Thursday, August 9, 2012
ვიცი,რომ ღმერთი გამომიწვდის შენდობას ციდან
დავეცი დაბლა,უფრო დაბლა ჯოჯოხეთია,
მინდა წამოვდგე, მაგრამ ცოდვა რა ოხერია,
ქვასავით მძიმე, დოლაბივით მკიდია მკერდზე,
წამოდგომისთვის ძალა არ მაქვს და უფალს ვეძებ...
ვიცი, მიშველის, ხელს დამისვამს სათუთად თავზე,
ვიცი, ირწმუნებს, სინანულს რომ ვეცრემლე ძალზე,
ვიცი, უსახურს მომანიჭებს სიცოცხლის ძალას,
ვიცი, ცოდვების პატიებას ეცდება მარად.
უნაყოფობას ამ ცხოვრების, მე ახლა ვტირი,
დროგადასული ხის ფესვივით ვეჭდობი მიწას,
ვებღაუჭები ამ სიცოცხლეს, როგორც თვითმიზანს
და, ვიცი, ღმერთი გამომიწვდის შენდობას ციდან.
Monday, July 30, 2012
ყაყაჩოს
სირცხვილისგან ალმურასულს შესევია ქარბუქები,
ალეწილი თავთავები ცაში მიუსვრ-მოუსვრია,
მერე ნეფე ყაყაჩოსთვის დედოფალად მიუსვია,
გამართულა ქორწილი და სადღეგრძელოც შეუსვიათ,
ვაშა, ნეფე-დედოფალსო, მწყერსაც ენა აუდგია.
ყანების ჩურჩულს შეაგებებ ცეცხლოვან ბაგეს,
ვნების ქარცეცხლში ჩაიწვები,ჩაიფერფლები,
წითელო ფერო,შენ ყაყაჩოს ფურცლებში გხედავ,
სიცოცხლისა და სიყვარულის ალად გვედები,
მაშ, გადაშალეთ ყველა დროშა წითელი ფერის,
გრძნობების ტალღამ ჩაითრიოს ეს იმედები.
Tuesday, July 24, 2012
სამშობლოს ფერებს
ფერთა ჰანგებით გაიჟღინთა მთელი სამყარო,
ბუნებამ გახსნა ყველა კლიტე, ყველა კარები,
მზე ოქროს ტახტზე შემომჯდარა,უპყრია კვერთხი,
თვალებს უკრავენ, უღიმიან მზევინარები.
ჰაერში მწიფე თავთავების იგრძნობა გემო,
ყაყაჩომ მოგვდო ალმური და მიგვზიდა ვნებით,
ვარდის ფურცლებმა გაგვაბრუეს თავის სურნელით,
ვარდკაჭკაჭამ კი, შემოგვასხა ცისფერი პლედი.
ჩურჩულებს ტყე და მეც მომინდა შევკადრო სიტყვა,
სიყვარულით და ნეტარებით ავიდგა ენა,
ჩიტუნებს ვუთხრა ის ზღაპარი,მე რომ ვიცოდი,
მაშინ აკვანში,როს მესმოდა ანგელოზთ ენა,
მწყერჩიტაც მეტყვის თავის დარდს და თავის სიხარულს,
შაშვის გალობით კიდევ ერთხელ დავიტკბობ სმენას,
ნაკადულების ჩუხჩუხს ვუხმობ, გავირინდები,
შევუერთდები ცის ციაგს და ყვავილთა ფშვენას,
დალოცვილ მიწას კიდევ ერთხელ ჩავეკონები,
სამშობლოს ფერებს გადავხატავ ხვალეც და დღესაც.
სხეულს ძალა არ ეყო
ტრიალებდა ლურჯი ზეცა,
ფიქრებს ვკლავდი მზიანებს,
ახდენილი ოცნებები
ისევ დავაზიანე,
გამიწვრილდა ტანჯვით სული -
ნემსის ყუნწში სრიალებს,
ძაფის გორგლად გადაქცეულს
დღეებს ვითვლი გზიანებს.
გზებმაც გზები გადათვალეს,
ღამემ - ღამე უმზეო,
ვარსკვლავებმა თვალი მომჭრეს,
საბნად მიწა არ მეყო,
შავისა და თეთრის ბრძოლას
სული ორად გაეყო,
ლურჯი ზეცა ტრიალებდა...
სხეულს ძალა არ ეყო...
Saturday, July 7, 2012
ღამის ნანა
ღამემ წამართვა თეთრი მანდილი და
თავზე შავი დამხურა ქუდი,
დავრჩი ყარიბი, მიუსაფარი,
ვუყვარდი ძლიერ, მეგონა უწინ,
ცად ვარსკვლავების ციმციმმა მიხმო,
ზღაპრული სევდით ამევსო გული,
მთვარემ ამზიდა ნაზი სხივებით
და მომეკიდა თვალებზე რული,
ბევრი მარწია თავის აკვანში,
ვარსკვლავებს უხმო, მიმღერეს ნანა,
ისეთი ტკბილი, ისეთი ნაზი,
მხოლოდ დედა თუ გიმღერებს ამგვარს,
ისევ ვიგრძენი ხელების სითბო,
დედისას ჰგავდა ზეცის თვალებიც,
მეგონა ღმერთმა თვისთან მიმიღო,
სამოთხის გახსნა ჩემთვის კარები,
გამოვიღვიძე დასვენებულმა,
ზეცაში ცისკრის რეკდნენ ზარები...
ზეცაში ცისკრის რეკდნენ ზარები...
Monday, June 18, 2012
იესოს
გული ატკინეს, ლახვარი ჩასცეს,
ტანჯეს, აწამეს, აჰკიდეს ჯვარი,
ისეთი მძიმე, როგორც ცოდვები, -
კაცობრიობის იტვირთა ვალი.
ნატანჯ სხეულზე იხმარეს ძალა, -
ჯვარზე გააკრეს, დაჭედეს ლურსმნით,
ზეცად ამაღლდა, უნეტარესი...
ჩვენ კი, შემოგვრჩა ხორცი და სული,
რომელსაც ვზიდავთ და გვიჭირს ძლიერ,
რადგან სუყველას გვამძიმებს კრული...
ნათიას
ნათელი ხარ მზის სხივივით,
ახალგაზრდა, როგორც მთვარე,
თორმეტ ვარსკვლავს შემოიკრებს
იასამნისის სილამაზე,
ალვისტანავ, გამიღიმე, წინ დაგიგებ ფიანდაზებს!
Subscribe to:
Posts (Atom)







