,,შენც, ბრუტუს?!"
( იულიუს კეისრის შეძახილი)
ბევრს ბედისწერა მეცხრე ცაზე მაღლაც შეისვრის...
მათი იღბალი არასოდეს მშურდა, უფალო!
ზოგს მეფის ტახტი ერგუნა და ზოგსაც კეისრის, –
თუმც შურის თვალმა არ დატოვა არვინ უკვალო!
არ მითხოვია არ კუთვნილი ხოტბა – დიდება,
ზიზღი მაქვს, როცა უსინდისოდ მოითხოვს ზოგი...
და ამის შემდეგ უფრო მეტად გამიკვირდება,
ზურგს უკან რატომ მიგროვდება ,,ბრუტუსთა ჯოგი!"
მე არც ტახტი მაქვს, არც კეისრის დაფნის გვირგვინი,
არც სხვა დიდება, –
ჩემი ვინმეს შეშურდეს რამე...
არ მივითვისე არავისი დაფნა თუ ჩინი,
ჩემი ლუკმაც სხვას გავუყავი, – მე ცოტა ვჭამე!
დავითმენ ღალატს, არ დავიწყებ მოთქმას და ჩივილს,
ვისმენ ზურგს უკან აგორებულ ჭორების ბჟუტურს;
არ ავიცილებ, ვაჟკაცურად ავიტან ტკივილს,
კეისარივით შემოგძახებ: – ,,ნუთუ შენც, ბრუტუს?!"
ორივემ ვიცით, საწუთროში დღეს შეცვლის ხვალე,
რად მიმამსგავსე ვიღაც ტლუსა* და ვიღაც უტუს*?!
ზურგში მახვილის ჩარტყმა დღემდის ვერ მოიშალე?
რას მერჩი ბრუტ უ ს ? !
ელგუჯა ციგროშვილი,
ქ. თესალონიკი, 22. 12. 2022 წელი
ტლუ * – ( ქართლ) უტოტო, სწორი მაღალი ხე, გადატანით: ტლუ ბიჭი –
მარტოხელა, ობლად გაზრდილი ბიჭი.
უტუ * – (რაჭ. გურ.) რეგვენი, გაუნათლებელი, უწიგნური
No comments:
Post a Comment