Friday, November 21, 2025

შეჩერდა წამი, სატრფიალო

შეჩერდა წამი
მე შენს მკლავებში ისე ჩავეშვი,
როგორც ჩანჩქერში ჭრელი კალმახი,
მზეს უგალობდნენ ხეზე შაშვები,
ვით ჩოხოსნები მზა ალმანახში.
გადაჰფენოდა ცხვარი იალაღს,
ნიავს მოჰქონდა ველის სურნელი,
ვნებების ქარმა გადაგვიარა,
შემოგვიკიდა ცეცხლი კუნელის.
სუნთქვაშეკრული შეჩერდა წამი,
მზე შუბისტარზე შედგა შემკრთალი,
ვით იაზონი, ეძებდა საწმისს, -
გრძნობებისგან ოდნავ ფერმკრთალი.
ჩვენ სიყვარულის მივყავდით ტალღას,
შემოდიოდა სინათლის ღვარი,
ვეგებებოდით სიცოცხლეს ახალს
და იშლებოდა ჩვენ შორის ზღვარი.
მაია დიაკონიძე
21.11.2025 წელი

Wednesday, November 19, 2025

სიმღერა (ხალხურ მოტივებზე)

 სიმღერა

(ხალხურ მოტივებზე)

ის – ცა და ღრუბელი, მოლი – მე,
ფიქრები მაყრია ხუნდებად,
ვაჟიკას სიმღერას მოვისმენ,
სიტყვები არ გაუხუნდება.
ყოველთვის მზადაა ვუყვარდე,
ამიყვანს ჩიტივით ზეცამდის,
ხევის პირს ჩავყვები მურყვანებს,
დამხვდება ყვაილი ფერადი.
მოვა და მკლავებში მამიქცევს,
ვწუხდები, რა მალე ღამდება,
არც მზე დამიწუნებს საქციელს,
მივალ და დავჯდები მთვარედა.
მაია დიაკონიძე
24.01.2023წელი

Wednesday, November 12, 2025

გაფრენა მთვარეზე (ზღაპარი)

 

                                                          გაფრენა მთვარეზე

ერთ დილას პატარა ფუმფულა ძაღლი,  სახელად ტოტი, ეზოში თამაშობდა, როცა კაცის ხმა გაიგონა:

— ბუშტებიიი! მოდით, შეიძინეთ ფერადი ბუშტები!..

ცნობისმოყვარეობამ სძლია და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ქუჩის კუთხეში ერთი ხანშიშესული კაცი, სოსო ბაბუას ეძახოდნენ, ფერად ბუშტებს ყიდდა.

წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე ბუშტები ცაში ირწეოდნენ, თითქოს ცეკვავდნენ.

ტოტის თვალები გაუფართოვდა.

- ვაიმე, რა ლამაზები არიან! - გაიფიქრა და კუდი სიამოვნებით ააქიცინა.

სოსო ბაბუამ გაუღიმა, თავი დახარა და ჩუმად ჰკითხა:

— აბა, ჩემო პატარა მეგობარო, შენც გინდა ბუშტი?

ტოტიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მერე უეცრად ბუშტების თოკს ჩაავლო პირი და ერიჰა!.. ათი ბუშტი ერთად აფრინდა ცაში, ტოტი კი მათ ზედ ეკიდა!

სანამ ვინმემ რაიმეს თქმა და გაკეთება მოასწრო, ბუშტებმა ტოტი ჰაერში აიტაცეს!

— ოოო! ააა! — ყვიროდა ტოტი და თვალები სიხარულით უციმციმებდა.

ქვემოთ ადამიანები თითს იშვერდნენ ცისკენ:

— ნახეთ, ძაღლი მიფრინავს ცაში!

— ნამდვილი კოსმონავტია ტოტი! — იცინოდნენ ბავშვები.

ბუშტები უფრო და უფრო  მაღლა ადიოდნენ.

გადაიფრინეს ქალაქის თავზე, მერე ღრუბლებზე…

დაღამდა კიდეც.

და აი, ტოტიმ დაინახა უზარმაზარი, მრგვალი, ნათელი მთვარე!

— ოოოოო, ესე იგი მართლა არსებობს მთვარე!  მე კი ქვევიდან რომ ვუყეფდი, ბუტაფორია მეგონა! — წამოიძახა გაოცებულმა.

ბუშტებმა ნელა ჩამოსვეს ძაღლი მთვარის რბილ ზედაპირზე.

ტოტი ჩამოხტა და ფეხქვეშ რაღაც ფაფუკი იგრძნო. თათები მიუსვ-მოუსვა, ფხვიერი მტვერი მიეკრო ბალახივით.

უცებ მოშორებით პატარა გოგონა დაინახა, გრძელი აპრეხილი ნაწნავებით და ცალ-ცალი წინდით.

— პეპი გრძელწინდა ხომ არ არის? — გაკვირვებულმა ჩაიჩურჩულა ტოტიმ.

გოგონამ გაუღიმა. მთვარეზე ცეცხლი გაეჩაღებინა, ღუმელი გუზგუზებდა, ნაპერწკლები ცვიოდა ფხვიერ მტვერში და შავ ნაკვალევს ტოვებდა.

„არ გადაწვას მთვარე ამ ცელქმა გოგომ!“ — გაიფიქრა ტოტიმ და სასწრაფოდ მასთან მიირბინა.

და მართლაც, მთვარეზე ცეცხლის გამჩაღებელი ვინ იქნებოდა, თუ არა პეპი მაღალიწინდა!

