მე შენს მკერდზე სანთელივით დავიღვენთე,
როგორც ქარი, ქარიშხალი მოგეჭერი,
დავეკითხო, მინდა, სკვითებს ანდა ხეთებს,
სიყვარულით თუ ვინ იყო ბედნიერი?!
მე შენს მკერდზე სანთელივით დავიღვენთე,
როგორც ქარი, ქარიშხალი მოგეჭერი,
დავეკითხო, მინდა, სკვითებს ანდა ხეთებს,
სიყვარულით თუ ვინ იყო ბედნიერი?!
შეღამებულზე მთვარე მოვა ჩემთან ფიქრებით,
შენ ჩემი სულის ტიხრებისგან აგამინანქრე,
ერთსა გთხოვ მხოლოდ, როცა გძინავს, მაშინ მინატრე.
ვაჟო, რაიზად გამირბი,
ვა, თუ ატარებ წყენასა,
დავიწყების წყალს მიმეცი,
გადამისროლე ლეთასა.
სიზმარში შორენა ვიყავ,
შენ ფიქრ მიმქონდა მცხეთასა,
ამაღამ ცხენს მოვაბრუნებ,
გადაგეყრები კვეტარსა.
ისევ იქ შევხვდეთ, ადრიდაც,
როცა ვიყავით ერთადა,
ჩემი ატმების ყვაილებ
ალერსი გქონდეს კვეხნადა.
რა ხანია, ღამე არ ჰგავს უკვე ღამეს,
იანვარიც თოვლს არ მესვრის გუნდებად,
სახეში მცემს უშენობის ქარიშხალი,
დამათოვა წლებმა იაგუნდებად.
სულში იჭვებს გაუდგიათ დიდი ფესვი,
გჭირდები კი?! დრო დამიდგა გამოცდის,
შორეთიდან სანატრელი ხმები მესმის:
– ძველ ადგილას გელოდები, გამოდი!
გუშინ ღამით ჩვენ ორივემ გავათენეთ
და იგემე ჩემი მკერდის ლალები,
არ ვიცი, თუ მოგეწონა მათი გემო,
ან ჩემს ტანზე დაფენილი ხალები.
სამოთხეს და დიდ სიამეს მიმაგებე,
რომ გამიღე ედემ-ბაღის კარები,
ასე მითხარ, — ჩემო სულო, ჩემო ნეკნო,
სიყვარულის წამკიდვია ალები!
იმ ბაღიდან გამოსვლაც კი არ მინდოდა,
შენში ვიყავ გრძნობებით არეული,
მაგრამ ასე რატომ ხდება, ჩემო ღმერთო,
სიზმრად ვიყავ მხოლოდ შენი რჩეული.
სულში აღელვებას რა ვუშველო,
თითქოს დამწყებია აპათია,
მინდა, იმასაც კი ვაპატიო,
ვისაც ვერავინ ვერ აპატია.
ტალღამ შემოჭრილმა საიდანღაც,
როგორც კართაგენი, დამარბია,
სულში აღარ დამრჩა არაფერი,
მხოლოდ ლექსებიღა მაბადია.