Wednesday, June 27, 2018

ნელ-ნელა ვცოტავდები!

ნელ-ნელა ვცოტავდები, 
მორალურადაც და ფიზიკურადაც,
ჩემი ქალაქიც ცოტავდება, 
ბევრი ახლობელი აღარ დადის ამ ქალაქში,-
ზოგმა იმქვეყნისკენ ქნა პირი და 
ზოგი სხვა ქვეყანაში გადასახლდა, 
გარშემო ფანჯრებში სულ უფრო ცოტა სინათლე ინთება, 
თითქმის აღარ ისმის ბავშვების ჟივილ-ხივილი... 
ისიც დაცოტავდა... ხეებიც დაცოტავებულა...
ჩემს ფანჯარასთან აღარ ისმის შაშვის გალობა... 
ეტყობა გუშინ რომ მოჭრეს, იმ ხეზე ჰქონდა ბუდე, 
ნეტავ, საით გაფრინდა? მეც თან წამიყოლოს! 
სამაგიეროდ, ისეთი რამეები დავინახე სხვა ბინების აივნებზე, 
მერჩია არ დამენახა! 
ხეთა ფოთლები ვეღარ მალავს 
სხვათა გაჭირვებას და გულისტკივილს! 
იზრდება რკინა-ბეტონის ქალაქი, 
ბუღი და მტვერი ტრიალებს ჩვენს ქალაქში, 
მანქანების რიცხვიც იზრდება, გული კი ცოტავდება! 
მეც ნელ-ნელა ვცოტავდები, 
იმედებიც ქრება, ჩემდა სამწუხაროდ!

Monday, June 25, 2018

არ მინდოდა ესე ხვედრი

არ მინდოდა ესე ხვედრი,
ვერა ვნახე აზრი მხვედრი,
რადგანა ვარ თურმე მდედრი,
თან ვსაუბრობ თითქოს ყვედრით,
არ ვყოფილვარ იმის ღირსი
ვთქვა, ქვეყნისთვის სიტყვით ვიბრძვი.

Saturday, June 23, 2018

ნეტავ, ერთხელ საფლავშიაც გამაცინა

ნეტავ, ერთხელ საფლავშიაც გამაცინა,
- გავიმარჯვეთ, - ჩამომძახოს ერმა, ბერმა,
ზღვის თვალები მიწვდეს სოფლებს, განაპირას,
დატოვაო უხიაგმა, მავნე მტერმა.
ცაში ვარსკვლავს შეეგებოს სალამურის
სტვენა, ისევ ჩაეხუტოს შვილი ნენას,
ჩემს საფლავში ერთხელ კიდევ გამაცინა,
უფალს შევთხოვ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას.


,

Friday, June 22, 2018

გუშინდელი ასაზრდოებს ხვალეს

მენატრება დედის თბილი კალთა,
ღელის პირას საოცარი სახლი,
რომ ეფინა თეთრი ნისლი ზღაპრად
კიბეებზე გადაფენილ ხავერდს.
მენატრება ხვავრიელი ეზო,
თეთრი ლეღვი იბერება, მწიფობს,
იქვე ბებო ჩამომჯდარა ქარგით
და ნახატის სანახავად მიხმობს.
მეც შევცქერი რუსთაველის სახეს,
ქარგა-მადლით გამოყვანილ თვალებს,
-არ ჩაქრება, - დღესაც ასე ვფიქრობ,
გუშინდელი ასაზრდოებს ხვალეს.



Thursday, June 21, 2018

სამსალა მასვეს!

სამსალა მასვეს, მე მეგონა ტკბილი შარბათი,
მხოლოდ კანონი არ ბატონობს, მას აქვს დანართი,
ვერ გავერკვიე, ვერ დავძლიე, ვერ მოვიწონე,
ბოროტს რომ დიდი ძალა აქვსო, ღვთის საპირწონე.

Wednesday, June 20, 2018

ღრმა იყო სევდა(მეორე ვარიანტი)

ღრმა იყო სევდა, უსაშველოდ სტკიოდა ღრუბელს,
ღრმა იყო სევდა, დაეფარა თეთრ ჭირხლს მინები,
- რისთვის ან რატომ მოვდივართო, - წუხილი ხეთა,
- თუ კი მოგვჭრიან და ნუგეშად ვეღარ ვიქნებით?!
ღრმა იყო სევდა, უსასრულოდ ცრიდა ნაპირზე,
სულს ძლივს ითქვამდა ოკეანე ვნებამორევით
და ოცნებებმა მერამდენედ გაინაპირეს
ტკივილიანი მოგონების შმაგი მორევი.

ღრმა იყო სევდა (პირველი ვარიანტი)

ღრმა იყო სევდა, შემოდგომის მოჰქონდა ღრუბელს,
ღრმა იყო სევდა, დაეფარა თეთრ ჭირხლს შუშები,
- რისთვის და რატომ მოვდივართო, - წუხილი ხეთა,
- თუ კი მოგვჭრიან, ვერ ვიქნებით სხვისთვის ნუგეში.
ღრმა იყო სევდა, უსასრულოდ ცრიდა ნაპირზე
და უსასრულოდ დამდიოდა ტალღის სიშორე,
სევდის უღელით ხელისგულზე რაც დავიწერე,
ისევ ზღვას მიაქვს, რაც შემომრჩა, იმას ვიგონებ.