Thursday, September 7, 2017

ტოტემა

იასამნებით დაფარული გზა
და ცოტაც კიდევ, დათქმული ბაღი,
წინ შემომხვდება შენი ტოტემა,
ვეღარ შევძელი, შემოგწვდე მხრამდის.

Monday, September 4, 2017

მარტოსულის ფიქრებს ვირჩევ

მარტოსულის ფიქრებს ვირჩევ,
თუმცა მარტო არა ვარ,
ფოთლებს, ქვევით ჩამოყრილებს, 
შემოვივლებ გალავნად,
ატრიალებს ქარი ყვითლებს, 
დამჭკნარსა და გათელილს,
მათი კვნესა, როგორც ჩემი,
ნუთუ, არვის არ ესმის?!

ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს

ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,
მძიმედ მივცურავ ფიქრებში,
ხან ფანჯარიდან გავცქერი,
ძროხა ჩანს დიდი ჯიქნებით,
ბებია რქებზე ხელს უსვამს,
ბაბუ ბოსლის კარს შეუღებს,
არ შესცივდესო, ყინვაა,
სადგომში თივას ჩაუფენს,
თოვლით შესვრილა მიდამო,
ტოტები ჩაუზნექია,
მამა სახურავს ამაგრებს,
დედა ცეცხლს მატებს კერიას,
რა მადლიანად მოთოვა,
თოვლის ფიფქს ვიჭერ ხელებით,
ხან თეთრონ რაშზე მივფრინავ,
სულს ვითქვამ ქვეყნის ბეღელში.
ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,
მათ თუ გავუმხელ ხვაშიადს,
მიცხობს ბებია ხაჭაპურს,
საფლავზე ქვები ხვნეშიან.

Friday, September 1, 2017

მე არა ერთხელ შემშლია სიტყვა

მე  არა ერთხელ შემშლია სიტყვა,
ხანდახან არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა,
ხან რაც არ იყო სათქმელი, ის ვთქვი,
ბრიყვს ის ვუთხარი, რომ არის ბრიყვი,
მართალს მართალი ვუწოდე კაცი,
სიჯიუტეში დავჯაბნე ვაციც,
თავს ვერ ვიწონებ მლიქვნელთა ბაძვით,
მიტომ მივირთმევ ბალბას და ღანძილს.




Thursday, August 31, 2017

სათითური

კერვის დროს სათითურს ვიკეთებ თითზე,
ნემსმა რომ არ მიჩხვლიტოს,
ნეტავ, ასეთივე დამცავი საშუალება გვქონდეს გულისათვის,
ავიცდენდით მწარე ჩხვლეტას.

Monday, August 28, 2017

წამია, წუთი თუ წუთზე მეტი

წამია, წუთი თუ წუთზე მეტი,
მუდამ სამშობლოს მაწუხებს ბედი,
ჭირვეულთ კასტას გახსნია მადა,
ჩემი ბაბუ კი თხილის ჯოხს რანდავს,
შორი წარსულის მიყვება ამბავს,
ახალი წლისთვის ჩიჩილაკს მართავს,
რომ ჩვენს გულებში დაემხოს კერპი
და მხოლოდ ერთი ვადიდოთ ღმერთი.
წუხს, შემოგვტირის დამწვარი ველი:
- აღმადგენს მხოლოდ გამრჯელი ხელი.
ახალი მთვარე დაგვნათის თავზე,
კაცის ბუნებას უცნაურს ამხელს:
ვიღაც ბანაობს რძეში და ქერში,
ვიღაც ტირის და ეფლობა მტვერში.
უსამართლობას ვერავინ დალევს,
თუ არ შევაღებთ სამოთხის კარებს,
ბედნიერება კაცის ძეთ გველის,
თუ მოვიშორეთ სამოსი გველის
და აზროვნების შეცვლაც ვერ შველის,
ქვეყანა შენთვის თუ არის გერი.
          _______________
ატირდებიან წვეთები ქარში,
მოგვეგებება ბუნება მარშით:
- სიკეთის თესლი ჩაყარეთ ხნულში,
ვარდი ამოვა ბაღშიც და სულშიც.

გალაქტიონს!

ახალ წ;ლის ღამეს მეწვია მუზა,
მე ვიქნებიო წელს შენი მეკვლე,
ეყარა თმებზე ფიფქები გრუზად,
პარმაღზე იდგა ლექსების მეფე.