Tuesday, September 10, 2013
ჩვენი წიგნი - ბიბლია
ლურჯ ცაზე მოჩანს ასო მხატვრული,
ასო მხედრული, ასო მთავრული,
დაბერავს სიო, დაჰკრავს დაფდაფებს,
ასოებს ციმციმ აათამაშებს,
დააწყობს სიტყვებს, შეუნთებს ფიქრებს,
შავი ღრუბელი ნელნელა იკლებს,
კვლავ გაცოცხლდება წარსული ჩვენი, -
მატიანენი მრავალი წლების,
ცოტნე, თამარი, დავითი, ნინო,
მტერთან საომრად ხელახლა გვიხმობს,
იარაღი კი წიგნია ჩვენი,
რწმენით სამყაროს მომავლის მშენი!
Monday, September 9, 2013
ისე შორსა ხარ, როგორც რომ ღმერთი!
ისე შორსა ხარ, ისე შორს ხარ, როგორც რომ ღმერთი!
აგონიაში ამ სამყაროს სივრცეებს ვითვლი...
გამოგედევნე, მინდა სუნთქვა შევიგრძნო შენი...
მითხარ სადა ხარ, სად გეძებო იდუმალ ხიბლით.
ზღვის ფსკერზე ვნახე უამრავი თვალ-მარგალიტი,
ზეცას კამკამა მზის სხივების ედგა ნათელი,
რეკდნენ ზარები და მათ ხმაში შენი ხმა მეცნო,
დედის ნანინას აბა როგორ ვერ მოვაგნებდი?!
შენ ის ზარი ხარ, ჯერ კიდევ რომ რეკავს სიონში,
სვეტიცხოველში, გრემში, ხობში და ისევ გვიხმობს.
გამოგედევნე, უფსკრულებშიც შენი ხმა მესმის,
მინდვრის ყვავილიც, ნიშნად ტრფობის, თავს მიკრავს თითქოს,
შენი სუნთქვაა, რომ მაცოცხლებს, ისევ და ისევ,
"მე შენ მიყვარხარ!"- არ მბეზრდება და შველას ვითხოვ.
ქრისტეს სისხლია თუ ყაყაჩოა!
კვალში გუთნისდედას მივყვებოდი,
ხნულში მარცვალი რომ ჩამეყარა,
მერე ბელტებს შორის გაბნეული
დიდი სიყვარულით გამეხარა.
ხანძთას დავედევნე მამა გრიგოლს,
კალთებს ანაფორის თაყვანს ვცემდი,
გულზე ოქრომკერდით დაქარგული,
უკან მომძახოდნენ სანახები...
დიდი რუსთაველი კანდელს ანთებს,
მეფობს პოეზიის ჩუქურთმებში,
სანთელს სიდიადით აფერადებს
ყოფის ლაბირინთთა უკუნეთში.
მათ ფიქრს საოცარი მადლი ახლავს,
სიტყვას - სხვანაირი ზარ-ზეიმი,
ჩვენ ვერ მოვერიეთ ყინვას მტარვალს,
ზამთრის ველებზე ვართ დარჩენილი.
ფერი დაჰკარგვია თითქოს ყანებს,
ზეცას წართმევია თითქოს ძალა,
მაინც არ ნებდება ნაკადული, -
კვალში ჩასდგომია თითო ბალახს.
ქარმა ააღელვა ხოდაბუნი,
ალბათ უფალია, ნიშანს გვაძლევს, -
ქრისტეს სისხლია თუ ყაყაჩოა,
ბედკრულ საქართველოს გადაარჩენს!
მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას
ამარტის ველზე, დაცლილ ძარღვებით,
თითქოს ჩაკეტილ სივრცეებს ვხედავ,
მინდა გავგლიჯო კიბოს მარწუხი, -
შიგნიდან, როგორც მხედარი, მხედნავს.
ოფლით და რწმენით მოვრწყავ ყვავილებს,
რომ ავიხდინო ოცნება ჩემი,
სისხლი მდის, როგორც ვენახს აპრილში,
თვალს მოადგება ცრემლი და მღერის...
მეც ისე ვმღერი, რადგან ხარივით
ამ მხრებზე მადგას სამშობლო მიწა,
მინდა გავწიო, გავიდე ნაპირს,
სად საქართველო ლომივით გრგვინავს,
მაგრამ არ ძალმიძს, თითქოს მონა ვარ,
დაწყვეტილი მაქვს ყოველი ძარღვი,
ამარტის ველზე ვწევარ და ვგმინავ, -
გახსნილ იარებს აყრიან მარილს...
მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას,
ამირანივით ავიყრი ჯაჭვებს,
შეიმოსება ალგეთის გორა, -
ძუ მგელი ჩვენთვის ლეკვებსაც დაყრის.
ღმერთო, აკურთხე!
ღმერთო, აკურთხე ქართლისა მრევლი,
შენი დიდება ოდით რომ ახლავს,
შემოაბრუნე ურწმუნო რწმენით,
ვაზის რტოსავით იცქიროს მაღლა.
აღარ დასძალოს მავნემ, ეშმაკმა,
სიტყვა დაიწყოს ხსენებით უფლის
და გზა აკვნიდან კუბოს კარამდე
განვლოს ტვირთულმა ლოცვების თუნგით.
ღმერთო, იდიდოს შენმა სახელმა,
ამ დალოცვილი სამოთხის კართან,
გადააფარე წყალობის კალთა
ჩვენს საქართველოს, იცოცხლოს მარად!
Sunday, September 8, 2013
იისფერ თვალებში
იისფერ თვალებში ვკითხულობ ნაწერებს,
ფეხდაფეხ მივყვები ამოყრილ თარიღებს,
ფიქრებში შევხვდები გათელილ ნაპირებს,
ტირიფებს, მდინარის ნაპირზე აყრილებს,
შენს სუნთქვას შევიგრძნობ, გრძნეული ალივით
ვეცდები, სიმღერით გული რომ გაგილხო
და მერე გათელილ ოცნების ნაპირებს
სევდით და ნაღველით ხელახლა დავიპყრობ.
გზას გადავხედავ - არ მომწონს
გზას გადავხედავ - არ მომწონს,
თითქოს ნისლებმა გააქრო,
მზის სხივებს ჩაუმუხლიათ, -
დღე გაუწირავს საავდროდ.
ცას ვეღარ მისწვდა არწივი, -
წყვდიადმა მხარი მოსტეხა,
მშველელს ელიან კლდეები,
ნისლი ძევთ ფიქრისოდენა..
ვაგლახ, საშველიც არა ჩანს, -
ბნელმა მზის შუქი დაახშო...
ბარტყებს, წყვდიადში გაზრდილებს,
როგორღა ველაპარაკო?!
Subscribe to:
Posts (Atom)






