წყება, წყება, ნება, ნება, ეშვებიან ფოთლები,
ძირს დავარდნილს ატრიალებს ქარი, ქალი ფოცხებით,
ზოგს ურნაში მოუნახა საფლავი და სამარე,
ზოგსაც კიდევ ცეცხლს მისცემენ, დატოვებენ არაფერს...
ერთდროს მწვანე, ახლა მჭკნარი, თითქმის ყავისფერია,
ალბათ ლპობის ჭია შეჭამს ადრე ლამაზს, ფერიანს,
წყება- წყება, ნება-ნება, ეშვებიან ფოთლები,
-ჩემი - ჩემთან, ჩემი - ჩემთან, - მიწა იწვევს გოდებით.
Saturday, November 12, 2016
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს
შენზე ამომდის მზე და მთვარე, ჩემო დემონო,
სიცელქით შენი კულულებიც ერთურთს ერჩიან,
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს, -
ზეციდან შენთვის გამოგზავნის ფრთათეთრ ფანტელებს,
როცა იქცევა ანგელოზად, ლამაზ ფერიად.
სიცელქით შენი კულულებიც ერთურთს ერჩიან,
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს, -
ზეციდან შენთვის გამოგზავნის ფრთათეთრ ფანტელებს,
როცა იქცევა ანგელოზად, ლამაზ ფერიად.
Friday, November 11, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ექიმთან ვიზიტი)
იდა ანდრეევნა, მამიდაჩვენი, ჩვენი მფარველი ანგელოზი იყო. ვერ ვიტყვი, ჩვენი ავად გახდომა უყვარდა-მეთქი, მაგრამ როცა ეს ხდებოდა, მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი გაზრდის და აღზრდის საქმეში კიდევ უფრო მატულობდა და ისიც ამ როლს შესანიშნავად ირგებდა. ჯერ ექიმებთან გაგვაქანებდა, თუ ფეხზე სიარული შეგვეძლო, თუ არადა ნაცნობი ექიმებით აავსებდა სახლს, მოიწვევდა კონსილიუმს და ჩვენი მოვლის და მკურნალობის გეგმას შეიმუშავებდა. ჩაგვაწვენდა ლოგინში, თბილ-თბილ "გრელკებს" დაგვიწყობდა ფეხებში, გვალევინებდა "მალინის" ჩაის და ჩვენი საწოლის კუთხეში ჩამომჯდარი ჯერ ზღაპრებს გვიკითხავდა, მერე ასაკის მატებასთან ერთად წასაკითხი მასალაც გართულდა, მაგრამ შერლოკ-ჰოლმსის ზევით არ წასულა, ბავშვები ფიქრით არ დაღონდნენ და არ დაიღალონო. ხშირად ჩასაცმელსაც თვითონ გვიკერავდა, ლოგინში თავზე თავის შეკერილ ყურებიან ქუდებს გვახურავდა, ყურები არ გაგიცივდეთო და ნაავადმყოფარებს, ავადმყოფობა უკან არ შეგიბრუნდეთო, კვირაობით ლოგინში გვამყოფებდა. თავიდან გვიხაროდა საწოლში ნებივრობა, მაგრამ რამდენიმე დღის მერე მომაბეზრებელი ხდებოდა და ერთი სული გვქონდა ერთი-ორჯერ გაგვერბინა შიშველი ფეხებით ოთახში. დედასავით მზრუნველს სწავლისთვისაც ვეცოდებოდით, არ გადაიღალოთო, 9-10 საათზე უკვე ლოგინში გვაწვენდა, დაისვენეთო. დედა პირიქით მკაცრი იყო და სკოლაში გაკვეთილების გაცდენას გვიშლიდა. ერთხელ მახსოვს, ფეხის ტერფი მქონდა ნატკენი, ფიცარი გამოხერხა, ფეხს ქვევიდან ამომიდო და ასე კოჭლობ-კოჭლობით გამიშვა სკოლაში. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა კლასი ჩემს დანახვაზე?! ბავშვები ლამის ძირს გორაობდნენ სიცილისგან. ისწავლეთო, გვიჩიჩინებდა, რომ საბჭოთა პურის ჭამის ღირსი გახდეთო. კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იდეოლოგიაც სხვანაირი ჰქონდა.
ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მომეტებულადაც კი, დათო გამხდარი და ფერმკრთალი. რა თქმა უნდა, ჭამა-სმა არ გვაკლდა, მამიდაჩვენს ბიდონებით ჩამოჰქონდა თაფლი კახეთიდან, ვიტამინები არ მოაკლდეთ ბავშვებსო, მაგრამ მაინც ძალიან შეაწუხა ჩვენმა ამ მდგომარეობამ: მეოთხე-მეხუთე კლასში კიდევ უფრო მოვიმატე წონაში, სიმაღლეშიც საკმაოდ გავიზარდე, ჩემი ძმა კი ისევ ისეთი პატარა იყო. შედგა კონსილიუმი და გადაწყდა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ექიმთან წავეყვანეთ. იდამ და დედამ მოგვკიდეს ხელი და თავად ლეკიშვილს მივადექით სახლში, რა თქმა უნდა, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. შევედით უზარმაზარ კაბინეტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოკლული ტახების თავებმა, ირმის რქებმა, ეტყობა ჩვენი ექიმი ნადირობის მოყვარული იყო, ინტერესით ვათვალიერებდით ოთახის ინტერიერს, შიშის გრძნობაც გაგვიქრა, რაც ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თან ახლავს. ექიმიც ყურადღებით გვაკვირდებოდა, მერე იდა ანდრეევნას და დედას ჰკითხა, რამ შეგაწუხათო, ერთხმად უპასუხეს, ტყუპები არიან და ერთი ნამეტანი მსუქანია და დიდი, მეორე - პატარა და გამხდარიო, დიდხანს გვსინჯავდა, მერე ქალებს ჰკითხა, ეს დიდი და მსუქანი როგორ ჭამსო, უთხრეს, ძალიან კარგადო, მეორე, გახდარიო, ძალიან ცუდადო, -ერთ ხმაში მოახსენეს. მაშინ რა გინდათ, იმიტომაც არის ის მსუქანი და ის გამხდარიო, როგორც ხედავთ, ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ექიმმა. ამათ არაფერი არ სჭირთ და თქვენ კი, ქალბატონებო, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, თუ გგონიათ რომ ამ ბავშვებს მკურნალობა ჭირდებათო. - გაიხუმრა ლეკიშვილმა.
ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მომეტებულადაც კი, დათო გამხდარი და ფერმკრთალი. რა თქმა უნდა, ჭამა-სმა არ გვაკლდა, მამიდაჩვენს ბიდონებით ჩამოჰქონდა თაფლი კახეთიდან, ვიტამინები არ მოაკლდეთ ბავშვებსო, მაგრამ მაინც ძალიან შეაწუხა ჩვენმა ამ მდგომარეობამ: მეოთხე-მეხუთე კლასში კიდევ უფრო მოვიმატე წონაში, სიმაღლეშიც საკმაოდ გავიზარდე, ჩემი ძმა კი ისევ ისეთი პატარა იყო. შედგა კონსილიუმი და გადაწყდა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ექიმთან წავეყვანეთ. იდამ და დედამ მოგვკიდეს ხელი და თავად ლეკიშვილს მივადექით სახლში, რა თქმა უნდა, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. შევედით უზარმაზარ კაბინეტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოკლული ტახების თავებმა, ირმის რქებმა, ეტყობა ჩვენი ექიმი ნადირობის მოყვარული იყო, ინტერესით ვათვალიერებდით ოთახის ინტერიერს, შიშის გრძნობაც გაგვიქრა, რაც ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თან ახლავს. ექიმიც ყურადღებით გვაკვირდებოდა, მერე იდა ანდრეევნას და დედას ჰკითხა, რამ შეგაწუხათო, ერთხმად უპასუხეს, ტყუპები არიან და ერთი ნამეტანი მსუქანია და დიდი, მეორე - პატარა და გამხდარიო, დიდხანს გვსინჯავდა, მერე ქალებს ჰკითხა, ეს დიდი და მსუქანი როგორ ჭამსო, უთხრეს, ძალიან კარგადო, მეორე, გახდარიო, ძალიან ცუდადო, -ერთ ხმაში მოახსენეს. მაშინ რა გინდათ, იმიტომაც არის ის მსუქანი და ის გამხდარიო, როგორც ხედავთ, ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ექიმმა. ამათ არაფერი არ სჭირთ და თქვენ კი, ქალბატონებო, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, თუ გგონიათ რომ ამ ბავშვებს მკურნალობა ჭირდებათო. - გაიხუმრა ლეკიშვილმა.
ანდროს ისტორიებიდან (პოლიტიკაში)
დიდებულ ხალხში ვიზრდებოდი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მამაჩემი, ავთო, ძველი პლეხანოველი იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი. ვაჟკაცის სახელი ჰქონდა, ყველა პატივს სცემდა. უაღრესად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. სუფრა მუდმივად იყო გაშლილი ჩვენს ოჯახში და არავის ერიდებოდა ჩვენს სახლში შემოსვლა, დასვენება და პირში ერთი-ორი ლუკმის ჩადება. ხშირად გვაკითხავდნენ ნათესავები გურიიდან. მოგეხსენებათ გურულების იუმორი და იმათი კვიმატი ენის ამბავი და მუდმივად სიცილ-ხარხარი იყო ჩვენთან, თუმცა, მატერიალურად ხანდახან გვიჭირდა კიდეც. ბებიაჩემს, ნინა სოლომონოვნას, კერვა ეხერხებოდა და მეზობლები სულ ჩვენთან იყვნენ, ზოგს კაბაზე ღილი აუწყდებოდა და იმას უკერებდა, ზოგს პალტოს გადაუკეთებდა და ტანზე მოარგებდა, კიდეც გაუმასპინძლდებოდა და ისე გაუშვებდა გარეთ. ერთხელ მახსოვს, დედაჩემი შოთა ეცადაშვილს, მერე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ეს კაცი, ამიტომ დამამახსოვრდა, თორემ ასეთი სხვაც ბევრი იყო, დისერტაციას უბეჭდავდა, ერთი-ორ კაპიკს ბეჭდვით შოულობდა, გორიდან იყო ჩამოსული. ღამით ჩვენთან დარჩა, სასწრაფო სამუშაო იყო, დილით ცოტა წაუძინა, როცა გაიღვიძა, ნახა, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოწესრიგებული იყო, ნინა სოლომონოვნას გაეწმინდა. ბევრი მადლობები იხადა, მერე, დიდი კაცი რომ გახდა, ბებიას ყუთებით უგზავნიდა ხოლმე ხილს და მოსაკითხს. მამიდაჩემი, იდა, საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი ენტომოლოგი იყო და თბილისის მაშინდელი ელიტა დიდ პატივს სცემდა. მის სამეგობრო წრეში იყვნენ ექიმები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ თავისი მდგომარეობა არასოდეს გამოუყენებია ბოროტად, ერთადერთი, რაშიც თავის ნაცნობობას იყენებდა, ჯანმრთელობის საკითხები იყო. მარტო მე და ჩემი ძმა კი არ დავყავდით ექიმებთან, ნათესაობაშიც, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, იდა ანდრეევნა მზად იყო ყველას დახმარებოდა. სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენ გარშემო. ჩვენთან მყოფი ადამიანები პატიოსნებასა და სიმართლის სიყვარულს გვასწავლიდნენ, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჩემი ცხოვრება სიმართლისთვის ბრძოლაში გავატარე. რა თქმა უნდა, მეც სიმართლის ჩემნაირი გაგება მქონდა, შეიძლება ზოგჯერ არასწორიც, ხშირად ტყუილადაც მიწყენინებია ადამიანებისათვის, რადგან მეგონა, რომ იმ დროს მართალი ვიყავი. ღმერთმა შემინდოს! ამის გამო ხშირად ვხვდებოდი უსიამოვნებებში და სხვასაც ვხვევდი, ჩემს ერთგულ ადამიანებს. ახალგაზრდობაში ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. მე, თემური ჟორჟოლიანმა და სხვებმა მონარქისტული პარტია შევქმენით, მწამდა და მჯეროდა საქართველოს წინსვლისა და მომავლის. ახლა ვხვდები, რომ პოლიტიკაში ჩართული კაცი ცივი გონებით უნდა მოქმედებდეს, მე კი, ემოციებითა და გრძნობებით აღვსილი პიროვნება ვიყავი. ასეთებს კი პოლიტიკაში არ აჩერებენ. ერთხელ, შევარდნაძის დროს, დაპირისპირება მოხდა მონარქისტულ და ლეიბორისტულ პარტიებს შორის. მათი წევრები და მომხრეები ერთმანეთს დაეტაკნენ და სულ დროშის ტარები ურტყეს ერთმანეთს თავში. სი-ენ-ენ-მაც კი გადმოსცა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და კადრებიც უჩვენა მთელ მსოფლიოს. მაშინ ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი -შალვა ნათელაშვილი ფავორში იყო, რის გამოც მათ ხელი არ მოკიდეს და მონარქისტული პარტიის ერთი წევრი და ერთიც მომხრე, რომელიც სრულიად შემთვევით გამოჰყოლოდა მეგობარს მიტინგზე, დააკავეს. მე მაშინ მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ ახალგაზრდების დაკავების გამო, მით უმეტეს რომ ერთი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. დონ კიხოტივით გაცეცხლებული მივადექი პოლიციას დაკავებულების გამოსახსნელად.
