Saturday, February 9, 2013

მონა ხარ ისევ


მე საბჭოეთის საუფლოში მზრდიდნენ მონები.
ეტყობა, რადგან აღმაფრენის არ ვიცი ფასი,
ფრთებშეკვეცილი არწივივით ვტკეპნი ბილიკებს,
უღელქვეშ გაზრდილს, მიჭირს სუნთქვა, მიწას ვერ ავცდი.
უბედურ ყოფას მიჩვეულს კი, მინდა გარდაქმნა?
სინდისის ხმასაც გამოვაბი თოკი-საბმელი,
არ მომიპარავს, არ მომიკლავს, "არ ჩამიშვია"
და აღარა მაქვს, ღმერთო, შენთან მე სხვა  სათქმელი...
მაგრამ რად მიჭირს ტვირთის ზიდვა, ან რა ტვირთია,
ასე მძიმე და ასე დიდი, მთების ოდენა?!
მშობლის თვალებით, საყვედურით, რომ იმზირება,
გულს მისერავს და მღრღნის ეჭვები, გამოუთქმელად.
მინდა არტახებს ხელი ვკრა და გზნებით დავწყვიტო,
თუმცა ტკბილია დედის რძესთან აკვანში ყოფნა,
ტვირთის თრევაც ხომ ვალი არის, უნდა გადახდა,
წავიღებ ჭაპანს, გადავათრევ, ეს ძალუძს მონას!
მაგრამ შევძლებ კი, ავიარო მე აღმართები?
გენიოსივით დავინახო შავზე ჩრდილები,
მომავლის ძეგლი დავუტოვო შთამომავლობას,
ამ ქვეყნის შვილებს შევუსრულო დანაპირები?!
თავისუფლების სურნელებით თუ არ დათვერი,
თუ არ იგრძენი გემო მიწის, შენი მშობელის,
თუ  სამებაში არ დაანთე წყვილი სანთელი,
ვერ გადახატე შენს ფიქრებში ქვეყნის მთა-ველი,
მ ო ნ ა   ხ ა რ   ი ს ე ვ  და ასევე მონად დარჩები!
,

Friday, February 8, 2013

ზამთრიდან ზამთარს


ზამთრის ღამეებს ჩამოვკიდებ სარეცხის ნაცვლად
და როგორც ქარი, მის გაშრობას დაველოდები,
თოვლმა მუხლებში ჩამიხერგა სიცივე, დაღლა,
გაყინულ მიწას მოჰფენია სევდის ტოტები.
ბებერი ძვლების ჭახა-ჭუხი იზიდავს ნადირს...
(ახლა კი ვხვდები, რატომ უყვართ მოხუცებს ძაღლი),
ზამთრიდან ზამთარს გამოვატან თებერვლის ამინდს,
შენს გულშიც მოთოვს... მე კი ძაღლებს ვუმზადებ სადილს...

წარსულის სურათი


ამინდმა უკვე ჩამობერტყა ზეციდან თოვლი,
ტალახი მუხლში უვარდება მიმავალ მგზავრებს,
ეზო-მიდამო დაემსგავსა აზელილ ბუჩოს,
მე კი წარსულის სურათებით ჩავხერგავ ზვავებს.
მოხუცი მამა არ მომიტანს ბაღიდან ვაშლებს,
(ვერ გაულოკავს ჩვენი ძაღლი გაყინულ ხელებს),
ჭიქა ღვინითაც ვერ დალოცავს დუნია-სოფელს,
მეზობლის კაცებს ვერ მიაწვდის მომავლის სათიბს...
საკვამურს კვამლი აღარ ეტყვის "მრავალჟამიერს".
წარსულში დარჩა ჩვენი ოდა, ჩვენი სოფელი,
მგლებს მთვარისათვის ერთი კიდე მოუჭამიათ,
ფიქრი-ღა დარჩა ძველი სახლის მახარობელი...

Tuesday, February 5, 2013

ჩემს დებს!


ფანჯრიდან გარეთ გადავრეკე ჩემი ფიქრები,
ღამემ უფეხო სავარძელი შემომთავაზა...
თოჯინით ისევ ვთამაშობდით ჩვენ დიდობანას,
მახსოვს დილა და ყვავილებით სავსე მანსარდა.
ახლა კი ვარწევთ ყრმობის აკვანს სიცარიელის,
გული ცხოვრების ოკრობოკრო ბილიკს დაზავდა,
მაგრამ შორიდან მოწყენილი ისევ მიცქერის
ყვავილწნულებით მოქარგული ძველი მანსარდა.

შეყვარებულის სიმღერა


შემოგიცურებ თმებში ნაზ თითებს,
ცეცხლსაც დაგინთებ გულში,
ამ გაზაფხულის ფრთათეთრ ყვავილებს
მოგიძღვნი, როგორც უწინ...
ფეხქვეშ გაგიგებ ჩვენს ლურჯ სამყაროს,
მზეს დაგიყენებ მცველად,
პილიგრიმების ნაზი ამბორით
ლოცვებს გავგზავნი ღმერთთან...
მოდი ვიფრინოთ, შევკრათ კამარა,
მერცხლებს წავართვათ ფრთები...
შენ სანთელი ხარ, მე კი პეპელა,
შენთვის ვიცეკვებ გზნებით...

Saturday, February 2, 2013

ცრემლებს ამოგიშრობ


დილა მემუქრება: - აღარ გავთენდები!
ღამე მებუტება, ამბობს: - გვიანია!
ცაზე გადაფინეს ღრუბლის მარმაშები,
წვიმას შევუყვარდი, მაწვიმს რა ხანია....
დღეო, გათენდი და ღამევ, ჩამომშორდი!
დილის სადიდებლად ვმღერი რა ხანია,
ღრუბელს გადავრეკავ, ქარად გადვიქცევი,
ცრემლებს ამოგიშრობ, ჩემო მახარია!

აუქციონზე ყიდიან სახლებს


ჯაფის და დარდის სუნი დგას სახლში,
ჩამავალ სხივებს ფიქრები ევნო,
ფანჯრიდან მოჩანს ჭადრის ჩრდილები,
ხეებს თვალების ჩრდილები ეცნო.
ოდესღაც ბაღში დარბოდა ბავშვი,
დღეს სიბერემ და  შრომამ დაღალა,
გაყინულ მინებს დაედო მტვერი,
გულში კი სევდამ დადგა ჩახანა...
ძველი სახლი და ცელქი გამები
ტვირთი, რომელიც ვეღარ აზიდა,
ვაჭრის დუქანთან მამის საათი
ორიოდ თუმნად ძლივას გაყიდა,
ცარიელ კედლებს ობის სუნი სდის,
თითები ვეღარ უკრავენ გამებს,
თვალები ჭადრის ჩრდილში ისვენებს
აუქციონზე ყიდიან სახლებს...