Sunday, April 5, 2020

მოდის სიყვარული...

მოდის სიყვარული


ფიცის კასკადებით, გრძნობის აფეთქებით,
მოდის სიყვარული თავის აფექტებით,
ცრემლით, სიხარულით, ჯერაც  არნახული,
ჯერ არგაგონილი, მოდის ჭირნახული,
ზოგჯერ აგონიით, ზოგჯერ შეგონებით,
ხანაც სისულელით, ხანაც შთაგონებით,
ხან კი მოცინარი, ხან კი სევდიანი,
მოდის სიყვარული ნაზი, პირმცინარი.

Saturday, April 4, 2020

ავტ. მაია მარუაშვილი " პანფლეტი სულის ფინანსებს სული?!"

სული თუ აგწაპნეს, ბატონო?! არის წამიერი სევდა, არის წამიერი ფიქრი, როცა ყველაფერი ცვდება... ტვირთი და მხოლოდ ტვირთი, ცხოვრება დევიზით-მოჰიკანებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! კვლავ და კვლავ დავეძებ. ვკითხულობ ძველ ამბებს, გული საათივით რეკს; ვერა, ვეღარ უძლებს ტვინი ამდენ შეთითხნილ სვეს; ღმერთი მოიჩრდილავს მარჯვენს, ქუჩაში კი ვიღაც სტვენს; მინორი, მაჟორი, ზესვლა და ქვევარდნა, ერთი და იგივე დღე... აფრინე ალალი, რაც არი, არც არი... ცრემლია დღეს ჩვენი უენო წამალი; ვგრძნობ, ისევ ვიშვები მიწაზე ამბოხად, ცხოვრებამ წაგვართვა ფრთები და ვიქეცით ბატონად; ისევ ცრუ ტაროსი, ბედი თუ სვე-ბედი, ყოფნა და არყოფნის მტირალა სონეტი; დღეს შავი მანტია, ხვალ თეთრი სამოსი, ჯახირი, ჩალიჩი, ბრძოლა და ამბოხი, მიდის ეს დინება ვაით და ამბორით-იუდას ამბორით... თქვენ ალბათ მაჟორში იქნებით, ბატონო, ან იქნებ მინორში?! გიწყდებათ ცხოვრების ეს ავან-ჩავანიც და ასე გრძელდება ეს ვითომ ზღაპარი... გზა და კვლავ სავალი; მოპარული თილისმანი სადღაც ქუჩის ბოლოში, თეთრი სხივი, ვითომ სხივი, სხვა რა ფერი, რა საფერი, სხვა ალერსი, სხვა რა ხელი, სხვა რა გული, გზაა კრული. რას ველით?! რა მოგდით?! რა მოგდით?! ვეძებთ და ვერ ვპოვებთ; გთხოვთ, წამით მიმიღოთ, მიმიღოთ ისეთი, როგორიც დღესა ვარ; მისმენთ-თუმც არ იცით საიდან გეძახით; ექო და ქუხილი დღესაა, ესაა... თქვენ რომ იცოდეთ, ეს რა ცოდვა ჩაიდინეს ადამ და ევამ, აღარასოდეს, აღარასოდეს დაივიწყებდით სამოთხის კარებს და აქ კი არა დედამიწაზე, იქ, საუკუნო სასუფეველში ეძიებდით სულის განსასვენს; ექო მიწყდა და ხმა გაიხშირა; გაოცდით გატყობთ... მე კი კვლავ დღესა ვარ, ისევ ის სიმღერა და სულის კარმა, მხოლოდ ხორცის საყასბო, აზრი კი სალაყბო, ვაშლი ადამ და ევასი; რა ვქნათ?! სულია არშინი?! სულიც თუ აგწაპნეს, ბატონო?! ყიამყრალ მევახშეს ვუზომავთ არშინით ხორცის სამეტროო თავანს, ვისტუმრებთ ხალისით; ვისტუმრებთ ჩალიჩით მას, რაც გირაოთი დაგვაქვს; სული?! სული თუ აგწაპნეს, ბატონო?! მიწაზე ხელის ჭუჭყი ბატონობს. ჩვენც ვსწავლობთ ყოველ დღე ფინანსურ საკითხებს და მერე ვპატრონობთ ან იქნებ ვბატონობთ... ამაოდ... დაგვაქვს მძიმე მხრებით ოცნებაც ამაო და ისევ ერთი დღე მეორედ მთავრდება, არადა სადაო, საიდან სადაო, ცხოვრება დღითი-დღე გვიხდება სადაო; სული?! სული ვერ აგვწაპნეს, ბატონო! ! !

Friday, April 3, 2020

სალომე (საბავშვო მოთხრობა)

                   სალომე

   დილით სკოლაში წასვლის წინ დედამ სალომეს ვარდისფერი ბაფთები ჩაუმაგრა თმაში. კლასში ყველაზე ლამაზი ვიქნებიო,  გაიფიქრა გოგონამ, სარკის წინ მიტრიალდ-მოტრიალდა, მერე ზურგჩანთა მოიკიდა და სკოლის გზას დაადგა. აკაციის ხეები შემოხვდა გზაზე, თეთრი ყვავილებით დაპენტილი. ესიამოვნა მათი სუნი, ხელი დაუქნია პატარა ხეებს, რომელთა კენწეროებსაც თვალით მისწვდა, თავისი ჭკუით მიესალმა. ფოთლებში გამომავალ მზის სხივებს გაუღიმა. მიაფრიალებს აბრეშუმის კაბას, მიაშრიალებს ტაფტის ოქროსფერ მოსაცმელს და თავი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ჰგონია. ლადოს დღეს უბრალო ფანქარი უნდა აჩუქოს, არ ჰქონდა გუშინ. მასწავლებელმა მის გვერდზე გადმოაჯინა, კატო ბევრს გელაპარაკება, სალომე წყნარია, იმედია იმდენს ვეღარ ირატრატებო. უხარია სალომეს, ლადო რომ მის გვერდზე ზის, ისეთი ღიმილი აქვს, ყველა გოგოს უყვარს კლასში. ამაყად მიაბიჯებს, ნაწვიმარია, წითელი ბოტები აცვია, მიაჭყაპუნებს გუბეებში, ხანაც აქეთ-იქით იხედება, ვინმე ხომ არ მიყურებს, ჩემს ცელქობას ხომ არ ხედავსო. მოულდნელად მანქანამ ჩაუარა გვერდზე დიდი სისწრაფით, გუბურის ჭუჭყიანი წყალი შეასხა, გაშეშდა, ყველაფერი სველი ჰქონდა, კაბაც, მოსაცმელიც, თავზე ხელი მოიკიდა, ლამაზი ვარდისფერი ბაფთებიც დასველებულიყო და, თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და თავიდან მომდინარე წყლის წვეთებს  შეუერთდა. - რა მოგივიდა? - მოულოდნელად ხმა მოესმა, გვერდზე გაიხედა, ლადო ელაპარაკებოდა, მაშინვე შეაშრა გოგონას თვალზე ცრემლი,  - მანქანამ გამწუწაო, - თქვა სიცილით და ისე გაიღიმა, გაოცებულმა მზემ კიდევ უფრო დააჭყიტა თავისი დიდი და ნათელი თვალები, ცოტა ხნის წინ ხომ ტიროდა, აი,  რა სცოდნია სიყვარულსო!  თუმცა,  მოგეხსენებათ, ეს მან ისედაც ყველაზე კარგად იცის და ბევრ საიდუმლოებასაც ინახავს, მის  გარეშე ხომ  არც დედამიწა იარსებებს და არც ჩვენ.

4/3/20 7:52 PM

არც არაფერს ვეძებდი და ვეძებ,,, (ერთსტროფიანი)

არც არაფერს ვეძებდი და ვეძებ,
არაფერი მხიბლავდა და მხიბლავს,
ისე, როგორც კაცის თბილი გული,
ყვავილივით  ფაქიზი და წმინდა.

ყველას, ყველაფერს მიუჩენს ადგილს (ერთსტროფიანი)

ყველას, ყველაფერს მიუჩენს ადგილს
დრო, ხან ნელა რჯის და ხანაც სწრაფად,
პატივს თუ არ ვცემთ ჩოხას და მანდილს,
როგორ ვიცხოვრებთ მაშინღა ლაღად.

სიზმარი (31 მარტი, 2020)

    ღამით სიზმარი ვნახე, ლევანის მანქანით ჩხარში, ჩემს სოფელში, მივდიოდით. მანქანაში, როგორც მახსოვს,  მე, ავთო და სოფო ვისხედით. სოფელს რომ მივუახლოვდით, გზა აღმოჩნდა გადაკეტილი, ქვებით იყო ჩახერგილი, იქვე გავაჩერეთ მანქანა, გზის პირას. ავთომ აქ დაგელოდებითო, ლევანი ცოტაზე გამოგვყვა, მანქანა აიკიდა, თითქოს მსუბუქი იყო, მაგრამ იმასაც დაეზარა წამოყოლა და სოფლისკენ გზა მე და სოფომ განვაგრძეთ. გზა ორად გაიყო, ხალხს ვკითხეთ, სოფლის ცენტრში როგორ მივიდეთო, გვასწავლეს, ერთს დავადექით, საოცარი სილამაზე გვხვდებოდა წინ, თეთრი აივნიანი დიდი  სახლები, ციხე-კოშკები, ტურისტებისთვის კაფე-ბარები, რაღაც საოცარ ადგილზე აღმოვჩნდით, ვფიქრობდი, ეს სოფელი კი არა, ქალაქია-მეთქი, არა და ჩხარი მართლაც ქალაქი იყო წინა საუკუნეებში, ერთ-ერთი დიდი ბაზრობა იმართებოდა იქ, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი გასაყიდად, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ჩამწკრივებული დოქები, ქვევრები, ჭინჭილები. ვფიქრობდი, რომელ ბიძაშვილთან მივსულიყავი, გამახსენდა ბონდოს მაყვალას გოგო, ვითომ იმასთან მივალ-მეთქი, მერე ჯემალის მაყვალა, არა და არც ერთი იქ არ ცხოვრობს სინამდვილეში, თუმცა ჯემალი ბიძიას მაყვალა იქ გაიზარდა სონია ბებიასთან. გზაც არ ვიცოდი, როგორ მივსულიყავი, კითხვა-კითხვით მივაგენი ტკბილეულობის მაღაზიას, იქიდან გზა უკვე მახსოვდა თითქოს. შევედით ტკბილეულობის მაღაზიაში, ორი გამყიდველი დაგვხვდა, ერთი ახალგაზრდა, მეორე ცოტა უფროსი, დედა-შვილს ჰგავდნენ. ახალგაზრდასთან გავჩერდი, ნამცხვრები შევარჩიე, მინანქრით იყო დაფარული, უცებ უფროსი ქალი მოვიდა, სულ მოხვეტა, ვითომ გაიყიდაო და მე არაფერი დამიტოვა, გავბრაზდი და მაღაზიიდან გამოვედი. მე და სოფომ გარეთ მაღაზიასთან სახლიდან გამოტანილი ნივთები აღმოვაჩინეთ, ნახატები, სქელ ფურცლებზე შესრულებული, ძალიან ლამაზები, პარკში ჩავაწყვე, სოფომ, რაც არ მომეწონა, ისინიც აიღო, სახლი შევასწორებო, თოჯინები ვიპოვე, ისინიც ავიღე და გზა განვაგრძე, ბოლოს სოფო დამეწია, ძალიან ლამაზი ზედა ჩასაცმელი ვიპოვეო, შევხედე, პატარად მომეჩვენა, თუმცა ლამაზი იყო, ტერაკოტისფერი  ჟაბოთი. ეს როგორ ჩაეტევა-მეთქი, გავიფიქრე, მაინც ჩავიდე ჩანთაში, რა იცი, იქნებ ჩაიცვას-მეთქი. წავედი, უცებ გვერდზე დათო აღმოჩნდა, ჩემი ქმარი, ვათვალიერებინებდი, ჩემს სოფელს, ჩხარს, მის ქება-დიდებაში ვიყავი, რა სილამაზეა, რა ჰაერია-მეთქი. მერე სოფოს მოსაძებნად წავედით.  ასე დამთავრდა ეს სიზმარი.

Thursday, April 2, 2020

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ (ერთსტროფიანი)

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ ზეცა,
თქვენ შეგხვდებათ მზისგან ცელქი სხივი,
"კორონასაც" დავამარცხებთ ერთად,
ავადობას, დარდებსა და ტკივილს.