Monday, April 30, 2018

როგორ მოიშინაურეს გარეული ქათმები (ზღაპარი)

                      როგორ მოიშინაურეს გარეული ქათმები

ტყის პირას ერთი ბიჭუნა ცხოვრობდა. უყვარდა ტყეში სეირნობა, ყველა ხის და ბუჩქის სახელი იცოდა. ნაწვიმარზე სოკოს მოიტანდა სახლში, შეწვავდნენ ტაფაზე, ტკაცა-ტკუცს აადენინებდნენ, მერე დასხდებოდნენ ის და დედა და მიირთმევდნენ გემრიელ და ყუათიან საკვებს, ცილებით მდიდარს. ხორცს ვერ ჭამდნენ, სახლში კაცი არა ჰყავდათ, რომ ნანადირევი მოეტანა. კენკრა და სოკო იყო მათი ძირითადი საკვები. იმ ტყეში, ბიჭის სახლთან ახლოს, ტყის ქათამი ცხოვრობდა თავისი ოჯახით, ბანკივურს რომ ეძახიან. ბიჭუნა ძალიან ცნობისმოყვარე იყო, უყვარდა ცხოველები და ფრინველები, მათი ცხოვრების წესს და ნირს თავისდაუნებურად სწავლობდა. ქათამს რომ ვამბობთ, მამალსაც ვგულისხმობთ, ჭრელსა და ლამაზს, ოქროსფერი, მწვანე, წითელი ბუმბულებით და თავზე ბიბილოთი. დედალი უფრო მოკრძალებული შეფერილობისა იყო, მომწვანო-მურა ფერებში. წიწილებიც ჰყავდათ, მაგრამ ისეთი ყვითლები კი არ იყვნენ, დღეს რომ არიან, დედას ჰგავდნენ, ისინიც მუქები,  იმიტომ რომ ტყეში, მიწაზე, არავის შეემჩნია და არ მოეტაცა, მტერი, მოგეხსენებათ, ქათმებს ბევრი ჰყავს. ბიჭუნა შორიდან უთვალთვალებდა პატარა წიწილებს, მოსწონდა მათი თამაში დედასთან. მოსაღამოებულზე ოჯახი ხის ფოთლებისგან გაკეთებულ საბუდარში იძინებდა.ეს ამბავი ინდოეთში იყო, იქ კი ხშირად წვიმს, რის გამოც საბუდარი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო, წვიმას რომ არ დაენგრია. მამალი ხეზე წამოსკუპტებოდა, ფხიზლობდა, რომ მტერს მისი ოჯახი არ აეწიოკებინა. ერთ დღეს ბიჭუნამ კვლავ გასწია იმ ადგილისაკენ, სადაც ბანკივური ქათმების ოჯახი ეგულებოდა, ახლომახლოებში სოკოს აგროვებდა. წინა ღამეს საშინელი წვიმა მოვიდა, მანამდე კი ქარიშხალს გადაევლო ტყისთვის. გზადაგზა დალეწილი ხეები ხვდებოდა. ქათმების ოჯახი ვეღარსად ნახა, შორიახლო ჩასაფრდა, შეშინებულები იქნებ სადმე იმალებიან და დავინახოო. გუმანმა არ უმტყუნა, დედა შვილებით გამოვიდა გადატეხილი ხის ძირიდან, მამალი არსად ჩანდა, უცებ კრიახი შემოესმა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ბიჭუნას გულმა ვეღარ გაუძლო და იმ ადგილისაკენ დაიძრა, საიდანაც ხმაური მოდიოდა. მამალი ტოტებს შორის გახლართულიყო, ცალი გვერდი დაჟეჟილი და დამტვრეული ჰქონდა, სიარულს და ფრენას ვერ შეძლებდა. ბიჭმა დაჭრილი ფრინველი სახლში წამოიყვანა. დედალი შორიახლო მოსდევდა ბიჭუნას და კაკანებდა, თითქოს სთხოვდა, გადაარჩინეო. იმ დღიდან ბიჭუნა მამალს უვლიდა, დედალთან და წიწილებთან კი ხორბალი მიჰქონდა,  მას და დედას, სახლთან ახლოს, პატარა ყანა ჰქონდათ დათესილი. ქათმებს ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მამალს მალე ფეხზე დავაყენებო. ისინიც მალე შეჩვივნენ მზრუნველს. მამალი გამოკეთდა, მაგრამ ფრენა აღარ შეეძლო, სიარულიც უჭირდა, ამიტომ ბიჭის ეზოში დარჩა საცხოვრებლად. შეშინებული დედალი ადგილს ვეღარ პოულობდა, ეშინოდა მტერს მისი შვილები არ წაეყვანა. მამალი დილ-დილაობით ძველებურად შემოსძახებდა თავის ყიყლიყოს, თუმცა ხეზე კი აღარ იჯდა, ეზოში დაგდებულ კუნძზე წამოსკუპტებოდა, ბიჭუნას  და დედამისს აღვიძებდა, სამუშაოდ იწვევდა, თან ცალ თვალს ტყისკენ გააპარებდა, ნეტავ, ჩემიანებს თუ ესმით ჩემი ხმაო. ერთ დილას ეზოში გასულმა დედამ ბიჭს დაუძახა, ნახე ვინები მოვიდნენო, ბიჭმა ფანჯრიდან გაიხედა, მათ ეზოს დედალი მოსდგომოდა წიწილებით. გახარებულმა დედა-შვილმა ისეთი საბუდარი მოუწყვეს ქათამს, დელგმას და წვიმას რომ არ დაენგრია, საჭმელიც არასოდეს მოკლებია ქათმებს, სამაგიეროდ, თავიანთ გადამრჩენებს გემრიელი კვერცხით უმასპინძლდებოდნენ. ეს ამბავი დაახლოებით სამი ათასი წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მოშინაურებულმა ქათმებმა შეფერილობაც შეიცვალეს, დედლები უფრო ღია ფერისანი გახდნენ, თუმცა მათ შორის შავი ქათამიც გამოერევა ხოლმე, გენები ხომ უკვალოდ არ ქრება. წიწილები კი - ძირითადად, ყვითლები არიან, დედამ რომ კარგად დაინახოს და არსად დაეკარგოს, ადამიანის თვალისთვისაც ადვილი აღსაქმელი იყოს, ისიც ხომ მათი მცველი და ქომაგია.

