Thursday, March 9, 2023

სახუმარო (სატრფიალო)

 ,,არ გიყვარვარ!" როგორ გითხრა, 

ძალით ვით შემიყვარო,

შენ გამშვენებს მეფის სკიპტრა,

სიყვარულის სულთანო.

მე კი ბაღის მჭკნარი ვარდი,

თვალში როგორ მოგხვდები,

ბოდიში, თუ შემიყვარდი, 

იმქვეყანას ვცხონდები.



სალაღობო-სატრფიალო

 რა დავიწყო და როგორ,

რა ვთქვა, რომ აღარ ვიცი,

შენ ხარ სიცოცხლის ბოლო,

და მისი დასაწყისიც..

შენ ხარ მზეცა და მთვარეც,

ვარსკვლავთ გუნდი და ქორო,

შენ ხარ დღეცა და მთვარეც,

შენთვის ვარსებობ, ვცხოვრობ.

რომ გამითენდეს დილა,

 მშვენიერი და ლაღი,

რომ ავიცილო სევდა,

ტყუილი, სიცრუე, ფარსი.

შენ ხარ სიცოცხლის ბოლო, 

და მისი დასაწყისიც,

შენ მყავდე კარგად ოღონდ,

და თუნდ იყავი სხვისი.






სევდამ ამივსო!

სევდამ ამივსო ეს დღე ფერადი,
თითქოს დაფარეს მთები ნისლებმა,
მოუხატიათ მუქი სევადით,
სისხლი ძარღვებში მიედინება.

რომ გადაავსოს ჭურჭელი თმენის,
არტახებიდან დაიხსნას თავი,
ვერ მოერიოს ვერც ერთი სენი,
თავისი ჰპოვოს მან გზა და კვალი.



მარი ჟღენტს ,,ნისლის" პასუხის პასუხად

 მარი ჟღენტს ,,ნისლის" პასუხის პასუხად


სიტყვები რა არის, როდესაც  გწყურია,

შემოდის სისხლში და უჯრედებს ალაგებს,

და აზრიც არა აქვს არაფერს სრულიად,

როცა ბედს გიჟმაჟი ამური განაგებს.

ბარძიმი ტკბილ - მწარე ნაჟურით ივსება,

სიყვარულს თან ახლავს სიმწარე იელის,

და ვიტყვი, ვინც ამ სენს გადურჩა, დიდება,

ზეციურს, ღვთიურს, არარსებულს მიელტვის.

თუნდ ერთი ღიმილი,  თვალების   შეხედვა,

გავსებს და დაჭრილ სულს  მალამოდ ედება,

მთებიდან მოდიხარ,  ვით ,,ვაჟას მდინარე",

ტალღების ღრიალით ცას სწვდება  ვედრება. .

გიყვარდეს! გიყვარდეს! რომ არ დაიძინო,

არ გადაგიაროს სურომ და ფითრებმა,

ორბივით ამაყად იფრინო მზისაკენ,

თუნდ წამით გაგრძელდეს ეს თავდავიწყება.

მაია დიაკონიძე

8.03.2023 წელი



„ნისლის“ სახუმარო წერილი მათ, ვინც სულ სიყვარულზე წერს (განსაკუთრებით, ჯუბას და მაიკო დიაკონიძეს), ავტ. მარი ჟღენტი

 „ნისლის“ სახუმარო წერილი მათ, ვინც სულ სიყვარულზე წერს

(განსაკუთრებით, ჯუბას და მაიკო დიაკონიძეს)
მაგ თქვენი ტრფიალის სიტყვების მაგია მეც ძარღვში გადამდის
და გული უცხო და ნატრული ნაჟურით თასივით ივსება,
მაგრამ სიყვარული - რაც ასე კარგია - ჩასულა ბარამდის,
მე კი ამ „კაფის კლდეს“ შემოვრჩი ქარისგან აწეწილ ნისლებად!
და იფანტებიან ცივი ფანტელები, ცივადვე მცინარე,
თუმც... აჯანყებულნი, სისხლი და გუგები ნაპერწკლებს ისვრიან
და სული ჩუხჩუხებს მთიდან დაშვებული, ვით ვაჟას მდინარე,
რომ „ვეღარ გადუველ“ ის... გულთა გამყოფი, კვლავ წლების ნისლია!
ჰოდა, რა იქნება, ცოტა ხნით - სნეული - მეც რომ მომასვენოთ,
თუ ჩემი ხათრი გაქვთ, ეგ ცეცხლის კალმები ფურცლიდან გადადეთ,
ამ ჩემი დაღლილი... დაღლილი სხეულის ცოდვებით სავსენო,
ის მაინც მითხარით, რომ აღარ მასვენებს, რა სენი გადამდეთ?!
***
თვალი სინანულის ნამცვრევი ნაჟურით პირთამდე ივსება,
სული კი ნაცემი - სჯობს აღარც მკითხავდეთ - ორთქლდება ნისლებად!
*************************************
მარი ჟღენტი
07.03.2023

Wednesday, March 8, 2023

მოლაღურს (სიმღერა)

 ეჰ, რამდენი წელიწადი 

მესმის შენი გალობა,

ჩიტი ხარ თუ ანგელოზი,

ღმერთმა რომ მიწყალობა,

იმის ნიჭი, რომ გისმინო,

გულისგულით გიყურო,

ხან ვიტირო, ხან ვიცინო,

მზისსაფერო, მზისგულო.

შემოჯდები ღობის თავზე,

ლაღად შემომჭიკჭიკებ,

სიყვარულის ნექტრით მავსებ,

შემომავლებ მზის სხივებს,

 ეჰ, რამდენი წელიწადი 

მესმის შენი გალობა,

ჩიტი ხარ თუ ანგელოზი,

ღმერთმა რომ მიწყალობა,

.




Tuesday, March 7, 2023

მინიმა

დრომ ამრია, გამინელა
ოცნება და ფიქრები,
ახლა ზღვათა სანაპიროს
უიალქნოდ მივყვები,
აღარც ტალღა, აღარც ქარი,
აღარც ქარიშხალია,
და გავყურებ მზემ შიგ ზღვაში
სული როგორ დალია.