Thursday, October 18, 2012

ბათილი არის


ჯვარედინ ხაზებს ვნახულობ სიზმრად,
წრფე-წერტილების დამატყდა ჯარი,
ცხოვრების ყველა მონაკვეთს ვხედავ,
ხმა კი გაჰყვირის -ბათილი არის!
ცვლილების ტყვე ვარ,
ცვლადების ტყვე ვარ,
განტოლებების ამოხსნა ჩქარი...
უცნობი ცვლადი ვიპოვო მინდა,
ხმა კი მომძახის -ბათილი არის!
რიცხვების რიგებს მივყვები ურჩად,
უნდა განვსაზღვრო სიკეთის ზღვარი,
მეტ-ნაკლებია რიცხვი რიცხვებზე,
ხმა კი გაჰკივის- ბათილი არის!
ციფრთა ზიგზაგებს გავუტეხილდი,
პლიუს-მინუსებს მიგზავნის ქარი,
ძლივს მიპოვნია ამონახსენი,
ხმა კი მეძახის -ბათილი არის!

Wednesday, October 17, 2012

ფილოსოფია


მანძილებს ვითვლი, მოვდივარ მგზავრი,
ვწვალობ, წიბოებს ვუცვლი წახნაგებს,
აბსტრაქტულ ველებს ვაკლებ, ვამრავლებ,
ოცნების სიბრტყეს მათში ვალაგებ,
მინდა რომ გავცდე უსასრულობას,
მე კი-ფიგურებს ვუცვლი პარამეტრს.
ჩაკეტილ ველში კუთხეებს ვზომავ,
გაშლილს, ბლაგვსა და მახვილს ვადარებ,
გავდებ წრფეებს და დავდებ წერტილებს,
და უსასრულო სხივებს გავავლებ.

Tuesday, October 16, 2012

მტერმა რომ ვეღარ დალეწოს


ბალახმა გადაუარა ვენახს, ბოსტანს და საყანეს,
წყალი, ჰაერი მოაკლდა თესლს, ცივ მიწაში ჩანაგდებს,
-სადა ხარ, ჩემო მერცხალო, რად არ აშენებ ბუდეებს?
-სახლებს პატრონი არა ჰყავს, ვინ ააშენებს ზღუდეებს,
მტერმა რომ ვეღარ დალეწოს, აღარ წაიქცეს საყანე,
კვლავ უპატრონოდ არ დარჩეს ჩვენი სახლი და სახარე,
მოგელი ჩემო გლეხკაცო, მკლავღონიერო, ვაჟკაცო,
ქებათა-ქება იმ მიწას, შენ რომ კვლავ უნდა ახარო,
მოფრინდი ჩემო მერცხალო და გაზაფხული გვახარე,
აღარ დარჩება საჯიჯგნად ჩვენი მიწა და საყანე,
დაიზრდებიან ბარტყები, ერდოზე შემოსხდებიან,
აკვანში მძინარ პატარას ჭიკჭიკით ლექსებს ეტყვიან,
პირველ სიმღერას უმღერენ ღვთის სადიდებლად მსხდარები,
შენ გაგიმარჯოს პატარავ, ღმერთმა გიკურთხოს მკლავები!

ეკალი ვარ


ეკალი ვარ, ვარდის ტოტზე ამოსული,
სილამაზის სადარაჯოდ გამოსული,
სამტროდ მოსულს ვუთავაზებ ორკაპ დანას,
მოყვარესთან ვითამაშებ ,,არიფანას".
კიბორჩხალამ გამოუშვა საცეცები,
ჩვენს საუნჯეს ემუქრება გაცეცებით,
მე, ეკალი, დავღვრი სისხლს და დავმუნჯდები,
ვერას მიზამს ტყვია-რკინის საცეცები.

Sunday, October 14, 2012

ესე: ყველანი დამნაშავე ვართ!


არა, არ მითხრა, რომ სიძულვილმა დაგაბრმავა,
რომ ვეღარ არჩევ ტყუილს და მართალს,
რომ რეალობის შეგრძნება დაკარგე და ცაში დაფრინავ.
ადამიანებს ძალან გვიყვარს სხვების კრიტიკა,
მაგრამ ჩვენს თავზე ლაპარაკი - არა. ჩვენ ხომ  ყოველთვის მართლები ვართ ?!
მართალ კაცს კი, ვერაფერს ეტყვი, ვერაფერს გაუბედავ!
ო, როგორი გულცივები გავხდით. ოღონდ საკუთარი
სიამრთლე დავამტკიცოთ და ყველაფერს ვიკადრებთ.
არგუმენტები თუ არ გვყოფნის, სხვა ადამიანებს სიამოვნებით
გავატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში, არ მოგვერიდება, არ შეგვეცოდება,
მერე კი ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ.
ეს რა კადრები ვნახეთო, აღშფოთებულია მთელი საქართველო,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი იგივეს გააკეთებდა,
იმიტომ, რომ ჩვენი სიმართლე უნდა დავამტკიცოთ,
იმიტომ, რომ გულის სითბო გვაკლია,
იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფრო გვიყვარს, ვიდრე სხვები,
იმიტომ, რომ გვინდა ჩვენმა შვილებმა უკეთესად იცხოვრონ,
სხვისი შვილები კი -არ გვაინტერესებს,
იმიტომ. რომ ღმერთის სიყვარული არ არის ჩვენს გულებში.
ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ სულში და მივხდებით,
ყველანი დამნაშავე ვართ !

დედას


კაბის ნაოჭო, დედის კალთას შემონატარო,
თეთრო ფიქალო, მარმარილოვ, ნატიფ-ნათალო,
თითების კონავ, ცხოვრებისგან ნატანჯ-ნაწამო,
ზღვა სიყვარულო, პურის ყანავ, ოქროს თავთავო,
ღიმილიანო, ნაზ ფერებში გადაცრეცილო,
ზამთრის ბაღებო, დედის თმებად ჩამოფენილო,
ვაზის ლერწებო, ყინვისაგან გაუტეხელო,
ციხე-კოშკებო, მომხდურთაგან აუღებელნო.
მუხავ ძლიერო, სისხლით, გენით ჯან-ღონიერო,
დედა ამყოფე, ადღეგრძელე, ღმერთო ძლიერო!

Saturday, October 13, 2012

სულებს წყლული გასჩენია


იმ ჭრილობებს რაღა ვუყოთ,
სხეულებს რომ ამჩნევია,
საქართველოს გული ტირის,
სულებს წყლული დამჩნევია...
ცრემლი გვდის და გამშრალ ველებს
იარებად ამჩნევია,
კლდეებს კავკასიონისას
ნაპრალები დასჩენია...
შავი ზღვიდან კვნესა ისმის,
ზვირთებს დარდი გასჩენია,
ქართლის დედას პატარები
უდაბნოში დარჩენია,
შეძრწუნებულ მაღალ მთებსაც,
ცრემლი სისხლად დადენია,
ჩვენი მიწის ბაღ-ვენახი
წითლად უფერადებია,
საქართველოს გული ტირის
ჩვენს სულს წყლული დამჩნევია,
ღვთის სამართალს მოვესწრებით,
ზეცას სისხლით აწერია.