Monday, February 24, 2014

წვიმის წვეთებად დავეშვები

თავი აწიე, შემომხედე როგორც ფერიას,
გიკვირს ხომ,  გიკვირს ჩემი თხოვნა,
ფიქრობ ვიხუმრე, მე კი კვლავ შენი
ოცნება ვარ, შენი ნატვრა ვარ,
ახედე ზეცას, დაინახავ ამ ცის სილურჯეს.
ვიქეცი ღრუბლად, მე ეს ბედი მარგუნა ღმერთმა,
წვიმის წვეთებად დავეშვები, სახეს გიკოცნი,
მოგეფერები, მაგ ტუჩებსაც ვეხები უბრად,
შენ კი კვლავ ფიქრობ, რომ სიზმარში ისევ ვიხუმრე.
ო, არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ მარტო,
ხან ცის ნამად და ხან ფიფქებად მოგევლინები,
დათოვლილ თმებზე შეგეხები ნაზად და უბრად
და მაგ სახეზე მოწყენისთვის დროს არ გიტოვებ.

Sunday, February 9, 2014

წმინდა ნინოს

შენ დიდხანს გქონდა ვარდის სურნელი,
ახლად გაშლილის, უმანკო ქალწულს,
ჯერ არ გამქრალა უჭკნობი სული,
ახლაც გვიზიდავს, ცეცხლივით გვათბობს.
შემოანათე, როგორც მზის სხივმა,
ქართველთა გულში ჰქმენი ნათელი,
ვაზის ჯვრით ხელში აკურთხე მიწა,
ბილიკს ვადგავართ, შენგან გათელილს.

Friday, February 7, 2014

ჩემს აფხაზეთს

დაჭრილი თავები,
დაცლილი მკლავები,
დედები დაგლეჯილ
გულით და სხეულით,
გვიმძიმს და ოცი წლის
გახსნილმა იარამ
ჩვენს სულში იარა,
ბრძოლებში დავბერდით.
ფარულმა დინებამ
მორევში გვითრია,
ძნელია იქიდან
მშვიდობით გამოსვლა,
ფიცით და მტკიცებით
ხიდები გვიგია,
ჩვენ  შორის მსაჯული
ეშმაკი აღმოჩნდა.
წინ გველის გამოცდა,
დალეწილ კალოსთან
ისევ თუ გაცოცხლდა
და საზღვარს გადმოსცდა
ორგული, დუშმანი,
როგორ ვთქვათ მერეღა,
მტერო, ვერ გიცანი!
გაფანტავს შავ ბოლქვებს
ნათელი დილისა,
ყინული გალხვება,
მრავლდება ზღვაური,
წინაპართ მიწაზე
სიმღერა გვინდება,
ჩვენს ძმებთან
მშვიდობის მტრედები
გავუშვით.



Sunday, February 2, 2014

ჩემს მეგობარს, ნანას!

სიკეთეს ვხედავ მე შენს თვალებში,
გულუბრყვილობას, ყველას რომ იპყრობს,
ვარდი ხარ, ბაღში ლაღად გაზრდილი,
სამართალსა და ღვთის სიტყვას ითხოვ.
შენ ფრინველებსაც აუდგი ენა
და სიყვარულის საზღაურს იმკი,
მეგობრობის და და-ძმობის გამტანს,
მუდამ გევლება დარდი და ფიქრი.
გიყვარს ხუმრობა და როგორც გედი,
უნდა თეატრის სცენაზე იდგე,
მაგრამ დროებამ აგვრივ-დაგვრია, -
ცხოვრების წესს და ფორმულებს გვიდგენს.
თვალ-წარბს თამარის, თმებს ძოწეულებს,
ახალგაზრდობის ელფერი დაჰკრავს,
შენი შვილებიც, შენი მსგავსები,
თვალ-მარგალიტებს რჩეულებს ჰგვანან.
შენ ჩემთვის ქვა ხარ უძვირფასესი
და კიდობანი, ლალებით სავსე,
არ მოგკლებოდეს ზღვა სიხარული,
ბოშა ქალივით სიკეთის მაცნეს.


დაღუპული ჯარისკაცის სიმღერა!

ნატყვიარებში ჩავიფენ ბალახს,
ზედ ამოყვავდეს ათასი ია,
და დაგლეჯილი გულიდან, ვიცი,
მუხა გამოზრდის არწივებს ფრთიანს.
ფესვებს გაიდგავს იფანი, რცხილა,
ტყეებს დაატკბობს ჩიტების გუნდი,
ჩემი სხეული შეჭამოს მიწამ,
ჩემს ძმებს ზეციდან მადლობას ვუთვლი!.

უძინართა ღამე

დეკემბერივით მემოსა თოვლი
და გულში მედო ყინულის ლოდი,
ტკივილნარევი სევდის მარცვლები
ჩიტმა აკენკა უჩუმრად გუშინ.
მე და ის ჩიტი ერთმანეთს ვგავართ, -
მეც სხვის ტკივილებს ვიპარავ თითქოს,
არ მინდა ძილი, - სხვისი დარდები,
სხვისი წუხილი ზარივით მიხმობს.
ფერდობზე ნელა ეშვება თოვლი,
ჩემი გულიდან გამქრალა ყინვა,
ნათელმა უკვე მოიცვა ღამე,
სიკეთით სავსე დამდგარა დილა.

Saturday, February 1, 2014

თუთა წვეთ-წვეთ შარბათს გვასმევს

გავსებულა მაფრაშები,
ზეცამ მოხსნა გუდას პირი,
ნაკადებად დაიღვარა
ღრუბლის ფთილა გაბერილი.
თუთა წვეთ-წვეთ შარბათს გვასმევს,
ჩამოდენილს ღვთიურ ცრემლად,
სიტკბოთი და სიხარულით
ავუვსივართ ყველა ერთად.
გაღეღილი მკერდით ხვდება
მიწა წვიმას საალერსოდ,
ბულბულს ვარდი ჰყვარებია, -
სურს, ჰანგები დააკვნესოს.