Sunday, June 30, 2019

ნეტავ, შემეძლოს

ნეტავ, შემეძლოს, მოგიძღვნიდი
სულის იმ ნაწილს, ბედნიერებას
თვალში რომ გახლის და მაინც,
შენში ვერ მოვკალ ღვარძლი.






სულისკვეთებაც ჩამქრალა ჩემში (ერთსტროფიანი)

სულისკვეთებაც ჩამქრალა ჩემში,
მოკვეთილი მაქვს, თითქმის, ტოტები,
ვიყავი ცამდე აწვდილი ვერხვი,
დღეს გულზე მაძევს ქვა და ლოდები.


გვირილების ჩაი (საბავშვო მოთხრობა)

                               გვირილების ჩაი

   მაგიდაზე ყვავილების თაიგული იდგა. სოფო ყვავილებს თითო-თითოს ათვალიერებდა, ერთი მოეწონა ძალიან, ბებოს ჰკითხა, რა ყვავილიაო, იმან თავი გადააქნია, პირველად ვხედავ, არასოდეს მინახავს, ისე გვირილას კი ჰგავს, ოღონდ ყვითელი ფურცლებითააო. გოგონა ახლა დედასთან მივიდა ყვავილით ხელში, თაიგულიდან ამოაძრო, იმასაც ჰკითხა ყვავილის სახელი, მაგრამ დედასაც გაუჭირდა პასუხის გაცემა, მგონი, გვირილა არის, ოღონდ ყვითელი ფერის, ეტყობა ასეთებიც არსებობენო. სოფომ, მიღებული პასუხებით რომ ვერ დაკმაყოფილდა,  ახლა მცენარეთა შესახებ წიგნი გადმოიღო, ასეთი წიგნებიც რომ არის, ალბათ, გეცოდინებათ, კითხვა ორი წლის ნასწავლი ჰქონდა და ყვავილების ფოტოებიან ფურცლებზე გვირილაც მალე მოძებნა, მაგრამ ყვითელი გვირილა ვერა და ვერ იპოვა, ისე კი ამ გვირილაზე ბევრი რამ ამოიკითხა, თურმე,  მას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს. ყველაზე ძალიან კი სახელი კაკული მოეწონა. თვითონ ხომ გვარად კაკულია იყო, ალბათ, ჩემი წინაპრები გვირილებივით ლამაზები იყვნენო ან იქნებ გვირილების ველზე ედგათ სახლიო, გაიფიქრა და სიამაყით აივსო. ათვალიერა ყვავილები წიგნის ფურცლებზე და გერბერებს მიაგნო, ყვითლებს, წითლებს, ნამდვილად ეს ყვავილიაო, გაიფიქრა,ოღომდ გვირილისგან განსხვავებით ამათ სხვანაირი ფოთლები და მუქი გული აქვთო, მოეწონა, დედას ამაყად განუცხადა, ეს ყვავილი გერბერა ყოფილა, სახლშიც შეიძლება მოვიტანოთ ქოთნებით და გავამრავლოთ, ეს თქვენი მყრალი გვირილა კი ვის რაში ჭირდება, სახლშიც არა ხარობსო. 
      მეორე დღეს ბებიამ სოფო გვირილების ველზე წაიყვანა, სოფლის მახლობლდ. ბევრი ირბინა გოგონამ, დიდ-დიდი თეთრი გვირილები შეაგროვა,ისინი მოეწონა,  ბებიამ გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა, თვითონ ქალს პატარათავებიანი გვირილები შეეგროვებინა, გაოცდა სოფო-გოგო, ეს პატარები რაში გჭირდება, როცა ამდენი დიდი თეთრი გვირილა ხარობს ველზეო, ბებიამ აუხსნა, ესენი სამკურნალოა, ეგენი -  არაო, სილამაზეს ნუ კი უყურებ, თვისებებით უნდა ამოარჩიოო. სოფოს გაახსენდა, რომ მის კლასში ერთი გოგონა სილამაზით იყო გამორჩეული, მაგრამ შურიანი იყო, ყველას ეჩხუბებოდა, ვისზეც გაბრაზდებოდა, კალამს უმტვრევდა, ადამიანებშიც ასე ყოფილაო, გაოფიქრა. გვირილებიანი ველიდან გახარებული დაბრუნდა გოგონა, ულამაზესი გვირგვინით თავშემკული. ბებიამ თავისი გვირილები გასაშრობად გაფინა, ყველაზე მეტად ზამთარში გამოგვადგება, რომ არ გავცივდეთო.
     ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების ჩაის  და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს,  მართლაც, ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფოს, იცის, როგორც კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.

