Saturday, November 8, 2025

მინიმა

მე შენს მზერაზე დავები,
ცაში მზის სხივზე ვკიდივარ,
ტაძარში ვდგავარ სამების,
ახლა ყველაზე დიდი ვარ.
მაია დიაკონიძე
5.11.2025 წელი

მინიმები

 მინიმები:

მე შენს მზერაზე დავები,
ცაში მზის სხივზე ვკიდივარ,
ტაძარში ვდგავარ სამების,
ახლა ყველაზე დიდი ვარ.
-----------------------
არ ვიცი, რატომ უმართლებს ბოროტს,
კეთილს რად უდგას სიავის ჟამი,
განჭვრეტის ნიჭს ნუ წამართმევ ოღონდ,
მკვდარს არ დამიდგეს განკითხვის წამი.
-----------------
სიკეთის თესვა არ არის რთული,
ადამიანის თუ დაგყვა გული.
--------------------------------
სიყვარულისთვის ვიბადებით, სიცოცხლისათვის,
მაგრამ ზოგიერთს შხამიანი ხვდება ისარი,
არ დაგენანოს ლუკმა შენი ღვიძლი ძმისათვის,
სამოთხე იყოს შენი ბოლო, არსი, მიზანი.
მაია დიაკონიძე
5.11.2025 წელი

მტერი გვზვერავს!

მტერი გვზვერავს უკვე შიგნით,
ისრის სროლა რომ დაგვასწროს,
თვალი საზომად აქვს მიწის,
სურს ცხვირ-პირი დაგაკაწროს.

შენ რად უშვერ მხარს და ლოყას,
რად იქეცი ყმად და რიქშად,
შენ ბაღნარში ვაშლი მოჰყავს,
სადაც დიდი ვაჟა იშვა.
მაია დიაკონიძე
7.11.2025 წელი

აღარაფერი მაკვირვებს

 აღარაფერი მაკვირვებს

აღარაფერი მაკვირვებს
და მაინც გაგიკვირდება, -
ქუსლში დაჭრიან აქილევსს,
მოყვასი აგიხირდება.
შენი მტერი და მოძულე
ცაში გაფრენას გპირდება,
შენი სიკვდილის მოსურნე,
სიზმრად მოგივა ირმებად.
მაია დიაკონიძე
6.11.2025 წელი

Thursday, November 6, 2025

არკანზასის საავადმყოფოში (მინიატურა)

 

არკანზასის საავადმყოფოში

  ღამით საავადმყოფოს პალატაში ავადმყოფი შემოიყვანეს — უგონო, ტკივილებით სახეაწეწილი კაცი. მედდამ დანანებით წარმოთქვა: ,,Poor man…მეორე საწოლზე მწოლიარე ქართველ ქალს არ გამოჰპარვია ეს სიტყვები. „გადადებულია!“ — ჩაილაპარაკა. მძიმე ღამე იყო. ახალშემოსული ბოდავდა, შუბლზე ოფლი ასხამდა და ხრინწიანი ხმით ჩურჩულებდა: — დედა… წამიყვანე… ქალს სიცივემ და სითბომ ერთდროულად დაუარა ძარღვებში. „ქართველი ყოფილა,, ალბათ ემიგრანტია, გადარჩებოდეს, ღმერთო!“ ამ წუთებში ისე მოუნდა ქართული სიტყვის გაგონება, ყურს უგდებდა კაცის ყოველ ამოკვნესას… თენდებოდა. პაციენტმა თვალი გაახილა.  ქალმა ქართულად მიმართა: - როგორ ხარ?! კაცს გაშრალ ტუჩებზე ღიმილი მოეფინა და სუსტად იკითხა: — ქართველი ხარ? ქალმა თავი დაუქნია. — კი,… დიდი ხანია აქ ვცხოვრობ… კაცმა განაგრძო: — დიდი დღე აღარ დამრჩენია… ჩემების უნახავი ვკვდები, ჩემი ჯვარ-ხატის უნახავი. ფშაველი კაცი ვარ. აქ რა მინდოდა… ჩემო თავო.  მერე ისევ ბოდვა დაიწყო. ხელები ჰაერში გაშალა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. — დედა… მამა… აქ ხართ?.. პაპაჩემო, გამარჯობა… რამდენი ხანია არ მინახავხარ, მამხვიე, ხელ… ჩამჭიდე, კაცო, არ გამიშვა!.. ქალი საწოლიდან წამოდგა, მომაკვდავს მიუახლოვდა, თითქოს სურდა, ნათქვამიდან რამე არ გამორჩენოდა, მისი ხმა მარტო მას კი არა, მთებს,  შორეულ სოფელს გაეგონა. მისი ახლობლებისთვის მიეწვდინა.  უცებ იგრძნო — პალატაში რაღაც შეიცვალა. ჰაერი თითქოს ფშავის მთის სურნელით აივსო. ალპური მდელო, მდინარე არაგვი, სოფლის პატარა ეკლესია… ყველაფერი წამით იქ გაჩნდა, სადღაც თეთრ კედლებს შორის. „მგებრები მოვიდნენ,“ — გაიფიქრა ქალმა. — „ფშავლის სული გადაჰყავთ.“ მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა და ბოლო სიტყვები წარმოთქვა: — ახლა მაინც ვნახავ საქართველოს… აქა ხართ ჩემებო?  კვირიავ, ლუკავ, ბიჭურო, სანათავ,  ჯუღურავ. მე ისე დავკარგე სამშობლო, ხმალი არ გამიქნევია… ვაი, ჩემო თავო… ერთხელ ამოიხროტინა  და… სიჩუმე ჩამოწვა. საწოლის კიდესთან მდგარი ქალი დიდხანს იდგა უძრავად. მერე ფანჯრისკენ შებრუნდა. მზის პირველი სხივი მოელამუნა თეთრ ზეწარს და თითქოს ხოშარადან სახუთმეტო ძელის ანგელოზის ჩრდილმა გადმოინაცვლა არკანზასამდე. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და ჩუმად თქვა: — ხომ ნახე, შვილო, სამშობლო … მე ჯერ ვერა… ისევ გაისმა აპარატის წიკწიკი,  ქალს გულის რითმი აჩქარებოდა, თითქოს ორის გულისცემას აერთიანებდა: ერთის, ვინც სამშობლოდან შორს იყო, და მეორის, ვინც უკვე დაბრუნდა.

ავტორი: მაია დიაკონიძე

პირ. ნომერი: 01007010461

მის. თბილისი, წერეთლის გამზ. 99ა, ბინა 25

ტელ. 551080607

ელ.ფოსტა: maiadiakonidze1962@gmail.com

არ მაკვირვებს არაფერი

არ მაკვირვებს არაფერი,
სიტყვა ძვირი, უნიათი,
თქვი სიტყვები ასაფრენი
,,გული მიეც გულისათვის".

ზოგჯერ სიტყვა გულს მოგიკლავს,
დანის დარტყმის  ტოლი არის,
სისხლს დაადენს  თოთო თიკანს, -
მოჰგავს ქვითინის ოკეანის.

ის ტირილი ესმის უფალს,
ცა ჩამოდის თოვლის სახით,
რომ სიწმინდედ იქცეს გულთა,
აგუგუნდეს მთები ზავთით.




Wednesday, November 5, 2025

მინიმა

 მესიზმრა დიდი გალაკტიონი,

წისქვილი წყალზე სიმინდსა ფქვავდა,
მოხმაურობდა ჭალას რიონი,
დუმილი მკლავდა ხეთა და ქვათა.
მაია დიაკონიძე
5.11. 2025 წელი