Tuesday, December 6, 2016

ის ზღაპარი სადღა არის?!

ჩემო ციცინათელებო!
მიყვარხართ და მენატრებით, ჩემო ციცინათელებო.
ბავშვობას რომ მინათებდით, ახლა უკვე სად გეძებოთ,
დეკებერი გვიკრავს ღილებს, პირს გვითბუნებს იანვარი,
გავხედავ და გამოვხედავ,- ის ზღაპარი სადღა არის?!
სადღა არის გაზაფხული, ყვავილების რია-რია,
მოიწყინეს ბეღურებმა და ფოთლებიც უხმოდ ყრია,
აუწურავთ მხრები იფნებს, არ ელიან მზეს და ნიავს,
მთები თოვლით დაფარულან, ამაყ თავებს დარდით ხრიან.
მაინც მინდა, რომ ჩემს გულში ყვავილობდეს ნაზი ია,
უიმედოდ გადაქანცულს მესმას მერცხლის ტია-ტია,
აიწეწოს მთაში ნისლი, დამინამოს სახე წვიმამ,
ჩამომბანოს თვალზე ცრემლი, შევეგებო მზიან დილას.
მიყვარხართ და მენატრებით, ჩემო ციცინათელებო.
ბავშვობას რომ მინათებდით, ახლა უკვე სად გეძებოთ,
მაგრამ ვიცი, დღეს თუ არა, ასრულდება ის ზღაპარი
და ღრუბლებში მოცურავეს გამეხსნება ზეცის კარი.
მაია დიაკონიძე
6.12.2016 წელი

მინდა ღრუბლად შემოგიცვა

მინდა ღრუბლად შემოგიცვა
და გატარო სუსტი მხრებით,
ყოველ დილას გაპკურებდი ცვარს,
დაგყნოსდი დიდი ვნებით,
ჩემთვის მზეც ხარ, უძინარი,
მთვარეც, ვარდიც, იაც, ლურჯი,
ზღაპარი ხარ ბავშვობიდან,
იტყვის ენა, თუ გინდ მუნჯი.

მწუხრის საბანი

გადავიფარე მწუხრის საბანი,
არ მინდა ჩანდეს ჩემი სხეული,
ვეღარ დავმალე ხელის თითები, -
თეთრი სადაფი და ბროწეული.

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ცოლის დაქალები)

