Tuesday, November 15, 2022

სახუმარო, კაფიები

 დრო გავატარე პაპასთან, 

ალბათ, ვუცვალე ქოთნები, 

ყოფნა მინდოდა ადამთან,

დავრჩი მიღმა ამ ოცნების.


ლობი ჰყოლია მაგარი,

ქვეყნად სუყველას მჯობიო,

თუ პაპა ადონისს ეტრფის,

ვერა ვარ მე გამყოფიო.

სანერვიულოდ მაგ საქმეს

მოხუცს მე როგორ გავუხდი, 

სიზმრებში რაღად მოვიდე, 

თუ პაპასთან მაქვს რაუნდი.




მინიმა

 მე შენ მიყვარხარ, ადამიანო,

სულით და გულით და დიდი რწმენით,

შენში ხომ მთების წყარო ხმიანობს,

შენა ხარ კაციც და თავად ღმერთიც.


 რა კაცი ხარ, თუ არ გიყვარს დედა, მამა,

ეგ თვალები ოქროს ბრჭყვინვამ დაგიბრმავა,

ვერა ხედავ შენ მშობლების წვლილს და ამაგს,

მოკვდებიან?! თავს ნუ მისცემ ვითომ დარდსა.


ვინც მე არ მელის, რად ვალოდინო,

თავისუფლებას მეტი აქვს ფასი,

შენ, საოცარო, ზეცად, ოდინო,

შესვი შარბათი, მგოსნების თასი.

ბერიკაცი ხარ, ხან მბრძანებელი,

ხანაც გამკობენ არწივის ფრთებით,

და ბრძოლის მამა მინდორს ევლები,

გამარჯვებების ხმალი გაქვს გვერდით.

შენ დამწერლობის მამაც ხარ, ღმერთიც,

თვალში გიდგანან მზეცა და მთვარეც,

და ვალფარეტო, რომ გარქვეს ბრძენი,

გთხოვ, ცალი თვალით ამინთო ღამე. 


ოდინივოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinnგერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი





Monday, November 14, 2022

 ფანჯრის რაფაზე ბალბებს შვცქერ ნაზებს, ფაქიზებს,

და სილამაზე მათი ძლიერ, ძლიერ მაკვირვებს,

დედას უყვარდა, გამორჩევით თეთრი ბალბები,

სიწმინდესა და სისპეტაკეს ნაზიარები.

ახლაც ვიყნოსავ იმათ სურნელს, მის თავს მაგონებს,

მოგონებების თან მივყვები ზღაპრულ ვაგონებს,

და არასოდეს ამ ფიქრებით არ დავიღლები, 

ფანჯრის რაფას ხომ სულ ამშვენებს თეთრი,  წითლები.



Sunday, November 13, 2022

,,იავნანა", მინიატურა

  ხევში დაჭრილი ირემი იწვა და თვალებს ატრიალებდა. შვილები ზედ დასცქეროდნენ, ვერ ხვდებოდნენ რატომ წაიქცა დედა, რატომ სდიოდა სისხლი, რომელიც გუბედ დამდგარიყო მათ ფეხებთან. საწყალობლად ზმუოდა დედა ირემი, შვილები ბანს აძლევდნენ, მაგრამ ეძინა ქვეყანას, მხოლოდ ლექსომ გაიგო დაჭრილი ირემის ხმა სოფელში. თბილად ჩაიცვა, დედ-მამას სახლიდან გაეპარა და ტყისკენ აიღო გეზი, მიხვდა, ცხოველებს რაღაცა უჭირდათ. დაიარა ტყე-კლდე, ბოლოს დაჭრილ ირემს წაადგა თავზე, პატარა ნუკრები გვერდზე მისწოლოდნენ, ალაგ-ალაგ სისხლიანი ბეწვით საცოდავად გამოიყურებოდნენ. მიხვდა, დედა ირემს აღარაფერი ეშველებოდა, მოჰკიდა პატარებს ხელი და სოფლისკენ დაეშვა. იმ ღამით ლექსომ სიმფონია დაწერა, ტკივილის, სინანულის, სიცოცხლის სიმფონია, რომელმაც დედამიწა შემოოიარა და უტკბილეს ,,იავნანად" იქცა, რომელსაც ვეღარასოდეს უმღერებდა დედა ირემი თავის შვილებს. 

.  

ქარო! (სატრფიალო)

 შენ სიხარულის, ჩემი დარდის თანაზიარო,

ქარო, მიაპობ ტრამალებს და უბელო ცხენის

ჟინმა და ლტოლვამ გინდა უცებ გადაგიაროს,

იპოვო შენი ერთადერთი, არ გინდა მეტი.

ეჟვნის ჟღარუნით გინდა ამცნო ყველას და ყოველს,

რომ გიყვარს, ნატრობ, მასთან იყო ყოველი წუთი,

ჟამთმდინარება მაგ შენს გრძნობებს ღეჭავს და ცოხნის

და ვერ განსაზღვრე, როგორც ვხედავ, შენ აზიმუტი. 

.


მინიმა

 ხანდახან ვტირი, სინანულის მომდის ცრემლები,

უნდობლობას და ხანდახან კი ნდობასაც მოაქვს,

ამ ქვეყანაზე ვერაფრით მე ვერ გავკვირდები,

მაგრამ მაინც მწყინს, როცა სიტყვა დაკარგავს წონას.