Tuesday, October 18, 2016

ფანქრის წვერივით ვთლი მოგონებებს

ფანქრის წვერივით ვთლი მოგონებებს,
ვათლი ღიმილს და ვატან სიხარულს...
ჩემი გულიდან ვეღარ ვცლი ვარცლში,
მომავალზე ფიქრს აღარც კი მაცლის,
მსურს დარდის ჭიამ ხარკი მიხადოს.

მე უშენობას ვეღარ ავიტან

მე უშენობას ვეღარ ავიტან, -
მომკლა გახსნილმა ძველმა იარამ,
პირი შეიკრა რატომ მეგონა,
თუ ისევ გასკდა, ისევ იალა...
ნოემბრის წვიმამ კვლავ ამაცრემლა,
შავმა ღრუბელმა თავზე მიარა,
ისევ გამოვცლი შხამის ფიალას,
კვლავ შემოვიცვამ დარდის ტიარას.

Saturday, October 15, 2016

მკერდში მზეს დაგანახებდი

სათქმელს მეტყოდე გულითა,
ნურაფერს დამიმალავდი,
მკერდში მზეს დაგანახებდი,
მეყვარებოდი დაღლამდი,
გადაგიშლიდი ლოგინზე
ყვავილებს ტერფით თავამდი,
დაგეგებოდი ხალიჩად,
აგათრთოლებდი დარამდი...
ოღონდ ვიცოდე გიყვარვარ,
ჩემი ხარ კუბოს კარამდი.

Thursday, October 13, 2016

ვაჟაუ, ტყუილი რად მითხარ?!

ვაჟაუ, ტყუილი რად მითხარ, მეყვარებიო მუდამ-დღე,
შაგიკრებია ქალები, თავსა აწონებ შუადღეს,
საღამოს წაწალს ალერსობ, ნაწნავებად გრეხ მუთაქებს,
ჩემთვის დილით-ღა მოიცლი, სიმღერას მეტყვი უნაზესს.
არ ვარ მე შენი საფერი, - საფირონს გიგავს თვალები,
მზერას ქალისას ვერასდროს და ვერსად დაემალები,
მე მინდა ჩემი რომ იყო, ჩემი რომ გწვავდეს ალები,
გულში ჩაგისვა, გაგათბო, ვერ გაიხურო კარები.

Wednesday, October 12, 2016

ნეტავ, რად უნდა მიყვარდე?!

ნეტავ, რად უნდა მიყვარდე,
რად უნდა მკლავდე ფიქრებით,
თუ კი ჩვენ ერთად არა ვართ,
არც მომავალში ვიქნებით,
შენ ბობოქარი ზვირთი ხარ,
მე კი პაწია ფრინველი,
შენ მთაში მონავარდე ხარ,
მე ვარდს შევყურებ იმედით,
მაინც ერთურთის დარდი გვაქვს,
თვალი შემომრჩა გიშერის,
გულზე რომ სევდად მაწევხარ,
ამ ლექსსაც მიტომ გიმღერი.

მე რომ მიყვარხარ

მე რომ მიყვარხარ,
ნეტავ ისე უყვარდე სხვასაც,
ჩემი ლოცვა და მისი ძალა
დიდხანს გაცოცხლებს,
სანამ პულსი ცემს დედამიწის,
სანამ ქნარი ჟღერს,
დასაბამიდან
დასასრულამდე!



Friday, October 7, 2016

ჯიბეებში უსტვენს ქარი

გათანგულმა ვწიე თუნგი,
მხრებიც ვიღრძე, ხერხემალიც,
ამ ცხოვრებას რა ვუთხარი,
შემდგომია ზურგში ქარი.
კვნესით თავსაც ვერ ვუშველე,
შევაწუხე ირგვლივ ხალხიც,
ზოგს თავისი გაჭირვება
ქედზე აწევს, როგორც ბარგი.
აღარ მჯერა, გამდიდრებულთ
შერჩენოდეთ სხვისი დარდი,
ჩემს გარშემო ვერვის ვხედავ,
დაეხმაროს მშიერს, გაფცქვნილს.
ზოგმა აქეთ მომაწოდა
ხელი, ჩადე რამე ვარგი,
"ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა",
დავრჩი ქვეყნად უმწე ბარტყი.
ვხედავ ბევრმა გაიკეთა
სადგომი და ეზო-ყურე,
- ფუჰ, სად ცხოვრობ,
რას ჰგავს სახლი,
ჩვენ როგორ ვართ,
ვერ გვიყურებ?!
- მომაძახეს, თან დამცინეს,
-სხვა შოულობს, თქვენ კი გძინვენ?!
- ბანკის ვალში გახვეულებს,
დაგვიამებს ვინმე წყლულებს?!
ხელში შემრჩა ოწინარი,
ჯიბეებში უსტვენს ქარი.