Thursday, March 13, 2014

მელოდე

ვიქნებით ერთად, დრო და ჟამი ჩვენ არ გვაშინებს,
ფოთლების ცვენა, თოვლის ბარდნა მე მიხარია,
ეს ერთი წელიც შევასრულე და შენთან მოსვლის
დრო შევამცირე, ამას ვნატრობ დიდი ხანია,
მელოდე, მოვალ, შევაერთებთ ნაღველს, სიხარულს,
ხელებს ჩავჭიდებთ ჩვენ ერთმანეთს, გავირინდებით,
ვწუხვარ, რომ ჩემი სიყვარული ვერ გაგიმხილე და
მარტოობის თეთრი ველი განვლე ფიქრებით.

Tuesday, March 11, 2014

ეტიუდი

ალერსს ელოდება ყოველი ყვავილი,
ღამდება, თენდება, ელავს თუ წვიმდება...
ნათელი გადასდით ვარსკვლავებს ფიქრებად,
პირბადრი მთვარე კი მზეს ისვრის სხივებად.

ვიქნებით ერთად

ზამთრის ღამეში გადავაწყდი ფერად ყვავილებს,
ჩემთვის ყვაოდნენ, აღსარებას ვამბობდი ღმერთთან,
(მათი სურნელი მუდამ თან მდევს), უფალს ვმსახურობ,
დღეს მარტოობის სიმაღლეებს მოფარავს სეტყვა.
მაინც ყვავიან ყვავილები იმედის, რწმენის,
რომ  უცილობლად  ჩვენ ოდესმე ვიქნებით ერთად.

Sunday, March 9, 2014

სიზმარი ვნახე



სიზმარი ვნახე, გვირილების მომქონდა ველი,
ცის სილურჯეში დავიკარგე, ასე მეგონა,
მწვანე მინდორზე ვთამაშობდი მე ფეხშიშველი,
შორეულ ტყეებს შევცქეროდი, როგორც მეგობარს.
ჩამოწვა ნისლი და სიზმარი წაიღო ქარმა,
ჩემს გულში დარჩა თითოეული მისი ნაწილი,
ის გვირილების თაიგული, მე რომ მიყვარდა,
სურათზე ვნახე, უსინდისოდ გადმოტანილი.

Saturday, March 8, 2014

ძალიან თეთრი ლექსი

ფორმებში დავიკარგე,
შინაარსს ვეძებდი,
სახე ხომ უსულოდ
არაფერს გვაუწყებს,
მეც ფერი ვიცვალე
და დათვლა ვისწავლე,
ახლა კი ასანთის
ღერებით ვფოკუსობ,
წინ ისევ ღამეა,
რა დასანანია,
რომ კაცი ღვთის ნაცვლად
ეშმაკებს მსახურობს.

Monday, February 24, 2014

დადგება ჟამი

მოსურნეს ავის დააჩოქებს უფალი ბოლოს,
დადგება ჟამი, - სინანულის ცრემლები მოვა,
არ დადუმდება ჩვენს გულებში სინდისის ხმები,
ვით წვიმიანი ქარიშხალი დაანგრევს ბორანს...
ადიდებული ზღვების წყალი ირეკლავს მთვარეს,
ბოროტებას და სიბინძურეს ვერ იტევს სული,
მას უსხეულოდ ბუმბულივით არღარა ბოჭავს
და გაფრინდება იმ ქვეყანად ათასგზის კრული...
მანამ კი, ცრემლის წვეთებივით გაშრება ქარში
და უცნაურად აბოლდება, სიამეს მოგგვრის,
რომ ისევ ვცოცხლობთ, გამოვკიდებთ ჩვენს სარეცხს მზეზე,
ვით უთვისტომოდ დარჩენილი, ბრმობილი მოგვნი.

ყაყაჩო (მინიატურა)

                              ყაყაჩო (მინიატურა)

  საყდართან იჯდა, ლოცულობდა. - რაზე ლოცულობ, ბები? - ვკითხე, პასუხი არ გამცა. ნაღველი ჩასდგომოდა თვალებში. ეკლესიის ეზოში ბალახი მიბღოჯ-მობღოჯა, ჩანთაში ჩაიყარა, კურდღელს ვაჭმევ, მადლიაო. წამოვედით. წინ მივდიოდი, ხანდახან გავხედავდი მოხუცს, ძლივს მოაბიჯებდა, ჩანთა გულში ჩაეკრა, სულ თან დაჰქონდა, მიკვირდა კიდეც. აღმართს შევუდექით. ჩვენი ახალი სახლი მთის ფერდობზე იდგა. ძველ სახლს მაგონებდა. გზაზე ყვავილებს ვკრეფდი. ახლო-მახლო მინდვრები ყაყააჩოებს მოესურვილებინა. საოცარია, ახალი მოწყვეტილიც კი მალე კარგავდა ფერს, ჭკნებოდა, შავდებოდა, თავს ჩამოკიდებდა ხოლმე..- ადამიანის სულივით ნაზი და ფაქიზია ეს ყვავილი,-გავიფიქრე, რომ უცებ ბებიას ხმა მომესმა. უკან დავბრუნდი. მოხუცი გზის პირას მიწოლილიყო, ხელებში რაღაცა ჩაებღუჯა. - რა არის, ბებია? - ვკითხე - ჩვენი ეზოს მიწაა, აფხაზეთიდან, - მითხრა ჩურჩულით და დადუმდა. იწვა ჩემი საყვარელი ბებია მიწიდან გამომზირალ  მუხის მოკრუნჩხულ, ფერშეცვლილ ფესვებს შორის. თვალები დავუხუჭე. პეშვი ფრთხილად გავუხსენი და იქ დარჩენილი მიწის ნამცეცები გულზე მოვააბნიე, მკერდზე მოწყენილი ყაყაჩო მივასვენე, ჩემი ბებოც  ხომ თავის მიწას მოწყვეტილი ყაყაჩო იყო. გაწვიმდა.