Friday, May 31, 2024

ამირან გოდერძიშვილის წერილი რეცენზია ,,ხორნაბუჯში" გამოქვეყნებულ ჩემს ლექსებთან დაკავშირებით

დღევანდელ გაციებულ სამყაროში, როცა ადამიანების გულს ყინული მოსდებია და იშვიათად გაიგონებთ თბილ სიტყვას, ქებას ვინმესას, არ ვგულისხმობ მდიდრებსა და ცნობად სახეებს, მაქებარი რომ არასდროს ელევათ, მეგობრებიც კი იშვიათად გაიმეტებენ ხოლმე ქათინაურს, მალამოდ დამედო გულზე ბატონი ამირან გოდერძიშვილის წერილ-კომენტარი, რომელიც მან ლიტერატურულ ჟურნალ ,,ხორნაბუჯში" დაბეჭდილ ჩემს ლექსებზე: ,,ზმანება" (ხალხურ მოტივებზე), ,,სიჩუმე", ,,ხმა დიდგორიდან", ,,რა იცის ქარმა", ,,შენ კახეთო!", ,,ჩემო კახეთო!", ,,ესეც პოეზიაა" გააკეთა. როგორც ვიცით, ბატონი ამირანი არაჩვეულებრივი პოეტია, სიტყვის ოსტატი და მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,ქალბატონო მაია,
როგორც მხატვარს, მე ვერ შეგაფასებთ, მაგრამ როგორც პოეტს, ფრიადოსნად გამოგაცხადებთ,
ახლა მაგიდაზე გადაშლილი მაქვს ლიტერატურული ალმანახი ,, ხორნაბუჯი”, სადაც თქვენი შვიდი ლექსია მოთავსებული და შვიდივე ულამაზესი პოეტური ესთეტიკით არის შემკობილი!!!
სასიამოვნო დახვეწილობით იკითხება ხალხურ მოტივებზე დაწერილი ,, ზმანებაც”, ( რომელიც ზმანება კი არა, სრული რეალობაა,
,, მთებს შემოუცვამთ ნაბდები,
თავს ადგათ თოვლის ვარაყი,
ერთმანეთს გადასძახიან:
,, გადმო, დავლიოთ არაყი”
ბერიკაცი მთები, ხადახან, ძლიერი ყინვის დროს, მართლა გადასძახებენ ხოლმე ერთმანეთს, მართლა ეპატიჟებიან ერთმანეთს ,, ჭიქა არაყზე”
და სურვილიც მართლა, მალევე აუსრულდებათ,
,, ქარს მოაქვს ღიღინ-ღიღინით,
არყით პირსავსე ხელადა,
მთათ მაიმარჯვეს ყანწები
სასმელის შესასმელადა”)
ამ სილამაზის ნახვისა და წარმოდგენის შემდეგ, როგორ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს ამ ჭეშმარიტებაში?!!!
,,ალავერდს არის ყველასთან
მთების თამადა, — მყინვარი,
გოჩასა ჰგავის, ხევისბერს, —
მარადჟამს გაუცინარი...”
პოეტს ეს ყველაფერი თავისი თვალით უნახავს და თავისი ყურით მოუსმენია, ამიტომ ეჭვის შეტანა ამ სიმართლეში დაუშვებელია!!!
ჩვენი გმირული ისტორიის საამაყო ეპიზოდის—- დიდგორის ომის პირველი დღის გათენებას ეძღვნება ლექსი ,, ხმა დიდგორიდან”, სადაც ლამაზად არის გადმოცემული მეფისა და სამშობლოს ერთგული ქართველების სიყვარული და თავდადება სამშობლოს მიმართ,
რამაც განაპირობა ,, ძლევაი საკვირველი”...
,,წმინდა გიორგის თეთრი რაშიც იმედად მოჩანს,
ეშმაკსაც კი სძლევს დღეს ლაშქარი ერთგული მეფის!”
განსაკუთრებული პოეტური ემოციები და ფერები აქვს გამოყენებული ავტორს კახეთის პეიზაჟებისა და მისი სიმტკიცისა და გაუტეხელობის გადმოსაცემად.
,, წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,
დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,
და კახეთის ამ საოცარ მიწას
მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს”
პოეტს შეუმჩნეველი არ დარჩენია, როდესაც ,, ერთხელ სიჩუმე რომ სწვევია ტყეს”და ყველაფერი დადუმებულა, მაგრამ თეთრი ბეკეკას ყელზე შებმულმა ზარმა, უცებ ,, სიჩუმეს გამოჰკრა სარმა” ... და ტყე ძველებურად ისევ აშრიალდა და ახმაურდა.
და პოეტის სურვილია, ჩვენს გამოსაფხიზლებლადაც ისმოდეს ზარის წკრიალი!....
და ბოლოს, ქალბატონი მაიას პოეტურ ხედვას მიუგვნია ბევრისათვის უბრალო და არაფრის მთქმელი მოვლენებისათვის, და იქ ულამაზესი პოეზია აღმოუჩენია, აი, ეს მარგალიტებიც:
,, გარეთ ქარი რომ თამაშობს
ბავშვებს ჩაეზიარა,
ატრიალებს ბურთს და ანცობს,
ესეც პოზიაა”
ანდა ფურისულას გაშლილ ფურცლებზე პეპელა რომ გაივლის,
ან, დათვი სკაში თათებს რომ აურევს,
ან, შვილიშვილი პაპის ცელით ყანას რომ მომკის,
ან ,, ქალს აპურებს ვაჟი რწმენით”
ან, ,, ცხვარი მისდევს იალაღს”
და ბოლოს ლაკონიური დასკვნა:
,, ვერ გამოთქვამ რასაც ენით,
ესეც პოზიაა”
აი, ის დიდი სიამოვნება რაც ამ ჟურნალიდან მაია დიაკონიძის ლექსებმა მომანიჭეს!!!
მადლობა ქალბატონ მაიას ამ მშვენიერი ლექსების შექმნისათვის და ბატონ გიორგი ნატროშვილს ამ მრავალმხრივი თემატიკით დატვირთული ალმანახის გამოცემისათვის!!!
რედაქტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ალმანახი გასცდა რეგიონალურ საზღვრებს და ლამის საქართველოს ლიტერატურული სფერო მთლიანად გაითავისა!!!"
ამირან გოდერძიშვილი
გმადლობთ, ბატონო ამირან, ჩემგან მიიღეთ სამადლობელი და უდიდესი პატივისცემა!
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, Nino Rostiashvili და 63 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment