,,მ ყ ვ ი რ ა ლ ო ბ ა!"
სატრფიალო–სალაღობო
(ფშაურ კილოზე)
გზაზე ერთ ქალა შამამხვდა,
მუზა, – პარნასის მთებისა,
პირზე რა სიტყვაც მამადგა,
სუყველა იყო ქებისა;
ოქროსფრად გაშლილ დალალი
ჰქონდა სამოსად მხრებისა,
გვერდზე ჩავლილიც დამათრო
სურნელმა იმის თმებისა;
შამამღიმილა, მამინდა,
გაშლა ოცნების ფრთებისა,
ვიფიქრე: – ,,მყვირალობაა",
ჟამი დამდგარა ვნებისა...
თავი ,,ხარ–ირემს" ვადარე, –
,,ლესვა" დავიწყე რქებისა,
მონადირესაც კი აფთხობს,
სმენა ხარ–ირმის ხმებისა;
ვთქვი: ,,ამ ფურს არვის დავუთმობ,
თავიც ნუ მამიკვდებისა"...
თუ ბედისწერამ შენკეა, –
ოცნებაც აგიხდებისა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 9. 08 .2023 წელი
No comments:
Post a Comment