Wednesday, May 22, 2019

პატრონი აღარ ჰყავს არცერთს

ჭერმის ხესთან დგას ხე ხეჭეჭურის,
მის ქვეშ შემორჩა ორშიმო, ჭური,
ყრია, პატრონი აღარ ჰყავს არცერთს,
თავისი საქმე უქნია ლანცეტს.
კანკალი გააქვს კბილებს და ძვლებსაც,
საესავს ვინღა ოხერი შესწვდა,
პირიდან მცვივა "ვაი" და "ოხი",
ნანგრევზე ჭინკა თავის ირთობს როკვით.


Monday, May 20, 2019

ქართული სული

ქართული სული - ამოსუნთქვა იის და ვარდის,
უიმედობის მსხვერპლია და სათუო ხვალის,
რომელშიც უკვე აღარა გვაქვს ადგილი, თურმე,
ერის დაცემას, გახრწნას, კვდომას შორიდან ვუმზერთ.
ვერ დაამარცხა ის მონღოლმა და თემურ ლენგმა,
თითქოს ქართველ კაცს ჯადოსნური სამოსი ეცვა,
დღეს კი ყოველი მფრინავ ქოშებს, ხალიჩას ნატრობს,
წავიდეს შორს და ეს ქვეყანა დატოვოს მარტო.
სულ დაკარგულა სამშობლოსთვის ბრძოლების ჟინი,
დაუფლებიათ ქართველთ, ვხედავ, კრთომა და შიში,
ქართული მიწა, გოჯისთვის რომ იბრძოდა ასი,
ერთი ვერცხლი ღირს, დაუვარდა ბაზარზე ფასი.






იმერეთი, ნათელა (მოგონებებიდან)

