Monday, July 15, 2019

სუქდი, სუქდი, ჩემო ბიჭო!

სუქდი, სუქდი, ჩემო ბიჭო,
საქართველოს მზევ და ნიჭო,
გარდმოსულო ციდან ცეცხლო,
ჩემს პატარას უნდა ეძმო,
რომ სულ მუდამ ენთო გულში
ღვთის მეომარს, კეთილს, უშიშს.
წინ წარუძღვეს ლაშქარს რაშით,
გვასახელოს მთა და ბარში.




უკანასკნელი სიყვარული

  მატილდა უკვე მესამე ქმარს კარგავდა, დარდისაგან ჩამოდნა, სამოცდახუთი წლისა იყო, მაგრამ ჩონჩხადქცეულს სიცოცხლის ნიშანწყალი ძლივსღა ეტყობოდა. ოცდამეხუთე წელიწადი შესრულდება წელს მათი ქორწინების, არ უნდოდა განშორება, ისე როგორც წინა ქმრებთან, მაგრამ მოუწევდა... მაინც რა დათარსულია, ფიქრობდა, ყველა ქმარი როგორ უნდა გააცილოს სასაფლაოზე?! ერთს მაინც თვითონ გაეცილებინა... ეს ქმარი მაინც განსაკუთრებით უყვარდა და მძიმე სენმა უნდა წაართვას, გამოგლიჯოს ხელიდან. ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თითქმის ბავშვს, მკითხავმა უთხრა, სამჯერ გათხოვდები და ყველაზე დიდხანს ბოლოსთან იცხოვრებო. მაშინ სიცილი წასკდა, სად მე და სად მესამედ გათხოვებაო, ერთი კვირა ვეღარ ჩერდებოდა, კონსერვატიულ ოჯახში იზრდებოდა, ადათ-წესების დამცველ მშობლებთან,  მაგის ნებას როგორ მომცემენო, თვითონაც ერთ ქმარზე ოცნებობდა, კუბოს კარამდე ერთად ყოფნაზე და ჰოი, ბედის ირონიავ! მამა ქალაქის მერი, კანონმორჩილი მოქალაქე, დიდად პატივცემული ადამიანი გახლდათ, დედ-მამა ერთმანეთს შეაბერდა, მათი ქალიშვილი კი სამჯერ გათხოვდა, დიდად დარდობდნენ ამაზე, რა ბედი გამოყვაო, დედა იმასაც იხსენებდა, შენს მშობარობაზე ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, ჩვენს სახლთან ახლოს მეხიც კი ჩამოვარდა და ბებია-ქალს ცუდად ენიშნა ეს ამბავი, მაგრამ გოგო რომ გაჩნდი სამი ბიჭის მერე, მაინც ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, მორიელის ნიშნით დაბადებული ნამდვილი მზეთუნახავი და ჯადოქარი იქნება-მეთქი, კი ამიხდა ყველაფერი, მაგრამ სამი ქმრის გარდაცვალებას თუ მოესწრებოდი, ეს აღარ მეგონაო. ქმრის საწოლთან ჩამომჯდარი მატილდა ყველაფერს იხსენებდა და კიდევ მეტად წუხდა, რომ თვითონ არ კვდება ქმარზე ადრე, რაღა უნდა აკეთოს მის  გარეშე, აღარ იცის. პირველ ქმრებთან შეძენილი ქალიშვილები, ფაქტიურად მესამე ქმრის გაზრდილები, დიდი ხანია დათხოვდნენ, შვილიშვილებიც დაიზარდნენ, ყველას თავისი საქმე აქვს, ბებიასთვის ვიღას სცალია, ცხოვრების ტემპია ისეთი, ძნელია ფეხი აუწყო. ახალგაზრდებიც ცდილობენ მშობლებს ასიამოვნონ, ერთმანეთზე უკეთესები არიან, წარმატებულები, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, რა ქნას, ქმრების სასაფლაოებზე უფრო ხშირად ივლის, მესამე ბაღში ხომ არ დაასაფლავოს, მასთან უფრო ახლოს იქნება, შორს სიარული აღარ დასჭირდება, ასეც უნდა ქნას, თავის ბაღს უკეთესად  მიხედავს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მცენარეებს შემატებს, პირველმა ქმარმა აჩუქა ეს ბაღი სახლთან ერთად, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე გადაჭიმული,  მის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ხოლმე, გაეღიმა, გაახსენდა,  სიყვარული წითელი ვარდების ბუჩქთან აუხსნა,  თავისივე ნაჩუქარ ბაღში, რამდენი იმ ადგილზე გაივლის, ის აგონდება, სიყვარულით სავსე, ლამაზი ჭაბუკი, რომელიც რამდენიმე თვეში წაიყვანა ღმერთმა, მათი სიყვარულის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ნაყოფი დარჩა, ქალიშვილი, მზეთუნახავი სურეია, ასე დაარქვა მამამ, ჰგავს კიდეც მას. მეორე ქმარს პარიზში შეხვდა, ფოტოებს იღებდა, მასაც გადაუღო, ასეთი ლამაზი ქალბატონი არასოდეს მინახავსო, რა იცოდა მაშინ ქალმა, რომ მალე მათ შორის რომანი გაიბმებოდა და ეს მომხიბლავი ფოტოგრაფი მისი მეორე ქმარი გახდებოდა. ელვის სისწრაფით მოხდა ნიშნობაც, ქორწილიც, მატილდას მშობლებსაც მოეწონათ სიმპათიური ფრანგი, სახლშიც სიამოვნებით მიიღეს და ყოველთვის კარგ მასპინძლობასაც უწევდნენ. ისიც სიყვარულითვე პასუხობდა: მატილდაც უყვარდა, მისი ქალიშვილიც, მშობლებიც და ძაღლიც. პირველი ქმრის ნაჩუქარ ბაღშიც სიამოვნებით მუშაობდა, მთელ დღეებს იქ ატარებდა, ფოტოებს იღებდა,.სწორედ მან გაუთქვა სახელი ამ ბაღს მთელ დუნიაზე. ავტოკატასტროფაში დაიღუპა, სრულიად მოულოდნელად, მათი ქალიშვილი სამი წლისაც არ იყო. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარესთან გამომშვიდობებაც ვერ მოასწრო, ვერ ჩაასწრო პარიზში. ეგონა, ცხოვრება დამთავრდაო, სიცილიც კი დაავიწყდა, მაგრამ ჯაკომომ ისევ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი, ამ ქვეყნისკენ მოაბრუნა, ისევ გააბედნიერა, მის ბაღში უზარმაზარ ზეიმებს აწყობდა, ქორწილების ორგანიზატორი იყო, მისი ქალიშვილების ქორწილებიც აქ მოაწყო, დაულოცა გზა უკეთესი მომავლისაკენ, მან უპატრონა. უმძიმს მატილდას, ახლა ამ სიყვარულის ბაღში პანაშვიდის მოწყობა, ოჰ, როგორ არ უნდა, შავი ლენტებით შემოსოს ყვავილები, წითელი ვარდები, პირველი სიყვარულის ამონაყარი, მაგრამ რას იზამს? ასეთია ცხოვრება!
       კაცს სუნთქვა დაუმძიმდა, მატილდამ ხელი ხელზე მოუჭირა, აქა ვარო, მეუღლე მზერით დაემშვიდობა, ლაპარაკი აღარ შეეძლო, მიხვდა ქალი, ეს უკანასკნელი შემოხედვა იყო. დილით შვილებმა ცოლ-ქმარი მკვდრები იპოვეს. დედის სიკვდილს არ ელოდნენ. ჩაუღამდათ თვალები. დილაუთენია მატილდას სულიც გაყროდა სხეულს, ზევით აფრენილს სამი მამაკაცი შემოეგება წინ, ვარდებით ხელში. მესამე დღეს ყველა მათგანის სული ერთად დაჰფარფატებდა თავზე ბაღს, სადაც მათ შორის ორის დაკრძალვის ცერემონია უნდა გამართულიყო. გარდაცვლილები ბაღში დამარხეს, წითელ ვარდებთან ახლოს, რომლის ნერგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მიაქვთ, ნიშნად მარადიული სიყვარულის, მატილდას სული კი ზევიდან  ლოცავს ქალებს, რომლებიც თავისდაუნებურად მსახვრალი ბედის მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ მათი გული მაინც სიყვარულით სავსეა და ახალ გრძნობას ელოდება, რომ იმ ვარდებივით გაიფურჩქნოს.

Saturday, July 13, 2019

ფრანგული სუნამო (მოთხრობა)

   სხივჩამდგარ თვალებში სიყვარული უციმციმებდა, ანათებდა, გარშემო შუქს აფენდა, სახლისკენ მიიჩქაროდა, ჩანთაში ძვირფასი საჩუქარი ედო, შეყვარებული ჭაბუკისგან მორთმეული ფრანგული სუნამო, მისი შოვნა ხომ ძალიან რთული იყო, ნაცნობობით თუ ჩაიგდებდი ხელში დახლის ქვევიდან ან მოსკოვიდან უნდა ჩამოგეტანინებინა ვინმესთვის, "კლიმა", ერქვა. რამდენი ხანია ოცნებობდა ამაზე, ოჰ, როგორ შეაშურებს თავის მეგობრებს? სიამოვნებით იფშვნეტდა თითებს, სუნამოს სურნელსაც კი გრძნობდა. არ უნდოდა აღება, მაგრამ სულიკომ იმდენი ეხვეწა და ემუდარა, ბოლოს მაინც მიიღო საჩუქარი. მისი დაბადების დღე იყო, სახლშიც ელოდებოდნენ მშობლები და ნათესავები. მტკვარს გადახედა, სანაპიროს მიუყვებოდა, შავად მოჰქუხდა მდინარე, გაზაფხულის პირი  იყო, პალტოს საყელო აიწია, შეამცივნა თითქოს. გვერდზე ვიღაცა დალანდა, გაოცებულმა გახედა, ახალგაზრდა კაცი მოყვებოდა, სახეზე დააკვირდა, ვერ იცნო, რა გნებავთო, ჰკითხა, იმან ხმა არ გასცა, მაგრად ჩასჭიდა ხელზე ხელი, ჩანთა მომეცი, სხვა არაფერი მინდა შენგანო. თითქმის ჩურჩულით უთხრა. ხომ არ მომეყურაო, გაუკვირდა გოგონას და უფრო მაგრად ჩაეჭიდა ჩანთას, არც უფიქრია მიცემა, გაბედული იყო, ფულს არ ჩიოდა, შეყვარებულის ნაჩუქარი სუნამოს დაკარგვა არ უნდოდა, დაეჭიდა კაცი ჩანთას, გაუძალიანდა გოგონა, არც მან გაუშვა ხელი, უცებ ფერდში ტკივილი იგრძნო, მოიღვენთა, ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა, თავზე დასდგომოდა და სახეს ულოკავდა, თვალებში ჩასცქეროდა, წკმუტუნებდა, თავისი დაკარგული ძაღლი იცნო, საიდან გაჩნდაო, ორ თვეზე მეტი იყო, არ ენახა, ძლივ-ძლიობით წამოდგა ფეხზე, ახლაღა მიხვდა რომ დაჭრილი იყო, სისხლი ჟონავდა პალტოდან. გზაზე გამოვიდა, ჯუნა, ასე ერქვა ძაღლს,  გვერდზე მიყვებოდა, თითქოს ამხნევებდა. პირველივე შემხვედრ მანქანას დაუქნია ხელი, გაუჩერეს,  ისევ გონება დაკარგა. საავადმყოფოში გაახილა თვალი. მანქანის მძღოლი თავზე ედგა, როგორ ხარო, ეკითხებოდა, პასუხის ნაცვლად ძაღლი მოიკითხა, სად წავიდაო, კაცმა თავი გადააქნია, არ დამინახავსო, ალბათ, მომეჩვენა, გაუელვა თავში, აღარაფერი უთქვამს. ძაღლი კი, ალბათ,  კმაყოფილი დასეირნობს მოჩვენებათა სამყაროში, უხარია, პატრონი რომ გადაარჩინა. ფრანგულ სუნამოს კი სულიკო აუცილებლად კიდევ მიართმევს გოგონას, ამ ამბავს რომ გაიგებს.

Friday, July 12, 2019

სულის ნატეხები

ცხელ-ცხელ წვეთებად რომ ჩამადნა სანთელი სულში,
ნაზი ქსოვილი ამოჭამა და ძლიერ მეწვის,
ცხოვრების გზა კი უნაპირო, შავი და ქუში,
ზეციდან მოსულ მძიმე ღრუბლებს მდინარედ ერთვის.
ნატეხებს სულის, რომ ვალაგებ პატარა ყუთში,
ზღვა ელოდება მოკამკამე, ცასავით ლურჯი,
გადაიყრება ნაპირიდან სხვადასხვა მხარეს,
გულს გაუნათებს კეთილ მგზავრებს, დაკარგულთ - ღამეს.


Thursday, July 11, 2019

არ მიყვარხარ

არ მიყვარხარ, რომ მიყვარდე, იქნებ,
შერეოდა ზეცას ვარდისფერი,
აშლილიყვნენ ჩიტუნები ერთად,
მოეტანათ ჩემთან შენგან ძღვენი.
კვლავ გამევლო სიგიჟეთა ზღვარზე,
დამელახა ოკეანეთ სივრცე,
განა, ახლა ტყუილად ვცეკვავ ტანგოს,
შერიგების არ გიტოვებ იმედს.

Monday, July 8, 2019

აღარ მინდა... (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

აღარ მინდა შენი მოსვლა,
აღარც დაგელოდები,
ამ მიწაზე ერთად ყოფნის
ამოვწურეთ ქვოტები,
შენ ფიცხელი შევარდენი,
ბრწყინავ, როგორც მოზერი,
მე - პატარა ჩიტუნია,
სულ შენს მოსვლას მოველი.
აღარ მინდა სულში მყავდე,
მყავს პიკასო, გოგენი,
ამ მიწაზე ვეღარ გჩემობ,
ზევით დაგელოდები.



Sunday, July 7, 2019

სამწუხაროა, მინიმა

სამწუხაროა!!!
სამწუხაროა, ო, რა რიგად სამწუხაროა,
არავის ესმის ბულბულის და შაშვის გალობა,
ყურს უტკბობთ მხოლოდ ჩხრიალი თუ წკარუნი ვერცხლის,
მე კი ყოველღამ ანგელოზთა ტირილი მესმის.
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი