Wednesday, August 28, 2024

,,წარსულიც ვარ, მომავალიც, განა მარტო ანბანი ვარ!", - დალი მაზმიშვილის წიგნის ,,საქართველო ანბანია" შესახებ მსჯელობანი

   

   ,,წარსულიც ვარ, მომავალიც, განა მარტო ანბანი ვარ!", - დალი მაზმიშვილის წიგნის  ,,საქართველო ანბანია" შესახებ მსჯელობანი

 

  როგორც პურის ყანას თაკარა მზეზე აელვარებული თავთავი, ისე ამშვენებს დალი მაზმიშვილის პოეზია თანამედროვე ქართულ პოეზიას. დღეს მინდა მისი ავტორობით გამოცემულ წიგნთაგან ერთ-ერთზე  ვისაუბრო. ეს არის ,,საქართველო ანბანია", რომლის რედაქტორი გახლავთ ქართველი ენათმეცნიერი, ლინგვისტი, მწერალი - ნინო არსენაშვილი. თვითონ სათაური ამ წიგნისა მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია. წიგნი ქართველებისთვის ხელით საგოგმანებელ  და გულით სატარებელ საკითხს, ქართულ ანბანს ეხება.

  როცა ავტორის - დალი მაზმიშვილის  სახელსა და გვარს წარმოვთქვამთ, ეს ბევრს გვეუბნება. ეს არის ქალი დედა, ქალი - პატრიოტი, ქალი - პოეტი, ქალი - მასწავლებელი, ქალი, რომელიც შემკულია ქართველი ქალის უამრავი კეთილი თვისებით და ისე ბრწყინავს, როგორც ყურძნის დამტკბარ-დაშაქრული მარცვლები შემოდგომის მზეზე.

  დალი მაზმიშვილი დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ დირბში. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.  პოეტს გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებული ,,ჩემი თეთრი გიტარა", ,,ჩემი ტაო-კლარჯეთი", საბავშვო-შემეცნებითი ლექსების კრებული ,,ნათლულების ქვეყანა" და წიგნი ,,იმედით ძლეული უიმედობა", რომელიც მტკივნეულ სამაჩაბლოს თემას შეეხება.  დღეს კი მე ხელთ მიპყრია მისი ახალი წიგნი  ,,საქართველო ანბანია".  დიახ, მისი წიგნი ,,საქართველო ანბანია" ქართული ასო-ბგერების ტკბილხმოვანებითაა გაჟღენთილი, მათი სიტკბოებით თაფლადაა ქცეული, რომელიც ყველა ქართველის სისხლში მოძრაობს, იტოტება გულის  კუნთიდან ყველა ორგანოსკენ: ყური, თვალი, ყველა უჯრედი სავსეა მისით. სწორედ აქ იწყება ქართველობის იდენტობა, თუ არა ენა და ქართული ანბანი, რანი ვიქნებოდით?! გვეუბნება პოეტი ქალი და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!", უთქვამს გრიგოლ ორბელიანს.

   ქართული ანბანის მნიშვნელობაზე ბევრს გვეუბნება პოეტის ლექსი ,,საქართველო ანბანია", რომელიც წიგნის სათაურადაც ქცეულა.  ჩვენი სამშობლო ანბანთანაა გაიგივებული, რადგან ანბანის გარეშე საქართველო საქართველო არ იქნება, იგი არის მისი წარსული:

,,შორეული წარსულიდან მოდის,

სივრცეს თვითონ კვალავს,

ქალდეას და ხეთას ვხედავ,

მათგან მოსმულ პირველ ყალამს!"

აწმყო:

,,აფხაზეთის, სამაჩაბლოს

დარდი დააქვს რა ხანია,

გაზაფხულზე იებს რა სჯობს,

იის კორდიც ანბანია!

და მომავალი. ის არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. და ის ვინც ქართულ ანბანს უღალატებს, ერის საფიცარს, ის საქართველოს მოღალატეა. პოეტი თავის ლექსში წერს:

,,დღესაც მზეობს, სხივნათელობს,

მისი ბედი სხვაგვარია,

ანბანია საქართველო,

საქართველო ანბანია!"

