Monday, June 2, 2014

ბავშვებს (საბავშვო)

სიტყვები კლავს და სიტყვები ათბობს,
ღმერთმა გვარგუნა ათასი ნიჭი,
ნუ იტყვი ისეთს, ავ კაცს რომ ართობს,
ენას იქავებს სიტყვებით ბილწით.
შეაქე კარგი, ბოროტს და მლიქვნელს
ამით მიაგებ საკადრის პასუხს,
ნუ დაიშურებ მშობლისთვის ღიმილს,
დედაბუნება მომავალს განდობს.
.

Sunday, June 1, 2014

შვილს!

წვიმის წვეთებად წამოვალ,
ხელ-პირს ჩამოვბან მინდვრებსო,
არ მინდა შენგან სიშორე,
მაგრამ რა ვქნა, რომ მიწევსო.
ყვავილებს გულში ვაკოცებ,
შენ კი გვირგვინში ჩაიწნავ,
ჩემო ლამაზო გოგონავ,
ვიცი, ცას ცამდე აიტან.


სიცოცხლეს შენსას შეაჭრეს ფრთები

გითრთის ხელები, გაჰყურებ მინდორს,
უსმენ შენს ბაღში ჩიტების სტვენას,
ჟამი ამქვეყნად არავის ინდობს, -
თვალებს, დაბინდულს, ადგება წყენა.
გინდა აფრინდე, როგორც არწივი,
მიეალერსო ფრთამაგარ მართვეთ,
თეთნულდს მოხადო თოვლის გუნდები,
ყინვის ლოდებად გულზე რომ ადევს.
ფიქრებს და სურვილს გადასცე ძალა,
ბოროტი ძალა მოთოკო მხრებით...
მაგრამ სიკვდილის მიჯნაზე დგახარ, -
სიცოცხლეს შენსას შეაჭრეს ფრთები..

Saturday, May 31, 2014

ყველას ატყვია სამშობლოს დაღი!

მოისარს, მხედარს, გლახაკს თუ მდიდარს,
ყველას გვატყვია სამშობლოს დაღი,
თუკი არ ზრუნავ საქართველოსთვის,
ვით გაგეღება სამოთხის ბაღი?!

Thursday, May 29, 2014

დაიბადაო ბეთლემს იესო

აუწყა მწყემსებს ანგელოზთ კრებამ,
დაიბადაო ბეთლემს იესო,
სიყვარულით და სიმდაბლით მოსულს,
ლახვარით მკერდი დაუხიესო.
აჰკიდეს ჯვარი, ცოდვები კაცთა,
მხსნელი თვალთმაქცად მიიჩნიესო,
ვერ გაარჩიეს ბნელში ნათელი,
კეთილს ბოროტი შეამთხვიესო.
ზაკვით აროკდა მდაბიოთ კასტა,
ეკლის გვირგვინი დააბნიესო,
ზეცად ამაღლდა უნეტარესი,
სიკეთის მთესი, დიდი იესო.


სვეტიცხოველი (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

სვეტიცხოველი ერთია, ერთი
(სიმღერა)
ასახილველად გულის თვალთა
ვეწვიე მცხეთას,
იქ შევამზადე ყურძნის წვენი,
საამოდ უფლის
და როგორც სტუმარს, გავუშალე
კვერების სუფრა,
ქერუბიმების ფრთათა ნათელს
ემატა შუქი.
მტკვრის და არაგვის შესართავთან
დამწვარა ღამე,
ძირს დამხობილა წყვდიადი და
შეჰყრია ნათელს
და როგორც უწინ, სვეტიცხოველს
დაჰნათის ზეცა,
მსურს ვეამბორო სიყვარულით
მის სპეტაკ მანდილს.
მისამღერი:
სვეტიცხოველი გულია ჩემი,
სვეტიცხოველი რწმენაა ჩემი,
სვეტიცხოველი სულია ჩემი,
სვეტიცხოველი ერთია, ერთი.
29.05.2014 წელი
ამ ლექსზე სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ

ზის ანგელოზი..

ყორღანი ადგას გმირთა საფლავებს,
ყველა ქვა, თითქოს, დედის გულია,
ვარსკვლავთ კრებული სიჩუმეს მალავს,
თეთრად ანათებს ღამეს, რულიანს.
უწვერულვაშო ჭაბუკი გმინავს, -
მონატრებია ომების ქარი,
ზის ანგელოზი და ნანას უმღერს,-
ლოცვებით ღმერთთან გახსნილა კარი.