Monday, May 13, 2019

უსახლკარო (ნოველა)

   ცხოვრებაში ყველფერი ხდებაო, ამაზე არის ნათქვამი. პლეხანოვზე გაიზარდა, ახლა აღმაშენებელს რომ ეძახიან. ახლაც ვერ სცილდება იქაურობას, თუმცა სახლი აღარა აქვს. ყოფილმა ცოლმა დაისაკუთრა, აქირავებს, შვილს რჩენა სჭირდებაო, ცერებრალური დამბლა აქვს გოგონას, რაღა გოგონა, უკვე დიდი ქალია, კაცი გარეთ გამოაგდო, დადის ახლა აღმა-დაღმა, ხან სად ათენებს ღამეს, ხან - სად. ძირითადად ქუჩაშია, სმას მიეძალა, უბნელ ბიჭებთან ერთად იყიდის ერთ-ორ ჭიქა არაყს, გადახუხავს, ილაპარაკებენ ბიზნესზე, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთო, მაგრამ "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო", არაფრის თავი რომ არა აქვთ?! იყიდება და იყიდება იქაურობა, მიმდებარე ქუჩებზე სახლები, უყურებენ ძველ-ბიჭები, როგორ იცვლება ფასადები, ახალი მეპატრონეები ყოჩაღები არიან, მიაშენებენ, მოაშენებენ, ძველ ნანგრევებს აიღებენ, სადაც მერია ამის ნებას დართავს, ახალს დადგამენ, სასახლეს, მერე ოთახებს აქირავებენ, სასტუმროდ აქციეს იქაურობა, ამათ კი უკვე დათრობის თავიც აღარა აქვთ, თანაც რომ დათვრე და დებოში ატეხო, თუნდაც იმღერო ძველებურად "მრავალჟამიერი", ეგეც არ გამოდის, ხალხს "ბიზნესი" აქვს, უცხოელები დარბიან ტარაკნებივით, ვერ შეაწუხებ, ხელს ვერ შეუშლი მეზობელს. რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი, ხან მანქანები ჩამოჰყავდა გერმანიიდან, ხან ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარდა, ხან ამერიკაში წავიდა, მაგრამ ჩასვლისთანავე მამა გარდაეცვალა და უკან დაბრუნდა, ისრაელშიც იცხოვრა, ელექტრიკად მუშაობდა, წასასვლელი ფულით ყოველთვის ყოფილი ცოლი აფინანსებდა, ალბათ, ფიქრობდა, წავიდეს და აღარ დაბრუნდესო, მოუსავლეთშიც დიდი სიამოვნებით გააგზავნიდა, რაც მისგან უსიამოვნებები ჰქონდა ნაწვნევი, მაგრამ რა ქნას, ვერსად რომ ვერ გაძლო?!  ახლაც დადის, ტუალეტს ეძებს, რომელიმე მეგობრის სახლში შევა, არაა პრობლემა, მათი ცოლები კი უბღვერენ, მაგრამ არა უშავს, აიტანს. საღამო ხანს სვანეთის უბნის გზას ფეხით დაადგება, ერთმა ღვთისნიერმა კაცმა სარდაფი დაუთმო, კერძო სახლი აქვს, ნასვამი უფრო მხიარულად ივლის, მივა, აანთებს ფანარს, დადგამს, გაინათებს სოროსა...

Thursday, May 9, 2019

ზეინაბ მეტრეველის ლექსი

ზღაპარს ვერ ვშობდი სიზმრად ცერცვისგან,ვერ ვამდორებდი ზღვაში ქარიშხალს,ან,რა ოხერი ცხადი შემცვლიდა,მთლად დედამიწა მედო ბალიშად,სულ მეშინოდა ფესვის ამოთხრის და ბაჯაღლოსაც ვერცხლი კალავდა,თანაც გასაღებს ჩემი სამოთხის,ღმერთი ყოველთვის დარდში მალავდა,არა ჰყოლია თეთრი პეგასი,იმ ჩემს უფლისწულს,მომსვლელს ვერსაით,სულ შეშლილები მისხდნენ ვერსალში,დარდით სნეულნი მუდამ ჩემსავით..ქედს არ ვიხრიდი იმათ ქოშის წინ,სად სათნოება ჯალათებს ეცვა და არ დავმთვრალვარ იმათ ქორწილში,ვინც სანადიმოდ გაფინა ზეცა..არ მიმიგია მათთვის პატივი,ვინც ხატს სტოვებდა მტერთან ოქონის,არ მიმიღია მათი ნაპირი,ადიდებულ წყალს,როცა მოვქონდი,ან რად მიველტვით ჩინსა და რაყამს,რომ საკუთარ ჯიშს გენებს ვპარავდეთ,როს საქართველო მათხოვრად დაგვყავს,სახლის კარიდან ტაძრის კარამდე..აღარც სივრცეს ვცნობ,ახლა ,აღარც დროს,არც მანძილს ვზომავ მზიდან მთვარემდე და ჩემში მთლად თუჩავკლავ ,,ბარბაროსს,,,,დელიკატესად,,ჩამატარებენ..ნაბადს სუყველა თავისთვის იშლის და ახალ მთვარეს ინთებს თავსზემოთ,მე როგორ ვიწვე მარაოს ჩრდილში,სხვამ თუ გაცვითა ჩემი სამზეო..ვარ ატუზული სამყაროს სვეტთან,საცაა ჭერმა უნდა იხუვლოს,მადლობა,თუკი,მოყვასზე მეტად,ამ ჩემს ნაბოდვარს მტერი კითხულობს.......----შეგახსენებთ,რომ ეს პოეზია არაა,ეს ჩემი სათქმელია..



Wednesday, May 8, 2019

მატარებელში (მოგონებებიდან)

   მატარებელში ვსხედვართ და ფანჯრებიდან უკრაინის სტეპებს გავყურებთ, მიყვარს ხან მწვანე, ხან ოქროსფერი ველების ყურება, გზადაგზა ნახშირის მთები გვხვდება, საბადოებიაო, მიხსნის, მამა, ეს შავი მთებიც მომწონს, უკიდეგანო ველებიც, ჩაიც, საღამოს, ძილის წინ რომ ჩამოგვირიგებენ, ვაგონის გამცილებელს მოაქვს თხელი გამჭვირვალე ჭიქებით, ზოჯერ ორი წითელი ზოლიც დაჰყვება ზედა მხარეს წრიულად, ჭიქები აუცილებლად მელხიორის სადგამებშია, ასე ამბობს დედა, წკარაწკური გააქვთ ჭიქებს ლანგარზე ვაგონის დერეფანში, მერე ფრთხილად აკაკუნებენ კარზე, იციან, აქ ბევრი ბავშვებია, შეიძლება ზოგიერთს ეძინოს, სავსე ჭიქებით დახუნძლული ლანგარიანი გამცილებელი კუპეში შემოდის და სათითაოდ გვაწვდის ჩაის , შაქრის ნატეხებს გვიყრის დედა ჭიქებში, უზომოდ ბედნიერი ვარ, ისე ჩაის სმა არ მიყვარს, მაგრამ აქ ეს რიტუალია, ამის გარეშე თითქოს წარმოუდგენელია მატარებელში მგზავრობა, როცა მამას და დედას იმერეთში მივყავარ, ყოველთვის ვეკითხები, აქ ჩაი რატომ არ შემოაქვთ-მეთქი, მიხსნიან, რომ აქ მოკლე მანძილზე გადაადგილდება მატარებელი, ღამით ვიძინებთ და დილით ზესტაფონში ვართ, არაა საჭირო ჩაის დალევა, ტუალეტში შესვლა მოგინდება, ხშირად სიარულით კი ღამით მგზავრებს შეაწუხებო, მაგრამ არ ვიჯერებ და მაინც დაჟინებით ვითხოვ ჩაის, მამა იძულებულია ვაგონ-რესტორანში წავიდეს და იქიდან მომიტანოს, როცა მარტო დედას მივყავარ, ჩაის გარეშე ვრჩები, ახლა კი, თბილისი-მოსკოვის მატარებელში ვზივარ და პირს ვაწკლაპუნებ, ცხელ ჩაის გამალებით ვისრუტავ, თითქოს მეშინია, ისევ საქართველოს მატარებელში არ აღმოვჩნდე, სადაც გამცილებელი ჩაი არ მოგვიტანს. 

Tuesday, May 7, 2019

შენ მე დამტოვე

შენ მე დამტოვე,
როგორც გედი,
მარტო, ნაპირზე,
ვახალე თავი,
იმ ყინულებს,
რომლებიც შენ შვი,
სასთუმალს ახლა
გამიყოფენ,
შლამი და ქვიშა,
შემომეხვევა
წყალმცენარე
ურჩხულის ეშვით...

Monday, May 6, 2019

ივლიტა და კვირიკე

ზიმზიმებს გზები ხან ოქროდ და ხანაც ვერცხლებად,
ზევით მივყვები მშობლიური მთების ბილიკებს,
წინაპრის სულნი ბრჭყვიალებენ ანარეკლებად,
გზას მიჩვენებენ ივლიტა და წმინდა კვირიკე. 

Saturday, May 4, 2019

ალუბლები

ვუცქერ სამყაროს, უკიდია ზეცას ხანძარი,
თვალწინ მიელავს ალუბლის ხე, მორცხვი, ხან შფოთი,
წითელი ტუჩი მომელანდა და ეს აბდალი,
ჩავკოცნე მაგრად, ალუბლების მოვზნიქე ტოტი.

Thursday, May 2, 2019

მზის ბრწყინვალება მჭრიდა თვალებს

მზის ბრწყინვალება მჭრიდა მე თვალებს,
ვერ ვუსწორებდი ვერასდროს ფიქრებს,
ტანზე დამეტყო შავი ხალები,
სიბერის ვიწრო ბილიკებს მივდევ.
მაინც მოველი სხივის დანახვას,
ბნელს მხოლოდ იგი ამარცხებს მარად,
თუ კი სიცოცხლე არ გვიწერია,
მას მაინც ავყვეთ სამოთხის კართან.