Wednesday, August 14, 2024

სამარადისოდ გიდგები მუხლზე! ავტ. გიგლა ჭინჭარაული

 სამარადისოდ გიდგები მუხლზე!

ქვითკირის ყორე შეულესავი,
ფუტურო სკამი... სურვილი ნახვის...
შარას გასცქერი ჩამქრალ მზესავით,
მხრებზე გკიდია წლები და თალხი.
რიდით და კრძალვით ჩუმად მოელი,
თვით სიკვდილიც კი მოალბე, გულქვა,
გარინდებულა ირგვლივ ყოველი,
მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი სუნთქავს.
ხარ უმოწყალოდ გულდაბურვილი,
მუდამ ნაცემი ლოდინის სახრით...
ო, რა ბრძენია შენი დუმილი,
ო, რა წმინდა ხარ დაღარულ სახით!
ნეტავ ასე თუ სადმე ელიან
და იმალვიან სულის ღელვანი,
რა ვთქვა, რომელი უფრო ხმელია:
ჯოხი თუ ჯოხზე ხელის მტევანი?
ხმამაღლა ფიქრი გასცა ჩურჩულმა,
თაფლის წვეთებად ლოცვად რომ გზავნი;
წინ არ ჩაგივლის ვიდრე უჩუმრად,
შვილი გგონია ყოველი მგზავრი.
ყველა თქვენთაგანს მე დედად ვუმზერ,
შვილად ყოფნასაც ვკადრობ და ვბედავ;
ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ გიდგები მუხლზე,
ღვთივსულიერო ქართველო დედავ!
გიგლა ჭინჭარაული
29. 12. 2012 წ.

No comments:

Post a Comment