ბევრი ვილაპარაკე, რომ ისინი დამნაშავენი არ იყვნენ, მითუმეტეს ის ყმაწვილი, რომელიც პარტიის წევრიც კი არ იყო. მათაც მისმინეს, მაგრამ ვინმე არეულობის მომწყობნი ხომ უნდა დაეკავებინათ?! ამხედ-დამხედეს, ჩემი ღრუბელივით დიდი ტანი ეტყობა მოეწონათ, ცოტა ხანი ამასაც გავაჩერებთ ციხეში, ცოტა გახდებაო, არც შენ იქნები წმინდა წყლისო, ერთ-ერთ თავდამსხმელს, დროშის ტარს რომ ურტყავს ერთ-ერთ ლეიბორისტს თავში, იმას მიგამსგავსეთო, და თავი საპყრობილეში ამომაყოფინეს. ასე აღმოვჩნდი სამართლიანობისთვის მებრძოლი ციხეში შვიდი თვის მანძილზე. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახისათვის?! საჭმლის მზადება, შემოგზავნა, ალბათ, ბევრმა იცის, რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში. იმის მტკიცება, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, როცა მოწმეები მოყავთ, რომ შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე, როცა ამ დროს პირიქით, ცდილობდი გაგეჩერებინა და დაგეშოშმინებინა ხალხი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის და მეგობრების ძალისხმევითა და დახმარებით, ერთ-ერთი ვითომ დაზარალებულისთვის თანხა გადაახდევინეს, გარეთ აღმოვჩნდი, მაგრამ ის მორალური ზიანი, რაც მე მივიღე თავისუფლების აღკვეთის პირობებში, აუნაზღაურებელი იყო ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის კაცისათვის. და ეს ასეა არა მარტო ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს, როცა გეუბნებიან თეთრზე შავიაო, როცა კამათელზე ორიანია მოსული და შენ გეუბნებიან - ექვსიაო, მოკლედ, გამგები გაიგებს... ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკოსობა.
ბევრი ვილაპარაკე, რომ ისინი დამნაშავენი არ იყვნენ, მითუმეტეს ის ყმაწვილი, რომელიც პარტიის წევრიც კი არ იყო. მათაც მისმინეს, მაგრამ ვინმე არეულობის მომწყობნი ხომ უნდა დაეკავებინათ?! ამხედ-დამხედეს, ჩემი ღრუბელივით დიდი ტანი ეტყობა მოეწონათ, ცოტა ხანი ამასაც გავაჩერებთ ციხეში, ცოტა გახდებაო, არც შენ იქნები წმინდა წყლისო, ერთ-ერთ თავდამსხმელს, დროშის ტარს რომ ურტყავს ერთ-ერთ ლეიბორისტს თავში, იმას მიგამსგავსეთო, და თავი საპყრობილეში ამომაყოფინეს. ასე აღმოვჩნდი სამართლიანობისთვის მებრძოლი ციხეში შვიდი თვის მანძილზე. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახისათვის?! საჭმლის მზადება, შემოგზავნა, ალბათ, ბევრმა იცის, რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში. იმის მტკიცება, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, როცა მოწმეები მოყავთ, რომ შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე, როცა ამ დროს პირიქით, ცდილობდი გაგეჩერებინა და დაგეშოშმინებინა ხალხი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის და მეგობრების ძალისხმევითა და დახმარებით, ერთ-ერთი ვითომ დაზარალებულისთვის თანხა გადაახდევინეს, გარეთ აღმოვჩნდი, მაგრამ ის მორალური ზიანი, რაც მე მივიღე თავისუფლების აღკვეთის პირობებში, აუნაზღაურებელი იყო ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის კაცისათვის. და ეს ასეა არა მარტო ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს, როცა გეუბნებიან თეთრზე შავიაო, როცა კამათელზე ორიანია მოსული და შენ გეუბნებიან - ექვსიაო, მოკლედ, გამგები გაიგებს... ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკოსობა.
Thursday, November 10, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სამხედრო კათედრაზე)
მეათე კლასში რომ ვიყავით, მე და ჩემს ძმას რეპეტიტორები აგვიყვანეს, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის გვამზადებდნენ, ისე როგორც ყველა სკოლადამთავრებულს ან თითქმის ყველას. ჩემს ტოლებს და ჩემზე უფროსებს გეხსომებათ, ალბათ, რომ უმაღლესში უნდა ესწავლა ყველა თავმოყვარე ოჯახის შვილს და იხარჯებოდა შვილების მოწყობაზე მამების ფულები, ამბობდნენ, სამედიცინოზე მოწყობა ასი ათასი მანეთი ღირდაო, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცი. თუ პატრონს იმდენი არ ჰქონდა, რომ თავისი უსწავლელი შვილი უგამოცდოდ დაესვა უმაღლესში, საგნებში მაინც უნდა მოემზადებინა, რომ თავისი ცოდნით მოწყობილიყო. ბაბუაჩემმა, ანდრეი დიმიტრიჩმა, თავის თავზე აიღო ჩვენი მომზადების ფულის გადახდა, მამიდაჩემმა ჩვენი მეთვალყურეობა ითავა და დატრიალდა კარუსელი, ხან ერთ პედაგოგთან მივდიოდით მე და ჩემი ძმა, ხან მეორესთან. ის კი მეცადინე და მშრომელი გამოდგა, მაგრამ მე წიგნის გადაფურცვლას სიგარეტის გაბოლება და გართობა მერჩივნა, შედეგიც სახეზე იყო. პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. დათო, ჩემი ძმა წარმატებით აბარებდა გამოცდებს, შეშინებულმა ოჯახის წევრებმა ძმაზე ცუდი გავლენა არ მოახდინოსო, სასწრაფოდ ბათუმში გადამისროლეს დასასვენებლად, ვითომ დიდად დაღლილი ვიყავი. ჩემი ძმა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტი გახდა ოჯახის და მთელი ნათესაობის გასახარად, ახლა ჩემი ჯერი დადგა, რა ვუყოთ ამ კაცსო, ამოიგმინა ბაბუაჩემმა. მაშინ კაი დედის შვილი იყავი და არ გემუშავა, თუ არ სწავლობდი, მაშინვე მილიცია აგიყვანდა მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მამაჩემმა სასწრაფოდ თბილისის პარფიუმერიის ქარხანაში "ივერია" გამაფორმა მუშად. ისეთი სიამაყით ავივსე! ამით პროტესტი გამოვუცხადე უმაღლესში სასწავლებლად მოწყობილებს, თქვენზე ნაკლები არა ვარ- მეთქი. ერთმა ჩემმა კლასელმა, ჩემსავით ბედოვლათმა, რომ გაიგო, მუშა ვიყავი, ისე შეშურდა, მამამისს (ისიც მაღალი თანამდებობის პირი იყო) სთხოვა, მეც მინდა ანდროსთან ერთად მუშაობაო და აი, ასე დაიწყო ჩვენი შრომითი საქმიანობა, თუ კი მას ასე შეიძლება ვუწოდოთ. მხოლოდ ხელფასის დღეებში მივაკითხავდით ხოლმე იქაურობას. განაგრძეს ჩემი მომზადებაც. მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი დიდი სიყვარული სწავლის მიმართ და მეორე წელსაც ჩავაფლავე მისაღები გამოცდები. როგორ გაუძლო ამ ამბავს ანდრეი დიმიტრიჩის გულმა, არ ვიცი, ყველამ ძალიან ინერვიულა, ბავშვი დაგვეჩაგრაო და სასწრაფოდ იქნა შემუშავებული მოქმედების სტრატეგიული გეგმა, როგორ ჩამებარებინა უმაღლესში მისაღები გამოცდების გვერდის ავლით. ვინაიდან, პარფიუმერიის ქარხნის დირექტორი და პროფკავშირების თავმჯდომარე მამაჩემის ახლო ნაცნობები იყვნენ, მე უეცრად მოწინავე მუშათა სიაში აღმოვჩნდი. ბაბუაჩემმა ხელში დაიჭირა ეს საბუთი და განათლების მინისტრის მოადგილეს კარს მიადგა თავზე შლიაპითა და ხელში ჯოხით, ვინ არ მიიღებდა ასეთ დარბაისელ კაცს. კი გაუკვირდა განათლების მინისტრის მოადგილეს, ასეთი რა გააკეთა თქვენმა შვილიშვილმა, ამ პატარა ბიჭმა, რომ ასეთი დაფასება მიიღოო, ანდრეი დიმიტრიჩმა (აბა ჩემს ქებაში ვინ აჯობებდა), მოყვა როგორი ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი, მშრომელი და მიზანდასახული და ასეთ ახალგაზრდას აუცილებლად უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, რომ საბჭოეთის მზე კიდევ უფრო გაენათებინა. დანებდა განათლების მინისტრის მოადგილე, დათანხმდა, მე ჩავერიცხე უმაღლეს სასწავლებელში ჩამბარებელთა ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ლიმიტიანთა მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მხოლოდ შრომისა და საბჭოთა არმიის გმირებს ღებულობდნენ ან შრომითი საქმიანობის ორწლიანი სტაჟის მქონეთ, მე კი მხოლოდ ერთი გამომდიოდა. გავიარე ეს დასაწვავი კურსები, იქ ცალკე ბარდებოდა გამოცდები და ისეთი მკაცრი არ იყო, როგორც უმაღლესში მისაღები ჩვეულებრივი გამოცდები, შეღავათებს უწევდნენ გმირებს. მეც ამ დაფასებული ადამიანების რიგებში აღმოვჩნდი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტს ჩემი ჩარიცხვით ნათელი მოვფინე. დაიწყო დედაჩემის ტანჯვა-წამება, ფაკულტეტის მდივანს დაუმეგობრდა და ვაი-ვაგლახით, ერთიანი ძალისხმევით მაბარებინებდნენ გამოცდებს, გადავდიოდი კურსიდან კურსზე. მოგეხსენებათ, სამხედრო კათედრაზე, ძირითადად რუსი სამხედრო მოსამსახურეები მუშაობდნენ, საქმეების ჩაწყობა მეტად რთული იყო და ოჯახმა მომიწოდა პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო, ეს საგანი მაინც ჩააბარე ჩვენ გარეშეო. გავიტრუნე, კარგით-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ავჭალაში, სადაც სამხედრო კათედრა იყო, სიარული ჭირის დღესავით მეზარებოდა. მაშინ მატარებლით უნდა გევლო იქ. იმდენი გაცდენები მქონდა, გამომიცხადეს, ან ვივლიდი ავჭალაში კათედრაზე და გამოვიწრთობოდი ფოლადივით, ან ჯარში უნდა წავსულიყავი. ჩემი ცხოვრების ჯარში გაგრძელების პერსპექტივამ დიდად არ მომხიბლა და როგორც იქნა ავჭალის გზას დავადექი. მივაღწიე დანიშნულების ადგილს. ჭიშკრამდე დიდი გზა იყო, გადავწყვიტე კედელზე გადავმძვრალიყავი და გზა შემემოკლებინა, გადავედი, მაგრამ ვაი, შენს ანდროს, ტალახის უზარმაზარ გუბეში აღმოვჩნდი, ჩავეფალი, გზას ძლივს მივიკვლევდი, ნელ-ნელა მივიწევდი წინ, თან ჩემს თავს ვლანძღავდი და ვაგინებდი, რა გინდოდა, აქ რომ ჩამოხტი, ადამიანურად ვერ მიხვედი-მეთქი შენობასთან?! ასეთ წამებაში რომ ვარ, ვიღაცა კაცი დავინახე, შენობიდან მიმზერს, თვალს არ მაშორებს. - ერთი შენიც, - შევუკურთხე, ჩემი ტანჯვის ყურებით ერთობა-მეთქი და როგორც იქნა, შარვალდასვრილმა და ფეხსაცმელზე ტალახაკრულმა მივაღწიე შენობასთან. უფრო სწორად მივფორთხდი. შესასვლელში ოდნავ მოვწესრიგდი, როგორც შევძელი და პედაგოგს მივაშურე. ვხედავ, მასთან ერთად დგას ის ფანჯრიდან მომზირალი კაცი, პოლკოვნიკის ჩინით, დავიბენი, გავსწორდი, სამხედრო ხალხს ახლაც პატივს ვცემ და მაშინაც ასე იყო. ჩემს პედაგოგს, ჩინით მაიორს, ჰკითხა რუსულად, ვინ არისო, იმან უპასუხა, სტუდენტია, ჩათვლაზე მოვიდაო. გაგიჟდა და გადაირია კაცი, აი, ეს არის ვაჟკაცი, აქ რომ მოსულიყო, რა დაბრკოლებები გამოიარა, რა ტალახები და გუბეები გადალახა, მაგრამ არ შეუშინდა და მაინც მოვიდაო, თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, გაშტერებული ვუყურებდი. რა იცოდა რა შიშმა მომიყვანა აქ, - ამ ახალგაზრდას ახლავე ჩათვლა დაუწერეთ და გაუშვითო.- ჩემი პედაგოგი აღარც შეპასუხებია, თავი არ აუწევია, დამიწერა ჩათვლა და გამომიშვა. ასე გადავრჩი ინსტიტუტიდან გარიცხვას და ჯარში წასვლას.
Wednesday, November 9, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სკოლაში)
ჩემი და ჩემი ტყუპისცალი ძმის აღზრდაში ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ჩვენი მამიდა იდა, რომელსაც თვითონ არც შვილები ჰყავდა და არც მეუღლე, ბაბუდა მარუსა, ლენინის ორდენოსანი პედაგოგი, რომელიც ასევე გაუთხოვარი იყო და ჩვენთან მოსვლაზე მეტად არაფერი უხაროდა ქვეყანაზე, ბებიაჩემი, ნინა სოლომონოვნა, ნოზაძის ქალი, უკეთილშობილესი პიროვნება და დედაჩემი, რომელსაც ჭელიძის ქალები ჩაგრავდნენ და ჩვენს თავს თითქმის არ აკარებდნენ, თუ კი სახლში ბრძანდებოდნენ. თუ ბაბუაჩემიც გვეწვეოდა ქუთაისიდან, მაშინ დედას ჩვენი გაჯავრების უფლებაც კი არ ჰქონდა. ეს აღზრდის მეთოდი არ არისო, იტყოდა ანდრეი დიმიტრიჩი და ჩვენც გალაღებული ვიზრდებოდით. ამ ადამიანებისთვის ჩვენ ვიყავით მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, სახლში გათამამებულები, გარეთაც ასე ვიქცეოდით, სკოლაშიც. თუმცა ჩემი ძმა ბევრად მორიდებული და წესიერი ბავშვი იყო. ერთხელ მახსოვს რუსულის მასწავლებელი გავაბრაზე და მშობელი დაიბარა სკოლაში. სახლში ვერ ვიტყოდი ცუდად მოვიქეცი-მეთქი, მარი დიმიტრევნას გაბრაზებას ვერიდებოდი. არა და არ მიმყავდა მშობელი, მასწავლებელმა მითხრა, სანამ მშობელს არ მოიყვან, ჩემს გაკვეთილებზე ფეხზე იდგებიო. ჩემი ძმაც გავაფრთხილე, სახლში არაფერი ეთქვა, ეს ამბავი ერთი თვე გაგრძელდა, მაგრამ მე დიდად არ მაწუხებდა, ვიდექი და ვღლაბუცობდი, ხან ვის გადავძახებდი ერთი-ორ სიტყვას ხან ვის, ქაღალდის თვითფრინავებს ვისროდი, დაჭმუჭნულ ქაღალდებს, კლასს უკეთესად ვხედავდი, მეტსაც ვერთობოდი. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, იმან ბაბუაჩემთან დეპეშა აფრინა, ბიჭი იჩაგრება, რუსულის გაკვეთილებზე ფეხზე დგასო. აღშფოთებულმა ანდრეი დიმიტრიჩმა, ეს რა აღზრდის მეთოდიაო, ას-კილოიანი ბავშვი ყოველ დღე ფეხზე დააყენო, ფეხები დაუავადდებაო (თქვენ წარმოიდგინეთ, მართალიც აღმოჩნდა, ფეხებზე ვენების გაგანიერებით ვიტანჯები), განათლების სამინისტროში გააგზავნა უზარმაზარი წერილი, რომელშიც პედაგოგიკის საკითხებში მასტერკლასი ჩაუტარა იქაურ მეთოდისტებს და ბავშვის საშველად უხმო მთელ განათლების სამინისტროს. გავიდა ცოტა ხანი და რუსულის მასწავლებელი სახლში გვეწვია აცრემლებული, სკოლიდან მაგდებენო, დედას დახმარებას სთხოვდა, სკოლაში განგაშის ზარები იყო ატეხილი, დირექტორსაც მოხსნა ემუქრებოდა. დედა იძულებული გახდა დაეწერა ახსნა-გამნმარტებითი ბარათი, რომ ვითომდა თვითონ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მამამთილს და შეცდომაში შეიყვანა, ასე გადარჩა მაშინ რუსულის მასწავლებელი სამუშაოს დაკარგვას, მე კი სახლში იმდენი საყვედური მივიღე, რაც მანამდე არასოდეს მიმიღია, განსაკუთრებით, მარი დიმიტრევნასგან, რაც ამ ისტორიიდან ჩემთვის ყველაზე საწყენი აღმოჩნდა.
