განთიადი ხარ!
განთიადი ხარ, მოგიხურავს
ვარდების ფარჩა,
და იმედს აძლევ, უიმედოდ
ვინც ქვეყნად დარჩა.
ვისაც ბნელეთი მოერია,
ვინც გაიწირა,
ვინც ამა სოფლის ირონია
ვერ აიცილა.
ვით აფროდიტა ამოდიხარ
ზღვების ქაფიდან
და აწკრიალებ ,,დო, რე, მი, ფა"-ს
ოქროს არფიდან.
და იმედს აძლევ, სამყაროში
ვინც ობლად დარჩა.
შემოგიხურავს ატმების და
ვარდების ფარჩა.
ალიონი ხარ, შეგიღებავს
წითლად ტუჩები
და შავ სამყაროს მგონი მხოლოდ
შენ ეურჩები,
ნაფლეთ-ნაფლეთად გაგაქვს დარდი
და მწუხარება,
რომ გაგვაგონო თერგის მღერა და
მქუხარება.
მაია დიაკონიძე
30.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment