Friday, September 16, 2022

 შემოდგომა მოვიდა და გამახსენდი,

მოგონების მომაყარა ფიქრი ქარმა,

თავს დამატყდა სიმფონიის პასაჟები,

თავს ვარწმუნებ, ,,არ მომწონდა, არ მიყვარდა..."

მაგრამ სისხლში სულ სხვა ნოტი შემოვიდა,

შემოდგომის წვიმა ცრის და გულსაც ყინავს,

ჩემკენ როცა მზის სხივები მოდიოდა,

ვერ მოგეცი, შენ ჩემს გულში თბილი ბინა.

ახლა სევდას, როგორც ღვინოს ეეძალები,

თავს გეხვევი, შენ კი ესეც აღარ გინდა,

ჩემო კარგო, მიყვარხარ და მენატრები,

აბა, როგორ დავიძინო ახლა მშვიდად.








მინიმა

 მარტოსული ხარ და ვერავინ ვერა გრძნობს ამას,

სადღაც შორს ჩვენგან ვიღაც დიდი შენს ბედსა ჰქარგავს,

ნათელი იყოს ეს ცხოვრება შენთვის, თუ ბნელი,

ნუ დაღონდები, მიეც გული ქვეყანას ცხელი.


Thursday, September 15, 2022

აკვანი ჩემთვის (ჩანახატი)

 ჩემთვის აკვანი მარადიული ღირებულებების სომბოლოა, ახალი სიცოცხლის დაბადების, მზის, მზე ხომ სიცოცხლის წყაროა, დასაწყისი და, ალბათ, დასასრულიც. წავყვებით ოდესღაც მზის სხივებს ცათა საუფლოში, დაივანებენ ჩვენი სულები მზის სამფლობელოში. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პატარა ძმის სახე აკვანში, შემოვუსხდებოდით დედა და ჩვენ, ოთხი პატარა, აკვანს, თან ვარწევდით რიგ-რიგობით, დედა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს" გვიკითხავდა, ქართული კითხვა ახალი ნასწავლი ჰქონდა, ის ხომ უკრაინელი იყო. მეც აკვანში გავიზარდე. წინა კვირას წინამძღვრიშვილზე იყიდებოდა ორას ლარად, ულამაზესი, ნეტავ, ახლა თუ აკეთებენ აკვნებს? თუ არიან ოსტატები? სიამოვნებით შევიძენდი და დავდგამდი სახლში, რა სილამაზეა. ღმერთო! ჩემს ბავშვობაში კარგად მახსოვს იმერეთში სულ აკვნებში ზრდიდნენ ბავშვებს. თუმცა ახლა მედიცინა ამის წინააღმდეგია.

მინიმა, სპექტაკლია, როგორც ვხედავ

 სპექტაკლია, როგორც ვხედავ, ეს ქვეყანა,

ზოგი მარად ავანსცენას კურირებს,
ზოგს დარბაზში მისცეს როლი მაყურებლის,
ზოგი კიდევ, ვეღარ სცდება კულისებს.
მაია დიაკონიძე
14.09.2022 წელი

შენ იყავი (სატრფიალო) (პირველი ვარიანტი)

 შენ იყავი, ვხედავ, ჩემი განაჩენი,

ან საიდან, ან და რატომ გაჩნდი?!

შენ ხარ ჩემთვის სიხარულის, მადლის მჩენი,

როს შეგნიშნე, ზეცას წეროდ აჩნდი.

გაფრინდი და არ აპირებ დაბრუნებას,

ელოდები გაზაფხულის ამინდს,

მაგრამ თუ ხარ ჩემი სვე და ბედისწერა,

ოდესმე  ხომ დაბრუნდები მაინც.


კაფიობა, ,,შოთაობაზე" ნუნუ ძამუკაშვილის მიერ თქმულ ლექსთან დაკავშირებით (ელგუჯა ციგროშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი), მეოცე საუკუნის 80-იანი წლები

                                               

კაფიობა, ,,შოთაობაზე" ნუნუ ძამუკაშვილის მიერ თქმულ ლექსთან დაკავშირებით (ელგუჯა ციგროშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი)


 სუ, ბალღებს უწერ ლექსებსა,

დღეს დაგიწერავ სადიდო;

არც, ვისმეს, გაუკვირდება, -

სულმნათი შოთა ადიდო...