30.06.2019 წელი

მე ვერასოდეს ავნიავდები

მე ვერასოდეს ავნიავდები,
ვით დაუკარგავს გაზაფხულს ძალა,
ცხელი ზაფხული დამდევს იარად,
ყაყაჩოების ვქცეულვარ ყანად.

Saturday, June 29, 2019

გვირილების ველი (ნოველა)

                                    გვირილების ველი

    შინაბერა იყო, ორმოცს გადაცილებული, უფრო სწორედ, კი არ იყო, ასე  ეძახდნენ, თორემ თვითონ თავის საბედოს ჯერ კიდევ ელოდა. ერთ ღამეს საოცარი სიზმარი ნახა. გვირილების ველზე მიდიოდა და ვიღაცა ეძახდა, უყვარხარ, უყვარხარო. გაოცებულმა გაიღვიძა, ნეტავ, თუ ვინმეს მართლა ჩავუვარდი გულშიო. იმედი გაუკრთა, იქნება და ბედი მეხსნებაო. სამსახურში წავიდა, მთელი დღე ამაღლებულ ხასიათზე იყო, ოთახში შემოსულს, ყველას, გაფაციცებით ადევნებდა თვალს. არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება, დაღონდა, ღრმა ფიქრებში ჩაძირული გაემართა სახლისკენ.  ჭიშკართან ძაღლის ლეკვი დახვდა, ჭუჭყიანი, გაძუნძგლული, საცოდავად წკავწკავებდა, ეტყობა, დედას ეძებსო, არ შეჩერებულა, ალბათ, ვინმე მოვა და წაიყვანსო, თავი დაიმშვიდა. შუაღამემდე ტიროდა ლეკვი მის ფანჯრებთან, არ დაეძინა, გავიდა და სახლში შეიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, ფეხებთან მიიწვინა, აღარ იწკმუტუნებსო, ტკბილად ჩაეძინა. ისევ დაესიზმრა,  გვირილების ველზე მიდიოდა, ყვავილს ფურცლებს აცლიდა და იძახდა: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ბოლო ფურცელი რომ მოწყვიტა, ვუყვარვარო, სიხარულით წამოიძახა. გამოეღვიძა, ლეკვს გადახედა, მშვიდად ეძინა მის ფეხებთან, უნდა დავიტოვო, ამაზე მეტად, ნეტავ, ვიღას ვეყვარებიო, გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა. შაბათი დღე იყო. არსად ეჩქარებოდა, ეზოში გავიდა, ყვავილებს წყალი დაუსხა. ჭიშკართან ვიღაცას მოჰკრა თვალი, აკაკუნებდა. გააღო, მის წინ ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იდგა, სადად, უბრალოდ ჩაცმული, სიმპათიური, მოეწონა, ნეტავ, რა საქმე აქვსო, გაიფიქრა. უცნობმა, ძაღლის ლეკვი ხომ არ გინახავთო, ჰკითხა, სახლიდან გამოპარულა, ორი-სამი დღეა დავეძებო. გაეღიმა, ეზოში შეიპატიჟა, ჩემთან არის, ახლავე გამოგიყვანთო, ხელიდან ხელში გადასცა,  ჯადოსნური იყო შეხება. მას მერე ერთად არიან, ხშირად დადიან გვირილების ველზე და ახლა უკვე მოხუცები, იხსენებენ ძაღლს, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეახვედრა და დააკავშირა. გვირილების ველზე კი ყოველთვის ისმის შეყვარებულთა ჩურჩული: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ!

Thursday, June 27, 2019

ქართულ ღვინოს!

საწნახელში დაწურულო,
ჩვენი სისხლის ნაჟურო,
სასოება, იმედები
შენს ფერებში მატულობს.
ნუ დაფანტავ მოგონებებს,
წარსულს ქარს ნუ გაატან,
მომავალიც დაგვისახე
ნიკოს ფუნჯით თამამად.



Tuesday, June 25, 2019

ჩემო ჩიტო!

არ გეგონოს, ყურს არ ვუგდებ ემაგ ჭიკჭიკს,
რაც მითხარი, ისიც კარგად გავიგონე,
გამგონისთვის ყველაფერი კარგად ისმის,
ნუ უმღერებ უგონოს  და არგამგონეს,
ჩემო ჩიტო, გამაგონე ეგ ხმატკბილი,
გადამყარე გულზე სევდა, არასმქონე,
ეს ცხოვრება არ ყოფილა თურმე მშვიდი,
ბრძოლის ჟინი და სურვილი, კარგო, მომე!