Wednesday, July 17, 2024

შენი სიმშვიდე მაოცებს! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 

საინტერესოა ამ ლექსის შექმნის ისტორია: ეს ლექსის პირველი ვარიანტია, ჯერ ეს დავწერე, შემდგომ - მეორე, გთავაზობთ ორივეს, რომელი ჯობია წიგნისთვის?!
შენი სიმშვიდე მაოცებს!
შენი სიმშვიდე მაოცებს,
შენ კი - სიგიჟე ჩემი,
ვეწვევი ზეცის სარეცელს,
გამომესხმევა ფრთები.
შენ მეკითხები: - სადა ხარ,
მე გეუბნები - ცაში,
მერანი ჩემი ქათქათა
ღრუბელთა ტევრში დაჰქრის,
თავბუდამხვევი სისწრაფით,
ჩამოვეშვები დაბლა,
ჩემი სიცოცხლის წამების
ხელახლა ვიწყებ ათვლას.
მაია დიაკონიძე
15.05. 2024 წელი
შენი სიმშვიდე მაოცებს!
ჩემთვის არ გაიამინდა ,
გაბზარული ხმით ვმღერი
და ვეღარ ვიგებ რა მინდა,
ყველა თუ... არაფერი.
შენი სიმშვიდე მაოცებს,
მე წარამარა ვკრთები ...
ვეწვევი ღრუბლის სარეცელს,
გამომესხმება ფრთები.
შენ მეკითხები: - სადა ხარ?
მე კი გპასუხობ: — ცაში;
ღრუბელთა ტევრში მაქროლებს
ოცნების თეთრი რაში.
ჩემთვისაც გაიამინდა,
იადონის ხმით ვმღერი,
ახლაღა ვხვდები, რა მინდა,
ზეცა, — ლაჟვარდის ფერი.
ღაწვები შემეფაკლება,
დავემსგავსები აისს,
მზეს ნეტა რა დააკლდება,
თუ მეც ავანთებ მაისს.
შევერთო ღრუბლის ზეფირებს,
და ავირიო მათში,
განგებავ, შემაძლებინე,
ყაყაჩოდ ვიქცე მთაში.
მაია დიაკონიძე
15.05.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი

პირველი —- მშვენიერი და ლამაზი,
მეორე—- საოცრება და განუმეორებელი!!!
,,მზეს ნეტა რა დააკლდება,
თუ მეც ავანთებ მაისს”
ქალბატონო მაია,
მზეს სინათლე და სითბო უფრო მოემატა თქვენით და თქვენი მშვენიერი პოეზიით, და საერთოდ თქვენი შემოქმედებით!!!
ეს ლექსი კი ძალიან საყვარელია!!!

თუ არ გჭირდები!

 თუ არ გჭირდები! (სატრფიალო ლირიკიდან)

თუ არ გჭირდები, შენზე ფიქრებს
მოვუღებ ბოლოს,
გადაძახილსაც, ხიდან ხეზე
ჩიტებს რომ დააქვთ,
ნურაფერს მეტყვი, დამაცადე,
ბედ-იღბალს ვგლოვობ,
ჩემს სიყვარულზე მოვუყვები
რიონს და არაგვს.
ბაბუაწვერას თუ არ მისცეს
ფრენის უფლება,
თუკი სიხარულს არ მიუტანს,
ვისთვისაც ცოცხლობს,
დაიფანტება ამქვეყანად
ფაფუკ გულებად,
თავისას არა, სხვის სატკივარს
უწამლებს მხოლოდ.
თუ არ გჭირდები, შავი ყვავი
იქნება მაცნე,
ან ყურს დავუგდებ ჩემს ეზოში
მყეფარე ქოფაკს,
დაე, ეგ გული სიხარულით
შენ გქონდეს სავსე,
მე შემოვიხვევ მწუხარების
ძოწისფერ ქობას..
მაია დიაკონიძე
17.07.2024 წელი

Monday, July 15, 2024

 ძარღვებში სისხლი რომ იყინება

და საგულედან რომ ხტება გული,

საით მივყევართ ჟამთა დინებას,

ან რას გვიქადის სიცოცხლე კრული.

იქნებ თევზივით დაგვხშვია ბაგე,

და სიყვარული გვესაკლისება,

ქრიზანთემების ვნებიან თვალებს

დავკონებივართ სოველ ნისლებად.



ყანებში ციცრის კრიახი ისმის....

***
ყანებში ციცრის კრიახი ისმის,
გადმოწანწკარებს წყარო ღარებად,
და გადმოჰყურებს დღისით და მზისით
ამ წალკოტს ქალი ნისლისთვალება.
ამა სოფლისა ბრუნვა-ტრიალი,
როგორც ჩიკორი, ცოტათი ართობს,
მთის წყარო უნდა შესვას ფიალით,
გაცრას ცხოვრება ფქვილად და ქატოდ.
ყანებში ციცრის კრიახი ისმის,
გადმოწანწკარებს წყარო ღარებად,
და გადმოჰყურებს დღისით და მზისით
ამ წალკოტს ქალი ნისლისთვალება.
მაია დიაკონიძე
15.07.2024 წელი

მინიმა

ჩემს გულის დარდს ვერა ვშველი,

ვერა ვშველი ჩემს სამშობლოს,

ხელს ვუწოდებ ყველა შეშლილს,

იქნებ, იმან უპატრონოს.





ვერ შევასრულე დისკანტი

ვერ შევასრულე დისკანტი,
აწ მისანივით ვმკითხაობ, -
რად დამარჩინა უფალმა,
კუთხეში რად არ მიმაგდო.
იქნება შესასრულები
დამრჩა შაშვების პარტია,
არ დამეწეროს ნულები,
სიცოცხლეს როცა გამყრიან.
იქნება დამრჩა სათქმელი,
ილიას, ვაჟას მაგვარი,
არ გადამეჭრას საბელი,
ჩემს სამშობლოსთან ნაბამი.
მაია დიაკონიძე
15.07.2024 წელი
დისკანტი -ქალის, ბავშვის პარტია, მაღალი ხმით შესრულებული





Saturday, July 13, 2024

მინიმა, ვფართხალებ!

ვფართხალებ, როგორც კაცი მორევში,

როგორმე სული ამოვიტანო,
და ვინ იქნება ჩემი მიმრევი,
თუ გვერდში მყავხარ, ადამიანო!
მაია დიაკონიძე
9.07.2024 წელი