Tuesday, February 19, 2013
იისფერ ყვავილს მიძღვნიდი ხშირად *სიმღერა), მაია სიჭინავამ შეასრულა
ქარს გამოვატან ოცნების ნისლებს,
იქნებ გაიგო, როგორ მწყურიხარ,
მთვარეზე დავდგამ ცისფერ გალიას, -
შიგ ჩაკეტილი ოქროს ჩიტი ვარ.
ღამის სიზმრებსაც მოგიძღვნი, კარგო,
წვიმის წვეთებსაც ავკინძავ მძივად
და ჩამოვკიდებ სოსნის ფურცლებზე, -
იისფერ ყვავილს მიძღვნიდი ხშირად.
მოვქარგავ ვარსკვლავს, დავარქმევ სახელს,
რომლის ხსენებაც დამტანჯავს ძლიერ,
მიტოვებული სახლის კარი ვარ
და ქარის ხმაზე ვჭრიალებ ისევ...
Sunday, February 17, 2013
მოდის სიტყვები...
მოდის სიტყვები ემბაზის სუნით,
ზოგი თქმული და ზოგიც - უთქმელი,
ჭენებით, ფრენით, სიგიჟით, რწმენით,
გულშიჩამწვდომი და აუხსნელი,
გაივლის სისხლში, თითებთან წყდება, -
ასომთავრულის დადგება ჯარი...
და ყველა ასო, ყველა სტრიქონი,
ჩემი სამშობლოს ტკივილი არის.
Saturday, February 16, 2013
არდავიწყების მჭამდეს ტკივილი
თეთრ გრაგნილებად დავახვიე ჩემი
ტკივილი, მერე შემოვდე წიგნის თაროზე, -
მინდა, ნელ-ნელა ავკინძო ლექსად,
თითო სტრიქონი სათქმელს ამბობდეს:
რომ თავხედურად ვჩიოდი ღმერთთან,
როდესაც ბედი არა მწყალობდა,
მერე კი, ოფლში გამოწურული,
კვლავ პატიებას ვთხოვდი მალულად.
როგორც ყვავდება ტყემლის ყვავილი,
ისე ფეთქავენ ჩემში კვირტები -
სიამაყის და პატივ-დიდების,
ანგარების და შურისძიების..
იარებივით მედება ტანზე, და მწვავს
ცოდვების განცდის სიმძიმე,
მსურს, რომ წყლულებზე სისხლი მდიოდეს,
არდავიწყების მჭამდეს ტკივილი.
და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად
ლოცვა, გალობა... ვერხვის ტოტები
ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან,
ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....
Thursday, February 14, 2013
პანდორას ყუთი
პანდორას ყუთი ვარ, ცოდვების სათავე,
ადამის ძე ვარ და სავსე ვარ ხინჯებით,
დამჩეხეთ, გამტეხეთ, დამაგდეთ ნაპირზე,
ოღონდ კი მასუნთქეთ სამშობლოს ფიქრებით....
სიცარიელე (ქართველ ქალებს)
როგორც ნაწნავი, გადაიგდე ცხოვრება მხარზე,
სხვის მაგივრადაც ზიდე ტვირთი, სწიე უღელი,
და რომ არ ეგრძნო ვინმეს თავი დამცირებულად,
ტვირთის სიმძიმეს არ იმჩნევდი, დარდდაულევი...
გავიდა დრო და შენც სინათლე დაგაკლდა თვალში,
სევდის მარცვლებსაც ჭრელ ფარდაგზე კენკავს ბეღურა,
ფერმკრთალი სახით ვეღარა გრძნობ შენივე ტკივილს,
სიტყვაუთქმელად შენი სული ღმერთს ემსახურა....
დაანთებ კანდელს, ეკლესიის კართან დადგები,
გაიზიარებ ყველას წუხილს, ყველას სატკივარს,
მერე დაღლილი შენს სახლამდე შენს თავს მიათრევ,
სიცარიელე კანს დაგწვავს და კარებს მიხურავ...
დედასთან მინდა
დედასთან მინდა,
ვტირი,როგორც
პატარა ბავშვი,
მახსოვს გემო,
კოცნის და დარდის,
სევდის პეპლები,
თვალებში მდგარი,
ციცინათელა,
სიცილის დარი,
ხელების სითბო,
მაჟრჟოლებს ტანში,
დედასთან მინდა...
ვტირი ვით ბავშვი,
ახლა-ღა მივხვდი
სიტყვების ძალას,
რომ უნდა ითქვას
და ვერ თქვი მაშინ,
ახლა გავიგე
ცრემლები ფასი...
Sunday, February 10, 2013
მინდიას!
ამ დილით შემხვდა მინდია,
კაცი ალალი, მართალი,
ჯიხვთან შეხვედრა სწყუროდა, -
მთა იყო მისი წამალი...
დალის თმა ჩამოეშალა,
დაწნული კულულ-დალალი,
გაჰკვირვებია მინდიას,-
ქალია დილის სადარი,
წყალი ოქროსფრად იღვრება,
მის გულში ვარდი კვირტდება,
ალი წვავს სიყვარულისა,
მზე დასწოლია მინდვრებსაც.
ხუთი რჩეული ყვავილი
ცოლისთვის ვერ გაიმეტა,
დალის მიართვა საჩუქრად,
ჰგავს ნაიარევ ირემსა,
ვნებით ავსილმა ღმერთ-ქალას
სურს სამარემდის მიჰყვესა..
ახლა წევს უფსკრულის ძირში
მინდია ქვეყნის საჩინო,
ვეღარ შეხედავს მზევინარს
სახე ვით გამოაჩინოს?!
Subscribe to:
Posts (Atom)