   მებუკეზე მინდა მოგიყვეთ. ის ჩემი ერთ-ერთი უახლოვესი მეგობარია. ალბათ ოცი წლისა ვიქნებოდი, რომ გავიცანი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ორივე ვსწავლობდით. მან გამაცნო ჩემი მეუღლე ნატალიაც და ამის შემდეგ 35-36 წელია, რაც ერთმანეთთან ვახლობლობთ. ხანდახან კამათიც მოგვსვლია, უკმაყოფილებაც, მაგრამ ია ისეთი ღვთისნიერი და მომთმენი ადამიანია, მე თვითონ მიკვირს, როგორ მიტანს. ძალიან უყვარს ცხოველები, მათი აქტიური დამცველია, თავის სადარბაზოში მცხოვრებ ყველა კატას ის აჭმევს და ასაზრდოებს ხორციელადაც და სულიერადაც,. ხანდახან ხუმრობით ამბობს, ალბათ წარსულ ცხოვრებაში ძაღლი ან კატა ვიყავიო, იმდენად უყვარს ცხოველები. მათ დანახვაზე ცრემლები ადგება თვალზე. არ შეუძლია არ მოეფეროს და ორიოდე ტკბილი სიტყვა არ უთხრას. ჩვენი კატა ფეფო ჩვენს სახლში რომ აღმოჩნდა, მისი დამსახურებაცაა. წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს როგორ უყვარს თვითონ ადამიანები, არავისზე ცუდს არ იტყვის, არავის გაკიცხავს, არავის გააკრიტიკებს, მოკლედ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ჩვენს დროში იშვიათად შეხვდებით, მუდამ ოპტიმიზმითაა სავსე და ღვთის დიდი იმედი აქვს. ია და ნატა ბავშვობის მეგობრები არიან, კლასელები. უერთმანეთოდ არ ჭამდნენ, არ იძინებდნენ, ნატას სახლშიც ხშირი სტუმარი იყო და ნადეჟდა ივანოვნა თავის ქალიშვილს და მას ერთმანეთისგან არ არჩევდა. ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ. ჩემს მიმართ დიდი სიმპათია დაებადა, როგორც კი გამიცნო. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?!ახალგაზრდობაში ძალიან გალანტური და ზრდილობიანი ვიყავი, განსაკუთრებით ქალებთან. შესაბამისად დიდ მოწონებასაც ვიმსახურებდი. მისი დაქალი მაკოვკინა იმასაც კი ამბობდა, ბედნიერი იქნება ის ქალი, ანდროს რომ ცოლად გაყვებაო. ამიტომაც დროს ხომ არ დაკარგავდა ჩვენი ია და გადაწყვიტა ჩემთვის ნატა გაეცნო, მისთვის ხომ ყველაფერი საუკეთესო უნდოდა, ყველაფერი უკუღმა კი დატრიალდა და ჩემნაირი მოუსვენარი, ამბიციური და ბობოქარი ადამიანი შეახვედრა თავის მეგობარს. მე მგონი აქამდე ნანობს ამ ამბავს, რა შარში გავყავი თავიო. ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარია, მეც ნატასთან ერთად დიდი სიხარულით ველოდები ხოლმე მის გამოჩენას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემთან ხელცარიელი არ მოდის,  აუცილებლად ტკბილეული მოაქვს, უფრო კეთილი რომ გავხდე და რამე ცუდი არ ვთქვა ვინმეს მისამართით. მწყინს როცა იგვიანებს მოსვლას, იმასაც თავისი საქმეები აქვს, ისიც დაკავებულია. მხატვარია, უჭკვიანესი და უნიჭიერესი გოგოა, თავის ხელით იკერავს და იქსოვს ტანსაცმელს, კარგი გემოვნება აქვს. ჩემს შვილებთანაც მეგობრობს, ძალიან უყვარს ნინოსაც და დიმიტრისაც. დიმიტრის ნათლიაც ის არის. ბავშვები პატარები რომ ჰყავდათ, დაქალები ხშირად ერთად დადიოდნენ ხოლმე დასასვენებლად, ხან თეთრიწყაროში, ხან ცხვარიჭამიაში, ხან შოვში და ა. შ. ხანდახან ჩემი რძალი, მაიაც, შეუერთდებოდა მათ. ისინიც დამეგობრდნენ. იას ბიჭი -  ივიკო ჩემი ძმისშილის, სოფიკოს, ნათლიაა, მოკლედ, დიდი ნათლი-მირონი გვაკავშირებს ამ ადამიანთან მთელ ჩვენს ოჯახს. სანამ შვილი ეყოლებოდა, განსაკუთრებულად უყვარდა პატარა ნინო, მსუქანი და თბილი. ნატა  მოფერებით იაკოშას ეძახის, ერთმანეთს ხშირად ურეკავენ და ელაპარაკებიან. ხდება, ერთმანეთზე განაწყენდებიან კიდევაც, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. აუცილებლად შერიგდებიან, მათ უკან ხომ ბევრი ტკბილი და საოცარი მოგონება დგას თუ ჩემს თავს არ ჩავთვლი, იმიტომ რომ არც თბილი ვარ და არც ტკბილი, ხანდახან მწარეც ვარ და ყელზეც ვადგები ხოლმე ზოგ-ზოგიერთს. ძალიან მიყვარს, როცა ნატა სუფრას შლის თავის დაბადების დღეზე, მე მგონი არც ერთი არ გამომიტოვებია. არასოდეს  ვაკლდები ამ ზეიმს, ამ დღეს ხომ ჩემი საყვარელი ქალი დაიბადა, ზოგჯერ ნატა მეტყვის, - დაგვანებე თავი, ქალები ჩვენთვის დავსხდებით, ვილაპარაკებთო, - მაგრამ მე არ ვნებდები, ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ, თან, მით უმეტეს, ამდენ ლამაზ ქალს როცა ვხედავ ერთად, ნატა, ჩემი დედოფალია, რა თქმა უნდა, კონკურსის გარეშეა, ია, ჩემი რძალი მაია, იას და ნატას კლასელი, ინა რამიშვილი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალბატონი, მათი დაქალი, იანა, ინას მეგობარი, თეთრი თაფლისფერთვალება ბესტია და ასე შემდეგ. ვარდივით ვიფურჩქნები მათ შორის და განა შემიძლია ასეთი სიამოვნება მოვიკლო?! ვიფრქვევი ბგერებად, სიტყვებად, ისტორიებად, ანეგდოტებად, ზოგი მოსწონთ, ზოგიც ალბათ არა, მაგრამ მე ვარ თამადა და პირველი სიტყვა მე მეთქმის. ყველაზე მეტად ჩემი რძალი მაია მეპაექრება და მეკამათება ხოლმე, გულში ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, მინდა დავამტკიცო, რომ მე ვარ კაცი და მე უფრო ჭკვიანი ვარ, მაგრამ ზოგჯერ უკანდახევაც მიწევს, რაც სულაც არ მომწონს. ჩემი ცოლის დაქალებს ვეძახი ამ გოგოებს, ჩემთვის მარად ახალგაზრდებს და ღმერთმა არ მომიშალოს მათი ფეხი ჩემს ოჯახში!

