Monday, September 28, 2026
კატის კნუტი - პრინცი (საბავშვო მოთხრობა)
იყო ერთი გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოველები. ის სამხატვრო სასწავლებელში დადიოდა და გზადაგზა ყველა ძაღლს და კატას ეფერებოდა, რომელიც შეხვდებოდა. საჭმელიც მიჰქონდა მათთვის, სანამ ეყოფოდა, ჩამოარიგებდა, მაგრამ ერთ კატის კნუტს არასოდეს არაფერი ხვდებოდა, შეეცოდა ნუციკოს კატის კნუტი და სახელდახელოდ მისთვის ქათმის ხორცის ნაჭერი მოამზადა, წინა დღეს არ შეჭამა, დედამ რომ დაუდო თეფშზე, ქაღალდში გაახვია და მაცივარში შეინახა. მეორე დღეს გამოიღო მაცივრიდან, სხვა საჭმელებთან ერთად ჩანთაში ჩადო და სასწავლებლისკენ გაეშურა. როგორც ყოველთვის ჩამოარიგა საჭმელი, კუდის ქიცინით ეუბნებოდნენ მადლობას ძაღლები, კატები მუხლებზე ეხახუნებოდნენ თავით და შეჰკნაოდნენ, რა კარგი გოგო ხარო. მოვიდა კატის კნუტის ჯერიც, ამოიღო ნუციკომ სახელდახელოდ ქაღალდში გახვეული ქათმის ხორცი, დაუდო კატის კნუტს, მაგრამ იმან პირიც არ დააკარა, გაუკვირდა გოგონას, ეს რანაირი კატააო, კატებს ხომ ქათმის ხორცი ყველაზე ძალიან უყვართ, მაგრამ არაფერი თქვა, ხორცი სხვა კატას გადაუგდო. სახლში მისულმა ახლა მოხარშული საქონლის ხორცი შეახვია ქაღალდში, იქნებ ეს მაინც შეჭამოს კატის კნუტმაო და დასაძინებლად დაწვა. სიზმრად ის კნუტი ესიზმრა, საჭმელი რომ არასოდეს ხვდებოდა, მაგრამ ქათმის ხორცზე უარი განაცხადა, მე კატების მეფის შვილი ვარ, უთხრა გოგონას და საჭმელს, ძირს დაგდებულს, თეფშის გარეშე, არასოდეს მივირთმევო. გაეღვიძა ნუციკოს, ეს რა დამესიზმრაო, მაგრამ თეფში მაინც წაიღო, იქნებ მართალია ეს სიზმარი და ის კატის კნუტი მართლა პრინციაო. როცა მასთან მივიდა, საჭმელი ძირს კი არ დაუგდო, თეფშზე დაუდო, კატის კნუტმა თვალებში შეხედა გოგონას, ეს რა კარგად მოგიფიქრებიაო, მივიდა თეფშთან და საჭმელი მადიანად მიირთვა. ამის მერე გოგონა კნუტს საჭმელს გარეცხილ-გასუფთავებულ თეფშზე დაუდებდა ხოლმე, სახელად კი ამ განებივრებულ კატას პრინცი დაარქვა. კნუტს მართლაც განსაკუთრებული ქცევები ჰქონდა. არასოდეს კნაოდა ხმამაღლა, ყოველთვის დავარცნილი და დასუფთავებული დადიოდა, ბეწვი თეთრად უქათქათებდა, თვალები კი ცისფერი ჰქონდა, მისი შემხედვარე, ყველა გამვლელი ამბობდა, ნამდვილი პრინცია ეს კატა. სამეფო ჯიშისააო. ერთ დღეს კატის კნუტი აღელვებული დახვდა ნუციკოს, საჭმელიც კი არ ჭამა, გოგონას რაღაცას ანიშნებდა, სადღაც გამომყევიო. გაკვირვებული ნუციკო პრინცს უკან დაედევა, ბევრი ირბინა კატის კნუტმა და გოგონა ერთ ფარდულთან მიიყვანა, საიდანაც ძაღლის წკმუტუნი ისმოდა. ფარდული ჩაკეტილი იყო ბოქლომით. გოგონა იქვე იტალიურ ეზოში შევიდა, ფარდულის პატრონი იკითხა, მეორე სართულზე ცხოვრობს ის მოხუცი კაციო, უთხრეს მეზობლებმა, მაგრამ მეორე დღეა არ დაგვინახავსო, დაუკაკუნა მოხუცს კარებზე, ხმა არავინ გასცა, შიგნით კატის ხმა ისმოდა, მოეჩვენა ნუციკოს, რომ პრინცის ხმა იყო, კნუტი ხომ სადღაც გაქრა, იტალიურ ეზოში რომ შევიდნენ. გოგონამ მეზობლებს სთხოვა დახმარება, იქნებ მოხუცი ცუდად გახდა, კარს არ აღებსო, კარები ძალაყინთ გააღეს, შესასვლელში მართლაც პრინცი დახვდათ, ოთახისკენ ანიშნებდა შემოსულებს, იქით გაიქცნენ, მოხუცი მართლაც ავად გამხდარიყო, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, ხალხის დანახვა გაეხარდა, გაუკვირდა, აქ ვინ მოგიყვანათო, პრინცმაო, უთხრა გოგონამ, მოხუცმა სიყვარულით გადახედა კატის კნუტს და გოგონას ჩურჩულით ჰკითხა: შენ რა იცი, რომ პრინციაო? - სიზმარში ვნახეო, - უპასუხა გოგონამ. მოხუცს ფარდულის გასაღებიც გამოართვეს, სადაც დედა ძაღლი აღმოაჩინეს ლეკვებით, სასწაულიაო, იძახოდნენ მეზობლები, ეს რა ჭკვიანი კატა ყოფილაო, გოგონას კი ყველაზე მეტად ის უხაროდა, რომ ეს კატის კნუტი ნამდვილი პრინცი იყო, კეთილშობილი, რომლისთვისაც სხვების ბედი სულერთი არ იყო და მის ცისფერ თვალებში ნამდვილი მზე ირეკლებოდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment