Thursday, July 4, 2024

მინიმა

 ბევრ რამეს ვხედავ,

არ ვიღებ ხმას და უთქმელობა

თანდათან მკლავს.

Wednesday, July 3, 2024

მონატრება (სატრფიალო)

მონატრება
ვთვლი, წყალობა არის ღვთისო,
შენკენ მთები ვაბილიკე,
თან გულს ვტუქსავ, რა მოგდისო,
ჩემივ თავი ვაქილიკე.
მთების ფერდობს შემოვყევი,
მოვიტოვე უკან ბარი,
რომ შემომხვდეს ახლა დევი,
მწამს, დამიცავს იახსარი.
კოპალაც ხმას მოაშველებს,
რომ დააფრთხონ ავსულები,
მათ იმედად ლაღად ვლიან
მთებში ტურფა ასულები.
გზად ყვავილებს ვეფერები,
ჩემს თმებში კი ცელქობს სიო,
მთა მაბრუებს, თუ მართლაა?!
ყველაფერი ლამაზიო!
მონატრება მემატება,
მეც ვამატებ ახლებს ძველებს,
თითქოს უკვე ცხადადა ვგრძნობ,
როგორა მხვევ წელზე ხელებს...
მაია დიაკონიძე
3.07.2024 წელი

მონატრება (სატრფიალო)

 გუშინ ღამით ფილმს ვუყურე, თიანეთის სოფლების აღწერა იყო, გული გამისკდა, სოფლების დიდი ნაწილი დაცლილია, ზოგან მხოლოდ ზაფხულობით ადიან, ფოტომასალაც თან ერთო ფილმს, რა სილამაზეა ქართული ბუნების, სამოთხე. ნაჩვენები იყო ნიშები, სალოცავები, კოშკების ფრაგმენტები, რაც შემორჩა. სად გარბის ეს ხალხი უკეთეს ადგილას? იახსარი და კოპალა დევებთან მებრძოლი გმირებიც ახსენეს. ღამით ლექსიც ჩავწერე:

მონატრება

ვთვლი, წყალობა არის ღვთისო,
შენკენ მთები ვაბილიკე,
თან გულს ვტუქსავ, რა მოგდისო,
ჩემივ თავი ვაქილიკე.

მთების ფერდობს შემოვყევი,
მოვიტოვე უკან ბარი,
რომ შემომხვდეს ახლა დევი,
მწამს, დამიცავს იახსარი.

კოპალაც ხმას მოაშველებს,
რომ დააფრთხონ ავსულები,
მათ იმედად ლაღად ვლიან
მთებში ტურფა ასულები.

გზად ყვავილებს ვეფერები,
ჩემს თმებში კი ცელქობს სიო,
მთა მაბრუებს, თუ მართლაა?!
ყველაფერი ლამაზიო!

მონატრება მემატება,
მეც ვამატებ ახლებს ძველებს,
თითქოს უკვე ცხადადა ვგრძნობ,
როგორა მხვევ წელზე ხელებს...
მაია დიაკონიძე
3.07.2024 წელი

მინიმა

 მივდევ შარას და 

ვერ მაყოვნებს ვერც სილამაზე,

ველზე ღაღანა ნაზი ყაყაჩოს.

მოლაღურს!

 მოლაღურს!


რა ლამაზი ხარ, ჩიტუნავ,
ვერ გწყვეტ თვალსა და მზერასა,
შემოგნთებია მზისფერი,
თუ ჰყვარებიხარ მზესაცა.
თქვი, მოლაღურო, სათქმელი,
ნუ, ნუ მოაცდენ ენასა,
მინდა, სულ მუდამ ვუსმინო,
შენს გალობას და სტვენასა,
ღვთის სადიდებელს მღერიხარ,
მოგიღერია ყელიო,
დაგლოცავ, - შენს პირს შაქარი,
ო, რა ლამაზად მღერიო,
დღისით კაცის ძეს ახარებ,
ღამე შენ გისმენს ყოველი,
როგორაც ციცინათელას,
იმედად ისე მოგელი.
თქვი, მოლაღურო, სათქმელი,
ნუ, ნუ, მოაცდენ ენასა,
მინდა, სულ მუდამ ვუსმინო,
შენს გალობას და სტვენასა.
მაია დიაკონიძე
3.07.2024 წელი

