Thursday, November 7, 2024

რობაიები

 უხვად გწალობდა, შენ სამშობლოვ, ჩვენი მესია,

,,ვეფხისტყაოსანს" ქმნიდნენ დიდნი, აბდულმესიანს,

,,იყო და არა იყო რაო", ასე იტყვიან,

თუ ზურგს შეაქცევ, როცა გკლავენ, როცა გესვრიან.


ბავშვობიდანვე გვაყვარებდნენ ზღაპრებს, არაკებს,

და შევხაროდით  მზეჭაბუკებს, ვით ამხანაგებს,

მაგრამ სად გაქრა ბედნიერი, ტკბილი წარსული?!

დევნი დაგვირჩნენ, - აი,  ეს თუ მალაპარაკებს.

6.11.2024 წელი


Wednesday, November 6, 2024

მე გეუბნები!

 მე გეუბნები: - მიყვარხარ,

შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი,
უფრო ლამაზად ჟღერს.
მე გეუბნები - სულს მოგცემ,
შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი
უფრო ლამაზად ჟღერს.
მინდა რომ მალე გიხილო,
შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი
უფრო ლამაზად ჟღერს.
შემოვიაროთ ეს მთები,
ქვევით ჩავუყვეთ ხევს,
გულო, თუ არა ბერდები,
კიდევ მოვასწრებთ ბევრს.
მაია დიაკონიძე
6.11.2024 წელი

Tuesday, November 5, 2024

დილის ოფორტი

დილის ოფორტი
სოფლის გზაზე გავიარე,
ძაღლი შემხვდა დილიდან,
ილოკავდა ნაიარევს,
მიყურებდა ირიბად.
ჩემთან სახლში რად არა სჯობს?!
ვუქაჩავდი შავ ყურებს
მითხრა: ვინღამ უდარაჯოს,
ამ ეზოს და ამ ყურეს.
აგერ ძროხა, იქით ცხვარი,
ერკემალი ოქროს რქით, -
ძაღლის საპატრონოდ ვცანი...
ესეც დილის ოფორტი.
მაია დიაკონიძე
4.11.2024 წელი
ოფორტი - ლითონზე შესრულებული გრავიურა

ჩიტი მარეკი

 ჩიტი მარეკი

- რატომ ხარ, დედა, მობუზული ყველა ფოტოზე, -
მაცქერდება და მეკითხება ღიმილით სოფო,
- თქვენს ბედზე ვფიქრობ, მომავალზე, განა ფოტონზე,
კი მინდა ვგავდე ფერადსა და დავარცხნილ ოფოფს.
წლებმა გამტეხა, დამსევია შუბლზე ღარები,
მიახლოვდება ზამთარი და შევკეცე ფრთები,
სანამ მომივა, წინ გამიგდებს ჩიტი მარეკი,
მოვემზადები, რომ დავფრინდე ღვთიშობლის ფერხთით...
მაია დიაკონიძე
3.11.2024 წელი





,,ჰოი, ნანინა-ნინა", მინიმა

მისი ჭრიალი მაკრთობს, მისი ჭრიალი მტკივა,

რად მაიტოვე,კაცო, შენი სახლი და ბინა,

არც ღირებულხარ მაშინ ერთ ქართულ ღვინის ტიკად,

დაგვიწყებია დედის ,,ჰოი, ნანინა-ნინა".


არ შემიძლია კი განა?!

არ შემიძლია კი განა?!
არ შემიძლია კი განა,
შენზე დავწერო ლექსები,
მაგრამ გიხსენებ და თვალში
სიმწრის ცრემლებად მევსები.
ლანდებს რა დალევთ მდუმარეთ,
ჩნდებიან, გარს მეხვევიან,
საქართველოს თუ უწამლე,
თვალებით მეკითხებიან.
მე კი ვზივარ და ვტირივარ,
მიწას მიჰყვება ნაკადი,
დედაბერისა არ იყოს,
მოვიკუნტე და გავთავდი.
პასუხიც ვერ გამიცია,
თვალებში როგორ ვუმზირო,
შენ რაღად დაპატარავდი,
სამშობლოვ, ან თუ იცი რო?!
ვის ვუთხრა, შვილი გღალატობს,
ვის ვუთხრა, ისევ შვილი გმტრობს,
ცრემლის არ მწყდება ნაკადი,
ამიტომა და იმიტომ...
არ შემიძლია კი განა,
შენზე დავწერო ლექსები,
მაგრამ გიხსენებ და თვალში
სიმწრის ცრემლებად მევსები.
მაია დიაკონიძე
5.11.2024 წელი

Monday, November 4, 2024

მაგრამ, ვაიმე, შენც?!

მაგრამ, ვაიმე, შენც?!

ქვეყნად რა აღარ მინახავს,
ჩამქრალი მთვარეც, მზეც,
ბევრმა მიყელა, მიგანა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!

როცა ვისხამდი იარაღს,
ვით წინაპრების ძღვენს,
გულზე დამაჭდეს იარა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!

ღრუბელად გადამიარა,
რაც გულისგულში ძევს,
შხამის შემასვეს ფიალა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
მაია დიაკონიძე
3.11.2024 წელი