიკეთის   კვალი,

გთხოვ, ჩემს  კურთხეულ  სამოთხეში  კვლავ  დამაბრუნე,

რომ  ქართულ  მიწას  არ დააკლდეს  ჩემგან  მისხალი.

 

არავინ  იცის, ბოლო  ჟამი ვისთვის  სად  მოვა,

ვის  სად  ეწვევა  ბედისწერა ელვით  თუ  მეხით...

ღმერთო! იმას  გთხოვ,  წმინდა  მიწის  ეს  მცირე  გროვა,

კვლავ  სამოთხეში  დავაბრუნო, ჩემივე  ფეხით!

 

მე  შენი  ნდომა არასოდეს  გადამივარდა,

ყველგან  მიყვარხარ, სიყვარულით წრფელით, გრძნეულით...

ქართული   თიხით  მოზელილი  ადამი  ვარ  და

სადაც  კი  დავალ, — საქართველო  დამაქვს   სხეულით! 

 

ქ. თესალონიკი, 17. 09. 2020 წელი                                                                                                   

 

ზამთარი დამასიზმრე!

 

გადმოაბიჯა შემოდგომის მეწამულ სამანს,

სარკმლის გადაღმა ცივი ქარი დნება ჰანგებად...

გადააფარებს დედოფალი თოვლის თეთრ საბანს

და არე-მარე ზამთრის ძილით გაითანგება.

 

უფლის შეწევნით გრძელზე-გრძელი ღამე გვეწვევა,

ანცი სიზმრები გაგრძელდება სერიალებად:

ზოგს თუ თეთრ ცხენზე შემომჯდარი პრინცი ეწვევა,

ზოგსაც ფერია, ზღაპრული და მწვანეთვალება.

 

ღამე გრძელია, — ჩავეტევით ყველანი დროში,

მოვა პრინცი და... ლაგამს დაღრღნის ზღაპრული რაში...

ყველა სიმდიდრე, ქვეყნის გარეთ, ყოფილა გროში,

ღმერთო, ზამთარი დამასიზმრე ჩემს ქვეყანაში!

 

დაბრუნდებიან, ალბათ, უკან ბავშვობის წლები,

ლაღი ყიჟინით, გუნდებით რომ შევუტევ ტოლებს...

საღათას ძილში ჩამესმება წყალ-ჭალის ხმები, —

მამულისაკენ სული სხეულს გამოიყოლებს!

 

ქ. თესალონიკი, 13–14.11.2012წელი

 

დარდების გამყიდველი

 

როგორც ყოველთვის, ახლაც ისევ მარტო დავდივარ,

მირაჟის გზები ოაზისთან არასდროს მიდის...

მერე „მშრალ ხიდთან“ ფეხათრევით, ტანჯვით, გავდივარ

და ძველმანების ბაზრობაზე ჩემს დარდებს ვყიდი.

 

მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, —  ყვავილი სულის...

ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,

დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,

ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, — თუკი დაეცი!

 

ნიკალასავით დახლთან დგომა მზარავს და მაკრთობს,

არც ბაგეს მიმკობს დახლიდარის ღიმილი ქლესა...

დავხუჭავ თვალებს, ამ ჩემს დარდებს ან ვინ მომპარავს,

ყელს ებჯინება ფორიაქი და გულის კვნესა.

 

არვინ იყიდის ჩემს საქონელს, არა ვარ მარტო,

ჩემს გვერდზე სხვებსაც უხვადა აქვთ დარდების გროვა,

გავაჩუქებდი... მაგრამ დარდი ვის მივუმატო,

ჯიუტად ვდგავარ, ვიცი, ჩემის მყიდველიც მოვა.

 

ნუთუ არავინ აღარ დარჩა მუშტარი დარდის?

ნუთუ ბოლომდე დაიცალა იმედის თასი?

ნიკალასავით მეც მინდოდა მირთმევა ვარდის...

თუმცა ვხვდები, რომ ჩემს ვარდს მისთვის არა აქვს ფასი.

 

სხვა გასაყიდი არაფერი არ მაბადია,

სულიღა შემრჩა, მაგრამ არის უფლის ტარიგი...

იმას არავის არ მივყიდი, ცხადზე ცხადია,

მხოლოდ უფალმა იცის მისი „ყიდვის“ თარიღი!

 

მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...

ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,

დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,

ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, — თუკი დაეცი!

 

ქ. თესალონიკი, 12.12.2012 წელი

 

ვარ დიდოსტატი!

 

ვარ დიდოსტატი!  ბაბილონის გოდლის მშენები,

უვიცმა ღმერთთან მისასვლელი ვერ ვპოვე სხვა გზა...

მერე უფალმა აგვირია ყველას ენები,

ენასთან ერთად აგვერია ბედი და თავგზა.

 

სამყაროს ხნის ვარ, — მათუსალას მახსოვს ბალღობა,

ვარ ღვიძლი შვილი ,,ხე ცნობადის" ხილის მპარავის,

დღემდის ვერ შევძელ უფლისათვის გულის გალღობა,

კარგსაც რომ ვამბობ, ჩემი მაინც ესმის არავის!

