Friday, January 30, 2026

სადღა არის ჩემში სისხლი?! (პატრიოტული)

სადღა არის ჩემში სისხლი?!
ძარღვებიდან დავიცალე,
სადღა არის ჩემში სისხლი,
ჩემთვის სამი საფიცარის
გამიცუდდა ნათქვამ-ფიცი.
ვერც მამულის დაცვა შევძელ
და ვერც ენის, ესეც ვიცი,
ახლა ღვთის სიტყვაში ვეძებ
შევსებას ამ დანაკლისის.
მაია დიაკონიძე
30.01.2026 წელი






არ დასრულდება ნეტავი?! სატრფიალო

არ დასრულდება ნეტავი?!
იმდენი ტკივილი მოდის,
მაცივ-მაცხელებს ძარღვებში,
ან რა გაუძლებს მოლოდინს,
ამ ქარიშხლიან ღამეში.
ქარი დარაბებს აწყდება,
სნებიანივით ხარხარებს,
ფიჭვების კვნესა არ წყდება,
ქაჯ-მაჯლაჯუნებს ახარებს.
გულში ტკივილად ჩამდგარა
მიმოლეწილი ტოტები,
მეხმიანები ამგვარად,
გულსევდიანი ნოტებით.
არ დასრულდება ნეტავი,
გარეთ ქარიშხლის ღრიალი?!
იქნებ მეღირსოს ნეტარი
გრძნობების ორომტრიალიც.
მაია დიაკონიძე
28.01.2026 წელი

ბეჟო ბეჟიტაშვილის სიმღერის ტექსტი

 მე მინდა რომ საქართველო

ერთიანი და ძლიერი იყოს საქართველო,საქართველო მინდა რომ შენი შენი ხნია ვიყო გაბრწყინდები განათდები გამთლიანდები კვლავ შენ გიმღერებ, და მოვკვდები გულს არ დაგიმალავ მე მინდა რომ საქართველო ისეთი იყო როგორც არასდროს საქართველო სანატრელო მარგალიტი ხარ მთელი სამყაროს გაბრწყინდები განათდები გამთლიანდები კვლავ შენ გიმღერებ, და მოვკვდები გულს არ დაგიმალავ

მინდა ჩემო საქართველოვ,
ერთიანი და ძლიერი იყო.
საქართველოვ, საქართველოვ,
მინდა შენი ერთერთი ხმა ვიყო.

გაბრწყინდები, განათდები,
გამთლიანდები კვლავ,
შენ გიმღერებ და მოვკვდები,
გულს არ დაგიმალავ.

მინდა ჩემო საქართველოვ,
ლამაზი იყო, როგორც არასდროს,
დედასავით სანატრელო,
მარგალიტი ხარ მთელი სამყაროს.

გაბრწყინდები, განათდები,
გამთლიანდები კვლავ,
შენ გიმღერებ და მოვკვდები,
გულს არ დაგიმალავ.

Thursday, January 29, 2026

მინიმა

მინიმა

რა საჭიროა დრამა,
დრო თვითონ ამბობს სათქმელს,
დავრჩებით აქ თუა არა?
გადაწყვეტს ჩვენი საქმე!
მაია დიაკონიძე
29. 01. 2026 წელი

Friday, January 23, 2026

ძმის დატირება

 ავაიმე, ჩემო ძმაო და, 

ჩემო სისხლო და ხორცო,
ჩემო შავ-თეთრო მერანო,
ბოღმა რად უნდა ცოხნო!
მტერი კარზეა მომდგარი,
ჯგროდ გორის ციხის ბოლოს,
ვაჟკაცი მიწაში წევხარ,
გმინვაღა ისმია მხოლოდ.
როგორ დაგჯიჯგნეს ყორნებმა, 
ვეღარ იქნევდი ჰოროლს,
ავაიმე, გმირო, ვაჟკაცო, 
ვინ უნდა გაგიტოლო?!
როგორ უვლიდი ქარაფებს, 
კლდედ ეფარვიდი კოდორს,
ჩამოიღვენთე, გაცივდი,
გულიღა დაგრჩა თოთო.
ავაიმე, სულო დამწვარო,
მტერი ქცეულა კოღოდ,
სისხლისმწოველი თავს გვესხმის,
სახლს გვიწიოკებს როგორ!.
ავაიმე, რაღა ვიდარდო,
რაა ამ ქვეყნის ბოლო?!
ჩამოიქროლე, არწივო, 
შევარდენო და ქორო, 
ქვეყნის და მიწის ერთგულო,
ბოღმა რად უნდა ცოხნო,
ავაიმე, ჩემო ძმაო და, 
ჩემო სისხლო და ხორცო!