    ძალიან მიყვარდა იმერეთი. ზაფხულობით ჩემი და-ძმები უკრაინაში წასვლას ამჯობინებდნენ ხოლმე, მე კი არსად არ მინდოდა დასვენება იმერეთის გარდა. ბიძაშვილებთან კარგ დროს ვატარებდი. მთაგორიანი იყო ის სოფელი, სადაც ჩავდიოდი, მდინარით, მთებითა და ტყეებით, უნიკალური ჰაერით. ბიცოლაჩემის გაკეთებულ ლობიოს კი არაფერი სჯობდა, არ ვიცი, მწვანილს: პრასს, ქინძსა თუ სხვას ჰქონდა ასეთი გემო და სურნელი თუ იქ მოყვანილ ლობიოს, მაგრამ ისეთი გემრიელი აღარასოდეს მიჭამია.  დაგვიცხობდა ბიცოლა მჭადებს და იცოცხლე, ვეძგერებოდით დამშეულები, მთელი დღის ნარბენ-ნათამაშევნი. რა გემრიელი იყო ის პირველი ლუკმა, პირში რომ ჩაგვადნებოდა ხოლმე, ენერგიით გვავსებდა, ისევ სათამაშოდ განგვაწყობდა, ჭამის დროსაც არ ვისვენებდით, ვღლაბუცობდით, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, ვხითხითებდით, და არც ბიცოლას რჩევა-დარიგება გვესმოდა, დაწყნარდით, ლუკმა არ გადაგცდეთო და არც ბიძაჩემის. ერთადერთი რისაც მეშინოდა, მეზობელი ქალის გამოჩენა იყო, ჭროღათვალებიანი ქალბატონისა,  რომელზეც იძახოდნენ ავი თვალი აქვს და თუ თვალი გკიდა, ე. ი. არასწორედ შემოგხედა, დაღუპულია შენი საქმეო. ერთხელ მახსოვს, ასეთ ამბავსაც შევესწარი: ჩვენმა ძროხამ რძის მოცემა შეწყვიტა, აღარ იწველებოდა. აფორიაქდა ბიცოლაჩემი ვენერა, ბევრი ეხვეწა და ეფერა ძროხას, რძეს ნუ დაგვიძვირებ, ბავშვებმა რაღა ჭამონ, ყველი თუ ვერ ამოვიყვანეო. იქაურ ყველსაც საოცარი გემო ჰქონდა, ნამდვილი, იმერული. მერე ისა თქვა, ნათელამ ჩაიარა, ძროხა რომ ეზოში იყო, ნამდვილად მაგან გათვალაო, არც აცია, არც აცხელა, წავიდა და სთხოვა, ძროხას გამოულოცეო. მოვიდა ის ქალი, კარის ღრიჭოდან გამოვხედე, არ ვიცი, რა ებურტყუნა ჩვენს ძროხას, რაღაცა წამალიც დატოვა, ეს დაალევინეთ ხოლმე, ძუძუები სტკივაო, ბიცოლაჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ეს თავისი შავბნელი საქმიანობის გასასამართლებლად მოიგონა. ბიცოლამ დიდი საჩუქრებით გაუშვა სახლიდან, მგონი ერთი-ორი საკაბეც გაატანა, მაშინ გახსოვთ ჩემს ტოლებს, ალბათ, ქსოვილები საკმაოდ ძვირი იყო.  მას მერე ძროხამ წველადობას ერთი-ორად მოუმატა კიდეც, მაგრამ ვენერა ბიცოლა იხტიბარს არ იტეხდა, სულ მაგ კუდიანის ოინებია, ხშირად რომ დავუძახო ხოლმეო. მთელ სოფელში იყო გავარდნილი ხმა ამ ქალის ავი თვალის შესახებ და თუ რამე კარგი ჰქონდათ, ეზოში არ გამოიტანდნენ, ვითომ ავი თვალისგან იფარავდნენ. ბიცოლაჩემისთვის ჩემზე  ძვირფასი არავინ იყო, ჩაბარებული ბავშვია, ქალაქელი, ლამაზი, ემანდ თვალი არ ეცესო და ნათელას დაინახავდა თუ არა, ეგრევე სახლში შემარბენინებდა ხოლმე, საჭმლის ჭამაზეც თუ გავძალიანდებოდი, ჭამა არ მიყვარდა დიდად, ახლავე ნათელას დავუძახებო, მეტყოდა და მეც თავდაუზოგავად მივაყოლებდი ლუკმას ლუკმას, თვალი არ მეცეს, ავად არ გავხდე, ბავშვებთან როგორღა ვითამაშებ-მეთქი. ერთხელაც ბიძაშვილები სკოლაში წავიდნენ წიგნების წამოსაღებად, სწავლა იწყებოდა. ნაშუადღევს, მათი მოსვლის დრო რომ დადგა,  მათ შესახვედრად გავეშურე, კალათიც გავაყოლე ხელს, მაყვალს მოვკრეფ-მეთქი გზადაგზა. მივდივარ, აქეთ-იქით ვიცქირები, მაყვლის ბუჩქებს ვათვალიერებ, მწიფე ნაყოფს რომ დავინახავ, გადავეტოტები, დამეკაწრა ხელ-ფეხი. ძაღლი ბახულა ბუჩქნარში არ  შემოდის, გზიდან ფეხს არ იცვლის, შორიდან მიყურებს. ფეხის ხმა შემომესმა, გზაზე ვიღაცა მოაბიჯებდა, მივიხედე, ნათელა დავინახე, თავსაფარწაკრული, თავისი ლამაზი მომწვანო-ლურჯი თვალებით, აი, ახლა აქვე გავშეშდები-მეთქი, გავიფიქრე და შიშისგან ფეხის გადადგმაც გამიჭირდა. ვდგავარ და ვუცქერი. მომნუსხველი მზერით შემომხედა, - ვენერას მაზლიშვილი ხარო - მკითხა და გულღიად გამიცინა. მაინც არ მჯეროდა მისი სიცილის, - კუდიანია, ლამაზ ქალად გადაიქცა, მერე ისევ ბებერ ჯადოქრად გადაიქცევა-მეთქი. ნათელამ ხელი მომკიდა, ბუჩქნარიდან გამომიყვანა, - როგორ დაკაწრულხარ, პატარა, - ალერსიანად მითხრა, თავზე ხელი გადამისვა, ლოყებზეც მომითათუნა, მერე მაყვლით სავსე თავისი კალათიდან მაყვალი გადმომიყარა ჩემს კალათში, გამივსო, - აჰა შენა გქონდეს, ჭამეო, - და სიცილით გაუდგა გზას. ბიძაშვილებს აღარ დავლოდებივარ, გახარებული სახლში გავიქეცი, არაფერი მომივიდა-მეთქი, თან  მაყვლით სავსე კალათაც მივიტანე, - არ ყოფილა ცუდი ქალი ნათელა, მაყვალი მომცა, -  ვუთხარი ბიცოლას. რა თქმა უნდა, არავინ დამიჯერა. მაყვალი კი ბიძაშვილებმა გავინაწილეთ და გემრიელად მივირთვით, არ შემშინებია, კუდიანის დაკრეფილი რომ იყო.