 

ბევრჯერ მივიღე მოყვასისგან სილაქი ყბაში,

მეორე ლოყის მიშვერასაც ჯიუტად მთხოვენ...

მე გაოცებით ვუცქერ, როგორც ალალი ბავშვი, —

სისხლს რომ მიშრობენ და დარჩენილს ბოლომდე მწოვენ.

 

თუმც სულ მარტო ვარ, არავისი ვარ უმადური

და შემიძლია, მოყვრისთვის და  მტრისთვის ვილოცო...

რით აღარ გეყოთ ამ ჩემს სულში ხელის  ფათური,

თქვენი გზა ნახეთ, ღმერთმა ყველას გზა დაგილოცოთ!

 

ვარ დიდოსტატი!  ბაბილონის კოშკის ამგები...

და დღემდის ვიმკი მწარე ნაყოფს იმ ცოდვის თესლის,

ეგ თქვენ არა ხართ ჩემი ერთი სიტყვის გამგები,

თორემ... მე თქვენი სიტყვაცა  და გულისთქმაც  მესმის!

 

არა მჩვევია ტკივილებზე კვნესა-გოდება,

დღეს სულ ერთია არჩევანი წასვლა – დარჩენის...

როგორც დიდოსტატს, მკლავის კვეთაც თუ მელოდება,

პირზე ღიმილით ვარ მომსმენი ამ განაჩენის!

 

P.S. ვარ დიდოსტატი! ბაბილონის გოდლის ამგები...

დღემდის ვერ ვნახე, მომსმენი და ჩემი გამგები!!!

 

ქ. თესალონიკი, 08.02.2015 წელი

 

ვკითხულობ   ვაჟას!

 

ვკითხულობ   ვაჟას...  არ  მასვენებს  ,,მბორგალი სული":

მე  ვარ   ალუდა,  ვარ   ბაკური  და...  ვარ  მინდია;

ხან   უკან   მომდევს, ხან  წინ  მისწრებს ქვეყნის  წარსული 

და  ვერც  კი ვიგებ, სარკმელს მიღმა რა ამინდია.

გულში  მზეა და თვალებშიც კრთის მისი ნათელი,

ავი  წყვდიადი  ვერას აკლებს  ღვთიურ  განთიადს...

ბერი  სანათას  დანთებული  თაფლის  სანთელი,

ერის   მომავლის  იმედად  და  რწმენად   ანთია! 

ღმერთო!  მასწავლე  ლოცვა, — შენი  სადიდებელი,

არ  მათქმევინო  სიტყვა: —  ფშუტე,  ბერწი, ლუგუმი,

შენ  მოუმართე  ერისკაცებს  საქმეში  ხელი,

,,ლაშარის   გორზე  შასადგომად" მოდის  ლუხუმი!

დრო  არ  არსებობს...  ვერ  მძლევია - ღვთიური   ნიჭის,

წარსულს  ვერ ვარქმევ: ,,დროს  გარდასულს",  ან  თუნდაც  ,,სხვა  ჟამს"... 

და  როცა  ძალზე   მიხარია, ან  ძალზე   მიჭირს,   

ვკითხულობ   ვაჟას!

ვკითხულობ   ვაჟას! 

ვკითხულობ  ვაჟას!

 

ქ. თესალონიკი, 15  აგვისტო, 2020 წელი

 

მსურს!

 

გადაიხარა საღამოსკენ მზე შუადღისა,

თუმც არ მაშინებს, ხვალის იმედს ვიფარებ ფარად,

იქნებ ყველა ვერ მოვიყაროთ ადამის ხნისა,

ისინიც გვახსოვს, – „ჭაბუკები რომ დარჩნენ მარად!“

 

თავს შევუძახებ: „მიდი, ბრძოლას მუდამ აქვს ფასი“...

ბოროტების წილ, მაინც უნდა სიკეთე ნერგო,

მერე რა, თუკი პირამდეა მოთმენის თასი,

ყველა მას ვიღებთ, ბედ – იღბლისგან ვისაც რა გვერგო.

 

მამულის ტრფობით ვიყავი და კვლავ ვარ სნეული,

ძმად ვერ მივიღებ, ვინც ეს ტრფობა „მიაშაბათა“,

მსურს, რომ საწუთროს კართან მივდგე თავაწეული,

„პიროფლიანი რომ მიუვალ მამა-პაპათა!“

 

ქ. თესალონიკი, 01.08. 2017 წელი

 

შენ   დაიფარე!

 

მინდა  ვადიდო, ვინც სამყაროს  ნათელი  მისცა,

ვინც  ცისარტყელა  მოგვიხატა  ლამაზ  ფერებით;

შენ  დაიფარე, შემოქმედო,  ქართული  მიწა,

ქართლოსის  მოდგმა, — ცას რომ  უცქერს  მადლიერებით!