Tuesday, January 20, 2026

თოვლის გუნდა (მოგონებებიდან)

  თოვლის გუნდა

(მოგონებებიდან)

დედას ყვავილები უყვარდა და აივანზე მიწით სავსე ხის ყუთები გვედგა. რა არ ხარობდა ამ ყუთებში: ბალბა, სხვადასხვა ფერის ვარდები, ასტრები, გეორგინები. ჩემს ბავშვობაში თბილისში ბლომად თოვლი მოდიოდა და აივანზე მდგარი ყუთები და ქოთნებიც თოვლით იფარებოდა. იმასაც ვახერხებდით პატარები, რომ აივანზე პატარა თოვლის ბაბუა ჩაგვედგა ხოლმე. სარეცხი რომ გაეკიდა დედას, ხელს უშლიდა ჩვენი ნახელავი, ამიტომ რომელიმე ქოთანში გადაიტანდა ხოლმე, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და ეზოდან კარგად ჩანდა ჩვენი თოვლის კაცი. ქუჩიდან ყველა ხელისაწევით ესალმებოდა. ყინვები მაშინ კარგა ხანს გრძელდებოდა, ჩვენი თოვლის ბაბუაც მედგრად იდგა ხოლმე და გვილამაზებდა ბავშვობას, სტაფილოს ცხვირით, შავი ღილების თვალებითა და წითელი ძაფის ყურებამდე გახეული პირით. ერთხელაც თოვლმა ლღობა დაიწყო, თოვლის ბაბუას ადგილზე ერთი დიდი გუნდა დარჩა, ზედ დარჩა სტაფილო, შავი ღილები და წითელი შალის ძაფის ნაგლეჯი, თითქოს შიგნით ჩაეზარდა. არა და არ დნებოდა თოვლის გუნდა, შავ თვალებს აკვარკვალებდა, სტაფილოს ცხვირიც ადგილზე ჰქონდა და წითელი ძაფიც პირივით მისდევდა სახეზე.
ერთხელ სტუმარი მოგვივიდა. შეზარხოშებული აივანზე გავიდა და მალევე გაფითრებული სახით უკან შემობრუნდა. - იქ აივანზე მოჩვენებაა...- ძლივს წაილუღლუღა. დედ-მამა მაშინვე გაიქცა აივანზე, ჩვენ სახლში მივიმალ-მოვიმალეთ. მალე დედა სიცილით შემობრუნდა უკან: - თოვლის ბაბუას ნარჩენებია, - აუხსნა სტუმარს, - ეს ერთი გუნდა დარჩა და არა და არ დნება...
ყველამ ბევრი ვიცინეთ, მას მერე იმ თოვლის გუნდას ,,მოჩვენება" შევარქვით, ,,თოვლის გუნდა - მოჩვენება", ასეთი მაინც არავის ეყოლება, ასე მგონია.
მაია დიაკონიძე
17.01.2025 წელი

ვიცვლებით!


ვიცვლებით!
ვიცვლებით, სისხლისგან ვიცლებით,
დრო გადის უჟმური ჟამიდან,
აღარ გვწამს წყალწყალა ფიცების,
იმედი იყო და წავიდა.
თოვლივით ქათქათა სიყვარულს,
დღეს ვხედავ, რომ ყავლი გასვლია,
ისევ იმ ძველ ზღაპრებს მიყვები,
მე ყინვის ბურუსი მაცვია...
მაია დიაკონიძე
18.01.2026 წელი