დღეს სილამაზეზე მინდა ვისაუბრო! საიდან მოდის, საით მიდის?!
ბუნების სილამაზე მარადიულია და მას ვერაფერი შეცვლის, თუ რამე კატასტროფა არ მოხდა და ჩვენ, ადამიანებმა, ხელი არ შევუწყვეთ ამას. ადამიანური სილამაზე კი წარმავალია, დრო-ჟამი წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე. 21-ე საუკუნე ამ მხრივ გამონაკლისია, ადამიანი ყველანაირად ცდილობს გაილამაზოს თავი, ხდება კბილების, თმების, კანის აღდგენა, ზოგი სამოცი წლის ორმოცი წლისად გამოიყურება და სხვა და სხვა. ამაშიც არაფერია გასაკვირი.
ოდითგან ქართველი კაცი თიხას იყენებდა ჭურჭლის დასამზადებლად. თიხის ჭურჭელი: დოქები, სურები, ჭინჭილები ქალებს მაგონებენ, დიახ ქალებს. კაცის შთაგონების წყაროც, როცა ამ ჭურჭელს ამზადებდა, ალბათ, ქალი იყო, ზოგი დიდი ტანისაა, ზოგიც პატარა, ჭინჭილები კი პატარა გოგოებია. სურა მაღალია და გრძელი, ზოგიერთი ტანწერწეტა ქალივით, დოქი უფრო დიდმუცელა ბუთხუზა ქალია. ადამიანი ცდილობდა მერე ეს ჭურჭელი გაელამაზებინა ათასგვარი ორნამენტებით, აქ კი უკვე სული იდო, მრავალგანზომილებიანი, მრავალმხრივი, ქართული სული, ეს ორნამენტებიც ქვეყნიერების მოწყობას გვიჩვენებს, მზეს და მთვარეს, ვარსკვლავებს, ბორჯღალს, სამყაროს უსასრულობას და მარადიულობას. ოჯახის ფენომენიც იყო გათვალისწინებული და ერთი ოჯახის მიერ დამზადებული თიხის ჭურჭელი სხვას არ ჰგავდა. მერე გვარის ჭურჭელი არ ჰგავდა სხვა გვარისას, ასე მრავლდებოდა ერი, მრავლდებოდა ჭურჭელი. ქართველი კაცი დღესაც დიდ პატივს სცემს თიხის ჭურჭელს, ცდილობს სილამაზით უზადო გახადოს ის, დაიხვეწა ტექნოლოგიები, ჩვენ კი არ ვწყვეტთ თიხასთან კავშირს, მისგან მოზელილები, ამითომ თუ ვცდილობთ გავლამაზდეთ ცოტა მაინც, რაა ამაში გასაკვირველი. თუმცა ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა.
ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ოჯახის ინსტიტუტი იშლება და თავის ფასს კარგავს, რაც გამანადგურებელია ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. კაცებიც და ქალებიც უნდა აცნობიერებდნენ ამ ფაქტს. ბავშვების, მომავალი თაობის ინტერესებზე მაღლა, ჩემი აზრით, არაფერი არ უნდა იდგეს. სიყვარული წარმავალია, როგორც მშვენიერი ქალის სილამაზე, ოჯახი კი ფუნდამენტია, რაზეც დგას ერი, ქვეყანა,. ვიყოთ ჩვენი ტრადიციების დამცველნი, თუ გვინდა გადავრჩეთ!
No comments:
Post a Comment