Wednesday, July 6, 2022

მივდივარ ზევით (ერთსტროფიანი, მინიმა)

 მივდივარ ზევით, ნელა-ნელა ცისფერი ცისკენ,

იქნება მეყოს, რაც რომ, ტვირთი ამ მხრებით ვზიდე,

შენ გამიმართე და მომეცი, უფალო, ხელი,

აბა, კაცისგან მე სიკეთეს უკვე არ ველი.


Tuesday, July 5, 2022

დაბადების დღის მილოცვა ელგუჯა ციგროშვილს! ავტ. ლეილა არჩემაშვილი

  ღვთის მადლისა და დედის მანდილის მლოცველო, ძელქვაზე მაგარი ჯიშისა და ჯილაგის ქართველო კაცო, იმ წინაპართა შთამომავალო, წიგნთან ერთად მახვილიც რომ ეპყრათ, სამასი არაგველის ხეობების შვილო, ჩვენო საამაყო ელგუჯა ციგროშვილო, დაბადების დღეს გილოცავ!

მადლი ჰქენიო, ქვაზე დადეო... ასე გაგზარდეს ძვირფასმა მშობლებმა.
სხვისი სიხარულით ხარობ, ვიცი.
ამის გამოა, რომ ზამთარ და ზაფხულ შენს თვალებში ყვავის აპრილი; ბოღმა და შური სახეზე ჩრდილს ვერ გფენს, შენ ბოროტებისთვის გულში ადგილი არ გაქვს.
მოყვასი გეგულება კიბედ და ხიდად.
შენი ნატვრა და ოცნებაა ,,ქართველთ საქართველოს ღვთის მადლი ჰფარავდეს!" უფალს სამშობლოში შვილთა და შვილიშვილთა მატებას ევედრები...
შენს ერთ-ერთ უმშვენიერეს ლექსში ,,სადაც კი დავალ" ამბობ, რომ
,,ქართული თიხით მოზელილი ადამი ვარ და
სადაც კი დავალ, საქართველო დამაქვს სხეულით!"
ეს კარგად ეტყობა შენს საქმიანობასა და ლამაზ ლექსებს. როგორ ძალიან ჰგავხარ შენს პოეზიას!
როგორ რეალურად და ობიექტურად ხედავ შორიდან შენი ქვეყნის ცხოვრებას.
,,მოქუფრულია ზეცა მამულის,
ჩავიდა მზე და... ჯერ არ ჩანს მთვარე;
ვძებნე მალამო ამ ჩვენი წყლულის,
შიგნით ქვეყნისა და ქვეყნის გარე.
მწარეა, ვატყობ, ღვთის განაჩენი,
ტყუილად ველით ბნელში მზის არილს,
რადგან უძღები მოყვასი ჩვენი,
მამულის წყლულებს ზედ აყრის მარილს!"
ესეც ქართული გულის მატარებელი კაცის ნათქვამია:
,,ყველა სიმდიდრე, ქვეყნის გაერეთ, ყოფილა გროში,
ღმერთო, ზამთარი დამასიზმრე ჩემს ქვეყანაში!"
მზად ხარ _ უღელი მომავლისკენ გასწიო, ოღონდაც სამშობლოში სწორად გაივლოს ხნულები. საქართველოს გაბრწყინებისთვის ლოცვაში მრავალჯერ ღამენათევი მზად ხარ სამშობლოს წყლულების სამკურნალოდ.
შენი ემიგრანტული ფიქრები მუდამ გამორჩეულად საყვარელ თელავ-ქალაქს დასტრიალებს. აქ შენს ბავშვობას ტკბილად სძინავს და იმ დროიდან ამორჩეული მოკაშკაშე ვარსკვლავიც ისევ ალმასივით ბრწყინავს. მართალია:
,,ნამდვილ სიყვარულს განშორება ვერ აფერმკრთალებს
და მონატრება ამ სიყვარულს გულზე მიქარგავს."
დიახ, გულზე სიყვარულამოქარგულს არც ქართველობა და არც ღირსება არ დაგიკარგავს!
გულგამოხრული და მაინც გაუტეხელი შენი ჭადრის ტკივილები ცრემლებამდე გტკივა. მზად ხარ, შენი ქალაქის თილისმას შეეხიდო და ძალა მისცე _ იცოცხლოს კვლავაც.
შენს საყვარელ თელავში უამრავჯერ გადმოგიბიჯოს ზამთარმა შემოდგომის მეწამულ სამანს!
,,ზეცა გაიცრიცა, როგორც ნაბდის ძველა,
ღრუბლის ნაგლეჯიდან მზემაც შემოგვცინა;
თითქოს შემოდგომამ ყველა ცისარტყელა
ციდან ჩამოხსნა და მიწას მოაფინა."
უნიჭიერესო პოეტო, როგორ ლამაზად დახატე შენი ქვეყნის შემოდგომა!
ვაჟას შვილობილო, ალუდაც ხარ, ბაკურიც, მინდიაც... და მშვენივრად ხედავ, რომ მომავლის იმედად და რწმენად სანათას დანთებულ სანთელი ანთია...
როცა ძალიან გიხარია, ვაჟას კითხულობ!
როცა ძალიან გიჭირს, კვლავ ვაჟას კითხულობ, რადგან სულის სალბუნს იქ პოულობ!
იწამე, ადიდე და გიყვარს უფალი. დღეს ბიბლიის ზედმიწევნით მცოდნემ, ჯერ კიდევ ბავშვობაში კარგად იცოდი, რომ თოვლზე ბალღურად, ბატიფეხურით ნაწერ საყმაწვილო ნატვრებს, უფალი წაიკითხავდა და უსათუოდ აგისრულებდა.
დავით გურამიშვილის გალექსილ ბიბლიას მაგონებს, როცა წერ:
,,ჩვენ ხომ შენდობის ღირსნიც არა ვართ
და ერთურთს ვერცხლზე დღემდისა ვყიდით.
საოცარია _ რატომ გიყვარვართ,
შენ მადლს გვითესდი, ჩვენ ცოდვას ვმკიდით."
შენში დიდი სევდის მომგვრელია ის, რომ ცით მოვლენილი და განკაცებული ღმერთი ჩვენ, ცოდვილმა ადამიანებმა, ვერ შევიცანით, უარვყავით და შეურაცხვყავით. ღმერთი ჩვენთან მოვიდა და ვერ შევიცანით. სატირალია ცოდვასთან წილნაყარი ჩვენი უსამართლობა. დიდი დავით გურამიშვილივით შენც გოდებ:
,,თითში ლურსმანი თუ შეგვერჭობა,
ჯვარზე მილუსმულს აქეთ გთხოვთ შველას."
ან
,,ყველას შენგან გვსურს თავისუფლება
და ამ დროს ჯვარზე ჩვენ გაგაკარით."
***
განსაკუთრებულად ლამაზია სიყვარული შენს მშვენიერ შემოქმედებაში. განუმეორებელი ეპითეტებით დახატული სატრფო _ ნუკრისთვალება მთისქალა, ხანაც თვალნისლა, ვარდის ფურცელზე შერჩენილი კამკამა ნამი, ხან დილის მზე და ხან ღამის ცისკარი, პირიმზესა და ხოხბის უნიკალურ სილამაზეს შედარებული პირმშვენიერი გულის დარდის გადამყრელი, ლამაზი ფერებით ბედნიერების ხალიჩას რომ ჰქსოვს. მონატრებას დღემდის მისი სახელი ჰქვია, თვალებს რომ სწყურია მისი დანახვა და ნდომა განუკურნელი ტკბილი ტკივილია.
ფიქრი... ფიქრი... თუნდაც სხვისთვის ნასროლი, ბუმერანგივით მაინც მასთან რომ ბრუნდება. მიმინოდ დაგეშილი ფიქრები მაინც ხოხბისკენ რომ გარბიან. მერე?
,,მე უშენობა ისე მტკივა, ისე მაწუხებს,
როგორც _ ავდრის წინ მოურჩენი ძველი იარა."
მხოლოდ შეხვედრაა ლოდინის ჯილდო და სურვილი _ პირიმზესთან ერთად ფშავის ხატობების დავლა... ჯანღისფერ ნაბადში მისი გახვევა...
იცის ნეტავ _ დარღვეულ სულზე რომ მალამოდ დაგედო?! რას იზამ? ,,მყვირალობაა, სიყვარულს ვერ დაემალები."
თანაც:
,,სულ არ მადარდებს, ეგოისტებს თუ მიმათვალეს,
დაგითავისე _ არავისთვის არ მემეტები."
ხან ეჭვი _
,,სევდის ჩამოეშვა ფარდა, სენი მომეძალა იჭვის,
ნეტავ უჩემობის გარდა სხვაც ხომ არაფერი გიჭირს."
ხან შეცოდება _ სიზმრიდან წასული შურის ეკლებზე ფეხშიშველი როგორ ივლის...
ხან სინანული _
,,ვარდობისთვეში სად იყავ, ოცნებათ ყვაილობაში?"
,,კარგ ქალ რო უკვე სხვისაა,
სოფელი ეგრე რად არი?"
ასეც ხდებაო, გვანუგეშებ მკითხველს: ჩამოინისლებაო კაშკაშა მზე, გარდაიცვლება ოცნებები და ნატყვიარი იმედები, გაფრინდება იმედის ფრინველი, მაგრამ ,,ვნების ყვავილი კვლავ გაიმაისებს."
მერე თეთრი ვარდების სანაცვლოდ ლექსის პწკარედებს აჩუქებ მინაწერით:
,,შენ ვერც გაიგებ, ასე ძლიერ თუ მედარდები,
ამდენი ხანი მე სულ ფიქრით დაგატარებდი."
და პოეტის უდიდესი სურვილი _ ,,მსურს შენს მშვენიერ თვალთა სარკეში ჩემი ხატება ჩანდეს!"
გიკვირს, შენს არაგვში ჩაგდებული დიდი ლოდის სიცივისა:
,,ლოდს კი რა? არც კი აათრთოლებს,
მისთვის უცხო არის დარდის თოვა."
ბოლოს კი თავად ეჭვობ:
,,იქნებ არცა ხარ ამ სამყაროში,
იქნებ მე თვითონ გამოგიგონე."
და ასკვნი:
,,სულ რომ არ იყო ამ სამყაროში,
მაშინ მე თვითონ მოგიგონებდი."
ელგუჯა, შენი ლამაზი შემოქმედების სხვა მრავალთაგან ერთ-ერთი თემაა _ სიზმარი.
,,სიზმარში უთვალავს გეფერები,
სიზმრები ციური ღვთის ქარია."
,,დავაბილიკე შენს სიზმრებში სავალი გზები..." და სხვ.
***
კიდევ დიდხანს ვისაუბრებდი, ელგუჯა, შენს შემოქმედებაზე, მაგრამ გადავდებ სამომავლოდ.
ბევრს ვიტყვი ჩემს საყვარელ ,,მგელზე"...
დღეს არაფერს ვამბობ შენს პოეზიაში გამოყენებულ ულამაზეს ტროპის სახეებზე. მხოლოდ შენი ლამაზი სტრიქონების პერიფრაზებით გესაუბრე,,,
სულითა და გულით გილოცავ დაბადების დღეს, უნიჭიერესო პოეტო! ბედნიერი გამყოფოს უფალმა შენს საყვარელ ხალხთან ერთად და გიმრავლოს მკითხველი!
დიდ შემოქმედებიღ წარმატებებს გისურვებ!
უფალი გფარავდეს!
მე შენი მშვენიერი შემოქმედების ერთ-ერთი მკითხველი და დამფასებელი ვარ.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით,
ლეილა არჩემაშვილი