    საქართველოს თითოეული გოჯი მიწა ჩვენი გმირი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, რომ არა ისინი, მათი მებრძოლი სული, დღეს არც ქართული ენა იარსებებდა და არც უნიკალური ქართული ანბანი, რომლის ასოების მოხაზულობა ულამაზეს ყვავილებს გვაგონებს, ერთად კი თაიგულია, რომლის მსგავსი დედამიწაზე არც მოიძებნება, ვინაიდან იგი ერთადერთია. პოეტი ქალი დიდი ტკივილით საუბრობს იმაზე, რომ ქართულ ენას და ანბანს დღეს საშიშროება ემუქრება. იგი თავდახრილია. დიდია ახალგაზრდობის გადინება ქვეყნიდან, რომლებიც აქცენტს უცხო ენების შესწავლაზე აკეთებენ, მშობლიური ენა კი თითქოს დამხმარე ენად ქცეულა. მაშინ როდესაც, 2016 წელს იუნესკოს მსოფლიო ორგანიზაციამ ქართული ანბანი შეიტანა მსოფლიო კულტურულ არამატერიალურ ძეგლთა სიაში. წიგნის ავტორი ყველა ამ არგუმენტს, მათ შორის, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ქართული ენისა და ანბანის შესახებ, იყენებს, რომ დაამტკიცოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საგანძურის დაცვა და მოვლა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

  ,,ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერებისა, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა ზოგადად". (ილია ჭავჭავაძე)

  ,,ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა, შესწავლა, უპირველეს ვალად გაიხადოს". (მიხეილ ჯავახიშვილი)

  ,,მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი".  (კონსტანტინე გამსახურდია)

  ,,დედაენა არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა”. (იაკობ გოგებაშვილი)

და ბოლოს  დალი მაზმიშვილი წერს:

 ,,ჩემი აზრით, ქართული ანბანი ყოფიერებაში განსხეულებული მარადისობაა, რომელსაც დღევანდელ უვრცეს სამყაროში თვითმყოფადობის გვირგვინი ადგას, ეროვნული სიმბოლოების სამოსი ამშვენებს, ამდიდრებს და აკეთილშობილებს. რაც, მისი დედამიწაზე აღიარებული არსებობისა და არა მარტო დედამიწაზე, კოსმიური სივრცის ტევადობის აზრს იძენს და თითოეულ ჩვენგანს მისი პირველადი ქმნილობის უდიდეს სასწაულს აზიარებს."

  პოეტ ქალს თითოეული ქართული ასოსთვის საგალობელი მიუძღვნია, ის ლოცვასავითაა, რომელიც უფალთან მივა პატარების ბაგეთგან აღვლენილი.

,,თვალმოციმციმე გოგო-ბიჭს უთვლელს,

კვლავ შევაყვარებ საოცარ ანბანს,

როგორც ყოველთვის, ცას ღამეს ვუთევ,

ქათქათა მთვარის ნამცვრევით ნაბანს."

წერს პოეტი ქალი და მართლაც თავისი ანბან-ლოცვებით, ასე დავარქმევდი, ამ მიძღვნებს ქართული ასოებისადმი, პატარებს ასწავლის სამშობლოს სიყვარულს, მის ისტორიას, რომელიც უწყვეტი კავშირია წარსულსა და მომავალს შორის,  მისთვის თავდადებას.

,,სამყაროს სწყდება ძახილი ჩემი,

არტანუჯს, ბანას სამკვიდრო მედგა,

ჩემი წარსულის ვარ გადამრჩენი

და სადაც გავჩნდი, იქ ვდგავარ მედგრად!"

   თვითონ პოეტი ქალი ერთგულია თავისი სამოსახლოსი, თავისი ეზო-კარის, დგას, იქ სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირს. სწორედ ასეთი სულისკვეთებით, იგი მაგალითია მომავალი თაობისთვის.

   დღეს ქართული ანბანი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს სარწმუნოებასთან, ამიტომ დალი მაზმიშვილი ანბან-ლოცვებში განიხილავს ქართულ ეკლესია-მონასტრებს, როგორც ჩვენი ლოცვების გამტარს უფალთან. შეგვახსენებს, რომ დღეს ბევრი მათგანი მოსაზღვრე სახელმწიფოების, ხოლო ბევრიც მტრის მიერ მიტაცებულ, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ბევრი სავალალო მდგომარეობაშია და მათ შველა სჭირდებათ. 

,,იშხანი, სივრცე და გაოცება,

ასომთავრულის იაგუნდებით,

მოწიწებით რომ დაიკოცნება,

მოინატრებ და კვლავ დაბრუნდები." (გტვ.39.)

