Monday, June 30, 2014

მთათა საჩუქარი

დაშლილს ფერებად მდინარის პირას,
კენჭებს აგროვებს პატარა ბავშვი,
მერე წაიღებს მთათა საჩუქარს,
დედის მძივებად  აკინძავს სახლში.

Saturday, June 28, 2014

აღარ გვიღერებს ბასრ შუბს მონღოლი

აღარ გვიღერებს ბასრ შუბს მონღოლი
და არც სპარსელი გვახურავს ჩალმებს,
მტკვარს აღარ მისდევს სისხლის ნაკადი,
აღარ აცმევენ მოჭრილ თავს მარგილს,
მაგრამ არა აქვს გულს მოსვენება, -
ბევრი ქართველის სულს ვხედავ გახრწნილს.
თითო-ოროლა მერცხლის ჭიკჭიკი,
ნუთუ მოიყვანს თეთრკაბა აპრილს?!

არავის უკვირს...

მწყერმა დაიწვა ყანაში ფრთები
და ეშაფოტზე გასულა მთვარე, 
ეშმაკმა გული იჯერა ლხენით, -
გამოაჩინა თვალთმაქცი სახე.
სამყარო როკავს, როგორც შამანი,
კომეტას მოსწყდა ფლანელის კუდი,
დედამიწა კი კვლავ წაღმა ბრუნავს, -
ქვეყნის ღალატი არავის უკვირს...

Thursday, June 26, 2014

იესოს ლოცვა

აწყდა ლაჰილზე ცისკრის ზარები,
მთებმა გალობის გამოსცეს ექო,
სულს უკვდავებამ შუქი მოჰფინა, -
იესოს სიტყვა ანდერძად გვერგო.

იასამანი

არ არის ქვეყნად ჩემთვის წამალი,
დაღლილმა ვცანი ამ ქვეყნის ბოლო,
გულში მიხუტებს იასამანი, -
ისღა შემომრჩა მეგობრად, მხოლოდ.

თვალის სიბეცე

ყვაოდა ნისლი, კვირტებს ისხამდა,
ზევით იწევდა, თუ განი-განზე,
გამხვია კვამლში, ფიქრებს იწვევდა,
ვერ დავემალე მის ბოროტ საცეცს.
არ ჩანდა გემი, ცხოვრების მეკვლე,
უბადრუკ ნავში აღმოვჩნდი მხოლოდ,
გახსენი ზეცა... ღმერთო მაღალო,
თვალის სიბეცემ მომიღო ბოლო.

ახალშობილ ნიკოლოზს!

გადმოგდის თაფლი, ჩემო პატარავ,
და დედის ძუძუს მძაფრი სურნელი, 
გახსენი შენი ვარდის ტუჩები, 
ღვთის ანგელოზი ღიმილს მოელის.