Monday, December 5, 2016

ანდროს ისტორიებიდან (დიმიტრი)

  მას მერე რაც შვილი შეეძინა, ჩემ ბიჭს, დიმიტრის ვეღარ ვცნობ, ანათებს შიგნიდანაც და გარედანაც. მის გულში მზე დაინთო, ასე ვიყავი მეც, როცა თვითონ დიმიტრი გამიჩნდა. ჩემს გულშიც უზარმაზარი მზე დაინთო, რომელიც შიგნიდანაც მათბობდა და გარედანაც. არეული დრო იყო. 90-იანი წლები, საყოველთაო გაჭირვებას მოეცვა ჩვენი ქვეყანა. მეშინოდა ბავშვის გაზრდის პასუხისმგებლობა ამეღო თავზე, ერთი ხომ უკვე გვყავდა მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ დედაჩემმა კატეგორიული უარი განაცხადა, ნატას ბავშვი მოეცილებინა. ასე გაჩნდა ჩვენი დიმიტრი, რითვისაც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთისაც და დედაჩემისაც. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან პატარებთან მეგობრობა მიჭირს, გამონაკლისი ჩემი შვილიშვილი ანდრიაა. მე და ის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და თითქოს ერთმანეთის გვესმის, იმიტომ რომ ერთი ჯიშის და ერთი გენისა ვართ. პატარა დიმიტრი ყველას აოცებდა თავისი ჭკუა-გონებით. 5 თვისა იყო, ნატას ბავშვი მაიასთვის, ჩემი რძლისთვის, დაეტოვებინა, სკოლიდან ნინოს წამოსაყვანად წასულიყო, მაშინ ჩვენ კიდევ დედაჩემთან და ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით, საკმაოდ დაეგვიანებინა სახლში მოსვლა, როცა გამოცხადდა, დიმიტრის ზედ აღარც შეუხედავს დედამისისთვის, ისეთი ნაწყენი დარჩენილა, ძლივს შეირიგა ეს პატარა ბიჭი. გაგვიკვირდა, ასეთ ციცქნას რამდენი ესმოდა. ბიცოლამისი განსაკუთრებით უყვარდა, მის კალთაში მხოლოდ მისი ადგილი იყო, შვილებსაც კი არ აკარებდა, ხანდახან ცოტა ჩაიჩოჩებდა, ლევანსაც მისცემდა დაჯდომის უფლებას, ისიც ხომ პატარა იყო, მასზე წლით და ხუთი თვით უფროსი. ბიცოლამისიც ყოველთვის აღნიშნავდა, ბევრ ბავშვთან მქონია საქმე,  მაგრამ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი იშვიათად მინახავსო, პატარა მოაზროვნე იყო, გონებამახვილი  და იუმორით სავსე. ცოტა ენას უკიდებდა, მისი საუბარი სასაცილო და საინტერესოც იყო. ბიცოლამისს ეძხდა: -  ბისსს! ც-ს მაგივრად ს-ს ამბობდა.ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი, სულ  დარბოდა, მარტო მისი ყურება დაღლიდა ადამიანს. სიცელქისგან ხან იქით გადახტებოდა, ხან - აქეთ,  ამის გამო ხან რას იტკენდა, ხან - რას. ერთხელ ვედროს წამოსდო ფეხი და მდუღარე წყალი გადაივლო, ამის მერე ბევრი მკურნალობა დასჭირდა საწყალ ბავშვს, ტკივილებსაც ვაჟკაცურად ებრძოდა, მაინც ჩერქეზის სისხლი ურევია. ბაბუამისი, საიდ მურადინოვიჩი, ხომ მისი ყველაზე დიდი მეგობარი და სულიერი მამა იყო. წამოიზარდა დიმიტრი და ძალიან დავუახლოვდი, სკოლაში ხშირად მიბარებდნენ, ცუდი მოსწრება და დასწრება აქვსო, არ ვუბრაზდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. შენიშვნებსაც იშვიათად ვაძლევდი, არ იმსახურებდა, ჩემზე ბევრად წესიერი და ჭკვიანი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერიც.თავის ბიძაშვილებთან ინგლისური ლაპარაკიც ისწავლა, სულ ერთი წელი ემზადებოდა და უნივერსიტეტში ჯავახიშვილში მოხვდა, იურიდიულზე, 70 პროცენტიანი გრანტიც აიღო, სხვა ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ დიმიტრი დიმიტრია და მას ვერ შეცვლი. სწავლა ეზარებოდა და თავი დაანება. ამის გამო ბევრს ვნერვიულობდი, მაგრამ ვიფიქრე, გაუშვი, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს-მეთქი. "ჟილკიანი" გამოდგა, ბავშვობიდან კალათბურთი უყვარდა, ყველა კალათბურთელის ბიოგრაფია ლამისაა ზეპირად იცის, უნდოდა კალათბურთელი გამხდარიყო, ფიზიკურმა მომზადებამ უმტყუნა, ხერხემალი, მუხლები ასტკივდა, თუმცა მაღალი კი იყო, თამაში ვერ შეძლო. არ მოეშვა, არ დანებდა და ახლა, ჩემი გულის გასახარად, კალათბურთს ასწავლის ბავშვებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში. ბავშვობიდან უყვარდა პატარები, სულ ამბობდა, რომ გავიზრდები, ბევრი შვილები მეყოლებაო. თავისი შვილიც განსაკუთრებულად უყვარს, მკერდზე დაიწვენს და არიან ასე გაყუჩებული მამა-შვილი. მშურს მისი, ახლა ვფიქრობ, ნეტა მეც მკერდთან ახლოს მყოლოდა-მეთქი ჩემი პატარები, ნინო და დიმიტრი. მუდმივად არეული ვიყავი, დაძაბული, ბავშვებისთვის თითქოს დრო არ მქონდა, როცა ამაზე დიდი საქმე ქვეყნად არ არსებობს, ისუნთქო შენს შვილებთან ერთად, დაიღალო მათი სიყვარულით, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გვიან მივხვდი და ეს ყველაფერი ჩემმა დიმიტრიმ დამანახა. მშრომელი გამოდგა. წინსვლის გხებს ეძებს, უნდა რომ გამახაროს, პირველ რიგში მე მიყვება ხოლმე ყველაფერს ახალსა და პერსპექტიულს, მე კი ზოგჯერ სულ ტყუილუბრალოდ ვუჯავრდები, მასაც და ნინოსაც, მერე ვნანობ, მაგრამ ისეთი ბავშვები არიან, ადვილად მპატიობენ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, ვიმსახურებ კი ასეთ შვილებს?! ქართული ანდაზაა, შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო. მეც ამ პრინციპს მივსდევდი და მივსდევ, მაგრამ როცა მათზე ვსაყვედურობ, ჩემი რძალი მაია მეკითხება, -  შენ მაგ პრინციპით ხომ არ გზრდიდნენ, სიყვარულში და ფერებაში ხარ გაზრდილი და შვილების მიმართ ასეთი მომთხოვნი რაზე ხარო?! -  ვიბნევი ხოლმე. -  მინდა უკეთესები იყვნენ-მეთქი, ეს ხომ ყველა მშობლის ოცნებაა. - მაგაზე კარგები რაღა უნდა გაზრდილიყვნენო, - მეუბნება ჩემი რძალი, მეც გავყუჩდები ხოლმე, მიხარია ჩემს შვილებს რომ აქებენ. გიხარია როცა შენი გაზრდილი ხე დაფესვიანდება, ნაყოფს გამოიღებს. დიმიტრი ალბათ კალათბურთელთა მრავალ თაობას გაზრდის, იმიტომ რომ ამის უნარი და სურვილი აქვს, მათ შორის წარმატებულებიც იქნებიან და დიმიტრი თავისი გაზრდილებით იამაყებს, ისინი - თავიანთი მასწავლებლით. პატარა ანდრიაც ძალიან დიდი ადამიანი გაიზრდება, კოჭებში ეტყობა, იმიტომ რომ ისიც პატარა მზეა, გარშემომყოფებს ისიც უთბობს გულს და სულს. რუსული საბავშვო სიმღერა გამახსენდა: - დაე, მუდამ იყოს მზე! დაე, მუდამ იყოს ცა! დაე, მუდამ იყოს დედა! დაე, მუდამ ვიყო მე! დავამატებდი, დაე, მუდამ იყოს ზღვა! ღელვის და მოძრაობის გარეშე ხომ ცხოვრება არ არის, მეც ხომ მუდამ ზღვასავით ვღელავ, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ჩემო მეგობრებო, ხანდახან ზღვაც ნებდება და ჩუმდება!

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ქალიშვილი ნინო)

    ნინო ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილი იყო, პირველი გამონათება, პირველი სიხარული. ალბათ იმას ახსნა არაა საჭირო, რას ნიშნავს ადამიანისთვის პირველი შვილის დაბადება. მაშინ ექოსკოპია არ იყო, ბავშვის სქესს ვერ იგებდნენ და დიდი ამბით ველოდით, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, მართალია ჩემთვის სულერთი იყო, მთავარია, ჯანმრთელი ყოფილიყო. ბავშვი რომ დაიბადა, მამაჩემს ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა, წნევიანი კაცი იყო, კარგად მენიშნა, ჯიგარი გოგო დაიბადა-მეთქი. მართლაც, ვაჟკაცური ხასიათის ქალიშვილი მყავს, ბიჭებს ტოლს არ უდებს. დედაჩემი ცას ეწია სიხარულით, გოგოს მონატრებული იყო, ქალიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ თავისი სინაზე და სიყვარული ნინოზე გადაიტანა და მთელი ცხოვრება არ განელებია. ნინო ბებიაჩემის, ნინა სოლომონოვნას, საპატივცემულოდ დავარქვით. ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე გოგო იყო. ახლა უფრო მკაცრი ხასიათი გაუხდა, ალბათ ცხოვრებისეული სირთულეების გამო. ჩემი ნინუცა ბუთხუზა გოგო იყო, ჭამა ძალიან უყვარდა, სტუმრად სადაც არ უნდა წაეყვანათ, აუცილებლად საჭმელს მოითხოვდა. მე თვითონ მოფერებით რატომღაც "ბასურა" შევარქვი. ძალიან უყვარდა "მაკაკუ", მაკარონს ასე ეძახდა, ხელით ჭამაც მალე ისწავლა, სულ რამდენიმე თვისამ, თავის თავს თვითონ ანებივრებდა ნაირ-ნაირი საჭმელებით, განსაკუთრებით ჩიჩია უყვარდა და ისე მადიანად მიირთმევდა, ნერწყვი წამოგივიდოდა პირიდან. ძალიან ენერგიული და ხალისიანი იყო. ჩიკორივით ბზრიალ-ტრიალა.ისე ჩქარა დარბოდა ხოლმე ეს მსუქანი ბავშვი, გვეშინოდა ცხვირპირი არ დაემტვრია, ველოსიპედის ტარებაც მალე ისწავლა, რატომღაც "მოკოკოს" ეძახდა, ალბათ მოტოციკლეტს თუ ამსგავსებდა, საერთოდ თავისი ლექსიკონი ჰქონდა და ყველა საგანს თავის სახელს არქმევდა. წლინახევრამდე ძუძუს ჭამდა, ნატამ ძლივს გადააჩვია, დეკრეტიდან სამსახურში უნდა გასულიყო და სხვა გზა არ ჰქონდა. ამისთვის ნადეჟდა ივანოვნას მიაბარა ერთი დღით, რადგან დედაჩემმა უარი განაცხადა მის დატოვებაზე, მის ტანჯვას ვერ ვუყურებო. ქალბატონმა ნადიამ შვილის ხათრით  გაუძლო  წამებას, მაგრამ საწყალს თვითონაც ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა თურმე შვილიშვილთან ერთად. დაძინება არ უყვარდა, ბებიამისს, ქეთოს, ამის გამო ძალიან აწვალებდა და სისხლს უშრობდა სანამ ბავშვს დააძინებდა, თვითონ ჩაეძინებოდა ხოლმე. რამდენჯერმე შევესწარით, ნინო არხეინად თამაშობდა თავის საწოლში, ბებიამისს კი გულიანად ეძინა გვერდზე ლოგინში. ბავშვობაში მწარე ენისა იყო ჩემი გოგო. ამის გამო მახსოვს ბიცოლამისმა, მაიამ, ხუმრობით უთხრა, -ეგეთი ენის პატრონს, რომ გაიზრდები, ცოლად ვინ წაგიყვანსო?!", ამან უპასუხა, -შენ როგორსაც გაყევი, ისეთს მაინც გავყვებიო. -მაშინ  ბევრი ვიცინეთ. დათომ რომ ცოლი მოიყვანა, ნინო წლინახევრისა იქნებოდა, დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ბიცოლამისს და ჩვენს გოგოს, სულ მაია, მაიას გაიძახოდა. უიმისოდ საჭმელსაც არ ჭამდა, მითუმეტეს, რომ იმ დროს ნატა სამსახურში გავიდა და რომ იტყვიან, ბავშვი მაიას, ჩემს რძალს, მიეკედლა. ფეხმძიმე ქალს სულ მუცელზე ეჯდა ხოლმე. დედაჩემი რძალს ეტყოდა, ნუ ათამამებ, თორემ ბავშვი რომ გეყოლება, იეჭვიანებსო, ასეც მოხდა, ათუკა რომ დაიბადა, ხან თითს ტაკებდა თვალში, ხან ქოჩრით ითრევდა, მაგრამ ბავშვის გაბრაზების უფლება მაიას არ ჰქონდა, ჩემს მშობლებს ძალიან სწყინდათ, ნინო ხომ ღმერთი იყო მათთვის. გარეგნობით, მე მგავდა და მგავს, რომ დაინახავდნენ ჩემი ნაცნობები, მის გვერდზე რომც არ ვმგარიყავი, მაშინვე ხვდებოდნენ, ჩემი ქალიშვილი რომ იყო, თუმცა ჩემგან განსხვავებით მალე ჩამოუყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა. როცა დიმიტრი გაჩნდა, მალევე აიღო მასზე შეფობა, რადგან ჩვენ ძირითად ოჯახს გამოვეყავით და სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. ნატას ბავშვზე დამხმარე აღარ ჰყავდა, ბიჭი უკვე წლინახევრისა იყო, მართალია დედაჩემი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ხან ბავშვები თავისთან მიჰყავდა, მაგრამ ნინოს პასუხისმგებლობა მაინც გაიზარდა ძმის მიმართ და დღემდე არ კლებულობს. მახსოვს ერთხელ მაიამ წაიყვანა ოთხივე ბავშვი გამოფენაზე, თავისი ორი და ჩემი ორი. გამოფენის ბაღში აუზია, სწორედ მასთან თამაშობდნენ თურმე ბიჭები, დიმიტრის რატომღაც თავმა სძლია და გადავარდა წყალში, სანამ ბიჭები ამას შეამჩნევდნენ, ავთო გვერდზე ედგა, მაგრამ სხვაგან იყურებოდა და მაიამაც სანამ იქ მიირბინა, ნინო შორიდან გამოქანდა, ყველას დაასწრო, ბავშვს თმებში ხელი სტაცა და აუზიდან ამოიყვანა, ვერავინ ვერ მოასწრო გონს მოსვლა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. სკოლაშიც თავისზე უმცროსი ბიძაშვილების და ძმის დიდი დამცველი და ქომაგი იყო, მისი შიშით იმათ ხმას ვინ გასცემდა?! როცა მუშაობა დაიწყო, სულ 21 წლისა იყო, მუდამ ცდილობდა ძმას დახმარებოდა, გული არ დაწყდესო, კალათბურთიდან თურქეთში ე. წ. "ზბორებზეც" გაუშვა, დიმიტრი მაშინ ალბათ 15 წლისა იქნებოდა. ცდილობდა სწავლაშიც ხელი შეეწყო, მაგრამ ვაჟბატონმა სწავლა არ ისურვა, თუმცა დღეს თავისთვის სასურველ პროფესიას მოჰკიდა ხელი, ბავშვებს ავარჯიშებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში, მიხარია მისი წარმატებები. სწავლას რა თავში იხლის ადამიანი, თუ თავისი სამუშაო არ უყვარს?! ნინოს დედამისი, დიმიტრი და მისი ოჯახი მთელ ქვეყანას ურჩევნია, ამიტომ მათი გულისთვის ნებისმიერ ადამიანს დაუპირისპირდება. დედაჩემსაც, თავის გამზრდელ ბებიასაც, კი არ ანებებდა რძალზე საყვედური ეთქვა. ჩემთანაც ხშირად ამის გამო შემოდის დაპირისპირებაში. ყოველთვის დედამისის მხარეს იჭერს. რის გამოც მისი ხასიათით ხანდახან უკმაყოფილოც ვრჩები, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მე მგავს, მეც დედაჩემის გულისთვის ყველას გავუწევდი წინააღმდეგობას, თვით ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი. ზოგჯერ ჩემს წარსულ უსაქციელობას შემახსენებს ხოლმე და გულს მტკენს, მაგრამ მისიც მესმის. პატარა გოგოს ავკიდე ოჯახის რჩენის ტვირთი, ვალებითაა გავსებული მათ შორის, ჩემთვის აღებული ვალებითაც. მე კი რაღაც წვრილმანებზე ვბუზღუნებ და რაღაცას მოვითხოვ. მართალია მეც ძალიან მათამამებს და მიფრთხილდება, იცის, ტკბილეული მიყვარს და სახლში მის გარეშე არ შემოვა, ყოველთვის მირეკავს, რამე ხომ არ მოგიტანოო, ამას ძალიან ვაფასებ, ასევე მის თავდადებას თავისი ძმის და მისი შვილის, პატარა ანდრიუშას, მიმართ.  მახსენდება ჩემი დაპირისპირება მშობლებთან, ძმასთან, მუდმივად რაღაცას ვთხოვდი, მეტიც, კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი! რა უნდა გაეკეთებინათ ჩემს ხანში შესულ მშობლებს ან სამშვილიან ძმას? მიხმარების ნაცვლად, აქეთ ველოდი დახმარებას. ნინო ამაზეც მიმითითებს ხოლმე, მკაცრია და შეუვალი. მომწონს, რომ თავს არავის დააჩაგვრინებს, ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მაგრამ ეს დიდი შინაგანი ძალისხმევის ფასად უჯდება. მერე გული ამოუჯდება ხოლმე და სხვებმა რომ არ დაინახონ, პატარა ბავშვივით ტირის ცხარე ცრემლებით. ოჯახში შემომტანიც ეგ არის და ყველაფრის მომწესრიგებელიც. რამე თუ გაფუჭდა, სასწრაფოდ ხელოსნებს იძახებს და აკეთებინებს, სხვის იმედზე არასოდეს არ არის. კაცი ვერ გააკეთებს ამდენს, რამდენსაც ის აკეთებს. ცხოვრებამ გამობრძმიდა. ამაში, რა თქმა უნდა, სამსახურმაც შეუწყო ხელი. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ესე იგი ძალიან უყვართ ჩემი ხითხითა და კისკისა გოგო, ყველას გამგებია და გვერდში მდგომი, ამიტომაც სხვებიც ყოველთვის გვერდში უდგანან, ინგა, ნინო, ელენე და სხვები. ბავშვობიდან ერთად არიან, მე ყველა ძალიან მიყვარს, მისი ძველი მეგობრებიც და ახალშეძენილებიც, მომწონს მათთან საუბარი, ანეგდოტებს ვუყვები,  ჩემს ისტორიებს, ვახალისებ და მეც ვხალისობ. ახალგაზრდული ენერგიით ვივსები. ნინოს სამსახურშიც ძალიან დიდ პატივს სცემენ, რაც ძალიან მიხარია. ჩემი გოგო ამაყობს კიდევაც თავისი ხასიათით, ამბობს: - მამა გურული მყავს, დედა - ჩერქეზი, ბებია - ვანელიო და რა გასაკვირია, ასეთი რომ ვარო, - ღმერთმა დიდხანს კარგად მიმყოფოს მისი თავი ჩვენი ოჯახის იმედად და ქვეყნის გასახარად! გული მწყდება, რომ ჯერ თავისი ბუდე ვერ გაიკეთა, მაგრამ ღმერთს ხშირად ვთხოვ კარგი ბედ-იღბალი მისცეს, იმედია შეისმენს ჩემს ლოცვას!