ხალიჩების მქსოველი გოგონა (ზღაპარი)

              ხალიჩების მქსოველი გოგონა        

     ერთ სასახლეში გოგონა ცხოვრობდა, მებაღის შვილი. დიდი გამრჯე და მშრომელი გახლდათ, ხან მამას ეხმარებოდა ყვავილების მოვლაში, იმიტომ რომ ყვავილები ძალიან უყვარდა, ხან ოჯახში საქმიანობდა, დედა არ ჰყავდა და საჭმელს მამას და და-ძმებს ვინ გაუკეთებდა?! ის ხომ და-ძმებში ყველაზე დიდი იყო, ხანაც ხალიჩებს ქსოვდა, მერე ყიდდა, რომ მამას დახმარებოდა ოჯახის რჩენაში. ერთხელ როცა თავისი ხალიჩა ბაღში გამოიტანა და გასაშრობად გაფინა, სასახლის პატრონის ვაჟმა დაინახა და ხალიჩის სანახავად ბაღში ჩავიდა, გაოცებული შესცქეროდა ფერად-ფერად ყვავილებს, რომლებიც ხალიჩიდან უცინოდნენ და ესიყვარულებოდნენ. იკითხა, ვისია ეს ნახელავიო, გოგონამ, ჩემიაო, ვაჟმა კარგად გადაუხადა გოგონას და ხალიჩა სახლში წაიღო, ძირს გავფენ, მეგონება ყვავილების ბაღში დავდივარო. გოგონამ ახლა სხვა ხალიჩის ქსოვა დაიწყო, ვაჟმა გადმოიხედა ფანჯრიდან და ვარსკვლავებიანი ცა დაინახა ხალიჩაზე დახატული, ეს ხალიჩაც ძალიან მოეწონა და იყიდა, ჭერზე გავაკრავ, იმ ოთახში ყოველთვის ვარსკვლავებიანი ცა მეხურება თავზეო, მათ ქვეყანაში, ხომ სულ წვიმდა, მოწმენდილ ვარსკვლავებიან ცას იშვიათად თუ ნახავდა ადამიანი. გოგონას ვაჟი ძალიან მოსწონდა, ამიტომ ახალ ხალიჩაზე გოგონა და ბიჭი დახატა, რომლებიც გზაზე ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ, გარშემო კი ულამაზესი მთები და ზღვა იყო. ეს ხალიჩაც იყიდა ვაჟმა.
      სასახლეში ერთი კუდიანი დედაბერი ცხოვრობდა, სასახლის პატრონს ენა მიუტანა, თქვენს ვაჟს და მებაღის ქალიშვილს მგონი ერთმანეთი მოსწონთო. სასახლის პატრონმა გადაწყვიტა გოგონა გადაემალა, ამიტომაც ცხრაკლიტულში ჩასვა, გასაღები კი მუდამ თან დაჰქონდა. მოწყენილმა გოგონამ მცველებს სთხოვა, საქსოვი დაზგა და ძაფები მომიტანეთო. ამჯერად გოგონას ხალიჩა მხოლოდ შავ-თეთრი გამოვიდა, ღამით მოქსოვილი შავი იყო, დღისით მოქსოვილი - თეთრი. დაამთავრა მან ხალიჩის ქსოვა და მცველებს სთხოვა პატრონის ვაჟისთვის მიეტანათ, იქნებ მოსწონებოდა და ეყიდა, მონაგები კი მამამისისთვის გადაეცათ. ვაჟმა შეხედა და გოგონას ნახელავი იცნო, მოიკითხა, სად არისო, დაიკარგაო, უპასუხეს. მიხვდა, დატუსაღებული იყო, შავ-თეთრს ტყუილად არ დახატავდაო.  მცველს სთხოვა, გოგონასთან მიეყვანა. გუშაგს ძალიან ეცოდებოდა ქალიშვილი, ამიტომაც სურვილი შეუსრულა. როცა ვაჟი გოგონას ოთახში შევიდა, ის ისევ შავ-თეთრ ხალიჩას ქსოვდა. გაეხარდათ ერთმანეთის დანახვა. გადაწყვიტეს, მოესხათ ხალიჩები შავ-თეთრი ზოლებით და ისე გაპარულიყვნენ გარეთ, მაგრამ კუდიანმა დედაბერმა მაინც შეამჩნია ქალ-ვაჟი, მაშინ მათ მინდორს მიაშურეს,რომ არ შეეპყროთ, ღმერთს სთხოვეს დახმარება, სირბილში ისინი ზოლებიან ზებრებად იქცნენ, რომლებიც დღესაც სერავენ უკიდეგანო ტრამალებს, რომ არავინ შეძლოს მათი დაჭერა. მათ ფეხქვეშ ყოველთვის ყვავილებიანი ველია, ზევიდან ვარსკვლავებიანი ცა დაჰყურებთ.