 

დასიცხულ  მინდვრებს  მოაპკურე  სიცოცხლის  ცვარი,

ციურ  მანანად  მოგვივლინე მადლი   ყოველთა...

გაგვიჯეილე, მოღალული, ბებერი   მტკვარი,

არაგვის   სისხლი  გადაუსხი  სვეტიცხოველთან!

                                   

 ქ. თესალონიკი, 11. 01. 2016  წელი

 

გრაალის თასი!

 

გადიან წლები...თუმც აღარ ვარ პატარა ბიჭი,

ოცნებებს დღესაც ცისარტყელას ფერებში ვფერავ,

ღმერთო, მომეცი სულიწმიდის მადლი და ნიჭი,

სუყველასათვის გასაგებად რომ შევძლო წერა.

 

გვიახლოვდება სოდომური ცოდვების ზვირთი,

ვხედავ კონტურებს, – კაცთა მოდგმის გადაშენების...

ვერავინ ბედავს, რომ იტვირთოს ეს მძიმე ტვირთი, –

არ ჩანს მიმღები, სულიწმიდის ცეცხლის ენების.

 

წინაპარს ჩემსას, წიგნთან ერთად ეპყრა მახვილიც

და სამას მთიელს ადარდებდა ფიქრები ბარზე...

არ მავიწყდება სპარტელების ის შეძახილიც, –

სიკვდილ-სიცოცხლე ორ სიტყვაში: „ფარით ან ფარზე!"

 

ვთვლი ერისკაცებს, სამასამდე ვერ დავითვალე,

რადგან მრავალთა საფიქრალი მხოლოდ კუჭია...

დღეს თუ არ იშვა, ხვალ საიდან გვექნება ხვალე,

თავს ნუ ვიმშვიდებთ ოცნებებით, რადგან ფუჭია.

 

ნუთუ მამულში აღარა გვყავს გმირი 300,

ერი დაბერდა,  ჩვენ წარსულით მხოლოდ „ვპი-არობთ"...

უფალო, იქნებ კვლავ შეავსო გრაალის თასი

და სულიწმიდის ღვთიურ სიბრძნეს ჩვენც გვაზიარო!

 

ქ. თესალონიკი, 19.06.2016 წელი

 

იმედის  სხივი!

 

დავცილდით  უფალს და  თანაც  გვიკვირს,

თუ  რატომ  გვიტევს ეშმაკი  რქებით,

მეწყერმა, —  როგორც სიკვდილის  ცხენმა,

შოვიც  გათელა  თავის  ფლოქვებით.

 

თუმცა  არასდროს  არ  გვეკლდა  ჭირი,

არ  ვწკმუტუნებდით, როგორც  ფინია...

,,ცხრა ლახვრის" ნაჭრევს  უძლებდა  გმირი,

,,ცხრაჯერაც  მწარედ  გაუცინია."

 

ერს  ახსოვს  მტრების  მახვილი  ყელზე,

მამული  ლენგის  გადანალახი...

თუმც  მის  გადავლილ, გადამწვარ  ველზე 

ამოდიოდა  კვლავაც  ბალახი.

 

სამამულე   რქის ფერმიხდილ  ბწკალზე,

კვლავ  ნედლდებოდა  სიცოცხლის  ღივი;

რადგან  ქართველის  გულში  და  თვალზე,

სულ  ციმციმებდა იმედის  სხივი.

 

ჩვენ  დალხინებას  არ  ვართ  ჩვეული,

მწარესაც  გავლეწთ  ბედ - იღბლის  კალოს...

ღმერთო! ღვთისმშობლის  თუ  ვართ  რჩეული,

თქვენი  იმედი  არ  მოგვეშალოს! 

 

ქ . თესალონიკი . 10.08.2023 წელი

 

ღამე ვაჟას ჩარგალში

 

თავზე დაგვყურებს მცირე ცარგვალი,

თითქოს გადაზომ მტკაველ–მტკაველად,

რა პატარაა თურმე ჩარგალი...

და რა დიდია ვაჟა-ფშაველა!

ხარ–ირემივით ლაღად მყვირალი,

სამი გაფრენით სხვაზე მეტია,

ან კი რა არის გასაკვირალი,

ამ კუთხეში რომ ვერ დაეტია.

ყველა სულდგმულის ენა იცოდა,

ნიავს უსმენდა მინდიასავით,

ხმელი წიფელის დარდით იწვოდა, –

იას ეფერა ობოლ დასავით.

მიდამოს სევდის წვიმები აწვიმს,

ვინ შეაჯერა ასე ყეფით ცა...

დაკოდილ მხარში შეუდგა არწივს

და მხარკვერიანს ძმად შეეფიცა.

მთის წვერზე მთვარე დაბრძანდა მცხრალი,

ირგვლივ შუქს აფენს მტკაველ–მტკაველად...

რა პატარაა თურმე ჩარგალი, –

და რა დიდია ვაჟა–ფშაველა!

 

ქ. თესალონიკი, 29.07. 2013 წელი

No comments:

Post a Comment