  რა თქმა უნდა, კვლავ უნდა დავბრუნდეთ იმ მიწაზე, რომელზეც ჩვენს მამა-პაპას უღვაწია,  ეკლესია- მონასტრები აუშენებია, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, თუმცა ეს დღეს შეუძლებლად მიგვაჩნია, მაგრამ სასწაულებიც ხდება.

ცრემლნარევია სტრიქონებია:

,,პატარა ღვთიშობლის ტაძარი,

დირბის ცის კაშკაშა თავანი,

ყველაზე ძვირფასი რაც არის,

რაც დაგვრჩა - ყველაზე მთავარი!" (გვ.53):

   მომავალ თაობას პოეტი თითქოს ანდერძად უტოვებს, მოუარონ და სიცოცხლე შთაბერონ ჩვენს გაუქმებულ ხატ-სალოცავებს.

,,ნამზეური, ნანდობარი,

ნატაძრალი, ნასახლარი,

ნახიდარი, ნაომარი,

ნახანძრალი, ნამეხარი," (გვ. 47)

ის რაც მრავლადაა დღეს, მათი აღდგენა კი ახალგაზრდა თაობის მთავარი მიზანი უნდა იყოს.

   ანბან-ლოცვებში არაჩვეულებრივადაა წარმოდგენილი საქართველოს ბუნების სილამაზე, პოეტი უხვად იყენებს მხატვრულ სახეებს: შედარებებს, მეტაფორებს, ჰიპერბოლებს, რომ შეგვაყვაროს საქართველოს თითოეული კუთხე, თითოეული კუნჭული. საქართველოს ზღვა, მთა, ჭრელი ყვავილიანი ველი თუ ოქროყანა.

,,დგება დილა ჩქერით სხივთა,

დედამიწა ბრწყინავს, ელავს,

ფერადდება წითლად, ყვითლად,

ლურჯად, მწვანედ, ცისარტყელად" (გვ. 27)

   პოეტი ბავშვებს შეახსენებს, რომ ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური გაიარა და მან მოგვცა წმინდა სამება: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ამითაა კიდევ იგი უნიკალური.

,,ცას ვეგები ფიანდაზად

პირველი და შეუცვლელი,

გზა მრგვლოვანის, ნუსხურის გზა,

მხედრულის გზა, გზაა ჩემი!"

   არაჩვეულებრივი ტკბილხმოვანება დაჰყვება ანბანსაქებარ ლექსებს, რითაც ბავშვებისთვის ადვილადშესასწავლია და ეს მუსიკალურობა ამ ლექსებისა, მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვება ჩვენს გოგო-ბიჭებს.

,,სადაც მე ვარ, ფრთას შლის ქარი,

მიმოზებიც მხვდება შლილი,

ვარ ანბანის დედოფალი,

თქვენი შარიშურა შინი", (გვ. 75)

ან

,,ყანა ღელავს, თაველები თავებს ხრიან,

გვირილები ცეკვავენ და იცინიან,

არც ჭალიანს გაჰყურებენ, არც ვერხვიანს,

ბილილები ყაყაჩოებს შეჰხარიან.” (გვ.73)

  პოეტმა ქალმა, ღრმად განათლებულმა და მცოდნე ადამიანმა, საუკეთესოდ იცის, რომ ქართული ანბანი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე  შეიქმნა და მისი დაბადება უბრძნეს ქურუმთა  ნამოღვაწარია. ამ კვლევებს დიდი დრო დაუთმო და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენმა დიდმა ენათმეცნიერმა - რამაზ პატარიძემ, რომელმაც დაგვანახა ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით, რაც ჩვენს თვალთაგან დამალული და ჩვენი გონებისგან შეუცნობელი იყო. თავის ლექსში ,,დაბადება" დალი მაზმიშვილი, როგორც ვხედავთ, ეყრდნობა ჩვენი სასიქადულო მეცნიერების კვლევებს, რამაზ პატარიძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვათა, როცა  წერს:

,,ასრულდა უფლის ძალი და ნება,

უბრძნეს ქურუმთა ნამოღვაწარით,

იწყო მრგვლოვანმა გასხივოსნება,

დედამიწაზე იშვა ანბანი".