Sunday, April 29, 2018

ილუზიაა

მე აღარ მჯერა,
ნურც შენ იჯერებ,
რომ ამ სამყაროს
აქვს ბევრი ფერი,
შენ რასაც ხედავ,
ილუზიაა,
ცა თითქოს ზღვაა, 
ლურჯი და მკვეთრი.
ანდა მზექალი
ოქროსფერია,
ბალახი მწვანე,
ცისფერი ნამი,
მაგრამ სამყარო 
ერთი ფერია,
ოღონდ რატომღაც 
გვატყუებს თვალი.


Saturday, April 28, 2018

ჩვენ ქურდები ვართ სხვა კაცთა ბედის

ჩვენ ქურდები ვართ სხვა კაცთა ბედის,
ამას რომ ვხვდებით, იარა გვეწვის,
მიგვიძღვის ბრალი სხვათა ტკივილშიც,
ვაცნობიერებთ, არის ფინიში.

ხარ და ვინა ხარ?

ხარ და ვინა ხარ,
რისთვის და რატომ?
სიმინდით ვიღებთ
ფქვილსაც და ქატოს.
ფქვილი თუ კი ხარ,
ხალხს რად ვერ აძღობ?
ქატოდ თუ დარჩი,
ბუნებას რად თმობ?
ვერც ფქვილად იქეც
და ვერც რომ ქატოდ,
გულამოჭმული
ყოფილხარ ტარო.

ემზადება სამოთხისთვის

სანთელში რომ დალიცლიცებს
ვნების ცეცხლი, ვნების ალი,
უკანასკნელ გრძნობას ამხელს,
წვაში - უკანასკნელ ქადილს,
ემზადება სამოთხისთვის,
უერთდება სულთა არილს.

დაივიწყე ტკივილები

ღილებივით შევიხსენი,
რაც რომ მკერდზე მედო სენი,
ნატანჯ სხეულს შევახსენე,
ნუღარ ივლი სხვაზე წყენით,
დაივიწყე ტკივილები,
ქვეყნის გული გადახსენი,
შიგ რომ სიყვარული ბუდობს,
ის ყოფილა დედის ხსენი.