Wednesday, March 19, 2025

სინანული

სინანული
დაიცალა სევდის ყანწი,
ზეცამ გრძნობა ვერ დამალა
და სათქმელი ჰქონდა რაც კი,
გაატანა წვეთ-ამალას.
სინანული იგრძნო მავრის,
ვაი, დაიძახა ნუშმა,
შემოჰხვია წვიმას მკლავი,
გულში ნაზად ჩაიხუტა.
მაია დიაკონიძე
19.03.2025 წელი

თუ არაფერში გიმართლებს

 თუ არაფერში გიმართლებს

თუ არაფერში გიმართლებს,
ყველა ისარი ასცდა
მიზანს, ვერ ნახე სიმართლე,
გაქვს უმწეობის განცდა,
ვერ დაინახეს სიკეთე,
ოცნებაც დარჩა შორი,
ხალხი კლდის პირას მირეკეს,
ყველგან - სისხლი და ომი.
თუ დამნახავი არა ჰყავს
სილამაზეს და გრძნობებს,
მიწა აქციეს ბარაკად,
არვინ გყავს შენც გამგონე,
გულზე ხელებს ნუ დაიკრეფ
და უფლის სიტყვას ენდე,
შენნაირ ცრემლის ტარიგებს,
მხოლოდ ძე ღვთისა ეძებს.
მაია დიაკონიძე
19.03.2025 წელი

Tuesday, March 18, 2025

ლექსები გალაკტიონზე

 ,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"

რომ ვეღარსით დაგლანდე,
ცისკენ გადავდგი ბიჯი,
თავი ამოვყავ ,,დალანდზე",
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".
ხან ვარსკვლავთვალებს შევეხე,
ვერ რა ვუპოვე ხინჯი,
სამოთხის კარი შევაღე,
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".
იქაც რომ ვეღარ გიპოვე,
ჩემს თავს შევხედე იჭვით,
თუ სიყვარულს ვერ მიაგენ,
არაფრისა გაქვს ნიჭი.
მიწაზე როცა დავბრუნდი,
პირი დავიტკბე ფიჭით,
უკვდავების წყალს მივაგენ,
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!"
მაია დიაკონიძე
25.04.2024 წელი
გალაკტიონს!
ღამე თეთრად გათენდება,
ჯვარს დაიწერს სადღაც მერი,
სიყვარულის ჟამი დგება,
ხელში გრჩება არაფერი.
იასამანს არხევს ქარი,
სარკმლიდან ჩანს ცა სხვაფერი,
ნაზად უკრავს სადღაც ქნარი,
ხელში გრჩება არაფერი.
მიიჩქარი დიდი ბავშვი,
მზე დახატო აკვარელით,
ეხებოდი მიწას არც კი,
ხელში შეგრჩა არაფერი.
თუმცა როგორ არაფერი,
უკვდავების ზიარი ხარ,
შენი ლექსი ისე მღერის,
დავდივარ და მიხარია.
მაია დიაკონიძე
17.03.3034 წელი
გალაკტიონს!
ზოგჯერ მოდის გაელვებად,
ზოგჯერ კიდევ გრიგალად,
ელვას გაჰყრის ნაპერწკლებად,
გზებს ჭენებით მიგალავს.
დროს გაუსწრო დაგლეჯილი
ეპოქალურ ნერვებით,
ააყვავა მან ჯეჯილი,
დარგო სულში ედემი.
და ვინ არის ნეტავ მასზე
ჭეშმარიტი, დიადი,
გალაქტიკის თუ არა მზე,
ვარსკვლავების ციაგი.
ზოგჯერ მოდის გაელვებად,
ზოგჯერ კიდევ გრიგალად,
ელვას გაჰყრის ნაპერწკლებად,
გზებს ჭენებით მიგალავს.
მაია დიაკონიძე
19.03.2024 წელი

Monday, March 17, 2025

ტყაპუნა წვიმა (საბავშვო)

 აი, წვიმის ახალი სახელიც მოვიგონე...

ტყაპუნა წვიმა
დილით ვანიკომ ისაუზმა, მერე ბებიამ ეზოში გაისტუმრა, წადი შინაურ ცხოველებს გაეთამაშე, მზეს შეხედე, მიესალმე, ისიც მოგესალმება, სხივებს გადმოგაყრის, იმათაც გაეთამაშე, ნიავსაც, ფოთლებშორის რომ დასეირნობს, ყური დაუგდე, იქნებ, რას გეუბნება, შენ ხომ არ იციო. ბიჭუნამ კანფეტებით გამოიტენა ჯიბეები და გარეთ გამოვიდა. გახსნიდა კანფეტს, ქაღალდს ეზოში დააგდებდა, შიგთავსს კი სიამოვნებით აკნატუნებდა. პირში შესცქეროდნენ ფისუნია - მაცაცო და ძაღლი - გვიდო, აინტერესებდათ, ასე გემრიელად რას მიირთმევს ჩვენი მეგობარიო. ვანიკომ ყურადღება არავის მიაქცია, არც მზეს მიესალმა, არც ცხოველებს, ტოტი ჩამოტეხა იქვე მდგარი კაკლის ხიდან, ფოთლები გააცალა, წკეპლად აქცია. კანფეტების ჭამასაც მორჩა, ახლა გართობა მოუნდა, დაიწყო სირბილი წკეპლით ხელში, ხან მამალს გამოეკიდა და გადაჰკრა, ხან - ქათამს, ერთი-ორი გვიდოსაც მოხვდა და მაცაცოსაც.ცოტა ეტკინათ, მაგრამ უფრო მეტად ეწყინათ ბიჭის ასეთი საქციელი და გულში ხან ,,ვაის" გაიძახოდნენ, ხან ,,ვუის'. ამ დროს ნაწყენი მზე, ვანიკო არ მომესალმაო, ღრუბლებს მიეფარა, ცაზე ღრუბლები გაბატონდნენ. ერთი პატარა ღრუბელი სწორედ ვანიკოს ეზოსკენ დაეშვა და ამ დროს, თითქოს სახეში გაულაწუნესო, - ვაი, - მოესმა. გადაიქნია წკეპლა ვანიკომ, მოარტყა იქვე მდგარ თხას, ახლა - ვუი, - გაიგონა ღრუბელმა. იქნევს წკეპლას ვანიკო, ღრუბელს კი თითქოს კენჭებს ესვრიან ყველა მხრიდან, - ,,ვაი -ვუი",- ესმის. შეისრუტა პატარა ღრუბელმა მთელი უარყოფითი ემოცია, სხვისი ტკივილი, წყენა და გაშავებული წვიმად დაეშვა დედამიწისკენ. ,,ტყაპ-ტყუპ", თავზე დაეცა წვიმის წვეთები ვანიკოს, არ ელოდა, ცოტა ეტკინა კიდევაც, გაკვირვებულმა ზევით აიხედა, ცოტა ნაწყენმა შეხედა ღრუბელს, რატომ გაწვიმდიო, მაგრამ ღრუბელი არ ჩერდებოდა და ისევ გამალებით უშვებდა ზევიდან წვეთებს, ,,ტყაპ-ტყუპ", ისმოდა, წვეთების ხმა მთელ ეზოში. ყველა შემალულიყო თავშესაფარში, ძროხები - ბოსელში, თხები - ფარეხში, ძაღლი - თავის სახლში, ფისოსაც მოენახა თავშესაფარი სახლის აივანზე.
აგერ ბებიამ გამოსძახა ვანიკოს, შემოდი სახლში, რას სველდებიო. ატირებული ვანიკო სახლში შევარდა და ბებიას შესჩივლა, წვიმამ მცემაო. - აბა, შენ რომ წკეპლას უბარტყუნებდი ყველას, კარგი იყოო, - ჰკითხა ბებიამ, - იმათაც ხომ სტკიოდათ?!
მას მერე ვანიკოს ასეთი რამ აღარ მოუმოქმედებია. არც კანფეტის ქაღალდებს ყრის ეზოში, ნაგვის ურნაში მოათავსებს ხოლმე, აღარც წკეპლას ურტყამს ძაღლს და კატას, თხას და მამალს, ყველა ეცოდება, ეტკინებათო. მზეც უცინის მოყვარულ ბიჭს, სხივებს უგზავნის, სითბოს.
თქვენც დაფიქრდით, ტყაპუნა წვიმას იქნებ თქვენც დაუსველებიხართ, იქნებ თქვენც მოგხვედრიათ მძიმე წვეთი და ცოტა გტკენიათ კიდეც. იქნებ თქვენც ვინმეს ატკინეთ ან აწყენინეთ, შეიძლება ძალაუნებურად, გაიხსენეთ და ბოდიში მოიხადეთ, არ დაგავიწყდეთ, ტყაპუნა წვიმაც რომ არსებობს.
მაია დიაკონიძე
11.01. 2025 წელი

ანაბანა (საბავშვო)

 ანაბანა

ანაბანა შეისწავლეს
თორნიკემ და თათულიმ,
ბებოს, პაპას ყურს უტკბობენ
უტკბილესი ქართულით.
ასოები ციმციმებენ,
როგორც ვარსკვლავ-ზღაპარში,
კარზე მოდგა გაზაფხული,
ანბანივით მწყაზარი.
მაია დიაკონიძე

ლექს-ექსპრომტი

 ლექს- ექსპრომტი


დამატეხა მარტმა თავზე
წვიმა, თოვლი, ქარიშხალი,
არ ეშვება თავის ავზნეს,
ვით ტყის მეფის შვილი - დალი.
გზას ამირევს, თვალს მიბინდავს,
რომ ვერ ვნახო მისი კვალი,
მზეჭაბუკი შენ რად გინდა,
როცა უკვე ჩემი არის?!
თეთრი ქალი დალალებით,
ტყის სიღრმეში დავინახე,
ვუთხარ, იყოს ალალ- შენი,
შენი გახდეს მეინახე.
მე გზა ცისკენ გავაგრძელე,
ზემავალი კიბეც ვნახე,
ეს სამყარო ვადღეგრძელე,
რომ მაჩვენა ყველას სახე!
მაია დიაკონიძე
17.03.2025 წელი

Sunday, March 16, 2025

მინიმა

 საუკუნეა ოცდამეერთე,

არა ვუთხრათ ომს, 
ვერ გვისწავლია,
ვერ გაგვიგია, 
კაცო, ჯერ კიდევ.
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი