Tuesday, September 5, 2023

როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას...

ამ დღეებში მეგობრებთან საუბრებში ლეილისა და მაჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია გავიხსენეთ. ალბათ, გახსოვთ: ,,ლეილი და მაჯნუნი" - ნიზამ განჯევის პოემა, რომლის მიხედვით ფილმიც იქნა გადაღებული, სპექტაკლიც დაიდგა, ბალეტიც, მრავალი მუსიკალური და მხატვრული ნაწარმოები შეიქმნა. ითარგმნა მრავალ ენაზე. საინტერესოა, რომ ლეილი არაფრით არ იყო გამორჩეული, მაგრამ მაჯნუნს უზომოდ უყვარდა და როდესაც მას ჩადრი ახადეს და ერთი ჩვეულებრივი ქალი დაინახეს, გაკვირდნენ. მაშინ ლეილმა უპასუხა, რომ მოგეწონოთ, მაშინ მაჯნუნის თვალებით უნდა შემომხედოთო. ეს ამბავი გამახსენდა და ღამით ეს ლექსიც ჩავწერე, თუ მოგეწონებათ:
როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!
როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას
და მოშხამული სითხით ივსები,
ძილს თუ მიეცი თავი საღათას,
რა გაგიკვირდეს გულში ისრები.
თუ კი გააქრე შენში მაჯნუნი,
შენი ლეილი ვერ დამინახე,
ნიშნობის შემხსენ მე სამაჯური,
შენი ვით გავხდე მე მეინახე.
თუ კი შენც გძლიეს, როგორც კართაგენს,
დროის დინების დიდ ომს დანებდი,
მაშ, სიყვარულის რად თხზავ არაკებს,
ანდა იმედებს რაღად მაძლვდი?!
სიოს რომ მოაქვს ნაზი ჩურჩული,
იქნება შენი ტკბილი ხმა არის,
ისევ გიხილო ჩემი მაჯნუნი,
კვლავ გავიგონო დილის საარი..
მაია დიაკონიძე
5.09.2023 წელი




Monday, September 4, 2023

 უფალს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,

მძიმედ მივცურავ ფიქრებში,
ფანჯრებთან უნდა მივიდე,
ძროხა ჩანს დიდი ჯიქნებით,
ბებია რქებზე ხელს უსვამს,
ბაბუ ბოსლის კარს გაუღებს,
არ შესცივდესო, ყინვაა,
სადგომში თივას ჩაუფენს,
თოვლით შესვრილა მიდამო,
ტოტები ჩაუზნექია,
მამა სახურავს ამაგრებს,
დედა ცეცხლს ჰმატებს კერიას,
რა მადლიანად მოთოვა,
თოვლის ფიფქს ვიჭერ ხელებით,
ხან თეთრონ რაშზე მივფრინავ
თეთრი ღრუბლების შეხებით...
უფალს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,
მას თუ გავუმხელ ხვაშიადს,
მიცხობს ბებია ხაჭაპურს...
მის ხელებს ვკოცნი მადლიანს.
მაია დიაკონიძე
4.09.2017 წელი
ყველა რეაქ

სტუდენტობის მოგონებებიდან (რთველი და გადაყრილი ყვავილები)