Tuesday, July 2, 2024

 

ერთი დიდი სიყვარულის ისტორია - ქალი, რომელსაც ვაჟა უყვარდა…
ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს: - თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო. როცა გარდაცვლილა, ნინოს დებმა საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩააყოლეს, -
მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო, - უთქვამს და მთელი ცხოვრება უცდიდა თურმე. როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია. ამ სიყვარულის გამოძახილია ჩემი ლექსი:
ნინო ფურცელაძის მონოლოგი, ავტ. მაია დიაკონიძე
ოხოხოი, შევძახებდი ფშავის მთებს და ქედებს,
სიყვარულის ასრულებად შენ ვერ გამიმეტე,
გყვარებოდი?! შემიკრავდი უნაგირზე ღვედებს,
დამიდგამდი ბროლისა და ლალ-ზურმუხტის სვეტებს.
ჩასჭიდებდი ჩემს ცხენს ხელს და სულ ვივლიდით ერთად,
დავლახავდით კლდე-ჭიუხებს, მთებს, ღრუბლებს რომ კვეთავს,
ფიცს დავდებდით სიყვარულის, აღსარებას ერთგვარს, -
გვყვარებოდა ერთმანეთი ჩვენ ყველაზე მეტად.
ოქროსთმიან შენს ქალ-ვაჟებს მოვისვამდი გვერდით,
ვუკითხავდი ლამაზ ზღაპრებს, შენ რომ მათთვის წერდი,
ოხოხოი, შევძახებდი ფშავის მთებს და ქედებს,
სიყვარულის ასრულებად შენ ვერ გამიმეტე,
მაია დიაკონიძე
2.07.2024 წელი



Monday, July 1, 2024

დედაჩემს, კომენტარი ამირან გოდერძიშვილის

დედაჩემს!
აბლაბუდები ეყარა ნისლის
და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,
რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,
საბანს პატარა ბავშვივით მხდიდა.
ბაბუაწვერა ბალიშად მერგო,
თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,
მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,
თვალები ჩემი ეკერა ცაზე.
ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,
თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა
და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.
მაია დიაკონიძე
30.06.2024 წელი

კომენტარი ამირან გოდერძიშვილის:

ეს პატარა სამსტროფიანი ლექსი ზომიერად იტევს ავტორის ფიზიკური გარემოს ლამაზი, პოეტური სახეებით დახატვას ,

ივლისის მთვარიანი ღამე, ბაბუაწვერას ფაფუკი ბალიში, გვირილების საბანი და მწვანე ბალახის ქვეშაგი, ამის შემდეგ კი უსაზღვრო კოსმოსი და საყვარელი დედის გამოცხადება.
ეს იყო მოსამზადებელი ფონი, მთავარი სათქმელისგახმოვანებისათვის, რომელიც ორ სტროფშია ჩატეული, ,,და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად”
ეს ზოგადადამიანური განცდა , ყველა შვილს ეწვევა და მთელი ცხოვრება ეყოლება თანამგზავრად,
როგორც გინდა ღირსეული შვილი იყო, მაინც გვიჩნდება უკმარისობის გრძნობა მშობლის მიმართ, რაღაც ვაწყენინე, რაღაც დავაკელი, რაღაც დავუგვიანე,
და ეს რაღაცეები უკვე სინდისის ქენჯნად დაგვდევს მთელი ცხოვრება!!!
სწორედ ეს ორი სტრიქონია ამ ლექსის მთავარი დედააზრი და მთავარი მშვენება, რომელიც შეგვახსენებს, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ყურადღებიანი და მზრუნველნი მშობლების მიმართ,რომ ნაკლები ,,სინდისის ქენჯნა” ვატაროთ მთელი ცხოვრება!!!
ქალბატონ მაიას კი მადლობა გადავუხადოთ ამ მოვალეობის შეხსენებისათვის!!!