სხვაც ბევრი წამიკითხია, –

ლექსები გასაკვირველი,

შოთას ბავშვობა დაწერე,

მსურს, რომ შენ იყო - პირველი...


პასუხი:

როგორ, შევიძლო, ძამიავ,

შეუძლებელი, - როგორა?!

მას შემდეგ, რამდენი ლოდი,

ქვა ხავსიანი მოგორავს.

 

შოთას ბალღობის დაწერა

ასე, რომ იყოს - ადვილი,

დაწერდა, ვინმე, მგოსანი, -

შეგსრულებოდა წადილი...

 

ვერა ბედავენ, ეტყობა,

თუმც ნიჭიც ყოფნით, გონებაც,

ჩემი ძმობილი, ელგუჯა,

ამით, ნუ დამიღონდება.


ნუნუ ძამუკაშვილი



„შაირსიტყვითა მესტვირემ“, ავტ. ნუნუ ძამუკაშვილი

 

„შაირსიტყვითა მესტვირემ“

 

ოთხმოციანი წლებია. თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ყოველ შაბათ დღეს ტარდებოდა პოეტურ-შემოქმედებითი შეხვედრები. შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ: ჯერ, ლექტორი, - ოთარ გოგიაშვილი, ხოლო, შემდეგ ბიბლიოგრაფი, - დალი ჯავარაშვილი.

ვიკრიბებოდით ყველა თაობის პოეტები, პროზაიკოსები: ზინა სოლომნიშვილი, ეთერ ანაშვილი, თამარ გრემელაშვილი, თამაზ მაისურაძე, მარიამ კოზმანიშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი, თამარ კოლელიშვილი, გიორგი კონდოლელი, ცისანა თვალიაშვილი, კარლო ქართველიშვილი, ელგუჯა ციგროშვილი და სხვანი.

ეს წლები გულს ლამაზ მოგონებად შემორჩა.

ერთ-ერთი ამ დღეს, ლიტერატურული სალონის მსვლელობისას, ვკითხულობ ლექსს შოთა რუსთაველზე ეს იყო სახალხო დღესასწაულის, - იყალთოს სახალხო უნივერსიტეტის, - ,,შოთაობის" ახლო ხანში. დავამთავრე ლექსის კითხვა. ტაში და ოვაციები მოჰყვა მოწონების ნიშნად და... ელგუჯა ციგროშვილი ფურცელს მაწვდის, სადაც წერია კაფია.

,,სუ, ბალღებს უწერ ლექსებსა,

დღეს დაგიწერავ სადიდო;

არც, ვისმეს, გაუკვირდება, -

სულმნათი შოთა ადიდო.

 

სხვაც ბევრი წამიკითხია, –

ლექსები გასაკვირველი,

შოთას ბავშვობა დაწერე,

მსურს, რომ შენ იყო - პირველი...“

 

 

 

სულ, ორი სტროფი. მეორე სტროფში დიდი რუდუნებით მთხოვთ, - შოთას ბავშვობა დაწერეო.

არ გასულა ორიოდე  წუთი, რომ პასუხი დაუბრუნდა, ასეთი კაფიით.

როგორ, შევიძლო, ძამიავ,

შეუძლებელი, - როგორა?!

მას შემდეგ, რამდენი ლოდი,

ქვა ხავსიანი მოგორავს.

 

შოთას ბალღობის დაწერა

ასე, რომ იყოს - ადვილი,

დაწერდა, ვინმე, მგოსანი, -

შეგსრულებოდა წადილი...

 

ვერა ბედავენ, ეტყობა,

თუმც ნიჭიც ყოფნით, გონებაც,

ჩემი ძმობილი, ელგუჯა,

ამით, ნუ დამიღონდება.

 

იმ დღემ, ასე, ლამაზად ჩაიარა.

ექნება, ელგუჯას, ისევ, იმედი, რომ მის სურვილს შევასრულებ?..

ვნახოთ...

 

ნუნუ ძამუკაშვილი