Thursday, June 3, 2021

როდის, როდის...(სატრფიალო, სიმღერა შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 როდის, როდის დამიბერა ცელქმა სიომ,

დილის ნამი მომაყარა თვალში,

შენ იყავი იმ თითოეულ ლამაზ წვეთში,

შენი სახე ელვარებდა წყალში.

იღიმოდი ისე მხნედ და მხიარულად,

განშორებამ ვერ დაგატყო კვალი,

ერთადა ვართ თითქოს ისევ, ძველებურად

ფოთლებივით მივფარფატებთ ქარში,

გვეხვევიან წყლის წვეთები, აკინძულებს

გულზე ვისხამთ, როგორც ცისფერ იებს,

ეჰ, მაშინაც ეს სამყარო გვამხნევებდა,

გვპირდებოდა ფეხბედნიერ  ბილეთს,

რომ გვენახა ბუდაპეშტი, პრაღა, რომი,

ღიმილებად მოვდებოდით მილეთს,

შენ გაფრინდი, მე, -  ბეღურა, სახლში დავრჩი,

გელოდები, შენ, - გადამფრენ ფრინველს.




Wednesday, June 2, 2021

სადაც არ უნდა ვიყო და (სატრფიალო, სიმღერა)

 სადაც არ უნდა ვიყო  და

ჩემთან ხარ, ჩემთან მუდამ,

ჩემი ნაღველი, დარდი ხარ,

იმედს არ ვკარგავ ფუჭად,

ერთად როდისმე ვიქნებით,

გულს მოგცემ, სულსაც თუნდა,

ნეტავ, რა გზებზე დადიხარ,

სადმე შემოგხვდე უნდა,

ზღვას მოგცემ, ცასაც ფირუზის,

მთებს, ველებსა და მინდორს,

არ მიღალატო, მოვკვდები,

ცოცხალი მნახო, გიჯობს!



კოკორი ხარ, ნაზი ვარდი (სატრფიალო, სიმღერა)

 სად ვიყავი და სად არა, 

არ მინახავს შენისთანა,

კოკობი ხარ, ნაზი ვარდი,

ისე უცებ შემიყვარდი,

შენი სიყვარულით ვცოცხლობ,

შენი ეშხით ვიწვი, ვხარობ,

შენ განთქმულო სილამაზით,

ვარდ-ყვავილთა დედოფალო.

არ მწყინდება შენთან ყოფნა,

არ მწყინდება შენი კოცნა,

ბრწყინავ, როგორც მარჯნის მძივი,

ღიმილად იფრქვევი როცა.


 



ერთსტროფიანი

ლპება და იხრწნება ქართველის სული,
მთავარი სამიზნე გამხდარა ფული,
ყიდის სამშობლოს, არ ინდობს ძმასაც,
მალე ქვეყნისგან დარჩება არღა.

Tuesday, June 1, 2021

დაუბერავს ქარი (სიმღერა დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)

 დაუბერავს ქარი


სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,
ზღვაზე მსრბოლი გემების ვარ აფრა,
დაუბერავს ქარი, მთიდან მონაბერი,
და დავრჩები გაუხუნარ კადრად.
გავაქანებ გემებს უსასრულობისკენ,
არ მჩვევია ტირილი და დაღლა,
თუმც ყველას გვაქვს საწყისი და დასასრული,
აგერ კაცი ახალ გემსაც რანდავს.
მიხარია, რომ მივაპობ ცათა სივრცეს,
თოლიებიც მუდამ თანვე მახლავს,
სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,
ზღვაზე მსრბოლი გემების ვარ აფრა.
მაია დიაკონიძე
1.06.2021



მოგონებებიდან (სიზმარი, უკრაინელი ბებიები)

 ახლა ჩემს უკრაინელ ბებიებთან დაკავშირებული ამბავი უნდა მოვყვე, სწორედ იმათზე, ერთად რომ დგანან ფოტოში, კატია, დედაჩემის დედა, ხელმარცხნივ და მისი დები: დუნია და პარასკევა. სუყველა დიდი ხნის გარდაცვლილია. 2015 წლის სექტემბერში მოულოდნელად ვნახულობ მათ სიზმარში, თბილისში არიან რესტორანში, უსხედან მაგიდას და ბორშს ითხოვენ. ძალიან აქტიურები და ხმაურიანები, ხის კოვზები უჭირავთ და მაგიდაზე აკაკუნებენ, სწრაფად მომსახურებას ითხოვენ. მე შორიდან ვუყურებ და მერიდება მათი საქციელის, არ ვიცი რა ვქნა, როგორ დავაწყნარო, რამდენჯერმე გაიმეორეს შუათანა დის სახელი - დუნია, თითქოს უნდა დამემახსოვრებინა. დგას ერთი აურზაური რესტორანში. ოფიციანტს ვთხოვე, სწრაფად მოემზადებინათ საჭმელი, მე კი მათკენ დავიძარი, რომ დავამშვიდო. სანამ მივედი, დავინახე, ბორში ჩამოურიგეს თეფშებით, მაგრამ აღარ შეუჭამიათ, ჩაეძინათ. მეც ვეღარ გამოველაპარაკე. გამეღვიძა გაოგნებულს, რაზე ვნახე-მეთქი ასეთი სიზმარი, არ მესიამოვნა, უკრაინაში, ჩვენთან, ქელეხში ამზადებდნენ-ხოლმე ბორშს, თავს ვიწყნარებდი, რომ არ შეჭამეს, კარგია-თქო. დავიწყე ეკლესიაში სიარული, კვერებს ვაგზავნიდი მათ სახელზე, განსაკუთრებით, დუნიას სახელზე. ლოცვები გავაძლიერე, რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი. 25 სექტემბერს "შოთაობა" იყო მესხეთში და იქ მივდიოდით მწერლების გარკვეული ნაწილი, სამარშრუტო ტაქსი იყო დაქირავებული, ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი თუ არა, დილით შვიდ საათზე უნდა ვყოფილიყავი დიდუბეში, თუ მოვიფიქრებდი ბოლოს და ბოლოს. წინა ღამით გადავიფიქრე წასვლა, ძალიან ავფორიაქდი რატომღაც. იმ წელს ზღვაზე ვიყავი და ჯაჭვი, რომელზეც ჯვარი ეკიდა, ტალღებმა გამიწყვიტა, იმ საღამოს სასწრაფოდ ვიპოვე სხვა ჯვარი, დიდი, ვერცხლის, და გულზე დავიკიდე, სოფო მეუბნებოდა, ნაკურთხი არ არის, რას გიშველისო, არა, ჯვარს მაინც აქვს მეთქი ძალა, ნაკურთხია თუ უკურთხებელი. სანთლები დავანთე და ისე დავწექი დასაძინებლად. დილით, 8-ის 20 წუთზე მეუღლის შეძახილმა გამაღვიძა, - მაია, - თქვა და გონება დაკარგა, ავყვირდი, მაგრამ რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, ხმაურზე უფროსი ვაჟი შემოვარდა და გულის კუნთის მასაჟის გაკეთება დაუწყო, მეორე სასწრაფოში რეკავდა, ძლივს გააგებინა, რომ ადამიანი კვდებოდა და უნდა მოსულიყვნენ, ამასობაში ჩემი ქმარი გაშავდა და ფეხები გაჭიმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ დავნებდით, გავაგრძელეთ გულმკერდზე დაწოლა, მეორე ვაჟიც მოგვეხმარა, მე ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებდი, რომ ვნახე, არაფერი შველოდა, ენა ამოვუწიე და უეცრად კაცმა ამოისუნთქა, არაფერი ახსოვდა, თავზე რომ ვადექით, გაუკვირდა, რა მომივიდაო. როგორც იქნა, სასწრაფო მოვიდა, საკაცით უნდა ჩავიყვანოთ და მეზობლებს დაუძახეთო, როგორც ჩემი ბებიები აკაკუნებდნენ ხის კოვზებით მაგიდაზე, ისე ვუკაკუნებდი, ლამის ვუბრახუნებდი მეზობლებს კარებებზე, მომეხმარნენ, ღმერთი გაახარებთ, სასწრაფო თხუთმეტ წუთში მიფრინდა საავადმყოფოში და ჩემს ქმარს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თურმე ინფარქტი მიეღო. ასე გადავარჩინეთ მაშინ ჩემი მეუღლე სიკვდილს, ის ფაქტიურად უკვე მკვდარი იყო, ჩვენ რომ არ მიგვეღო ზომები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ღმერთი არ დაგვხმარებოდა. ახლა ვფიქრობ, მაშინ ბებიებმა გამაფრთხილეს, მაგრამ რატომ გამომეცხადნენ უკრაინელი ნათესავები, როგორც ანგელოზები, არ ვიცი. ძლიერია კავშირი ნათესავებს შორის და იგი სიკვდილის შემდეგაც არ წყდება, როგორც ვხვდები, არა აქვს მნიშვნელობა დროს და მანძილს, რაც სულის უკვდავებას ამტკიცებს კიდევ ერთხელ.

May be an image of 3 ადამიანი, ხალხი დგას და გარეთ
Irma Kvashilava, Natalia Chelidze და 16 სხვა
3 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

მომეგებე (სატრფიალო, სიმღერა ნანა ბაბუაძემ უნდა დაწეროს)

წვიმს და თითქოს გულზე დამდის ცრემლი,

გარშემო კი ცას ნისლები ბურავს,

მომეგებე, კვლავ დავანთოთ ცეცხლი

ტყესთან ქოხში მიმასპინძლე სტუმარს. 

აკაციის სურნელება ვიგრძნო 

და სინაზე იქ მოსული იის,

ძველებურად აფანცქალდეს გული,

ძველებურად აჩქრიალდეს სისხლი.

მითხარ ისევ: - შენ პატარა ქალო,

ჩვენს სიყვარულს ვერ გააქრობს ნისლი, -

ჩიტებივით გავიკეთოთ ბუდე,

თავს გვეხუროს  სახურავი ისლის.

წვიმს და თითქოს გულზე დამდის ცრემლი,

გარშემო კი ცას ნისლები ბურავს,

მომეგებე, კვლავ დავანთოთ ცეცხლი

და ვუმღეროთ ტრფობას გაუხუნარს!