Sunday, June 22, 2025

,,შენც, ბრუტუს?!"(იულიუს კეისრის შეძახილი), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,,შენც, ბრუტუს?!"

( იულიუს კეისრის შეძახილი)

ბევრს ბედისწერა მეცხრე ცაზე მაღლაც შეისვრის...
მათი იღბალი არასოდეს მშურდა, უფალო!
ზოგს მეფის ტახტი ერგუნა და ზოგსაც კეისრის, –
თუმც შურის თვალმა არ დატოვა არვინ უკვალო!
არ მითხოვია არ კუთვნილი ხოტბა – დიდება,
ზიზღი მაქვს, როცა უსინდისოდ მოითხოვს ზოგი...
და ამის შემდეგ უფრო მეტად გამიკვირდება,
ზურგს უკან რატომ მიგროვდება ,,ბრუტუსთა ჯოგი!"
მე არც ტახტი მაქვს, არც კეისრის დაფნის გვირგვინი,
არც სხვა დიდება, –
ჩემი ვინმეს შეშურდეს რამე...
არ მივითვისე არავისი დაფნა თუ ჩინი,
ჩემი ლუკმაც სხვას გავუყავი, – მე ცოტა ვჭამე!
დავითმენ ღალატს, არ დავიწყებ მოთქმას და ჩივილს,
ვისმენ ზურგს უკან აგორებულ ჭორების ბჟუტურს;
არ ავიცილებ, ვაჟკაცურად ავიტან ტკივილს,
კეისარივით შემოგძახებ: – ,,ნუთუ შენც, ბრუტუს?!"
ორივემ ვიცით, საწუთროში დღეს შეცვლის ხვალე,
რად მიმამსგავსე ვიღაც ტლუსა* და ვიღაც უტუს*?!
ზურგში მახვილის ჩარტყმა დღემდის ვერ მოიშალე?
რას მერჩი ბრუტ უ ს ? !
ელგუჯა ციგროშვილი,
ქ. თესალონიკი, 22. 12. 2022 წელი
ტლუ * – ( ქართლ) უტოტო, სწორი მაღალი ხე, გადატანით: ტლუ ბიჭი –
მარტოხელა, ობლად გაზრდილი ბიჭი.
უტუ * – (რაჭ. გურ.) რეგვენი, გაუნათლებელი, უწიგნური

Wednesday, June 18, 2025

ორპირი ქარი (საბავშვო)

 ორპირი ქარი

(საბავშვო)
შემოუბერა უეცრად
სახლში ორპირმა ქარმა,
- ორპირი რატომ გქვიაო, -
ჰკითხა პატარა ბალღმა,
- აქეთ-იქიდან ვუბერავ
და ვაჯახუნებ კარებს,
მაგრამ ორპირი კაცივით,
არ ვიცვლი ნიღაბს, სახეს. -
ეს თქვა და გაუჩინარდა,
გაიშლიგინა ველად,
გაგიჟებულ ქარს ვინ ეტყვის,
უბერე ნელ-ნელა.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი

ორპირი ქარი

(საბავშვო)

შემოუბერა უეცრად
სახლში ორპირმა ქარმა,
- ორპირი რატომ გქვიაო, -
ჰკითხა პატარა ბალღმა,
- აქეთ-იქიდან ვუბერავ
და ვაჯახუნებ კარებს,
მაგრამ ორპირი კაცივით,
ნიღაბს მე არ ვატარებ! -
ეს თქვა და გაუჩინარდა,
გაიშლიგინა ველად,
გაგიჟებულ ქარს ვინ ეტყვის,
უბერე ნელ-ნელა.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი

Monday, June 16, 2025

სიჩუმის ქალაქი

სიჩუმის ქალაქი
სიჩუმის ქალაქს დავცქერი თავზე,
ამისი ნიჭი ღმერთმა მიბოძა,
მალავენ კაცნი ხასიათს, ავზნეს,
ყვითელ შუქს აფრქვევს მხოლოდ მიმოზა.
დუმს საქართველო, გულში კი რამდენს
მალავს სათქმელს და მალავს ტკივილებს,
ვეღარ ვუყურებ თვალებში გამვლელს,
უიმედობის ცრემლით იტირებს.
სიჩუმის ქალაქს დავცქერი თავზე,
ამისი ნიჭი ღმერთმა მიბოძა,
მალავენ კაცნი ხასიათს, ავზნეს,
ყვითელ შუქს აფრქვევს მხოლოდ მიმოზა.
მაია დიაკონიძე
16.06.2025 წელი

შენ სად ხარ, ადამიანო? (პატრიოტული)

შენ სად ხარ, ადამიანო?!
ზეცამ თვალები დახუჭა,
აღარც შაშვები ხმიანობს,
მიწა დამრჩალა ერთმუჭა,
შენ სად ხარ, ადამიანო!
რატომ არ გესმის ღაღადი
შენი მშობელი დედისა,
ვერ მოიცილა სახადი,
ყველა ჭირი მას ეკვრისა.
ზეცამ თვალები დახუჭა,
აღარც შაშვები ხმიანობს,
მიწა დამრჩალა ერთმუჭა,
შენ სად ხარ, ადამიანო!
მაია დიაკონიძე
16.06. 2025 წელი

ექსპრომტი, ესე ,,პოეზია, როგორც გადარჩენის ფორმა" ლექსის ,,ექსპრომტი" მიხედვით

ექსპრომტი
წამოახველებს საცაა პოეტს
ან სისხლს ან კიდევ დარდიან სიტყვას,
და ამ სისხლის თუ სიტყვების კოლტებს
მიკვირს, სამყარო როგორღა იტანს.
ვით იტანს ერი ასეთ წამებას,
ასობით დიდი, უხმო პოეტის,
თითო ხომ სისხლში კალამს აწებდა,
დღემდის, მგონია, მიტომ მოვედით.
მაია დიაკონიძე
15.06.2025 წელი


პოეზია როგორც გადარჩენის ფორმა

(მაია დიაკონიძის ლექსის „ექსპრომტი“ მიხედვით)

პოეზია ხშირად მხოლოდ ხელოვნებად აღიქმება — ლამაზი სიტყვების ნაკადად, ესთეტიკის ერთ-ერთ ფორმად. თუმცა, არსებობს ისეთი პოეზია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მხატვრული გამოსახულება. ის არის გადარჩენის ფორმა — ინდივიდისთვის, ერისთვის. მაია დიაკონიძის ლექსი „ექსპრომტი“ სწორედ ამ მნიშვნელობას აჩვენებს მკაფიოდ, გულწრფელად და მძიმე ემოციური ფორმით.

პოეტი თავის ტექსტში პირველივე სტროფებიდან გვეუბნება იმ სიმართლეს, რომ სიტყვა იბადება ტკივილიდან:

„წამოახველებს საცაა პოეტს / ან სისხლს ან კიდევ დარდიან სიტყვას,“
აქ სიტყვა არ არის მსუბუქი, ჰაეროვანი – იგი სულის ყელისა და სხეულის ტკივილიდან მოდის, როგორც წამება. ეს წარმოსახვა ღრმა სიმბოლიკას ატარებს – პოეზია არ იწერება სიმშვიდეში, ის ჩნდება როგორც შიდა კრახზე, დამარცხებებზე რეაქცია, როგორც რღვევისგან დაცვის ინსტინქტი.

მეორე სტროფში ავტორი უბრუნდება ამ ტანჯვის კოლექტიურ განზომილებას და კითხულობს:

„და ამ სისხლის თუ სიტყვების კოლტებს / მიკვირს, სამყარო როგორღა იტანს.“
სიტყვა და სისხლი ერთმანეთს უთანაბრდება. ეს არის არა უბრალოდ მეტაფორა, არამედ შეფასება იმისა, რომ პოეზია შთანთქავს სიცოცხლეს, რომ მის უკან დგას მსხვერპლი, ცოცხალი ტკივილი და ადამიანური სტიქია. სიტყვა ამ კონტექსტში იარაღივით მძიმეა — და მაინც, სამყარო მას ატანს. და, რაც მთავარია, საჭიროებს კიდეც.

ლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი ჩანს მესამე და მეოთხე სტროფებში, სადაც საუბარია პოეტებზე, რომლებიც:

„სისხლში კალამს აწებდნენ... და დღემდის მგონია, მიტომ მოვედით.“
აქ ჩანს ავტორის რწმენა, რომ პოეზია იყო და არის ერის გადარჩენის საიდუმლო წყარო. ვისაც ხმალი არ ეჭირა, ის კალმით იბრძოდა. ვინც არ ილაპარაკა ხმამაღლა, თავისი დუმილითაც იხსნა ერის ღირსება.

ესეს მთავარი დასკვნა სწორედ ეს არის:
პოეზია არა მხოლოდ ლექსია — ის არის მეხსიერება, გამოძახილი, სულიერი შეკავება იმისა, რაც სხვაგვარად დაიღუპებოდა.
სწორედ ამიტომ, როცა ერი ისტორიულ ცეცხლში იწვოდა – პოეტები წერდნენ. როცა ხალხს სიტყვის უფლება არ ჰქონდა – მათ მაგივრად პოეზია ლაპარაკობდა. სწორედ ამ დუმილში, ამ სისხლისმიერ სიტყვებშია ეროვნული ხმის გადარჩენა.


დასკვნა

მაია დიაკონიძის „ექსპრომტი“ არ არის მხოლოდ ლექსი პოეტზე — ეს არის აღიარება იმისა, რომ პოეზია ერის სულის გადამრჩენია.
დღეს, როცა სიტყვა ხშირად დაცლილია შინაგანი სიმძიმისგან, მისი ლექსი გვახსენებს, რომ ნამდვილი პოეზია — ეს არის სუნთქვა, რომელიც არ ჩერდება მაშინაც, როცა ხმის უფლებას გართმევენ. 



მინიმები

 ***

ნემსივით ჩავკარგულვარ თივის ზვინში,
და იქ კი მიპოვის ვინმე?!
მაინც ხომ არ მიშველის ვაი-ვიში,
ვიტოვებ სიცოცხლის იმედს!
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

***
გავცქერი სამყაროს ჩემი აივნიდან,
ხმა მოდის ლონდონიდან, ხმა მოდის პარიზიდან,
სანამდე იქ მივალ და იმათ მივწვდები,
ჩემსალოცავების ცრემლებით ვიწვები.
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

მეგობარი ერთი- ორი, თუღა შემომრჩენია,
ბევრის ვეღარ გამიგია, მოყვარე თუ მტერია,
სიყვარულში რომ მეცხოვრა, რა თქმა უნდა, მერჩია,
მაგრამ მტერიც ნუ იქნება ამ ჩემ ფეხთა მტვერია.
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

Sunday, June 15, 2025

ზღარბი თვალებნამცეცა (საბავშვო)

ზღარბი თვალებნამცეცა
მაიმუნი ჰკიდია აგერ ერთ ლიანაზე,
თუთიყუში ჩხავილით გადახტომას ავალებს,
მიუპყრია სამყაროს ყურადღება ავაზებს,
დედამიწის ფაუნას სწორედ ის ალამაზებს.
აგერ ზებრა, კანჯარი, ჯიხვი, შველი, იაბო,
დათვი, მელა, მგელუკა, ყველაზე მსურს გიამბოთ,
თუმცა ერთი გამომრჩა, ზღარბი, თვალებნამცეცა,
შემოდგომა ამ დილით ფოთლის კაბას აცმევდა.
მაია დიაკონიძე
14.06. 2025 წელი