ხელს ნუ გამიშვებ! (სატრფიალო)

ხელს ნუ გამიშვებ, ნუ დამტოვებ უკუნ ღამეში,
არ შემეყაროს სადმე ველზე ავი როშაქი,
მწედ და მსახურად მომევლინოს ცრუ გილგამეში
ანდა მეგზური ჩემი გახდეს ქარი ხორშაკი.
ხელს ნუ გამიშვებ, მომეც სულის მცირე საგზალი,
დამაპურე და წყალი მასვი უკვდავებისა,
შენ გარდა ამას ქვეყნად იზამს ჩემო არავინ, –
მე მოვდიოდი ზღვის ქაფიდან, ზამბახებიდან.
ნუ მკითხავ რატომ, მინდა მხოლოდ შენი შეწევნა,
ნუ მკითხავ, ჩემს სულს რად სწადია შენგან დანდობა,
ნესტან-დარეჯნის ბედი თუ კი მე დამეწერა,
მაშ, ეს სამყარო გიწვევს ისევ ბნელთან საომრად.

კომენტარი, ავთანდილ ჟღერია მაია დიაკონიძეს:

მოვკვდები,
ცოდვად დაგრჩები
მაგ უკარება გულშია,
შამიყვარ-შამისისხლხორცე,
ხინჯი არ დაგრჩეს სულშია.
ო როგორ მიყვარს ფერდობზე,
სათიბად მწიფე ველია,
შენი თვალები ზღვისფერი,
და სახე ხორბლისფერია.

პასუხი: მაია დიაკონიძე

ვაჟო, მერედა ვინ გიჭერს,
სულში თუ ალი გინთია,
ბოლო მოუღე მაგ იჭვებს,
იყავ ბრძენი, ვით მინდია.
მოდი და შემომეღობე,
როგორც განწირულს მაშველი,
ყანაში ყაყაჩოდ მოვალ,
მწყურვალს სათიბზე დაგხვდები.
მაია დიაკონიძე
5.07.2024 წელი



მარტო მოვდივართ(ერთსტროფიანი, მინიმა)

მარტო მოვდივართ და წავალთ მარტო,
ბედნიერების თუ ეძებ საზომს,
ყველასთვის იგი სხვადასხვა არის,
მისი მოძებმნა ღმერთმა ჩვენ გვანდო,
და თუ წყვილს ნახავ შენს შესაფერისს,
ამ ცხოვრებაში არ ივლი მარტო.

Monday, July 4, 2022

ერთსტროფიანი (მინიმა, სატრფიალო)

მე არ ვპატიობ გადავიწყებას,
ალბათ, ამიტომ ვარ ახლა მარტო,
ვერ შევერთვები მდორე დინებას,
უნდა ვუყვარდე, გული რომ ვანდო.

მეფე იყო და (სატრფიალო)

 მას თან მიჰქონდა ქარიშხალი ნაზი გრძნობების, 

ბედმა უსაზღვრო სიყვარულით გაათამამა,

მეფე იყო და მისი იყო ქვეყნად ყოველი,

მაგრამ ზღვის კიდეთ სიმარტოვის შერჩა ამარად.

ჩაწყნარდა ვნების ქარიშხალი, მორჩა სპექტაკლიც,

ასეთ დასასარულს ის არაფრით არ მოელოდა,

ზევიდან თეთრად დაჰნათოდა მთვარის სპეკალი, 

როგორც ბავშვს სურვილთასრულების მაინც სჯეროდა.

თავაწყვეტილი ჟინი, ლტოლვა ჟამმა წაიღო,

შერჩა ის ელბას, ვით ცალი რქა,   მარტოდ და კენტად,

მთელი ცხოვრება გულმშფოთვარე ლურჯი ზღვა იყო

და ამ ტალღების მეომარ სულს ატანდა სევდას. 

            =====================.

და ჟამო დიდო, ჟამო მცირევ, ჟამო ყოველთა,

განწირულია, ვინც კი შენ არ გემორჩილება,

სჯობს სიყვარული გქონდეს, კაცო, ვარდთა ცხოველთა,

არ შეგეყაროს ტრფობის დარდი, ტრფობის ციება.








Sunday, July 3, 2022

ვერ ამოვზიდე (პატრიოტული)

შემომეშველე, ღმერთო!

ვერ ამოვზიდე მე მიწიდან დაღლილი მხრები,
ფრთები რომ იყო ერთ დროს, ქვეყნის დასაბამიდან,
მაგრამ ცოდვებით ამ ხმელეთზე ძაფებით ვებმი,
რა ვუყო, თუ კი ოცნებად მაქვს, ცაში გაფრენა.
მე მუხასავით ჩავეზარდე ამ მიწას, ქართლის,
ტოტებს მაჭრიან, იარები მაწუხებს, მტკივა,
მაგრამ თუ ამდენ გრიგალსა და ქარებს გავუძელ,
ფესვს გაგიმაგრებ, რომ მოვკვდები, სამშობლოს მიწავ.
სული კი ზევით ღმერთის სამწყსოს შეუერთდება,
გადაიქცევა თეთრ ლოტოსად, ალუბლის კვირტად,
ვაზის ცრემლებად დამწურე და მომიალერსე,
შემომეშველე, ღმერთო, თუ კი  ფრთებს ვეღარ ვზიდავ.
მაია დიაკონიძე
3.07. 2022 წელი