ანდროს ისტორიებიდან (დამსახურებული სასჯელი)
ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, როგორც მას მაშინ, საბჭოთა დროს, ეძახდნენ, დიდებული კაცი იყო. გორის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, უგანათლებულესი, ფრიად ერუდირებული პიროვნება იყო. ნათესაობაში, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, მას მიაკითხავდა ხოლმე ჭკუის სასწავლებლად, ის იყო ყველას მშველელი და დამხმარე. ამბობდნენ, ანდრეი დიმიტრიჩის გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო, აიღებდა ხელში ჯოხს, დაიხურავდა შლიაპას და გააკეთებდა გაუკეთებელს... და სწორედ ამ ბაბუამ დაადგინა და თავისი მოსაზრება დედაჩემსაც გაუზიარა, ეს ბიჭი დიდი "დრაჩუნი" (მოჩხუბარი - რუსულად) ვინმე გაიზრდებაო და აბა, სხვა რა დასკვნას გააკეთებდა ადამიანი, როცა ნახა, პატარა სამი წლის ბიჭს (ანუ მე) ხელში აეყვანა სხვა ლამის თავის ზომის მეორე პატარა და უკანალზე უბათქუნებდა. ასე იყო თუ ისე, ბაბუაჩემის წინასწარმეტყველება გამართლდა და დიდი მოჩხუბარი ბიჭი დავდექი, ავიკელი ერთი სკოლა, მეორეში გადამიყვანეს. ვცემდი ყველას, ვინც არ მომეწონებოდა, ხშირად უმიზეზოდაც, ტანად დიდი ვიყავი, 12 წლის ასაკში იმ ზომის, რაც ახლა და ვინ დამიდგებოდა წინ, ხშირად იყო დედაჩემი სკოლაში ხან მასწავლებლების და ხან დირექტორის წინ ატუზული, მაგრამ მე ვერაფერს მაგებინებდნენ ვერც ოჯახში და ვერც სკოლაში. ახლა ორმოცდაათს გადაცილებულ კაცს სხვანაირად მესმის ყველაფერი და სხვების საქციელი გამიკვირდება ხოლმე. ერთხელ ეს სოლიდური კაცი ჩემს ძმასთან მივდიოდი, წერეთლის გამზირს მივუყვებოდი, კარგი ამინდი იყო და ტაატ-ტაატით, აქეთ-იქით ყურებით ვერთობოდი, აბა, სამუშაო მე არ მქონდა და საქმე. უეცრად დარტყმის ხმა გავიგონე და მიწაზე გაშხლართული აღმოვჩნდი. ტკივილი არ მიგრძვნია, გაოგნებული ვიწექი მიწაზე, ვიღაცა წიხლებს გამეტებით მირტყამდა, ეს ასოც-კილოიანი კაცი ძლივს წამოვდექი ფეხზე, ვიფიქრე, ახლა კი მოვუქცევ-მეთქი ამ კაცს ღრანჭს, მაგრამ უეცრად თავდამსხმელმა შეწყვიტა ჩემი ცემა, ხელზე ხელი მტაცა, შარვალს მიბერტყავდა და ბოდიშს მიხდიდა, შემეშალეთო. შევხედე, ჩემი ხნის კაცი იქნებოდა, გავიფიქრე, ან გიჟია, ან ისე ჰყავს ვიღაცას გამწარებული, რომ ამ ზომამდეა მისული. ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ალბათ აუცილებლად მოვდებდი ყბაში, მაგრამ ახლა შემეცოდა, ერთი კი ვუთხარი, - ასე რამ გაგაგიჟა, შე კაცო, მთელი წერეთლის დასანახავად დღისით, მზისით კაცს რომ თავს დაესხი და უბარტყუნებ-მეთქი, ისევ ბოდიშების მოხდას განაგრძობდა. თავისი გვარი და სახელიც მითხრა, არ დამამახსოვრდა. ხელი ჩავიქნიე და წამოვედი. კიდევ კარგი სერიოზული დაზიანებები არ მიმიღია, ვფიქრობდი, აი, როგორია ხალხს უმიზეზოდ რომ უტყაპუნებენ-მეთქი. ჩემი ნაცემი ხალხი გამახსენდა, - ზურგიდან მაინც არავისთვის არასდროს არ დამირტყამს, - თავს ვიმშვიდებდი. მტვერში ამოგანგლული ძმასთან ავედი, რძალი დამხვდა სახლში, ყველაფერი მოვუყევი, ბევრი ვიცინეთ, - ახია შენზეო, - მეუბნებოდა, რა იცი, იქნებ ბავშვობაში შენ მიერ დაჩაგრული კაცი იყოო, იქიდან წამოსულმა ბევრი ვიფიქრე, მაგრამ იმ კაცის სახეც კი ვეღარ გავიხსნე, ღმერთმა შეუნდოს მაგასაც და მეც, - გავიფიქრე.
Subscribe to:
Posts (Atom)