Sunday, May 19, 2019

სარკმლიდან ცივად მთოვარე მიმზერს!

სარკმლიდან ცივად მთოვარე მიმზერს,
ჟამმა უვადოდ წლები გაზიდა,
დგახარ და მიმზერ ლამაზი, პირმზე,
ღამის უძირო სიმდუმარიდან.
აგიწურია დახრილი მხრები,
შავი ღრუბლები გაწევს სიმძიმედ,
და თეთრად გათოვს მნათობთა შუქი,
მთიდან აგორებს ლოდებს სიზიფე.
შენ ასწლოვანი არ ვიცი, რას გრძნობ,
ქარმა და ყინვამ შენ ვერ გაგტეხა,
მე ამინდიც კი გონებას მიმღვრევს,
სატანას ვხედავ ბედის კარებთან.
ქარი შენს ტოტებს ჩემს მინებს  უშენს,
მუშტებით ვიღაც ამოდის ოხტში,
ბორგავს სნეული სული და ხორცი,
ხმაც გაჭედილა ხახაში, ხორხში.
შენ ასწლოვანი დგახარ და მიმზერ,
წლები უვადოდ ჟამმა გაზიდა,
ქარი შენს ტოტებს ჩემს სარკმელს უშენს,
თითქოს მეძახის : "მომწყდი თავიდან!"
,






Friday, May 17, 2019

შვილს ნუ ასწავლი...

შვილს ნუ ასწავლი, რომ სამშობლო უფრთოდ დატოვოს,
სამოთხის ბაღებს ნუ შეუსევთ ჯოჯოთ და ხვლიკებს,
შვილს ნუ ასწავლი, რომ ამ ქვეყნად ფული ბატონობს,
ზეცაში ლოცვით აცილებენ უმწეთ და გმირებს.



მე სიყვარულის მეკვლე გიწოდე

მე სიყვარულის მეკვლე გიწოდე!
მე სიყვარულის მეკვლე გიწოდე,
თურმე ტყვიები გესხდა თვალებში
და ყოველ ღამე ხვრეპდა სიცოცხლეს
შენი ვნება და ღამის თარეში.
ხერხემლის მალებს გაყოლა ხელის
თურმე ახალ ჟინს სისხლის ბადებდა
და სულ წვეთ-წვეთად შეისვა ჩვენი
დაბადებაც და გარდაცვალებაც.
მაია დიაკონიძე
17.05.2019 წელი


ვიხსენებ წარსულს...

ხეების ჩრდილში საბაბი მაქვს ფიქრის და ღელვის,
ჭიატობენ და სუნს აფრქვევენ მსხალი და ლეღვი,
ჩამოქნილია თითქოს მზისგან ყვითელი მსხალი,
არ არის მასში ზედმეტობა ერთი მისხალიც.
თეთრი ლეღვების აკიდულა რიგი და წყება,
თითქოს ავხორცი შეჩენია, ძალადობს ვნება,
გახსნილ ტუჩთაგან გადმოღვრილი ნექტარით ტკბილით
მიუზიდიათ ფუტკარი და მზადდება ცვილი.
ვიხსენებ წარსულს, ჩემს ბებიას, მურაბით ვარდის,
აქვე ეზოში რომ ყვაოდა ფაქიზი დარდით,
მისი სურნელით დავდივარ და სიყვარულს ვაფრქვევ,
ვიცი, მომაწვდის ზეციერი ჯადოსნურ სარკეს.