Sunday, September 8, 2024

შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა" (ეძღვნება აკაკი წერეთელს)

 ამ ლექსს ვბედავ და აკაკი წერეთელს ვუძღვნი

შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა"
ეს რა ხელით შეგქმნა ღმერთმა,
მიწანწკარებ მზისა თვალად,
ყველა ფერი ბრწყინავს ერთად,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
დამიამებ ყველა ტკივილს,
გიმზერ უკვდავების წყალად,
ძარღვში როგორც სისხლი მივლი,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
წყურვილს ყვავილს დაუოკებ,
უკვე ხნის ხარ მათუსალას,
ვერ გვიმეტებ სახრიოკედ,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
მაია დიაკონიძე
8.09.2024 წელი

Saturday, September 7, 2024

თავზე ჯიღები დაიდგეს!

 თავზე ჯიღები დაიდგეს!


თავზე ჯიღები დაიდგეს,
დედოფლების და მეფეთა,
და ჰგვანან იმ მეხამრიდებს,
ელვა რომ შემოეფეთათ.
დაფრთხნენ, დაკარგეს ხალისი,
ლექსთა წერის და მღერისა,
უცებ დაუდგათ დაისი,
სინათლეც აღარ ეღირსათ.
ნუ მიითვისებ სხვის სახელს,
სხვის საქმესა და დიდებას,
წუთისოფელი შენც გამხელს,
ცხვირში ძმრად წამოგდინდება.
მაია დიაკონიძე
7.09.2024 წელი

Wednesday, September 4, 2024

შემოდგომა

 შემოდგომა

შემომპარვია მეც შემოდგომა,
მზესავით წითელ-ყვითლად ვენთები,
სახეზე, თმებზე, ხელზე მატყვია
ვაშლის და ატმის ანარეკლები.
აგერ ფაცურობს ვენახში ცუგა,
არ დამიჯერებთ, ყურძენი მოაქვს,
შენც გასინჯეო, გაჰკარი კბილი,
იმ ჯიშისაა, შენს ბაღში როა.
ჩაშაქრულ მტევანს ვართმევ პირიდან,
მადლს ვუძღვნი ამა სამყაროს გამჩენს
და ვემზადები უკვე დილიდან,
წაბლს მივეშველო, დიდ პირს რომ აბჩენს.
ხარხარებს ჩხიკვი აქ სადღაც ტყეში,
კრიახობს კრუხი, წიწილებს ითვლის,
ამ შემოდგომის უზღვავი მადლი
კვლავ მაჭარივით ძარღვებში მივლის.
მაია დიაკონიძე
4.09.2024 წელი

პოეტი კაცი!

პოეტი კაცი!
პოეტი კაცი, ამ სამყაროს
დროის ბორბალი,
ხან კერპებს იხმობს წარსულიდან
გაიმის, გაცის,
როცა ვერაფრით ვერ წყნარდება
სული მბორგალი,
იქ ვარსკვლავეთში მეტეორთა
სუფრასაც გაშლის.
ევნება ასჯერ ქრისტესავით
ჯვარს და სალოცავს,
მხოლოდ ლექსებში თუ იპოვის
ხსნასა და საშველს,
პოეტი კაცი, უხვად გასცემს
მადლს და საბოძვარს,
რომ ამქვეყნიურ და კოსმიურ
სივრცეებს გავცდეთ.
მაია დიაკონიძე
4.09.2024წელი

Tuesday, September 3, 2024

სევდა

სევდა
მალე ზამთარიც მოვა,
სულს გამითეთრებს თოვლი,
გარეთ იდგება თოვა,
პერანგს ჩამაცმევს მოვის.
გულზე დამკიდებს ზარებს
გზააბნეული ცხვარის,
ყინვა გამოცდის ძალებს,
ნათელს დამადგამს მთვარის.
მაია დიაკონიძე
3.09.2024 წელი


Sunday, September 1, 2024

შენ, სამშობლოვ! (პატრიოტული)

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული სამშობლოა!
შენ სამშობლოვ!
რაღად მინდა მე სასმისი
ღვინით სავსე,
თუ კი უკვე მთვრალი ვარ და
შენთვის ვკვდები,
გავეკვრები მე, სამშობლოვ,
შენთვის ჯვარზე,
გარდმომხსენი, გამომასხი
მერცხლის ფრთები.
გადავუფრენ კლდეებს
მზეზე გაფენილებს,
სადარაჯოდ რომ ჩამდგარან
მოწიწებით,
გვირილები ამოსულა
ქვაფენილზე,
აგვისტოა და შენი მზით
დავიწვები.
გრემ-გელათის შემხედვარე,
გავცოცხლდები,
უკვდავების წყაროს წყალი
დამედინოს,
ზეცას შევთხოვ სასოებით
და ლოცვებით,
შენ, სამშობლოვ, არაფერი
არ გვეტკინოს!
მაია დიაკონიძე
31.08. 2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტელეფონი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, ლიკა ფარცვანია და 13 სხვა პიროვნება

დუმილში ვატევ...

 დუმილში ვატევ...

დუმილში ვატევ ყველა ჩემს სიტყვას,
ხმამაღალ ნათქვამს ან რა ფასი აქვს,
ჩამოცვენილა ათასი ტყვია,
ვით მიმიკები ქვის ანფასიდან.
ეს შემოდგომა ისე მამწუხრებს,
ვით გადაფრენა წეროებისა,
თითქოსდა მიჭერს ვიღაც მარწუხებს
და შედეგს ვიმკი შეცდომებისას.
უცხო ლანდშაფტი ცოტას მამძიმებს,
ცას სწყდება ცრემლი, როგორც მძივები,
არტერია მკლავს ჩემი საძილე,
წიგნადაც უკვე, არ ვიკითხები.
თუ მაინც გინდა რომ მომისმინო,
კვლავ დაინახო თვალში ჭინკები,
ჩემს ძარღვში სისხლად უნდა იდინო,
ვით თიხის სურა, კვლავ შევიკვრები.
მაია დიაკონიძე
31.08.2024 წელი