Sunday, December 4, 2016

ანდროს ისტორიებიდან ( ჩემი სიდედრი - ნადეჟდა ივანოვნა)

   ერთადერთი ქალის სურათი, რომელიც თან დამქონდა, ჩემი სიდედრი იყო. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ყველას გაეგო, არსებობს კარგი სიდედრებიც, თორემ ისეთი იმიჯი აქვთ მთელ მსოფლიოში, თითქოს კაციჭამიები იყვნენ. წარმოიდგინეთ ხალხის სახეები, ჩემი სიდედრის ფოტოს რომ დავაძრობდი ხოლმე გულის ჯიბიდან. ნადეჟდა ივანოვნა, ასე ვეძახდი მას, 19-20 წლისამ გავიცანი, მანამდე, ვიდრე მე და ნატა შევუღლდებოდით. თავიდანვე მოვიხიბლე ამ ქალის დადებითი თვისებებით. ეს უნაზესი რუსი ქალბატონი მალაკანი რუსების ოჯახიდან იყო. დედამისი ნიუ-იორკში, ამერიკაში, იყო დაბადებული, 16 წლამდე იქ ცხოვრობდა, მერე ოჯახი თურქეთში გადმოსახლდა, რაღაცა კომერციას აწარმოებდა, იქიდან საქართველოში ჩამოსულან, ამ დროს ის დასაქცევი ოქტომბრის რევოლუციაც მომხდარა, საქართველოშიც ყველაფერი აირია, რამდენიმე წელში აქაც შემოსულან წითელარმიელები და მათი ოჯახი უკან ვეღარ დაბრუნებულა. მამამისი საქართველოში გადმოსახლებული მალაკნების შთამომავალი იყო. წყვილი შეუღლდა და შეუდგა ოჯახურ ცხოვრებას. შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, თბილი, უბოროტო, მშრომელი. ნატას ბაბუას თავისი დასასაფლავებელი ფული და კუბოც, თვითონ გამოთალა თავის ხელით, ჰქონდა გამზადებული, არავინ შევაწუხოო. მძიმე ცხოვრება გადაიტანეს, მტვირთავ მუშებადაც კი უხდებოდათ ცხოვრება, თავი რომ გაეტანთ. ბატონ ივანეს მკაცრი ხასიათი ჰქონდა, თავის ქალიშვილებს, ნადიას და ანიჩკას და ვაჟს, ვასიას, ასე ეძახოდა, არ ანებივრებდა. შვილებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მამას, ერთადერთი რამ, რაშიც ქალბატონი ნადეჟდა მამას არ დაემორჩილა, მისი არჩევანი იყო გათხოვების საქმეში. მაშინ ისინი ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდნენ ბარაკებში, ახლა იქ თექვსმეტსართულიანი სახლები დგას. მეზობლად ცხოვრობდა ჩერქეზი ყმაწვილი კაცი, საიდ მურადინოვიჩი, ერთმანეთი უგონოდ შეუყვარდათ. ბატონი საიდი ულამაზესი ჭაბუკი გახლდათ, კაცებზე ასე არ ამბობენ, მაგრამ ვაჟკაცური სილამაზე ჰქონდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მარლონ ბრანდოს თუ ჟან მარეს, ჰოდა, 16 წლის გოგონა ამ სილამაზის და ვაჟკაცობის წინაშე როგორ არ დაიხევდა უკან?! ნადიას ქალაქ თბილისის 116-ე სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, წინ დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, მიატოვა მშობლები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ჩერქეზ კაცს გაჰყოლოდა ცოლად და შეიქმნა ერთი ტკბილი თბილისური ოჯახი, სტუმართმოყვარე და სიყვარულით სავსე. ნადიას დედამთილი ბელორუსი იყო, მისმა მეუღლემ საქართველოში ვერ გაძლო და კავკასიის მთებს დაუბრუნდა. ქალბატონი სტახანოველი მუშა იყო, მედალი გმირობისთვის თვით საჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა მოსკოვში პირადად გადასცა. შრომაში გამობრძმედილ ქალს მკაცრი და მძიმე ხასიათი ჰქონდა. ნადიას მასთან შეგუებამაც მოუწია, მაგრამ რომ იტყვიან, სიყვარული მთებს აბრუნებს, და ვერაფერმა დააშორა წყვილი. ორი შვილი შეეძინათ, ტყუპები, ჩემი ნატალია და თემური, მოფერებით ტიმას ეძახიან. ნატას ნამდვილი სახელი კი მარიამია, ბებიას საპატივცემულად დაარქვეს, მაგრამ რატომღაც არ მოსწონებია ეს სახელი და ნატალი შეირქვა. ნატას სწავლა უყვარდა, ტიმა ცოტა ზარმაცი გამოდგა, თუმცა და-ძმას დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ნატა შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, მუსიკალური ათწლედიც დაამთავრა, ტიმა კი   -გიტარაზე, ამიტომ მათ ოჯახში მუდმივად მხიარულება იყო, ჯერ მათი კლასელებით იყო სავსე სახლი, მერე ნატას ინსტიტუტის მეგობრებით.  