  პოეტი მითოლოგიასაც იყენებს საჭიროების შემთხვევაში და ანბანის პირველ ასო -ა- ზე წერს:

,,ავმაღლდი ცად და მთვარის ნათელი

მოუხრელ მხრებზე ჩამომფრქვევია,

მე ცის ღმერთი ვარ, სამყაროს მცველი,

ვარ დასაწყისი და ან-ი მქვია.

   როგორც სქოლიოშია მითითებული, ან - ასომთავრულის ასონიშნებში წარმართული პანთეონის სახელდებებია გამოსახული. შუმერულად და ქართულად კი იგი მთვარეს - ცის ღმერთს აღნიშნავს.

  ანბანის ასოები ჰოეთი - ჵ მთავრდება. ის ერთ-ერთი ხუთ ასოთაგანია, რომელიც ანბანიდან იქნა ამოღებული.  პოეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასოს და თავისი გულიდან წამოსული შეძახილით სთხოვს დედამიწას, სამყაროს, დაკარგული ნაწილები დაუბრუნოს საქართველოს, რომ საქართველო სრულყოფილი სახით მოევლინოს ყოფიერებას და იმქვეყნიურ სულთა სამეფოსაც, რათა დაწყნარდნენ აფორიაქებული ჩვენი წინაპრები.

,, თრიალეთიდან გავძახებ შორეთს,

ამერ-იმერს რომ ხმა მივაწვდინო,

ჩემი სათქმელი გაიმეორე,

ჩემი მიწა-წყლის ყველა ნაწილო!” (გვ. 95)

   როგორი დარდით არის სავსე ეს სტრიქონები:

,,მომენატრეთ და ვიცი თქვენც გესმით,

ჰოი ჰერეთო, ჰოე დვალეთო!

ო, აფხაზეთო, კარებს კვლავ შევხსნით,

ო, სამაჩაბლოვ, გვალამაზეთო!” (გვ.95.)

  ავტორი არ კარგავს იმედს, რომ საქართველო კვლავ გამთლიანდება და გალამაზდება, ვინაიდან სრულყოფილებაში - გამთლიანებულ ძლიერ საქართველოშია დიდი სილამაზე.

   ამოუწურავია, ის მასალა, რომელსაც დალი მაზმიშვილი ამ წიგნში ,,საქართველო ანბანია", გვთავაზობს. სულ უნდა ვიკითხოთ და ვიკითხოთ, რომ ის დავიმახსოვროთ, დავამახსოვროთ ჩვენს შვილებს, არ დაივიწყონ მშობლიური ენა და  მიწა.

  წიგნი მთავრდება ლექსებით ანბანზე. რომელთა მხატვრული ღირებულება ძალიან დიდია, თითოეული შემკულია ფრთებით, რომ ბავშვებთან მიფრინდნენ, მიუტანონ ცოდნა, სიყვარული ქართული ენის, თითოეული ქართული ასოსი.

ლექსში ,,ანბანი"  ჩიტის გალობაცაა, ქართული სიმღერის ხმებიც ჭექს.

,,ანი-ბანი, ლექსის ფრთანი,

სიბრძნის ბჭე და გალავანი,

ტაძრის ძველი ჩუქურთმანი,

,,ოროველას", ,,ლილეს" ხმანი,

მზენადენი, მზენაბანი,

მოლივლივე მზეკაბანი,

ყველა ბგერა უფლისანი."

    მადლობა მინდა გადავუხადო ძვირფას პოეტს ამ საოცარი წიგნის შექმნისათვის, რომელიც შუქურად, გზამკვლევად უნდა იქცეს პატარა ქართველებისათვის ამ უზარმაზარ სამყაროში, რომ არ დაიბნენ, არ დაკარგონ კვალი, ყოველთვის იდგნენ სამშობლოს სამსახურში,  რომელიც საქართველოდ იწოდება.

   აღსანიშნავია წიგნის მხატვრობა, რომელიც ხათუნა მახათაძეს ეკუთვნის. ქართული ასოების უნიკალურ მოხაზულობას გვთავაზობს თითოეული მხატვარი, ვინაიდან ყოველი მხატვარის ხედვა ინდივიდუალურია. ამ შემთხვევაშიც ქართული ასოების უნიკალურ მოხაზულობას ვხედავთ.

   წარმატებებს ვუსურვებ წიგნს, რომელიც, იმედია, მალე დაიპყრობს ქართველთა გულებს და სამაგიდო წიგნადაც იქცევა პატარებისა და დიდებისთვის.

 

                                                                        მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment