Friday, August 9, 2019

მიდიხარ (ერთსტროფიანი) სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ

მე შენ მოგიძღვენი სინატიფე,
ველზე დაგიკრიფე ბილილა,
მეგონა, შევწვდებოდით მზის ნაპირებს,
მხდალივით მტოვებ და მიდიხარ.

თამარ შაიშმელაშვილი მაია დიაკონიძის წიგნზე "კოცნას მიგზავნის იასამანი"

„დამახლის ბედი ათასჯერ ტყვიას,
მაინც ათასჯერ ავდგები ფეხზე,
რა ბედენაა ჭრილობა ღია,
თუ სული ჩემი ხსნას ცაში ეძებს“... - მაია დიაკონიძის ამ იასამნისფერ პოეზიას იასამნებივით სურნელი და იმედი მოაქვს... ღია ჭრილობაც ლამაზია, თუ სულის სიმებით ამოიკემსება. მისი სამყარო წრფელი გრძნობებითაა შემკული, ისეთი, უნებურად მინაზე რომ ხატავენ თითები მონატრებას, ანდა როგორც „ფრთათეთრ ბურუსში“ ჩოქვით მოლოცვილი სამშობლო მიწა... 
ამ წიგნში სევდა-ტკივილი, სიხარული და ბედნიერება დავანებულა. მინდა, სუყველა ხევ-ხუვი გულში მზესავით ვატაროო, - წერს ავტორი და იცის, რომ „ცას დედამიწა ალერსით ფარავს“...
ეს ბროწეულებიც სამაიას განცდით მოალერსე მზის ნათელს ტოვებენ... ერთი ლამაზი ლექსია ეს ნახატიც, თითქოს პოეტის ღია ჭრილობა ბროწეულებად გარდასახულა და „უცხო ნათებად“ მოსულა ჩვენამდე...
.................................................................................................................................................
ის, რაც წამიერად ამოვთქვი მაია დიაკონიძის კრებულზე და მის ნახატზე...

Thursday, August 8, 2019

წმინდა დემეტრე თავდადებულს! (შოთაობის კონკურსისათვის)

წმინდა  დემეტრე თავდადებულს!

,,თავდადებული" დაგანათლეს, სულმნათო მეფევ,
კვნესის ლერწამი, მტკვრის ნაპირას, სადაც შენ ევნე,
საქართველოს ცას ვერ დასთმობდი, რომ არა ხვედრი,
გამხდარიყავი,  შენ წმინდანი, მოვაკანს ერთი.
შენ, ობლობაში გამოზრდილმა, გაწირე თავი,
სამშობლოს მიწას ააცილე იღბალი ავი,
ასაოხრებლად ვერ მიეცი მონღოლებს მკვიდრი
და დაიმკვიდრე სააქაოს სახელი დიდი.
ზეცა განიპო, გამობრწყინდი ნათელი ბნელში,
ყაენისათვის გაჩხერილი ფხა იყავ ყელში,
მიტომ სიკვდილი მოგისაჯა, ვითარც იესოს,
მაგრამ ავისთვის უფრო მეტი ავი მიეზღო. -
არ დაგიფასა სამსახური უზომოდ დიდი,
შენი ლაშქრით რომ წყალს ასხამდი მონღოლთა წისქვილს,
მათი გულისთვის შენ ებრძოდი ეგვიპტის სულთანს,
მტრის გამარჯვებას შეეწირა ქართველთა სულთქმა.
სპასალარი ხომ შენ იყავი ჩვენებურთ ჯარის,
გიჭრიდა თვალი, მამაცური დაგქონდა მკლავი,
გიმძიმდა ძლიერ, მოგესმინა მოძმეთა კვნესა,
უცხო მიწაზე დაიძინა მარადჟამს ბევრმა.
დაატარებდი მძლავრი ქედით ცოდვილის უღელს,
თვალცრემლიანი საქართველო გესვენა გულზე,
ქვეყანა შენი, გაზნექილი ტვირთისგან მხრებში, -
უფრო და უფრო ეხვეოდა მძვინვარე ცეცხლში...
მეუფე ზეცის შენ, წამებულს, არ დაგრჩა ვალში,
მოსე მღვდელმა და პატრიარქმა იყიდეს გვამი,
წამოგაბრძანეს თბილისელმა ვაჭრებმა მთელი,
სვეტიცხოველში დაგასვენეს, გტიროდა ერი.
ჩვენ შორის ჰგიებ, ხელმწიფეო, შიგ ქართლის გულში,
ისევე ცოცხლობ! დე, შიშობდეს ამ ქვეყნის ურჩი!
თავდადებულებს გაეხსნებათ სამოთხის ბჭენი,
მათ სადიდებელს გაამრავლებს ცად ენა მჭევრი.
8.08.2019 წელი








ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი" (სამაჩაბლოს თემა)

ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი"
და სიმშვიდეში გავეჯიბროთ ერთმანეთს, მინდა,
არა სისხლისღვრას, არა ტკივილს, არა სიბრაზეს,
ერთმანეთს ვუთხრათ კეთილი და ალალი სიტყვა.
ვხედავ, ყოველდღე ჩემს წნულ ღობეს ჩხირი აკლდება,
იზრდება ხვრელი, იტაცებენ წიწილს და წვიმას
მართმევენ, მზეს მართმევენ, მართმევენ მიწას,
საუკუნეებს რომ ჩასცქერდნენ მამა-პაპანი.
არა სისხლისღვრას, არა ომებს, არა სიბრიყვეს,
მიწა ტანჯული სიმწრისაგან ტირის და ქშინავს,
ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი",
მტერი დაცხრეს და გავიგონო კეთილი სიტყვა.





Tuesday, August 6, 2019

კოხტა გოგო ნია ყვავილებს რწყავს ბაღში (საბავშვო)

კოხტა გოგო ნია ყვავილებს რწყავს ბაღში,
იცის, ვარდს რომ შია, წყალი უნდა მაშინ,
წყალი უნდა ზამბახს, ნარცისებს და იებს,
რომ არ გახმნენ, დაჭკნენ, როგორ მოაშიებს?!

ხან მენატრება სიკვდილი (სატრფიალო)

ხან მენატრება სიკვდილი,
ხან კი სიცოცხლეს მანდომებ,
გვირისტივით რომ დაჰყვები
ჩემი სიცოცხლის გზა-კბოდეს.
ხან ლაჟვარდებში გამაფრენ,
ხან ზღვასთან უწყლოდ ვფართხალებ,
ცოცხალი თუ ვერ მიხილე,
სასაფლაოს გზა გაკვალე.
ხან არწივივით მაღლა ვარ,
ხან ვცურავ დაბლა გველივით,
ჩემს ტანჯვას ბოლო არ უჩანს,
გზაზე გავჭრილვარ ხელივით.
ხან მენატრება სიკვდილი,
ხან კი სიცოცხლეს მანდომებ,
რა გვირისტივით დაჰყვები,
ჩემი სიცოცხლის გზა-კბოდეს!



სატრფიალოები

ქალი:
ხუნდებს დავიყრი ფეხებზე,
რომ აღარსაით წავიდე,
მომეფერები, დამთქორავ,
ცხოვრებას გამიხალისებ.

ვაჟი:
მეც არსაით მაქვს სავალი,
შენი ღიმილის ჭირიმე,
შენს კართან ღამეს ვათენებ,
რომ გამოგადგე რითიმე.