ახლად მისულ ძაღლს პეპი ყურებამდე ღიმილით შეეგება, ღუმელი გამოაღო და იქიდან ლანგარი გადმოიღო  თეთრი, მთვარის ფორმის ნამცხვრებით. ზოგი ნახევარმთვარეს ჰგავდა, ზოგი კი სავსეს.

— გასინჯე, ტოტი, ჩემი გამომცხვარი მთვარის ნამცხვარი, — სიცილით მიიწვია პეპიმ პატარა მაგიდასთან.

მიუსხდნენ პეპი და ძაღლი მაგიდას, იქნებ თქვენც დაგინახავთ ეს სცენა, ბავშვებო, როდესაც მთვარისთვის შეგიხედავთ?

ტოტიმ გემრიელად მიირთვა ნამცხვარი, ხრაშუნა და საოცრად გემრიელი იყო.

— ოოო, ეს რომ დედამიწაზე ჩამეტანა, ყველას მოეწონებოდა! — თქვა ტოტიმ.

 

ამ დროს ბუშტებმა ნელ-ნელა დაპატარავება დაიწყეს.

— ტოტი, დროა დაბრუნდე, თორემ შენი ბუშტები დაიჩუტება, — უთხრა პეპიმ.

ტოტომ მოიწყინა.

— დავბრუნდები! — დაჰპირდა პეპის და ისევ ჩაეჭიდა ბუშტების თოკს.

ნელა, ფრთხილად დაიძრა ადგილიდან ძაღლი. პეპი გრძელწინდა ხელს უქნევდა და ეძახდა:

- კიდევ მეწვიე, მეგობარო, აქ დაგხვდები და მთვარის ნამცხვრებით გაგიმასპინძლდები.

     მთვარე ნელ-ნელა უკან რჩებოდა. ტოტი კი ბედნიერი იყო, მან ხომ პეპი მაღალიწინდა გაიცნო, მთვარის ნამცხვრებიც გასინჯა და მთვარის მტვერიც ნახა, როგორი იყო.

როცა მიწაზე დაეშვა, უკვე გათენებულიყო.

ბავშვები გარს შემოეხვივნენ. ტოტი მხიარული ყეფით ეუბნებოდა:

„სხვა დროს თქვენც წაგიყვანთ მთვარეზე სამოგზაუროდო!“

მაგრამ ბავშვებიდან მხოლოდ პატარა ნია მიხვდა, რას ამბობდა ტოტი.

ტოტის ყელზე ჩამოეკიდებინა პატარა პარკი, რომელშიც მხოლოდ ერთი ნამცხვარი იდო  ნიასთვის.

აბა, მეტი რომ ჩაეწყო, დამძიმდებოდა, დედამიწას ტყვიასავით დავეცემოდი და შუაზე გავხლეჩდი, — ასე იმართლებდა თავს ტოტი სხვების წინაშე.

                                                 

Monday, November 10, 2025

აღარაფერი მაკვირვებს!

აღარაფერი მაკვირვებს!
ვერ დაიმოყვრებ ძალათი,
გაგიმეტებენ საკირედ,
მაგრამ მეგობრის ღალატი?!
აღარაფერი მაკვირვებს!
ვერც სიყვარულით მოიმკი,
ესეც ყოფილა არაკი,
ბედი, ვით ქუჩის როსკიპი,
გვდევს სინანულის ზვარაკით.
ქარი შემხვდება ალაფით,
ტკივილი ზოგჯერ მაკივლებს,
მაგრამ მეგობრის ღალატი?
აღარაფერი მაკვირვებს!
მაია დიაკონიძე
10.11.2025 წელი

ნეტავ რა ჰქვია?! (სატრფიალო)

ნეტავ, რა ჰქვია?!
გულში იმედის ნათელ მზეს ვხალავ,
მადლობა უფალს, თუკი გიყვარდი,
მოცელილ ბალახს ბზის სუნი ახლავს
და ,,წელიწადის დრონი" ვივალდის.
ჩემი ჭრელკაბა გაზაფხულს მიაქვს
და თმაჭაღარა მოდის ზამთარი,
იმ სევდის ზარებს, ნეტავ, რა ჰქვია,
რომ ჩამფრენია, როგორც აფთარი.
ჟამი კი გადის, არ უყვარს მოცდა,
ისევ შორია ცისფერ ნისლამდის,
სამყარო ზღაპრულ თილისმას მოჰგავს,
ვით ,,წელიწადის დრონი" ვივალდის.
მაია დიაკონიძე
10.11.2025 წელი

ვითომ სახუმარო

 ვითომ სახუმარო

ზოგი ახლა ბერლინშია,
ზოგიც კიდევ ჰააგაში,
მისია კი იმაშია,
ვსეირნობდე ჩემს ცხინვალში.
დრო და ჟამი არ ჩერდება,
ჯამბაზივით ოხუნჯია,
ბოლო ჩემი გაჩერება
უსათუოდ სოხუმია.
მაია დიაკონიძე
10. 11. 2025 წელი

Saturday, November 8, 2025

მიძღვნა ბატონ ელგუჯა ციგროშვილს, ავტ. თენგო ფანცულაია

 უსიერ ტყეში პოეზიისა,

გამოჩნდა ნაშრომ- განაკაფია,
ვნახე, შევუქე გუჯა ციგროშვილს,
სხარტულები და თბილი კაფია.
როგორც შენ ამბობ, სადაც დადიხარ,
შენი სამშობლო დაგაქვს სხეულით,
და კარგად ვიცი ერს ეფერები,
ძარღვიან ლექსით გამორჩეულით.
თ.ფ.