საბჭოთა პერიოდში ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, ქალბატონ ნადიას კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მართალია, საიდ მურადინოვიჩი ახალგაზრდობიდან ავადმყოფობდა, რის გამოც ფიზიკური შრომა უჭირდა, მეუღლე არასოდეს აგრძნობინებდა თავს დამნაშავედ ამის გამო. ასეთ შეხმატკილებულ ცოლ-ქმარს იშვიათად ნახავდა ადამიანი და ეს დიდი სიყვარული მათ სიცოცხლისის ბოლომდე შეინარჩუნეს. მშურდა კიდეც ჩემი სიმამრის, რომ ასე უშურველად, უნაზესად უყვარდა ის მეუღლეს. სულ ვფიქრობდი, ნეტა ნატასაც ასე თუ ვეყვარები-მეთქი სიკვდილამდე?! თვითონ ავადმყოფი სიცოცხლის ბოლო წლებშიც თავდადებით უვლიდა თავის მეუღლეს, ხანდახან მხოლოდ ჩემს ვაჟს, დიმიტრის მოიხმარდა ხოლმე. დიმიტრის ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა, დიდი მეგობრები იყვნენ. უდიდესი სიყვარული დატოვეს ამ ადამიანებმა ჩემს გულში. საიდ მურადინოვიჩს ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაინც ჩერქეზი კაცი იყო, მაგრამ ნატას ხათრით ცდილობდა ჩემთან თავისი ხასიათი არ გამოემჟღავნებინა. საუკეთესო მოსაუბრე იყო, ბევრს კითხულობდა, კარგად იცოდა ისტორია, არაფერი ერჩივნა ელაპარაკა ჩერქეზი ხალხის ბედზე. ქალბატონი ნადია ჩემი მეორე დედა გახდა ჩემი და ნატას ქორწინების მერე. იშვიათად მინახავს სიძე ვინმეს ასე ყვარებოდა, ჩემი ნათესავებიც ძალიან უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, მისგან საჩუქარი და ტკბილი სიტყვა არავის აკლდა, დედაჩემთან დაქალობდა კიდეც. მე და ისიც კარგი მეგობრები ვიყავით, საერთოდ ძალიან მიყვარს ასაკოვან ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან, ურთიერთობა. ისინი ხომ ფაქიზი სულის ადამიანები არიან. ჩხუბი და კამათი ქალბატონ ნადიას არ უყვარდა, ყოველთვის მომრიგებელ-მოსამართლის როლში გამოდიოდა. ნამდვილი სიყვარულის ბუშტი ჰქონდა მკერდში გულის მაგივრად და ამ დიად გრძნობას უშურველად გასცემდა გარშემო. ნატას მეგობრებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩვენთან, უხაროდათ მისი დანახვა. ბევრი წელი ერთად მოგვიწია ცხოვრება, ის ჩემი ცოლის მარჯვენა ხელი და დამხმარე იყო, ჩემი შვილების გამზრდელი, განსაკუთრებით დიდი ამაგი ჰქონდა დიმიტრიზე. გაჭირვების პერიოდში, 90- იან წლებში მისი დახმარებით გაგვქონდა თავი. მახსოვს, მერვე სართულზე ვცხოვრობდით, სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული მოასკდებოდა კიბეებს, ლიფტი ხშირად არ მუშაობდა და ჩემს შვილებს საჭმელს მოუტანდა. განა შეიძლება არ დააფასო მისი ამაგი და ერთგულება?! იმ პერიოდში საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო მთელი მისი ნათესაობა რუსეთში გადაიხვეწა, მან კი ნატა ვერ მიატოვა. ერთი პერიოდი ნატას ძმა - თემურიც წასული იყო რუსეთში, მაგრამ ჩერქეზმა კაცმა ვერ გაძლო იქ, ისევ საქართველოს დაუბრუნდა და ამ დუხჭირ ცხოვრებას უძლებს. როცა ჩემი სიდედრი გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება, სითბო მომაკლდა, ყურადღება. რაც გინდა ავად ყოფილიყო, სუფრას მაინც გამიწყობდა და დამაპურებდა ბარტყივით, ნატა მთელი დღე მუშაობდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მეც ავად გავხდი, საავადმყოფოში თვე-ნახევარი ვებრძოდი სიკვდილს, გულში ვფიქრობდი, რა სალაპარაკო მიეცემა-მეთქი ხალხს, სიდედრს გადაყვაო?! გადავრჩი, იმისთვის, რომ მისი და ყველა წასულების სულები მოვიხსენიო სანამ ცოცხალი ვარ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი!