Monday, November 14, 2022

 ფანჯრის რაფაზე ბალბებს შვცქერ ნაზებს, ფაქიზებს,

და სილამაზე მათი ძლიერ, ძლიერ მაკვირვებს,

დედას უყვარდა, გამორჩევით თეთრი ბალბები,

სიწმინდესა და სისპეტაკეს ნაზიარები.

ახლაც ვიყნოსავ იმათ სურნელს, მის თავს მაგონებს,

მოგონებების თან მივყვები ზღაპრულ ვაგონებს,

და არასოდეს ამ ფიქრებით არ დავიღლები, 

ფანჯრის რაფას ხომ სულ ამშვენებს თეთრი,  წითლები.



Sunday, November 13, 2022

,,იავნანა", მინიატურა

  ხევში დაჭრილი ირემი იწვა და თვალებს ატრიალებდა. შვილები ზედ დასცქეროდნენ, ვერ ხვდებოდნენ რატომ წაიქცა დედა, რატომ სდიოდა სისხლი, რომელიც გუბედ დამდგარიყო მათ ფეხებთან. საწყალობლად ზმუოდა დედა ირემი, შვილები ბანს აძლევდნენ, მაგრამ ეძინა ქვეყანას, მხოლოდ ლექსომ გაიგო დაჭრილი ირემის ხმა სოფელში. თბილად ჩაიცვა, დედ-მამას სახლიდან გაეპარა და ტყისკენ აიღო გეზი, მიხვდა, ცხოველებს რაღაცა უჭირდათ. დაიარა ტყე-კლდე, ბოლოს დაჭრილ ირემს წაადგა თავზე, პატარა ნუკრები გვერდზე მისწოლოდნენ, ალაგ-ალაგ სისხლიანი ბეწვით საცოდავად გამოიყურებოდნენ. მიხვდა, დედა ირემს აღარაფერი ეშველებოდა, მოჰკიდა პატარებს ხელი და სოფლისკენ დაეშვა. იმ ღამით ლექსომ სიმფონია დაწერა, ტკივილის, სინანულის, სიცოცხლის სიმფონია, რომელმაც დედამიწა შემოოიარა და უტკბილეს ,,იავნანად" იქცა, რომელსაც ვეღარასოდეს უმღერებდა დედა ირემი თავის შვილებს. 

.  

ქარო! (სატრფიალო)

 შენ სიხარულის, ჩემი დარდის თანაზიარო,

ქარო, მიაპობ ტრამალებს და უბელო ცხენის

ჟინმა და ლტოლვამ გინდა უცებ გადაგიაროს,

იპოვო შენი ერთადერთი, არ გინდა მეტი.

ეჟვნის ჟღარუნით გინდა ამცნო ყველას და ყოველს,

რომ გიყვარს, ნატრობ, მასთან იყო ყოველი წუთი,

ჟამთმდინარება მაგ შენს გრძნობებს ღეჭავს და ცოხნის

და ვერ განსაზღვრე, როგორც ვხედავ, შენ აზიმუტი. 

.


მინიმა

 ხანდახან ვტირი, სინანულის მომდის ცრემლები,

უნდობლობას და ხანდახან კი ნდობასაც მოაქვს,

ამ ქვეყანაზე ვერაფრით მე ვერ გავკვირდები,

მაგრამ მაინც მწყინს, როცა სიტყვა დაკარგავს წონას.




 დაძრწის ქარი და სამართალს თესავს,

მარჯვნივ და მარცხნივ სუყველას ცელავს,

რომ შეუერთოს მარადისობას,

ღმერთი შეუხვევს ყველა ჭრილობას..



მე დამესიზმრე

 მე დამესიზმრე, ჰგავდი ადონისს,

ალმოდებული ხე ვიდექ იქვე,

და თითქოს ვიყავ ამ მზის ავტორი,

ჩემი თვალიდან ისხლეტდა სხივებს.

და გახლართული ჩემს ტოტებს შორის,

თითქოს ზედ მეწვა  სიზიფეს ლოდი,

ვგრძნობდი არაა სიბერე შორი

და შემპარავი ძაღლივით მოდის.

სივრცესა ვყოფდი არეალებად,

– წლები მიღრღნიდა ტანსა და მერქანს,

მზე მედებოდა ტანზე ალებად,

მეც ვაკავებდი ფოთლების ცვენას.

ქარს ვთხოვდი, იქნებ ცოტა დავენდე,

კიდევ შემეგრძნო სუნთქვა არილის,

და მაინც ბოლოს შენაც გაგენდე,

მომაპყარ თვალი ციურ ხარ-ირმის.

ვიგრძენი, შენაც გიყვარდი, გწამდი,

მეც მოვიხდინე წითელი ქობა, 

ზარებს ჩამოჰკრავს დეკემბრის ქარი,

შენც, როგორც ღმერთი, საშველად მოხვალ.

მაია დიაკონიძე

13.11.2022წელი


.




 


.



Saturday, November 12, 2022

მახსოვს ...(დედა და მამა)

მახსოვს თეთრ თოვლში მათი ფეხის ნაფეხურები,

ერთურთს მისდევდა, აირია, მერე კი გაქრა,

და მიღიმიან მე, ჯერეთ ბავშვს, დამდგარს პარმაღზე,

ხელს მიქნევენ და მეძახიან დედა და მამა.

და მეც გავრბივარ, ფიფქებს მაყრის თავზე ზამთარი,

ფანტელებსა და დიდ თეთრ თოვლში ნაძვები მოჩანს,

მეც მიხარია, რომ ესვრიან გუნდებს ერთმანეთს,

მაგრამ ზღაპარი, როგორც ყველა, დამთავრდა, მორჩა.

ახლაც, როდესაც შემოაღწევს სიცივე გულში,

როცა ნაძვები თეთრ ზამთარში იდგამენ ქობას,

ვგრძნობ იქ არიან სპეტაკ თოვლში სულით ბავშვები

და თოვლის პაპას მახვედრებენ, თვალს ვახელ როცა.