 ერთი ისტორია მინდა გავიხსენო. უნივერსიტეტში სწავლის დროს შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, 13 სექტემბერს, შრომით სემესტრში კახეთში წაგვიყვანეს ყურძნის საკრეფად. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან გავიდნენ ავტობუსები და როგორც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა კურსელმა შემახსენა, ჩვენს ავტობუსს თურმე ლურჯი ზოლი და ვარსკვლავები ეხატა, ხუმრობდა კიდეც თურმე, კოსმოსში მივდივართ თუ კახეთშიო. ჩავედით, დავლაგდით, დაიწყო ჩვენი შრომითი საქმინობა. თან რქაწითელს ვკრეფდით, თან პირს ვიტკბარუნებდით. მას მერე შემიყვარდა ყურძნის ეს ჯიში, ყველას მირჩევნია, კიდევ თითა ყურძენი მიყვარს განსაკუთრებულად, მაგასაც მივაწვდინეთ იქ ხელი, ეგეც გვაკრეფინეს. ახლა კი არც ერთი არ მეჭმევა, დიაბეტი მაქვს. რა თქმა უნდა, შრომით დიდად არ გვტვირთავდნენ კახელები, თავისუფალი დრო ბევრი გვქონდა, ვხალისობდით და ვლაღობდით. გვქონდა ერთი გადაძახილი, სიცილ-ხითხითი ვენახებში. გავიხედე ერთ დღეს და მომჩერებია ერთი ყმაწვილი ლურჯი თვალებით, მზერით მხვრიტავს პირდაპირ. მას მერე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ისიც იქ იყო, მზერით ვგრძნობდი მის იქ ყოფნას, გავიხედავდი, მიყურებდა, ისევ გავიხედავდი, ისევ მიყურებდა. ცუდად არის ამ ბიჭის საქმე-მეთქი, გავიფიქრე. ბოლოს სხვებმაც შეამჩნიეს ეს ამბავი, მაგრამ როგორც დაქალებმა იციან, ერთი ქოთქოთი ატეხეს, ეგ უბედური როგორ გიბედავს შემოხედვას, სად შენ და სად ეგო, არა და ცუდი ბიჭი არ იყო: მაღალი, ტანადი, მშვიდი, წყნარი.. ჩემს ფაკულტეტზე არ სწავლობდა, ამიტომ არ ვიცნობდი. თვითონ ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება ვერ გაბედა. მოვიდა სწავლის დროც. დავბრუნდით უნივერსიტეტში, გოგო-ბიჭებით გადაიჭედა ფოიე და დერეფნები. არის ერთი ჟრიამული და ხალისი. შესვენებაზე სასადილოში ჩავედით. დიდი სასადილო გვქონდა მაღლივ კორპუსში. ვსხედვართ გოგოები, გვაქვს გამართული ჭორაობა, ამბების მოყოლა, ვინ როგორ გაატარა ზაფხული. ამ დროს უცნობი ყმაწვილი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და გარეთ გამიხმო, გეძახიანო. გავბრაზდი საშინლად, გოგოებთან ლაპარაკი და ჭამა რომ შემაწყვეტინეს. გავედი გარეთ და რას ვხედავ, დგას ის ჩვენი ყმაწვილი ვენახებიდან და ხელში მიხაკების უზარმაზარი თაიგული უჭირავს. მეგობრები იქვე გვერდზე დგანან. უარესად გავბრაზდი, ეს თავხედი რას ბედავს-მეთქი. უარი ვთქვი ყვავილებზე და უკან შევბრუნდი. სასადილოდან რომ გამოვედი გოგოების თანხლებით, ისევ იქ მელოდებოდა. ყველანი ჩამოგვეცალნენ, მარტო დაგვტოვეს. მთხოვა, ოღონდ აიღე ახლა ეს ყვავილები, ცხოვრებაში აღარ მოვალ შენთანო. ყურადღებაც არ მივაქციე, კიბეებზე ამომყვა, მემუდარებოდა, მეხვეწებოდა, ნუ შემარცხვენო მთელი უნივერსიტეტის წინ, ამაყად განვაგრძობდი გზას, ბოლოს გამოვართვი ყვავილები და მის თვალწინ გადავყარე. მას მერე არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის. როცა ეს ამბავი მახსენდება, ყოველთვის გული მტკივა და მრცხვენია, ალბათ, რამდენი ფული დახარჯა სტუდენტმა ბიჭმა, რომ ის მიხაკები ეყიდა, ჩემს ტოლებს გეხსომებათ, საკმაოდ ძვირი იყო. იქნებ იმ გადაყრილი ყვავილების ბრალია ჩემი წარუმატებლობა ბევრ საქმეში?! ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის ახლა.

მაია დიაკონიძე
4.09.2020წელი

Sunday, September 3, 2023

ვერხვები

 ვერხვები


დავრჩე, არ დავრჩე, კენჭი ვყარე,
და პასუხს ველი,
კვლავ სევდით სავსე მივუყვები
ქალაქის ქუჩებს,
ვხედავ, ვერხვებიც აბუზულან,
თვალი აქვთ სველი,
და გამალებით აწვალებენ,
იკვნეტენ ტუჩებს.

მათ შემიძლია გავუმხილო
ჩემი ფიქრები,
გავუზიარო ჩემი სულის
ალგორითმები,
არ დამცინებენ ქართან ბრძოლით
გადაღლილები,
გზას დამითმობენ სიყვარულით
და მორიდებით.
მაია დიაკონიძე
3.09.2023 წელი

Saturday, September 2, 2023

ბავშვობას შევხვდი და...

ბავშვობას შევხვდი და...

ბავშვობას შევხვდი და ბევრიც ვიღიღინეთ,
ვერაფრით გავუშვი ხელი,
დავწყვიტეთ ყაყაჩოც, გვირილაც, ღიღილოც,
ეჰ, რა სჯობს, ცოდვას გამხელილს.

პეპლებსაც ვდიეთ და ფოთლებიც ავკინძეთ,
მზესაც გავუსწორეთ თვალი,
მამა რომ აგებდა, იმ სახლის საძირკველს,
შთავბერეთ სიცოცხლის ძალი..

არა გვწყინდებოდა კენჭებზე სირბილი,
მდინარის ნაპირას ყოფნა,
და სადღა გამქრალა იმედის ის სხივი,
ბავშვებს რომ თვალებში გვქონდა.

შევხვდი და ცრემლიანს მე თვითონ დავცილდი,
თუმცა დავიტოვე გულში,
ახლა ის ბავშვობა დიდ გზაზე მაცილებს,
სადღაა, რაც იყო გუშინ?!
მაია დიაკონიძე
31.08. 2023 წელი






შენი ღიმილი

 შენი ღიმილი ის ყვითელი ბერგამოტია,

არომატით და ნაზი ფერით სულ რომ მიზიდავს,

და ზღვის ფსკერიდან ოქროს თევზად რომ ამოდიან,

ჩემთა სურვილთა ასრულების აქვთ მათ მისია.

- ინატრე რამე, - მეუბნება თევზი მისანი,

რომ ამისრულოს ერთი ნატვრა, აქვს ეს მიზანი, 

მე კი ვინატრე, ყავა, მხოლოდ ორი ფინჯანი,

ერთად ვსვამთ ყავას, განა მოაქვს ამას ზიანი..





განა იციან ახლა ჩიტებმა,
როგორი სევდით მევსება გული,
შენც წახვალ ალბათ და გაფრინდები,
გაირინდება ტკივილით სული.
განა, იციან ჭრელმა ჩიტებმა,
რა შორი არის დღეს გაზაფხული?!