Sunday, January 2, 2022

გიყვარდა?! (სატრფიალო)

გიყვარდა?!

 

დამარხულ იქნა მეტეორები,

ცაზე გიჟურად რომ ისეირნეს,

კივილი ისმის ახლა ქორების,

გიყვარდა? მაგით რა იხეირე!

ღამე ჩამოცლის ხეხილის ბაღებს

და შეერევა ნათელი ბინდებს,

ახლა ღამურა მომძახებს ჩუმად,

გიყვარდა? მაგით რა იხეირე!

სულში ჩამდგარა ყინულის ლოდი,

ვერაფერი ცვლის უჟმურ ამინდებს,

ცა გაცრეცილი მომძახის სევდად,

გიყვარდა? მაგით რა იხეირე!

გადაიქცევა სისხლის წვეთებად

ძოწი, ლალი და მარჯნის საყურე

და გადმომძახებს ღმერთი ზემოდან,

 - გიყვარდა? ზეცა დაიმსახურე!.

 შობის ღამე დგებაო, 

ნატვრა აგვიხდებაო, 

ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე შობის ღამე დგებაო,

დიდებსაც და პატარებსაც

ყველას გვემღერებაო.

ღამე არის ჯადოსნური,

ირგვლივ ბევრი სანთელი,
ციმციმებენ ნათურები,

უსაზღვროა ნათელი,

გაიხსნება ზეცის კარი, 

ძირს წამოვა ფანტელი,

ყველას პირზე გვაკერია

ყრმა იესოს სახელი..

სასწაულის ღამე დგება,

დაიბადა იესო,

ცაზე მთვარემ, ვარსკვლავებმა

შუქი მოიფინესო,

ჩვენც ალილო შემოვძახოთ,

მადლი ვუძღვნათ გამჩენსო,

საიდუმლო საიდუმლოდ

აღარ უნდა დარჩესო.

ღამე არის ჯადოსნური,

ირგვლივ ბევრი სანთელი,
ციმციმებენ ნათურები,

უსაზღვროა ნათელი,

სული მღერის, გული მღერის

ალილო და ალილო,

დაგებედოთ დიდ სუფრებზე

ბარაქა და ხვავიო.









დამისიზმრეო, მეუბნები..(სატრფიალო)

 დამისიზმრეო, მეუბნები ჩემო კეთილო,

განა სიზმარი, ჩვენ მოკვდავებს, გვემორჩილება,

ან ოქროს ყანამ ქარში როგორ გაიჯეჯილოს,

თუ ქარი თავად არ დააწვენს ყანას ზვირთებად.

დამისიზმრეო, ადვილია ალბათ სათქმელად,

და უსასრულოდ ნეტარია შენზე ფიქრები,

და ოცნებანი, ვეჭვობ, ჩემო, სიზმრად დარჩება,

და მხოლოდ სადღაც, მიღმიერში, ერთად ვიქნებით.

მაგრამ იქნებ და, გამიღიმოს ღმერთმა ზეციდან,

და ახდეს ჩემი სიზმარი და ნაოცნებარი,

თვით გაზაფხული რომ გვასმევდეს ნექტარს პეშვიდან

და ერთად ვრთავდეთ ყვავილებით რქებს ნისლა ხარის.

(და სიყვარულს მოსანათლად გვედგას ემბაზი).






ერთი შემომხედე...(სატრფიალო)

 ერთი შემომხედვით დამიპყარი, 

თვალებით ასეთი რა მითხარი,

როგორ ამრიე და დამანელე,

ჩემი განთიადი დააბნელე.

ამ გრძნობებს ვეღარ ავუდივარ,

როგორ გამიტაცე არხოტიდან,

ქალი ვარ, განა სირინოზი, 

საშველად მოვიხმე ანგელოზი.


ბედობის ღამეს (სატრფიალო)

ბედობის ღამეს სიზმრად მაინც იქნებ მეწვიო, 
და იქ გაგიშლი საოცნებო ტაბლას და სუფრას,
შევეგებებით მაუწყებელს დილის მხედრიონს,
ჩვენი გულები შეერთდება წრფელი და სუფთა.
შეიფაკლება ცის კიდენი ათას ფერებად,
მე დედამიწა, შენ კი მზე ხარ, მანათობელი,
და შენს სხივებში ისე ნაზად ავბრჭყვიალდები,
ჩვენი დანახვით ელვარებდეს წუთისოფელი.
 

ნეეტავ, რა წაშლის...(სატრფიალო)

 ნეტავ, რა წაშლის ჩანჩერივით მოვარდნილ გრძნობას,

რამ გაანელოს სიყვარულის, ვნების ღადარი,

სულ ველი შენი სხეულის და ღიმილის სითბოს,

შენც შემომხედე, გამიღიმე, შენთვის რა არის?.

ჩახრა ეს გული მოვარდნილი გრძნობის ტალღებმა,

სხეულს არაგვის ამჩნევია ნაკბილარები,

დაყრილან ჩემი ბროლის მკლავნი ნაპირს ვაებად,

დამჭკნარან მკერდზე უნაზესი  ოლეანდრები.

მთვარემ გამაბა თავის ნაქსოვ სხივთა ბადეში,

ისე ვფართხალებ, როგორც თევზი, უწყლო არეში,

ნეტავ, ვარსკვლავი ამ მიწაზე მიტომ დავეშვი,

რომ ჩამასვენონ შავ მიწაში, ღრმა სამარეში?!






Saturday, January 1, 2022

ერთი ისტორია (მოგონებებიდან)

 ვინაიდან ისტორიების მოყოლა ძალიან მიყვარს, ამ ახალ წელსაც ერთს მოვყვები: აგარაკზე ჩვენს მოპირდაპირედ ერთ ქალს ჰქონდა სახლი. ადრიდანვე, ბავშვობიდან ვიცნობდი ამ ადამიანს, სადღაც ჩემი ტოლა გახლდათ. 90-იანებში თურქეთშიც ემუშავა, იქიდან გერმანიაშიც გადასულიყო, მაგრამ ბოლოს მაინც სამშობლოში დაბრუნებულიყო. არც ქმარი ჰყავდა და არც შვილები, თუმცა ულამაზესი ქალი იყო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც მის ეზოში პატარა ბავშვები დავინახე, თანაც გერმანულად მოსაუბრენი, მერე გერმანელი კაციც შევამჩნიე. აღმოჩნდა, რომ დიშვილი, რომელიც გერმანიაში ემიგრანტობის დროს თვითონ წაეყვანა, იქ გათხოვილიყო და ახლა მასთან სტუმრად ჩამოსულიყო ქმრით და სამი შვილით. ძალიან მომეწონა ეს გერმანულად მოტიტინე პატარები, სიხარულით რომ დასდევდნენ ქათმებს, კატას, ძაღლს, იქ ქალაქში ცხოვრობდნენ თურმე და შინაური ფრინველები და ცხოველები ასე სინამდვილეში ნანახი არ ჰყავდათ. რამდენჯერმე გზაზე მარშითაც ჩაგვიარეს მამამ შვილებით. მოკლედ, აღფრთოვანებული დავრჩი ამ ოჯახით, თუმცა გული დამწყდა, ქართული რომ არ იცოდნენ ბავშვებმა, ეტყობა, დედა არც ცდილობდა ესწავლებინა. არ ვიცი, რამდენი ხანი დაჰყვეს საქართველოში, დაბრუნდნენ გერმანიაში. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ჩემი ნაცნობის დიშვილი ნათესავის ქორწილში ჩამოვიდა საქართველოში მარტო. ქორწილში გაუცვნია იმერელი ბიჭი და უგონოდ შეყვარებია. მეუღლე მასთან შედარებით ასაკით ცოტა დიდი გახლდათ. არ ვიცი, ამის ბრალი თუ იყო ეს ყოველივე, თუ ქართველისკენ, მშობლიური სისხლისკენ, გაუწია გულმა, თუმცა ასეთ საქციელს ვერ გავამართლებ, მეუღლეს გაეყარა და ამ ახალგაზრდა კაცზე დაქორწინდა. წაიყვანა გერმანიაში. ეყოლათ პატარა ვაჟკაცი. ქალი ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა, ქართველი მეუღლე სახლში არ დახვდა, წაღებული იყო ოქრო, ფული, რაც ჰქონდა ქალს დანაზოგი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვეღარავინ იპოვა. დარჩა ეს ჩვენი ქართველი ქალი მარტო, ოთხი შვილით. ისევ ამ გერმანელმა კაცმა მიიღო გულატირებული ქალი, დაამშვიდა, დააწყნარა, შეურიგდა, ბავშვს თავისი გვარი მისცა. არ ვიცი, რა ქნა ამ ქალმა მას მერე, შეიფერა თუ არა მასთან შერიგებული პირველი ქმრის ეს კეთილშობილური საქციელი, ეს ჩემი მეზობელი ქალბატონი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და იქ გათხოვდა, ასე იფანტებიან ქართველი ქალები მთელ მსოფლიოში. არ ვიცი, ქართველი კაცები აპატიებდნენ თუ არა ასეთ საქციელს ქალს, არა მგონია, თვითონ კი ხშირად ღალატობენ, რაც ძალიან მტკივნეულია ქალისთვის. ზოგი არ იმჩნევს, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ეყრება, ზოგიც არ ეყრება, მაგრამ რის ფასად უჯდება ამ კაცთან ცხოვრება?! კაცებო, მოუფრთხილდით მეუღლეებს, ნუ ატკენთ გულს. ქართველი ქალი უნიკალური ფენომენია მთელ მსოფლიოში, უცხოელები ხვდებიან მის ფასს, იმედია თქვენც! იმ ქალის საქციელს ნამდვილად არ ვამართლებ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ღალატი ქალისგანაც და კაცისგანაც.