Thursday, March 14, 2013
მე დავინახავ რაღაცა ახალს!
ჩამოეშვება დღე-ღამის ფარდა
და გამჭვირვალე ცათა ღრუბელში
მე დავინახავ რაღაცა ახალს,
რამაც მომგვაროს უნდა ნუგეში,
ღმერთს, ტახტზე დამჯდარს,
სამყაროს შემქმნელს...
ცის კიდობანზე მზესავით ელავს,
თავზე შემეხო სიკეთის ხელით,
გაზაფხულისას ვემსგავსე მერცხალს!
აუხსნელია ჩემი სიზმარი,
აუხსნელია სიტვების გემო,
რომელიც მადევს გულის პერანგად, -
ღვთის სადიდებლად ლექსი რომ ვწერო.
Tuesday, March 12, 2013
ჩემს იმერულ სოფელს!
ხარისთვალება ჩემო სოფელო,
ჭირნახულით და სითბოთი სავსევ,
გუთნის დედა ხარ, სიბრძნის საწყაო,
მოგონებების ამშლელი ღამე!
გამახსენდება ველის ყაყაჩო,
ტყეებში - შაშვის ყრუ მოძახილი,
მწყერის ჭუკჭუკი, მწერთა ბზუილი,
ქარის ტირილი, ხევს მოტანილი.
შენ ხარ სიზმარი ჩემი ბავშვობის,
ციცინათელა, - მინათებ წყვდიადს,
ნატვრის თვალი ხარ, სიკეთის კალთა,
შენს დიდ ბუდეში არწივებს ზრდიან.
გამოიმაისა ვარდმა
გამოიმაისა ვარდმა,
მორცხვად გადახარა თავი,
თავის გულის სწორს ელის,
გაწითლდა კოკორი ნაზი.
გამოიმაისა ვარდმა,
ვარდების ხეივანს აწვიმს,
თავი შეაფარა ქალმა
სპარსული ბაღების აზიზს,
ვარდი გაუწოდა ვაჟმა,
თითზე სისხლის წვეთი აზის,
ფურცლად დაიშალა, დაჭკნა,
ქალი შეუყვარდა მაისს...
Saturday, March 9, 2013
8 მარტი რომ მოელოცა
8 მარტი რომ მოელოცა,
ქარი გზაში დაგვეწია,
ჯერ თვალებში შემოგვხედა,
მერე თმებზე დაგვეკიდა.
სახლში მისვლა არ გვცალა, -
ფანჯრის მინა აწკრიალა,
ფარდა თვალწინ გვიფრიალა,
(თვითონ უკან დაიმალა),
სირმა, ფარჩა, ატლასები
ტანზე კაბად მოგვატარა,
ცელქმა ოთახს დაუარა,
არც აცია, არც აცხელა,
ქოთნიანად ყვავილები
ჩვენს ფეხებთან ჩამობერტყა.
ბოლოს სულმთლად გაგვაოცა, -
მზის სხივები ცას ჩამოხსნა,
ოქრო-ვერცხლად რომ აქცია,
სულ თითებზე დაგვაბნია,
მერე პირი დაგვიკოცნა,
ნეტავ, ასეთია კოცნა?!
მე ამერია ცხოვრების რიტმი
მე ამერია ცხოვრების რიტმი,
ვეღარ ავუწყვე ფეხი დინებას,
ტყის პირას მდგარი ბებერ კუნძივით
ეულად დარდით დამეძინება.
სიცოცხლის არსი თითქმის დავკარგე,
ნეტავ, რიღასთვის ვეჭდობი მიწას,
საზრდო წავართვა მეზობელ ხეებს,
ტყუილად ვებრძოლო დელგმას და წვიმას?
არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე,
მაგრამ გამოჩნდა აგერ ცოლ-ქმარი,
მათ დასვენება მოსწყურებოდათ,
მასპინძელი ვარ ახლა სტუმარის...
თვალი მოავლეს ტყეებს და ველებს,
მშვიდად და ლაღად თქვეს მათ სათქმელი,
მადლობა მწირეს დასვენებისთვის,
ძაღლს გამოაბეს ტყავის საბელი.
მივხვდი, ვიღაცას მაინც ვჭირდები,
ღრეჯვიტ შევხედავ კაშკაშა მზესაც,
ბოლოს ვიქცევი შავ ნეშომპალად,
იხაროს ნერგმა ჩემს ირგვლივ ყველგან.
Sunday, March 3, 2013
ქარსაც ხომ სწყურია
ქარსაც ხომ სწყურია
ვიღაცას უყვარდეს,
ამიტომ, ხანდახან
ქარებიც ტირიან,
სიმწრით და ტკივილით
დაგლეჯენ ყვავილებს,
ერთადერთს, სასურველს,
გრძნობით მისტირიან,
ეძებენ, ნახავენ,
შეხსნიან საკინძეს,
არც კი ახსენდებათ
თავისი ავი ზნე,
ცელქ სიოდ იქცევა
გრიგალი აშარი,
ყელ-ყურს შეჰფოფინებს...
თმებიდან ჩამოხსნა
ლამაზი თავშალი...
Friday, March 1, 2013
შენ ატირდები
შენ ატირდები,
როგორც ქარი,
კლდეებს რომ კოცნის,
ცრემლები შენი,
მარგალიტებს
დაემსგავსება.
ყანიდან ბექობს
მოტანილი
სიტყვები გესმის,
"მიყვარხარ, კარგო"...
მწყერმა სადღაც
ბარტყი დაჩეკა,
შენ კი, საფლავის
ლოდთან დგახარ
სასომიხდილი
და... მოგონებებს
შემოდგომის
ქარი გარეკავს.,,
Subscribe to:
Posts (Atom)






