Thursday, September 7, 2023

შენა ხარ!(პირველი ვარიანტი)

 შენა ხარ ჩემი ანი და ჰოე,

და ასვეტილი მზისკენ ტაძარი,

ეს არის უცებ, რაც მომაგონე,

რაც ჩემი გულის ძირში დავძარი.

არ მითენდება უშენოდ არც დღე,

უშენოს მწყალობს მელანქოლია,

და ის ფიქრები,  შენ ერთს რომ განდე,

ჩემს მაჯისცემას გამოჰყოლია.

2.09.2023 წელი





 სარიტუალო ბროში მაჩუქე,

მერე ღიმილით დამხვდი კარებთან,

მითხარი, რომ ამ ჩვენს დიდ სიყვარულს,

არ უწერია გარდაცვალება.

დახურე კარი, როგორც შამანმა,

იწყე წასვლა და ნელ-ნელ გაქრობა,

ამ ბროშს მიიღებ, როგორც ამანათს,

ამ სიყვარულსაც ელის ჩაქრობა.


Wednesday, September 6, 2023

 გზაზე ჰკიდია წითელი კაბა,

გავიდა უკვე მრავალი წელი,

ჩემ გასაკვირვად და საცნაურად,

იმას არასდროს ეცვლება ფერი.

ბრწყინავს, კაშკაშებს თაკარა მზეზე,

ლამაზი, როგორც პერანგი გველის,

ნეტავ თუ არის რამე შუქურა,

ნავსაყუდელი პატარა გემის.

ნეტავ თუ ელის ის თავის პატრონს,

ან შეყვარებულს, შორიდან ელის,

გზაზე ჰკიდია წითელი კაბა

და არასოდეს ეცვლება ფერი.


წარსულის ზმანებები, ავტ. გელა ციგროშვილი

 წ ა რ ს უ ლ ი ს ზ მ ა ნ ე ბ ე ბ ი

შირაქის ველზე დაბრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
ელამი თვალით გადმოსცქერის ნამგალა მთვარე
სახელდახელოდ მოქოხებულ ტოტების კარავს..
გუთნეულები შებმულია ელის ალიონს,
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი..
პაპა ღიმილით დინჯად ქაჩავს კაკლის ყალიონს,
არ მოუხუჭავთ ყოჩაღ ბავშვებს მთელ ღამეს თვალი..
მორიგეობით ამატებენ ცეცხლს ტოტებს ღვიის
წიწვი ბრიალებს,მწარე ბოლი კოღოებს აფრთხობს..
შემოვერცხლილან ვაჟკაცები,--მღეჭავნი ტყვიის,
მათ ფეხებთან კი ისევ მათი ბავშვობა ანცობს..
ჩაჰხუტებიან,მოჰხვევიან მუხლებზე პაპებს,
ღამეც მშვიდია,შესაფერი მინდვრის და ველის..
თვალანთებულნი ყურს უგდებენ ლეგენდა-ზღაპრებს
და ყველა ერთად შირაქის ცის ალიონს ელის..
ბერი კოპალა ლახტის ქნევით მოჰკივის დევებს,
ავის გორისკენ იახსარი მოუძღვის ლაშქარს..
ღვთისშვილთ ყიჟინა შემოურბენს ფხოვის მთა--ხევებს
და ნიშანს აძლევს,მათ საშველად მომქროლავ ლაშარს..
სად ქრება მითი,ისტორია ან სად იწყება?!--
არ უკვირს ქართველთ ბრძოლისა და ყიჟინის ხმები..
არ დადგეს ეჭვქვეშ არაგველთა რწმენა-- ღირსება,
ფიცვერცხლნაჭამნი კრწანისისკენ მოქრიან ძმები..
შესწებებია ჯაჭვ--ჯავშანი სისხლიან სხეულს,
მარტო სიკვდილი თუ დაიხსნის კარგ ყმებს ფიცისგან,,
ექვსი ათასი შეილეწეს ლეგენდად ქცეულთ,
სხვას რას ელოდნენ არაგველთა მოდგმა--ჯიშისგან?!
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი,
ცისკრის ვარსკვლავმაც გაიბრწყინა მზისკენ მავალმა..
ტოროლამ ცაში საგალობლის გაავლო კვალი
უკვე მესამედ დაიყივლა სოფლად მამალმა..
პაპა ადგება,შეუძახებს ღამის მათევრებს,
ნაბდის კალთებზე ყველა თავის საგზალს გააწყობს..
წაიხემსებენ,მოირგებენ წელზე სატევრებს
და გუთნის დედა მეხრეებსაც რიგზე დააწყობს..
ანთებულ სანთლებს ხარებს მშვიდად მიაკრავს რქებზე,
ცა--ქვეყნის გამჩენს მოზვრის მომცრო ყანწით დალოცავს..
აღმოსავლეთით დაძრულ ნათელს გაჰხედავს მთებზე,
წყალობას შესთხოვს ოთხივ კუთხივ წმინდა სალოცავს..
გადაჰკრავს სახრეს მომლოდინე ნიშებს და შვინდებს
და ალიონზე გაიბნევა წკრიალა ხმები..
დღეს აქ ხარებით არვინ ებრძვის საწუთროს ბინდებს,
წარსულო,--ერთგულ წიქარასთან ერთადა კვდები..
პაპები წვრთნიდნენ ცოტა ხნის წინ ,,ალგეთის ლეკვებს'',
სხვა დრო მოსულა, მომავალი მძიმე ექნებათ..
აღარვინ ებრძვის ათას მომხდურს;-თურქს,სპარსს თუ ლეკებს
ბავშვებიც მიყავთ,სექტემბრიდან სწავლა ეწყებათ..
ყოველ საღამოს მობრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
გულისტკივილით გადმოსცქერის ჭაღარა მთვარე
შირაქის ველზე მიტოვებულ ტოტების კარავს!!..
გელა ციგროშვილი
2.09.13

მთებო!

 ამ ღამით ხელი კვლავ შევახე თეთრ რძისფერ ნისლებს,

თავსაფრებივით თავზე, მხრებზე მოგიხვევიათ,

ჩემო ნაღდებო, გული მაინც თქვენკენ რომ მიწევს,

ძახილი მესმის - მაჯისცემა შორი ხევიდან.

აჰა, მოვედი, მიბუბუნეთ, ჩემო კარგებო,

ავს და ბოროტ გზას ამარიდეთ, როგორც აქამდე,

ცოდვით ცხოვრება, მეუბნებით, შენს სულს ავნებსო,

მიმიღეთ თქვენთან, სისპეტაკით თოვლის  ამავსეთ.






ყოველი დილა

 თუ არ ვითვლიდი ადრე დღეებს კალენდარულებს

და ვით ხმელ ფოთლებს  უგზოუკვლოდ ვასაფლავებდი,

დღეს ყველა დილა ჩვილ ბავშვივით თვალს აფახულებს

სიცოცხლეს ვლოცავ  ტკივილიან გაასმაგებით.

თითქოს რეკავენ დედო ზარნი, თენდება დილა,

და ყოველი დღე მოგილოცო, მინდა, მამულო,

შემს ნაკადულში ვიცურავო ბავშვივით მინდა,

ეს აღმაფრებნა არასოდეს არ დაასრულო.


Tuesday, September 5, 2023

 შენი ღიმილით გამოვიზამთრე,

მათბობდა, როგორც ცხელი მზის სხივი,

თან დამყვებოდა შენი სინაზე

ფერმკრთალი მოლი მწვანე ფითრივით.

ქუდბედიანი ვყოფილვარ თურმე,

რომ არ მიმეცი ქვას და ქარაშოტს,

ქვიშას მისანი რამლივით ურევს,

არ მიმატოვებ, ვიცი, არასდროს.